ეთიკა
კატეგორია - ეთიკა

სათაურები და ტექსტები მტკიცებით ფორმაში, Live საავადმყოფოს ეზოდან, ახლობლების გლოვის მძიმე კადრები - ასე, არაფრთხილად, კონტექსტისა და საზოგადოების განწყობების გათვალისწინების გარეშე და სენსაციის შემცველი ელფერით გაშუქდა კოვიდის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას”ვაქცინით აცრის შემდეგ ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების ფაქტი საქართველოში, რამაც ანტივაქსერული განწყობების წახალისებას შეუწყო ხელი.

18 მარტს ახალციხეში, კლინიკა „იმედში“, 27 წლის ექთანს, მეგი ბაქრაძეს, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ, პირველადი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა და გონება დაკარგა. მოგვიანებით მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.

მომხდარის შესახებ ამბავი თავდაპირველად რეგიონულმა მედიასაშუალებებმა გააშუქეს. ერთ-ერთი პირველი ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” იყო. პირველი მასალა, რომელიც ამბავს შეეხებოდა, “სამხრეთის კარიბჭემ” იმ დროისთვის ჯერ კიდევ ოფიციალურად დაუდასტურებელი, მტკიცებითი სათაურით გამოქვეყნა: - “ახალციხეში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა”.

alt“სამხრეთის კარიბჭემ” პირველი სტატია 15:18 საათზე გამოაქვეყნა. (როგორც მოგვიანებით გაირკვა, ამ დროს შემთხვევა უკვე რამდენიმე საათის მომხდარი იყო, ვინაიდან, ფორმა 100-ის მიხედვით, ექთანს აცრა 12:15 საათზე გაუკეთდა და აცრიდან რამდენიმე წუთში გახდა შეუძლოდ). ტექსტის მიხედვით, მტკიცება ექიმებს ეყრდნობოდა ("როგორც ექიმები საუბრობენ"). ახალ ამბავში არ ჩანდა ვინ იყვნენ ეს ექიმები, რამდენად საფუძვლიანი შეიძლებოდა ყოფილიყო მათი მტკიცება აცრისა და კომაში ჩავარდნის კავშირზე, რის საფუძველზე შეიძლებოდა სცოდნოდათ მათ ეს, ანუ, რამდენად სანდო წყაროებად ითვლებოდნენ ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მტკიცებით ფორმაში დასაწერად და რას ამბობდნენ მომხდარზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში, ან საერთოდ, სცადა თუ არა გამოცემამ მათთან დაკავშირება.


ამ ინფორმაციის გამოქვეყნებიდან მალევე, გამოცემის ჟურნალისტმა იმ საავადმყოფოს ეზოდან, სადაც შემთხვევა მოხდა, პირდაპირი ეთერიც ჩართო. ამ ეთერში მაყურებელი 27 წუთის განმავლობაში თვალს ადევნებდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რომლებიც ექთნის ნახვას ითხოვდნენ და დროდადრო კლინიკის თანამშრომლებს უპირისპირდებოდნენ. შიგადაშიგ პირდაპირ ეთერში ისმოდა გინება და ახლობლების ტირილიც. სტატიისგან განსხვავებით, პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი გამუდმებით უსვამდა ხაზს, რომ ახალგაზრდა ექთანი “სავარაუდოდ” აცრის შემდეგ გახდა ცუდად, ამბობდა მხოლოდ ფაქტს, რომ ახალგაზრდა ექთანი აცრის შემდეგ ცუდად გახდა, სხვა ინფორმაციას ეს ეთერი არ შეიცავდა და შესაბამისად, სპეკულაციებისთვის ტოვებდა სივრცეს.

მოგვიანებით კლინიკის ეზოდან პირდაპირ ეთერში ჩაერთო რეგიონული მაუწყებლის TOK.TV-ის ჟურნალისტიც, რომელიც ასევე ამბობდა, რომ სავარაუდოდ ეს იყო აცრის შემდგომი გართულება. იმ დროს, როდესაც ეს მაუწყებელი ჩაერთო პირდაპირ ეთერში, სიტუაცია შედარებით დამშვიდებულიც იყო.

