დავით ტრაპაიძე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიასა და რადიოდან“ წინა კვირაში გაათავისუფლეს, მენეჯმენტის
გადაწყვეტილებას მაუწყებლიდან „კრიტიკული ხმების მოშორების“ მცდელობად
მიიჩნევს და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ 18 ნოემბრით
დათარიღებული ბრძანების ბათუმის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრებას
გეგმავს.
ტრაპაიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას ამბობს, რომ „ძალიან
ბევრი პროფესიონალი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიღმა დატოვეს
დაახლოებით იგივე სცენარით, მეტ-ნაკლებად გადათამაშებული
ვერსიებით“.
-------------------
დავით ტრაპაიძე „რადიო აჭარაში“ 2001 წლიდან მუშაობდა. ის წლების
განმავლობაში რადიოს ხელმძღვანელობდა, 2026 წლის აგვისტოდან კი,
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ მიმდინარე
რეორგანიზაციის ფარგლებში, მედიაწარმოებისა და გავრცელების
სამსახურის, რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის უფროსის
პოზიციაზე გადაიყვანეს.
-------------------
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“
დირექტორის, ირაკლი კიკვაძის ხელმოწერილ ბრძანებაში დავით ტრაპაიძის
სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად წერია, რომ ის არ უზრუნველყოფდა
„მუსიკალური ბადის პროგრამირებას დადგენილი სტანდარტებისა და
მოთხოვნების შესაბამისად“ და განაგრძობდა „უკვე არსებული პლეილისტების
მექანიკურ კოპირებას, რაც პირდაპირ აზიანებს რადიოეთერის ხარისხსა და
მრავალფეროვნებას“. „ამასთანავე, იგი კვლავ სისტემატურად არ ცხადდება
სამსახურში წინასწარი შეთანხმებისა და საპატიო მიზეზის გარეშე, რითაც
არსებითად ფერხდება რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის
გამართული ფუნქციონირება“.
ამავე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გათავისუფლებამდე, ნოემბერში, ტრაპაიძეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ორი ზომაც დააკისრეს, ჯერ საყვედური გამოუცხადეს, შემდეგ კი, ანაზღაურების 10% დაუქვითეს. დოკუმენტში მითითებულია, რომ დისციპლინური კომისიის ამ გადაწყვეტილებებში „პასუხისმგებლობის დაკისრების ერთ-ერთ ძირითად საფუძველს სწორედ მაუწყებლის შინაგანაწესის დარღვევა წარმოადგენდა“ და უკვე გამოყენებული დისციპლინური ზომების მიუხედავად, „დასაქმებულმა არ აღმოფხვრა დარღვევები და კვლავ განაგრძო შრომითი ვალდებულებების იგნორირება“.
დავით ტრაპაიძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიხედვით, რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის უფროსის „ფუნქციების ჯეროვანი განხორციელება სამუშაო ადგილზე გამოცხადების გარეშე, თვითნებურ რეჟიმში, ობიექტურად შეუძლებელია, რასაც პირდაპირ ადასტურებს არსებული პლეილისტების რეგულარული მექანიკური კოპირება და საეთერო ბადეში გადაცემების განუთავსებლობა. დასაქმებულის ამგვარმა ქმედებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, რეალური საფრთხე შეუქმნა მაუწყებლის რადიოეთერის შეუფერხებელ, ხარისხიან ფუნქციონირებას, რაც გამორიცხავს შრომითი ურთიერთობის შემდგომი გაგრძელების შესაძლებლობას“.
ტრაპაიძე მაუწყებლის მიერ დასახელებულ მიზეზებს აბსურდულს უწოდებს და გვიხსნის, რომ „ეს არის ჩვეულებრივი მუსიკალური პროგრამა, რომელიც საბაზისოა და რომლის ფონზეც შემდეგ მუსიკალური წამყვანი მუშაობს და უკვე ის ქმნის დღის ეთერს თავისი არჩეული სიმღერებით. ამ შემთხვევაში ეს იყო არა დაკოპირებული, არამედ პროგრამის მიერ გენერირებული მუსიკალური პროგრამა, აქედან გამომდინარე ეს არის აბსოლუტურად ყურით მოთრეული ბრალდება.
საკმაოდ ბევრი ახსნა-განმარტება დაიწერა ჩემს სახელზე, აქედან გამომდინარე დისციპლინარული კომისია ორჯერ იყო მოწვეული და რა თქმა უნდა, ორივეჯერ ჩემი გამამტყუნებელი, ასე ვთქვათ, ვერდიქტი გამოიტანეს, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ვცდილობდი მათთვის ამეხსნა სპეციფიკა, როგორ მუშაობს საერთოდ რადიო, რას და როგორ აკეთებს.
