ქარტია „კავკასიის“ ჟურნალისტისგან გადაღებული მასალის იძულებით ამოღების მცდელობას გმობს
24.06.2025


„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ტელეკომპანია „კავკასიის“ ჟურნალისტისგან გადაღებული მასალის იძულებით ამოღების მცდელობას გმობს. 

ორგანიზაცია 23 ივნისს, გვიან საღამოს მომხდარ შემთხვევას აღწერს და წერს, რომ პოლიციელებს ჰქონდათ მცდელობა ნინო კოდალაშვილი სამმართველოში მოწმედ იძულებით გადაეყვანათ და მოეპოვებინათ წვდომა მის ტელეფონში სავარაუდოდ არსებულ ინფორმაციაზე:

„პოლიციის ინტერესის საგანს წარმოადგენდა ინციდენტის, რომელსაც ჟურნალისტი შეესწრო, ტელეფონით გაკეთებული ვიდეოჩანაწერი. 

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტისა და ხელმძღვანელის, ნინო ჯანგირაშვილის, ირგვლივ მოქალაქეები შეიკრიბნენ, და ერთ-ერთი მათგანი პოლიციასთან მათი საუბრის ფეისბუქის ლაივში გადაცემას შეუდგა, პოლიციელებს მოუწიათ, ეღიარებინათ, რომ ამგვარი გამოკითხვა ნებაყოფილობითია და რომ მოწმეს შეეძლო ჩვენება მიეცა მოგვიანებითაც, მოსამართლის წინაშე და ადვოკატის თანდასწრებით. პოლიციელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას აღელვებდა ტელეფონში შენახული მტკიცებულების განადგურების რისკი. საბოლოოდ, პოლიციელებმა ჟურნალისტებს ადგილის დატოვების შესაძლებლობა მისცეს და შეჰპირდნენ, რომ მომდევნო დღეს ოფიციალურად მიმართავდნენ“.   

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, მოქმედი კანონდებლობით, პოლიციას არ აქვს უფლება, ჟურნალისტი აიძულოს, რომ მისცეს წვდომა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას მოპოვებულ მასალებზე, იმ შემთხვევაშიც კი, როცა ეს მასალები პოლიციისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს. 

„ამ მასალების იმ ნაწილის პოლიციისთვის გაზიარების საკითხი, რაც არ გასაჯაროვდება ჟურნალისტური ნაშრომის სახით, სრულად ჟურნალისტის/მედიასაშუალების დისკრეციაშია“.   

ორგანიზაცია პოლიციელებს ახსენებს, რომ ჟურნალისტებს არ ევალებათ პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მათთვის მოიპოვონ ვიდეომტკიცებულებები და მისცენ მათ წვდომა პირად/სამსახურებრივ ტექნიკაზე, „ამაზე პოლიციელებმა, რომლებიც სამხრე კამერებით არიან აღჭურვილი, თავად უნდა იზრუნონ“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, კარგად განუმარტონ პოლიციელებს მოწმეებთან და მტკიცებულებებთან მიმართებაში მათი უფლებამოსილების ფარგლები და ჟურნალისტთა უფლებები, რათა პოლიციელებმა კანონის დარღვევით არ სცადონ ზეწოლა ინციდენტის შემსწრე ჟურნალისტებზე.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