ამ დროისათვის, იგივე ამბავი, ასევე მტკიცებითი სათაურით, უკვე გამოქვეყნებული ჰქონდა ადგილობრივ ტელევიზია “მეცხრე არხსაც” და არამხოლოდ - სხვადასხვა გამოცემებისა და მაუწყებლების საიტებსა თუ ფეისბუქის გვერდებზე უკვე ვირუსულად ვრცელდებოდა ტექსტური და ფოტოინფორმაციები, ასევე მტკიცებითი ფორმულირებით, ახალციხეში მომხდარი შემთხვევის შესახებ, მათი ნაწილი “სამხრეთის კარიბჭეს” ეყრდნობოდა.

პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე დაწყებული იყო ერთი მხრივ, იმ ადგილობრივი მედიების კრიტიკა, რომლებმაც მომხდარი ამ ფორმით გამოაქვეყნეს, და მეორე მხრივ, უკვე წახალისებული იყო ანტივაქსერული დისკუსიები, ეს განსაკუთრებულად მძაფრად, პირდაპირი ეთერების, ე.წ. Live-ების კომენტარების ველში იგრძნობოდა.

მასალის გამოქვეყნებიდან დაახლოებით 2 საათში, “სამხრეთის კარიბჭემ”, შესწორების სტანდარტის დაცვით, სტატიის სათაური შემდეგნაირად ჩაასწორა: “შესწორება: ახალციხეში ექთანი სავარაუდოდ აცრის შემდეგ ცუდად გახდა, ექიმების თქმით ის ხელოვნურ სუნთქვაზეა”. ცოტა მოგვიანებით, დარედაქტირდა პირდაპირი ეთერის ვიდეოც, რომელიც ახლა არის 11-წუთიანი და აღარ შეიცავს ახლობლების მძიმე ემოციების კადრებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმე არაზუსტ ინფორმაციასთან არ გვქონია და მოგვიანებით ფაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა (ამბის გავრცელებიდან 2 საათში, 17:00 საათიან ბრიფინგზე), მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულმა პირველადმა ინფორმაციამ, მტკიცებით ფორმაში დაწერილმა სათაურებმა და არაფრთხილმა, სენსაციურმა გაშუქებამ საზოგადოებაში პანიკა გამოიწვია.

ახალციხეში მომხდარი ფაქტი მედიას რომ უნდა გაეშუქებინა, ცხადია, ეს დავის საგანი არ არის. მაგრამ, აქ რამდენიმე დეტალი იყო გასათვალისწინებელი:

  • კონტექსტი - საზოგადოებაში ისედაც გამძაფრებული ანტივაქსერული განწყობები, მაღალი საჯარო ინტერესი ვაქცინაციისადმი, რომელიც სულ რამდენიმე დღის დაწყებული იყო და ბოლო დღეების მოვლენები “ასტრაზენეკას” ვაქცინასთან დაკავშირებით (მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გამოცდილება, რომელთაც ვაქცინაცია დროებით შეაჩერეს და ეს იმ დღეებში იყო აქტიური განხილვის თემა).

  • ფაქტის მნიშვნელობა და ეფექტი - რამდენად მძიმე შემთხვევა იყო სავარაუდოდ, ვაქცინაციის ასეთი მძიმე გვერდითი მოვლენა, რამდენად შოკის ეფექტი ექნებოდა საზოგადოებაზე და ამიტომ, რამდენად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ ამბის წყარო, ან წყაროები, ყოფილიყო ძალიან სანდო და რელევანტური.

  • საზოგადოების ინფორმირებულობა ვაქცინაციაზე - იმ პერიოდისათვის (და ფაქტობრივად, დღესაც) საზოგადოების ინფორმირებულობის დონე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებზე, პროცესზე, გვერდით ეფექტებზე და ა.შ. ძალიან დაბალია, ვაქცინაციის ეფექტის მოლოდინი კი (საზოგადოების მცირე ნაწილში მაინც) ძალიან მაღალი და სწორედ ამიტომ ჰქონდა ამ პირველად ინფორმაციას ძალიან დიდი შოკის ეფექტი.


უფრო მარტივად რომ ვთქვათ, მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესისა, ეს არ იყო ის ამბავი, რომლის გამოქვეყნებისას უპირატესი სისწრაფე და ოპერატიულობა უნდა ყოფილიყო. (ასეც მოიქცა მაგალითად რამდენიმე ონლაინ გამოცემა, (მაგ.: ნეტგაზეთი, პუბლიკა, რადიო თავისუფლება), მათ პირველი ინფორმაცია მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნეს, რაც მომხდარი ამირან გამყრელიძემ დაადასტურა).

