ტოკ-შოუ “ფალავანდიშვილთან”
05.05.2016
ტოკ-შოუ „ფალავანდიშვილთან“ წამყვანი, გურან ფალავანდიშვილი, საზოგადოებისათვის მეტ-ნაკლებად ნაცნობი ფიგურაა. მაგალითად, ის 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბურჯანაძის პარტიის კვოტით მონაწილეობდა. არის უძრავი ქონების სააგენტო “ერდო ჯგუფის” დამფუძნებელი და იმ ადამიანთა ჯგუფში მოიაზრება, რომელიც აკრიტიკებდა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, 17 მაისის “გეიაღლუმს” და ბოლოს სახელმძღვანელო “მე და საზოგადოებას.”

ერთი შეხედვით გადაცემა დისკუსიის ფორმატია, სტუდიაში სტუმრები სხედან და საკუთარ შეხედულებებზე საუბრობენ, თუმცა აქ განსხვავებულ აზრს ვერ მოისმენთ. გადაცემა წამყვანიან-სტუმრიანად ერთ პოზიციაზე დგას.

ვინ არიან გადაცემის სტუმრები? სასულიერო პირები, რომლებიც 17 მაისისა თუ ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღმდეგ გამოსვლებით გამოირჩეოდნენ, ლევან ვასაძე და გურამ ფალავანდიშვილის თანამოაზრეები.

შეიძლება ითქვას, რომ გადაცემის მუდმივმოქმედი სტუმრები არიან მამა-შვილი ლორთქიფანიძეებიც.

გადაცემა ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გააღვივო სიძულვილის ენა, როგორ გაასაღო მითები რეალობად. მაგალითად, გადაცემაში, რომელიც სახელმძღვანელო “მე და საზოგადოებას” მიეძღვნა, წამყვანი ამბობდა, რომ სამინისტროს სკოლებში მამათმავლობის შეტანა სურს, რომ “იდენტობის” კონფერენცია უნივერსიტეტში მამათმავლობის გავრცელებას ემსახურება, რომ ევროპაში ქალისა და მამაკაცისაგან შექმნილი ოჯახებიდან ბავშვების წართმევა დაიწყეს, რადგან მამაკაცი როგორც მოძალადე ისე მოიაზრება და ერთი სქესის ოჯახებში მათი გაშვილება უფრო სწორად მიაჩნიათ. წამყვანი ასევე დაბეჯითებით, ყოველგვარი წყაროს მოყვანის გარეშე ამტკიცებს, რომ იტალიაში როლური თამაშები შემოიღეს, რომლის თანახმადაც ბავშვი სიტყვით ახსნილ ჰომოსექსუალიზმს ვერ გაიგებს და არსში ჩასაწვდომად როლში შესვლას აიძულებენ და სახელმძღვანელო, რომელშიც “No Gender” წერია, მამათმავლობის პროპაგანდაა..

ფალავანდიშვილი დამცინავად აღნიშნავს, რომ “ლგბტ ხალხისათვის “თემის” წოდება “ცოტა მაღალფარდოვანია.” მას არც სტუმრები ჩამორჩებიან, რომელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალიზმს წარმოშობის თავისი ისტორია აქვს, რომ ქცევის დასწავლით მისი გავრცელება შესაძლებელია. აქვე ლევან ვასაძე სინანულით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო იუვენალური კანონის შემოღებას აპირებს, რომელიც თავისი არსით ანტიდისკრიმინაციულ კანონზე ნაკლებად საშინელი არაა.

წამყვანი ფიქრობს, რომ აბორტს მდიდრები უფრო ხშირად იკეთებენ, ვიდრე ღარიბები, რადგან მდიდრებს რაც უფრო ბევრი ფული აქვთ, უფრო კარგად უნდათ ცხოვრება და ბავშვები ხელს უშლიან. ის მიიჩნევს, რომ ნარკომანია სირცხვილია. სტერეოტიპებს კი მისი სტუმრებიც ამყარებენ, როცა ამბობენ, რომ მარუხუანა ფსიქოლოგიურ აშლილობას იწვევს დაჰოლანდიელ მოსწავლეებს სპეციალური სიმღერა აქვთ, სადაც მარიხუანას სიკარგეზე მღერიან. ამ დროს კი მღვდელი ნარკოტიკის მომხმარებელს აშინებს, სასუფეველში ვერასოდეს შეხვალ ნარკომანობის გამოო.ერთ-ერთ სტუმარს კი ინიციატივაც გაუჩნდა, გადაცემები, სადაც სამარცხვინო ნარკომანიაზე იქნება საუბარი, მომრავლდეს რომ ამ სენთან ბრძოლაგამარტივდესო.

ფალვანდიშვილი მხოლოდ საყოველთაო პრობლემებს არ წარმოგვიჩენს განსხვავებული კუთხით. სურს, საზოგადოებას აჩვენოს, რომ ამ ქვეყანაში, გადაგვარებულ ახალგაზრდებთან ერთად, არსებობს ზნეობრივი თაობა. ამ მიზნით აკეთებს სპეციალურ გადაცემას სადაც მრავალშვილიანი ოჯახის წევრებს, სასულიერო პირების შვილებსა და იმ ახალგაზრდებს იწვევს, რომლებიც რამენაირად მაინც არიან ეკლესიასთან კავშირში.

- სოროსი ხომ არ გაფინანსებთ? - ცინიკურად ეკითხება ფალავანდიშვილი ელენე ლორთქიფანიძეს, რომელმაც ახალგაზრდული მოძრაობა დააარსა და ქართველობის გადარჩენა სურს.

ერთი სიტყვით, რა გადაცემაა ფალავანდიშვილთან? ეს არის გადაცემა, რომლისთვისაც არც სიძულვილის ენაა უცხო, არც ანტიდასავლური მითების გავრცელება. მისი სტუმრები და წამყვანი საუბრობენ "დასავლეთის გარყვნილ პოლიტიკაზე", ახდენენ გარკვეული ჯგუფების მარგინალიზაციას, კონკრეტული ტელევიზია კი ამას ხელს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე უწყობს.

თეგები : სიძულვილის ენა;
ავტორი : თამარ კარელიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