მაგალითად, ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ მე ვსარგებლობდი AnyDesk-ით, დისტანციური წვდომის პროგრამით, რომელსაც აქამდეც ვიყენებდი, მაშინაც, როცა რადიოს ხელმძღვანელი ვიყავი. ეს ჩვეულებრივი ამბავია მუსიკალური „ფლეილისტის“ აწყობისას და მით უმეტეს, იმ ბაზის სანახავად, რომლითაც რადიო მუშაობს. თურმე ეს არ ყოფილა აპრობირებული პრაქტიკა და ამის თაობაზე სპეციალური ნებართვის მიღება იყო საჭირო. როცა შევატყობინე, რომ ეს საქმის წარმოებისთვის აუცილებელია, უბრალოდ დააიგნორეს ეს ყველაფერი.
25 წელი ჩემს უფლებამოსილებებს ვასრულებდი და აქამდე პრობლემა არ მქონია და არც არავის უთქვამს, რომ რაღაცას ისე ვერ ვაკეთებ, როგორც საჭიროა. ეს იმას მიანიშნებს, რომ რაღაცნაირად ნებაც იყო ხელმძღვანელებისგან, რომ პროცესი ასე გაგრძელებულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც შენს თანამშრომელზე სისტემატურად იწერება ამდენი მოხსენებითი ბარათი, მინიმუმ ერთხელ მაინც ხო იკითხავ მენეჯერი, რომ აი, რა ხდება, რაშია პრობლემა. აგვისტოს შემდეგ ჩვენ არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემგან იყო რამდენიმე მცდელობა, რომ ირაკლი კიკვაძესთან შეხვედრა გამართულიყო, თუმცა ამაოდ“.
დავით ტრაპაიძე რადიოს ხელმძღვანელობიდან მედიაწარმოებისა და გავრცელების სამსახურის, რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის ჯგუფის უფროსად სწორედ აგვისტოდან გადაიყვანეს. ტრაპაიძის თქმით, როდესაც მისი პოზიცია „ასე ვთქვათ, ჩამოიყვანეს იმ ნიშნულამდე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში მეკავა, ის არ საჭიროებდა მუდმივად ერთ კონკრეტულ ადგილზე ყოფნას. მით უმეტეს როცა ჩვენი საქმიანობის სპეციფიკა არა 8-საათიან სამუშაოს, არამედ პროცესის მუდმივ კონტროლს მოითხოვს, რასაც დისტანციური წვდომის საშუალებით ეფექტურად ვასრულებდი დროის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა ამის საჭიროება იდგა“.
როგორც ტრაპაიძე ჰყვება, „მიდიოდა რეორგანიზაციის საკმაოდ რთული და ქაოტური პროცესი, იწერებოდა ახალი დებულებები, ვითომ ვაშენებდით „ახალ სახლს“, სადაც ყველას ერთხმად და ბედნიერად უნდა გვეცხოვრა და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოდი, ამდენი ხანი რომ იყავი მენეჯერი, ახლა ცოტა სხვასაც მივცეთ შანსიო. ისეთი მოცემულობა იყო, ჩემი, ასე ვთქვათ, ჩაჩოჩება პრინციპში დიდად არც გამკვირვებია. ველოდი, რომ ამ მიმართულებით გააგრძელებდნენ მუშაობას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, დასაბუთებული ახსნა-განმარტება, რომ აი, ამიტომ აღარ უნდა იყო რადიოს ხელმძღვანელი, არ ყოფილა. თუმცა, იყო მანამდე დირექტორთან მიმართებით ჩვენი მხრიდან ისეთი კითხვები დასმული, რაც შეიძლება, ვთქვათ, არ ესიამოვნა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო.
მაგალითად, იმაზე გვქონდა მწვავე რეაქცია რადიოს თანამშრომლებს, რატომ უნდა გაჩერებულიყო რეორგანიზაციის დროს „რადიო აჭარა“, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა და ტექნიკური პრობლემებიც არ გვქონდა. ჩვენ საერთოდ სხვა შენობაში ვართ, აქედან გამომდინარე, არანაირი ტექნიკური, ასე ვთქვათ, ნიუანსები ხელს არ გვიშლიდა იმაში, რომ ჩვეულებრივად გაგვეგრძელებინა მუშაობა. მათგან არსებითი არგუმენტები ვერც თათბირზე გავიგეთ, უბრალოდ ასე ჩათვალეს საჭიროდ. რადიო გააჩერეს, თანამშრომლები დროებით ოთახებიდან გამოუშვეს, ხოლო რადიოს ფართი ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს დაუთმეს, იმ მოტივით, რომ ტელევიზიის შენობა ავარიული იყო, ხოლო ახალი ფართი ჯერ ვერ მოიძებნა. ამ გაურკვეველი ლოჯისტიკის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიო ლამის შვიდი თვე დაპაუზებული იყო. რაც თავისთავად რადიოს თანამშრომელთა წუხილსაც იწვევდა. შეიძლება ეს არაკომფორტული კითხვები იყო მათთვის და ჩათვალეს, რომ მოდი, თავი აღარ ავიტკიოთ და ასე გავაკეთოთო“.