“ვაქცინაციის და ვაქცინის თემის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაციის მისაღებად”, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ, რომელიც ერთ-ერთი თავია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ მომზადებული კოვიდის გაშუქების ვრცელი გზამკვლევიდან.

მას შემდეგ რაც ახალგზრდა ექთანი გარდაიცვალა, ამბავი კიდევ უფრო პრობლემურად გაშუქდა.

მაგალითად, “მთავარმა არხმა”, გარდა იმისა, რომ ეთერში აჩვენა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში მყოფი, სასოწარკვეთილი ოჯახის წევრების და ახლობლების გლოვა, ყველაზე მძიმე კადრები შეკრიბა და ცალკე ვიდეოებად გამოაქვეყნა ფეისბუქის გვერდზე. ახლობლების გლოვის ამსახველი მძიმე კადრები ნახა ტელეკომპანია “პირველის” მაყურებელმაც. არცერთ შემთხვევაში ამ მძიმე კადრებსა და მასალებს არანაირი დამატებითი ინფორმაციული ღირებულება არ ჰქონია, გარდა იმისა, რომ მანიპულირებდა ადამიანების ემოციებით, ზეგავლენას ახდენდა მოწყვლად ჯგუფებზე და კიდევ უფრო ახალისებდა იმ ჯგუფების განწყობებს, რომლებიც ანტივაქსერული, ან ვაქცინებისადმი სკეპტიკური განწყობებით გამოირჩევიან.

ანტივაქსერები და ვაქცინის სკეპტიკოსები - სწორედ ამ ორ ჯგუფზეა საუბარი ქარტიის მიერ მომზადებულ ვაქცინაციის გაშუქების გზამკვლევში. ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების არაფრთხილმა გაშუქებამ ანტივაქსერული განწყობები რომ წაახალისა, ამაზე ზემოთ უკვე ვთქვით, მაგრამ ამ შემთხვევამ, როგორც სოციალურ ქსელებზე დაკვირვებით ირკვევა, ვაქცინის სკეპტიკოსთა რიცხვიც მკვეთრად გაზარდა.

“Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით, გაზრდილია, სწორედ, ვაქცინის სკეპტიკოსთა რაოდენობა. ესენი არიან ადამიანები, რომელთა პოზიცია შეიძლება ჟღერდეს ამგვარად: „ვაქცინაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ ჯერ დაველოდები, სხვებზე როგორ იმოქმედებს ვაქცინა და მერე ავიცრები მეც“, - ვკითხულობთ გზამკვლევში ვაქცინაციის გაშუქების შესახებ.

ასეთი ადამიანების რიცხვი რომ გაიზარდა, შეიძლება ითქვას, რომ ეს მომხდარიდან მომდევნო დღეებში ვაქცინაციის მსურველთა რიცხვის მკვეთრმა შემცირებამაც დაადასტურა.

 


შენიშვნა: სტატიიდან ამოღებულია შემდეგი აბზაცი: "ტექსტში არც ის ჩანდა, რომ გამოცემა ფაქტის დაფიქსირებიდან ტექსტის გამოქვეყნებამდე, რამდენიმე საათის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროსთან ცდილობდა ამბის გადამოწმებას (რაც შემდეგ გამოცემის რედაქტორმა “მედიაჩეკერთან” თქვა) და ახალი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც შემთხვევა 4-მა სხვადასხვა ექიმმა დაადასტურა (საუბარია არამხოლოდ იმ კლინიკის, არამედ ქალაქში მომუშავე სხვა ექიმებზეც)", - ვინაიდან გამოცემის რედაქტორს ეს არ უთქვამს როგორც კომენტარი, მან ამის შესახებ პირად საუბარში თქვა. 

კატეგორია - ეთიკა

“მედიას შეუძლია, შეცვალოს ადამიანის ცნობიერება და, რაღაც ნაწილში, საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიაც ეს არის”, - ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა 8 მარტს, მისივე არხს უთხრა რეპორტაჟში, რომელშიც ხაზგასმული იყო, რომ გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოს პირველი არხის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

არხმა ამ დღეს მაყურებელს აუწყა, რომ 8 მარტს, ქალთა საერთაშირისო დღეს, ევროპის მაუწყებელთა კავშირის მიერ ორგანიზებული ვებინარი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა გახსნა, რომელიც 2019 წლიდან ამავე ალიანსის გენდერული თანასწორობის ჯგუფის ხელმძღვანელია.

ამ ვებინარიდან და სიუჟეტიდან რამდენიმე დღეში, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 5 დღის განმავლობაში, 11-15 მარტის პერიოდში, ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტული წარმატებები ისე გააშუქა, რომ მაყურებელს თუ მკითხველს მისი მხრიდან ყოფილ ცოლზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა.

 

“წარმატებები ვუსურვოთ ნიკას” - ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის ცალმხრივი და უკონტექსტო გაშუქება

 

ნიკოლოზ ბასილაშვილზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ საზოგადოებაში საჯარო განხილვები და ვნებათაღელვა 11 მარტს განახლდა, როდესაც ქართველმა ჩოგბურთელმა დოჰას ტურნირის მეოთხედფინალში როჯერ ფედერერი დაამარცხა. მედიასაშუალებების ნაწილი ბასილაშვილის გამარჯვებას რამდენიმე წინადადებით, მშრალად აშუქებდა, ნაწილი კი აუდიტორიას იმის შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას, რომ მას ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაში ედება ბრალი და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება.

12 მარტს, “მოამბეს” მთავარი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში, ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობები მაყურებელს სპორტული სიახლეების წამყვანმა დავით ბანანაშვილმა გააცნო. ამ დროს დოჰას ტურნირის ნახევარფინალი მიმდინარეობდა და წამყვანმა წარმატება უსურვა ბასილაშვილს - “წარმატებები ნიკას ამ ძალიან პრინციპულ დაპირისპირებაში” - თქვა და მაყურებელს ყოველგვარი ახსნის გარეშე, უკონტექსტოდ, აცნობა, რომ მის გამარჯვებას მცირე რაოდენობით ნეგატიური შეფასებები მაინც მოჰყვა:

“აი, ამ ყველაფრის ფონზე კი, გუშინ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სუპერვარსკვლავის, როჯერ ფედერერის დამარცხებას, ზოგადად, სოციალურ ქსელებში და ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, იყო მცირე რაოდენობა, მაგრამ მაინც იყო ნეგატიური შეფასებები და ამასთან დაკავშირებით, სწორედ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ მოიწვია ბრიფინგი და ჟურნალისტების შეკითხვებს გასცა პასუხი. ბასილაშვილის ადვოკატმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართველი ჩოგბურთელის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა. ირმა ჭკადუას განცხადებით, იგი მიმართავს სახალხო დამცველს და აცხადებს, რომ ისინი ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებებს”.



წამყვანს არ აუხსნია მაყურებლისთვის, რამ გამოიწვია ვნებათაღელვა სოციალურ ქსელებში, რატომ მიიჩნევენ, რომ ბასილაშვილის კონსტიტუციური უფლებები დაირღვა ანდა კონკრეტულად რას მოჰყვა მის მიმართ უარყოფითი შეფასებები წარმატებული მატჩის შემდეგ.

აღნიშნული შესავლის შემდეგ, მაუწყებლის ეთერში, ასევე უკონტექსტოდ, ბასილაშვილის ადვოკატის 38 წამიანი კომენტარი გავიდა, სადაც იგი არასამთავრობო ორგანიზაციებს “ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენის” უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა:

“მოიხსენიებენ ნიკოლოზ ბასილაშვილს, როგორც მოძალადეს, რაც, ცალსახად, ადასტურებს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს უწოდებენ უფლებადამცველებს, ცალსახად არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას და კონსტიტუციურ უფლებას. ვინაიდან, არცერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი გახლავთ მოძალადე ან დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა, მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი - ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია და მის მიმართ გამოყენებულ იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა.”

ამ დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაკავშირებული ამბების გაშუქება მხოლოდ ადვოკატის აღნიშნული მცირე კომენტარით შემოიფარგლა. ამის შემდეგ, მაუწყებელმა ეს ცალმხრივი ვნებათაღელვაც დაივიწყა და დღის საინფორმაციო გამოშვებებში მაყურებელს მშრალად აუწყებდა ბასილაშვილის მორიგი გამარჯვებების შესახებ.