დავით ტრაპაიძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას იხსენებს და ყურადღებას ამახვილებს იანვარში, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად ჯერ ისევ ვლადიმერ ტატიშვილის ყოფნის დროს, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, პატიმრობაში მყოფი, მზია ამაღლობელის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზეც:
„წინა ხელმძღვანელის დროს საკმაოდ ისეთი, ჩემთვის ნიშანდობლივი ფაქტი მოხდა. როდესაც მზია ამაღლობელის ერთ-ერთი სასამართლო პროცესის შემდეგ მოწყობილ აქციაზე ჟურნალისტებმა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში შესვლა მოითხოვეს, იმ აქციაზე მეც ვიყავი. მაშინ დამადანაშაულეს, თითქოს ჩემი იდეა იყო, რომ ეს ადამიანები ტელევიზიასთან მისულიყვნენ, აი, შენ გააკეთე ეს და როგორ ქენი, რაც აბსურდია. ეს ყველაფერი ასე ვთქვათ, დაუგროვდათ ჩემ წინააღმდეგ და ბოლოს, ეს გადაწყვეტილება მიიღეს. რამოდენიმე კარგი პროექტი ჩახურეს, რამოდენიმე ახალი იდეის განხორციელებას ხელი შეუშალეს და უკვე ვხვდებოდი, საითკენაც მიდიოდა ეს ყველაფერი“.
რედაქცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა
და რადიოს“ დირექტორსაც დაუკავშირდა. ირაკლი კიკვაძემ წერილობით
გვიპასუხა, რომ დავით ტრაპაიძე რადიოპროგრამებისა და ეთერის მართვის
ჯგუფის უფროსის პოზიციიდან „გათავისუფლდა საქართველოს კანონმდებლობითა
და მაუწყებლის შიდა რეგულაციებით დადგენილი წესის შესაბამისად,
დასაბუთებული ბრძანების საფუძველზე, თუმცა აღნიშნული საკითხი
წარმოადგენს პერსონალურ ინფორმაციას და დამატებით დეტალებს ვერ
მოგაწვდით. რაც შეეხება დავით ტრაპაიძის ვარაუდს, თითქოს იგი
კრიტიკული შეხედულებების გამო გათავისუფლდა, ეს მოსაზრება მოკლებულია
ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. უფრო მეტიც, ჩემთვის უცნობია,
კონკრეტულად რა კრიტიკულ შეხედულებებზეა საუბარი“.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორი 2026 წლის 29 იანვრიდან ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კიკვაძეა. მან მაუწყებელში სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი მალევე დაიწყო, ივნისში კი, კიკვაძემ თქვა, რომ არხიდან მედია წარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის ჯამში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს, რეორგანიზაცია კი 57 პოზიციას შეეხო.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა: ირინა ყურუამ, მაია მერკვილაძემ, ლევან ურიდიამ, გაბრიელა კვაჭანტირაძემ და სალომე გეგეშიძემ მაუწყებელს სასამართლოში მალევე უჩივლეს და გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მაშინ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ იურისტმა, თეონა ზაქარაშვილი, რომელიც გათავისუფლებულების ინტერესებს იცავს, „მედიაჩეკერთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი გათავისუფლება „არის იმ დიდი რეპრესიული გზის გაგრძელება, რომელიც არა ერთხელ ვნახეთ საზოგადოებრივ მაუწყებელში და მათ შორის, ახლა უკვე სახეზეა „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან“ გათავისუფლებული პირების საქმეები“.
რეორგანიზაციის საბაბით ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ ტელევიზიის გადაწყვეტილება უსამართლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“:
„ქარტიას ეჭვებს უჩენს ის გარემოება, რომ გათავისუფლებული ჟურნალისტები დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხითა და პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და რომ ისინი ყოველთვის პატივისცემას იჩენენ განსხვავებული აზრის მიმართ და სვამენ კრიტიკულ შეკითხვებს. გათავისუფლებული ჟურნალისტების ნაწილი, ვისი პოზიციაც ამ დროისთვის ცნობილია, თავადაც ასე მიიჩნევს, რომ კრიტიკული აზრის გამო იდევნება. ეს ქარტიას აფიქრებინებს, რომ გათავისუფლებები სხვა არაფერია, თუ არა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული აზრისგან დაცლის მცდელობა და ეს შერჩევითი, მიკერძოებული დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ აჭარაში საინფორმაციო ველის საბოლოოდ მოსუფთავებას ემსახურება“.
„მედიის ადვოკატირების კოალიციამ“ კი ეს
გადაწყვეტილება დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ
ქმედებად
შეაფასა. მაშინ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის
ტელევიზიისა და რადიოს“ 14 თანამშრომლის გათავისუფლებაზე განგაშის
სიგნალი
ჩართო ევროსაბჭოს „ჟურნალისტების უსაფრთხოების
პლატფორმამაც“.