შედარებით ვრცელი, შემაჯამებელი სიუჟეტი არხზე 13 მარტს გავიდა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის გამარჯვებული გახდა. ამ დღეს “მოამბეს” დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება ქართველი ჩოგბურთელის ისტორიული გამარჯვებით დაიწყო. ამბავს 4 წუთამდე დრო დაეთმო. მაუწყებელი მატჩების მიმოხილვით შემოიფარგლა, ეთერში გავიდა ბასილაშვილის სიტყვაც, რომელითაც მან ტურნირის მოგების შემდეგ თავის შვილს მიმართა. თუმცა საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლისთვის არც ამჯერად უცნობებია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე გასულ წელს დააკავეს, ბრალი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ფიზიკური ძალადობის გამო წარედგინა და რომ სასამართლომ წინასწარი პატიმრობიდან 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა, 11-15 მარტის პერიოდში, საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” ვებგვერდზეც, “სპორტის” კატეგორიაში, აქტიურად ქვეყნდებოდა მასალები ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებული ასპარეზობების შესახებ. თუმცა, მაუწყებლის მკითხველიც, ისევე როგორც მაყურებელი, არაინფორმირებული დარჩა იმის შესახებ, რომ საქართველოში ყველაზე წარმატებული ჩოგბურთელი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული და მისი სასამართლო პროცესები ახლაც მიმდინარეობს.

კატეგორია - ეთიკა
"ბერა, გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ”, - ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების თემაზე კრიტიკული კითხვების გარეშე "იმედის" გადაცემაში, სადაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს მოიხსენიებდნენ "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებლად და ტელესაროსკიპოებად", რომლებიც უნდა გამორთონ. და ასევე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული სახელისუფლებო ნარატივი, რომელსაც გადაცემაში მხატვრები და მომღერლები აჟღერებდნენ. 

9 მარტს გადაცემა “იმედის ფაქტორი” ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მიეძღვნა. წამყვანებმა შესავალშივე დააანონსეს, რომ “იმედის” მაყურებელი ჩანაწერების მთავარ გმირთან - ბერა ივანიშვილთან ინტერვიუს პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად იხილავდა.

გადაცემა ეთერში ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდან მესამე დღეს გავიდა.”ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ათანხმებენ, თუ როგორ უნდა დაისაჯონ თუ დააშინონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

“იმედის ფაქტორი” ივანიშვილების ოჯახის დაცვას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ეთერში მიწვეული “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ხელისუფლებასთან აფილირებული რესპონდენტები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. გადაცემის მსვლელობისას, წამყვანებს არ დაუსვამთ არც ერთი კრიტიკული კითხვა და ისინიც ღიად აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების აზრს თავადაც იზიარებდნენ და ეთანხმებოდნენ.

“ქართული ოცნების” ნარატივი წამყვანების მონოლოგში
 

alt

გადაცემა მაყურებლისთვის წინა ხელისუფლების “რეჟიმის” შეხსენებით და ბიძინა ივანიშვილის, როგორც “ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის” ხოტბის შესხმით დაიწყო. წამყვანები მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ ივანიშვილების ოჯახს ამჯერადაც “ნაციონალური მოძრაობა” ებრძვის, დევნის, აბულინგებს და ამის ნაწილია “უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული” ფარული ჩანაწერებიც.

“იმედის ფაქტორი” გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა შემდეგი შესავლით დაიწყო:

“დღეს თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან. პირველად, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ის იტყვის, როგორი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლა მისი ოჯახის წინააღმდეგ. 2010-2011 წლები, უკვე მოკლულები არიან სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ათობით სხვა უდანაშაულო ახალგაზრდა. დაკარგულია ორი ქართული რეგიონი, დარბეულია ტელეკომპანია “იმედი” და მედიას სრულად რეჟიმი აკონტროლებს. პრაქტიკულად, განადგურებულია პოლიტიკური ოპოზიცია. ერთადერთი, რაც სააკაშვილის ძალაუფლებას ემუქრება, არის ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის - ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემოსვლა პოლიტიკაში. და ეს რეალობა ხდება. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა პოლიტიკური გეგმების შესახებ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იყო”.

 

ამის შემდეგ, მაგდა ანიკაშვილის მონოლოგი გადაცემის მეორე წამყვანმა - ვაკა გორგილაძემ განავრცო:

 

“ივანიშვილის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა. ბიზნესმენს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს. დაიწყეს “ქართუს” გაკოტრება, ანგარიშები დაყადაღდა, დააკავეს ბანკის თანამშრომლები, ატერორებდნენ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ადამიანებს, რეჟიმი ებრძოდა მედიას, დააზიანეს “მეცხრე არხის” აპატარურა, ზღუდავდნენ სიგნალის გადაცემას, დააყადაღეს “გლობალ ტვ”. ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა ბინძური მეთოდებით და ამ ბრძოლის ნაწილი გახდა ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია ივანიშვილების ოჯახის, მისი შვილების წინააღმდეგ. ასეთ რეალობაში აღმოჩნდა ბერა ივანიშვილი, რის შესახებაც ის ჩვენს ეთერში დეტალურად ისაუბრებს”.



გადაცემის წამყვანებმა აღნიშნული ვრცელი მონოლოგების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების - მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის, ასევე, ოპოზიციური ტელეარხების წამყვანების - ნოდარ მელაძისა და ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, დაგვიანონსეს, რომ გადაცემაში ვნახავდით - თუ “როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი; როდის დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ მუქარის, ცილისწამების და შეურაცხყოფის კამპანია ოჯახის წინააღმდეგ; დღეს ვინ დგას ბულინგის და ფსიქოლოგიური ტერორის უკან; ამჯერად რა მიზანი აქვს ჩანაწერების ფაბრიკაციას; რატომ დაემთხვა მასალის გასაჯაროება პოლიტიკური მოლაპარაკების განახლებას და არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო, პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნებას”.

12 სტუმარი და 1 პოზიცია
 
ანონსის შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა მაყურებელს წარუდგინეს შემდეგი სტუმრები, როგორც სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული ადამიანები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია:

“ქართული ოცნებიდან” მამუკა მდინარაძე, ვიქტორ სანიკიძე და გია ცაგარეიშვილი, ანალიტიკოსის სტატუსით - გური სულთანიშვილი და ნუკრი შოშიაშვილი, პოლიტოლოგის და ფსიქოლოგის სტატუსით რამაზ საყვარელიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი, რობერტ სტურუა - რეჟისორი, ნიკუშა შენგელაია - მხატვარი, გოგა ხაინდრავა - კინორეჟისორი და ზურაბ მანჯავიძე - მომღერალი.

გადაცემის მსვლელობისას, თითქმის საათნახევრის განმავლობაში, მაყურებელი ისმენდა ჩამოთვლილი 12 რესპონდენტის ერთი და იგივე პოზიციას. რესპონდენტები მონოლოგის რეჟიმში, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე, უნისონში საუბრობდნენ ერთი და იმავეს. ამტკიცებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, რომ ივანიშვილების ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, რომ ოპოზიციური არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ და ეს კანონით უნდა დარეგულირდეს. წამყვანებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მათ აზრს თავადაც იზიარებდნენ. “აბსოლუტურად გეთანხმები” - ამ სიტყვებით უდასტურებდა წამყვანი სტუმრებს, რომ ერთ პოზიციაზე იყვნენ.

altწამყვანების მიკერძოება ნათლად ჩანდა ეთერში პირველივე რესპონდენტის ჩართვისას. გადაცემა მამუკა მამუკა მდინარაძის ჩართვით დაიწყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მონოლოგის რეჟიმში საუბრობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა წამყვანმა მისივე ნარატივის დამადასტურებელი რეპლიკით შეაწყვეტინა, მდინარაძემ კი უთხრა, რომ დაასრულებდა ისტორიის მოყოლას და მერე უპასუხებდა მათ კითხვებს - რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა -“კითხვები აღარ გვექნება, ბატონო მამუკა”.

მართლაც, წამყვანებმა ტრიბუნა დაუთმეს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ერთხმად, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლება უკანონოდ უსმენდა არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

“ბატონო მამუკა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მოგყვებით ამ ლოგიკაში, მართლაც შეუძლებელია ბერა ივანიშვილისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, ანზორ ჩუბინიძისგან შექმნა დემონის”, - ამ სიტყვებით დაუდასტურა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ თავისი პოზიცია მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მსგავსად, თავადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ “დაგეგმილი პროვოკაცია” უკვე დიდი ხანია გრძელდება.

იმის საჩვენებლად, თითქოს, საზოგადოება გმობს ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ “დაგეგმილ პროვოკაციას”, გადაცემაში გავიდა ე.წ. ქუჩის გამოკითხვაც. ჟურნალისტის კითხვას - დასაგმობია თუ არა ნაც.მოძრაობის მიერ ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფსიქოლოგიური ტერორი - ყველა რესპონდენტი იდენტურად პასუხობდა, რომ “რა თქმა უნდა, დასაგმობია”.

მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ
 

alt

გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ გაჟღერდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მესიჯები. კინორეჟისორი, მხატვარი და მომღერალი მედიის რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, გადაცემის წამყვანებს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

მხატვარი ნიკუშა შენგელაია მაყურებელს არწმუნებდა, რომ ევროკავშირი ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მიღებას და პარლამენტს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაიწყონ ამის განხილვა. მომღერალი ზურა მანჯავიძე ამტკიცებდა, რომ სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კი ოპოზიციურ ტელევიზიებზე არაერთხელ თქვა, რომ “უნდა გამოვრთოთ ფსიქოლოგიური ტერორის მანქანები”.

უფრო დეტალურად, მედიის რეგულირებისკენ მიმართული საშიში მსჯელობა ეთერში მას შემდეგ დაიწყო, რაც მაგდა ანიკაშვილმა გოგა ხაინდრავას შემდეგი კითხვით მიმართა - “ცდილობენ, დაგვაჯერონ სურათი, რომ არასრულწლოვანი, რომლის ოჯახსაც უპირისპირდებოდა მთელი რეპრესიული მანქანა, იყო მოძალადე. ეს როგორ უნდა ავხსნათ?”

გოგა ხაინდრავა: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმის ნიმუში. გამოსავალი არის მარტივი - ეს ფსიქოლოგიური ტერორიზმი უნდა გამოვრთოთ და აღარც ეს ლაპარაკი იქნებოდა საჭირო, არც ის გავრცელება, არც ვნებათაღელვა. ეს ტელესაროსკიპოები, ეს დაწესებულებები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან ნამდვილს, რომელიც არაფრით ნაკლები არ არის იმ ტერორზე რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ფორმითაა, უნდა გამოვრთოთ და მორჩა, დამთავრდება ამით სუყველაფერი. დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ თავიანთ საროსკიპოებში და ილაპარაკონ ერთმანეთთან.

ნიკუშა შენგელაია: ეს ერთადერთი რამით გვარდება - კანონით. რომელიც მთელ ჩვენ პარტნიორულ ქვეყნებში მუშაობს. მე მინდა მივმართო დღევანდელ პარლამენტს - თავმჯდომარეს და დეპუტატებს - 2018 წლის ბოლოს მაუწყებლობის შესახებ კანონი დევს პარლამენტში, არ იხილავენ ამ კანონს. დღესვე ამოიღონ ეს კანონი და ხვალვე, სასწრაფოდ დაიწყონ განხილვა. იმიტომ, რომ ეს კანონი არის მოცემულობა ჩვენი, ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც არის გაკეთებული მათი სპეციალისტების და ჩვენი მარეგულირებელი კომისიის, და ეს ჩარჩო არის ასოცირების ქვეყნებთან გაკეთებული. ეხლა კიდე ახალი აქვთ ევროკავშირს უკვე წევრებთან.

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წელს უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც სრულუფლებიან წევრად, ეს კანონი უნდა შევიდეს ძალაში, ამას ითხოვს ევროკავშირი. სხვანაირად არ გვარდება, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ჩვენ აქ შევშფოთდეთ, საზოგადოება, ეს არის მედია ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე და ეს ნაწილი უნდა მოგვარდეს კანონით. მიყურადებას, მითვალთვალებას, უნდა გამკაცრდეს კანონი, იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყარო შეთანხმდა, რომ ეს არის უზნეობა, ეს არის მიუღებელი საქციელი, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მისი თვალთვალი, ყურადობა და მით უმეტეს - გასაჯაროება...

ზურა მანჯავიძე: სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. საინფორმაციო საშუალება ამბობს ტყუილს, აშკარა ტყუილს, დეზინფორმაციას, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. შევიდეს სასამართლოში საქმე, დაჯარიმდეს ის ტელევიზია ტყუილის გავრცელებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ერთხელ ასი ათასი დოლარით დაჯარიმდება, მეორეჯერ მილიონი დოლარით და ის ათასჯერ გადაამოწმებს კიდე იმ ინფორმაციას, კეთილს ინებებს და ჯიბეზე რომ შეეხება უკვე, ტყუილ ინფორმაციებს აღარ გაავრცელებს და ჩვენც აღარ გაგვიხეთქავს გულს. დაგვანებონ თავი, ნორმალური ცხოვრება გვინდა უკვე, ამოვიდა ყელში მართლა ეს კიწი-კოწი.

ნიკუშა შენგელაია: ეს კანონი, ჩარჩო, დევს პარლამენტში. მედიაექსპერტებთან ერთად გაკეთებული ევროსაბჭოს, საცა იხილება ასევე გაფრთხილება, ჯარიმა, შენ შეგიძლია სასამართლოში მიმართო და თუ ამ ყველაფერზე ეგენი ხო ჯარიმებზე უარს იძახიან, შეგიძლია საეთერო დრო გაუთიშო, ესეა ბევრ სხვა ქვეყანაში. შენ თუ საერთაშორისო შუღლს აღვივებ, ომის პროპაგანდას ეწევი, ბულინგს აკეთებ … (ულტრალიბერალური კანონმდებლობაა - აღნიშნა წამყვანმა), ჩვენც ყველაფერში ულტრა ვართ.

კულმინაცია - დაანონსებული “ექსკლუზიური ინტერვიუ” ბერა ივანიშვილთან
 
altგადაცემის დასკვნით ნაწილში, ეთერში დაპირებული ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა. გადაცემის წამყვანებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილისთვის არ დაუსვამთ საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი კითხვები, თუმცა, დაინტერესდნენ, მაგალითად იმით, თუ რატომ აღარ დებს ტიკ-ტოკზე ვიდეოებს და რა ახალ პროექტებს გეგმავს მუსიკოსი.

უფრო დეტალურად, წამყვანებმა ბერა ივანიშვილს ჰკითხეს:

  • პირველ რიგში, გთხოვთ, გაიხსენოთ, ბერა, ის პერიოდი, როდესაც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ეს ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია თქვენი ოჯახის წინააღმდეგ
  • ბერა, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?
  • ბერა, მე გთხოვთ, რომ პერიოდი უფრო დავაკონკრეტოთ, იმიტომ, რომ გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს არის საუბრები ჩაწერილი 10-11 წლის წინ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია. რეალურად როგორ არის საქმე?
  • როგორ ფიქრობთ, ბერა, იყო თუ არა ეს კამპანია მიზანმიმართული კამპანია თქვენ წინააღმდეგ, თუ სხვა მიზანი, სხვა სამიზნე არსებობდა? რას ეტყვით დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ბულინგში, წერდნენ ამ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და, პრინციპში, დღეს ისინი აპროტესტებენ იმ პასუხს, რომელსაც თქვენი მეგობრები სცემენ მათ სოციალური ქსელის მეშვეობით და ბრაზობენ ამაზე იცით? ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გულწრფელად გგულშემატკივრობთ და ძალიან მწვავედ რეაგირებს იმ შეურაცხყოფაზე, იმ ბულინგზე, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და ბუნებრივად ერთვება აი ამ ბრძოლაში, ცდილობს, რომ დაიცვას თქვენი ოჯახი. თქვენ შეგიძლიათ მათ რაიმე უთხრათ, რაიმე მოწოდება გაქვთ მათ მიმართ?
  • სანამ ამ თემას ამოვწურავთ, აუცილებლად მინდა გთხოვოთ განმარტება - რას ნიშნავს ტერმინი “ტრი ტრი”, იმიტომ, რომ ამას რაღაც ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა და ეხლა უნდა აგვიხსნათ ეს ამბავი
  • რატომ გაჩნდა ეს ვერსია, რომ ეს რაღაცნაირად უკავშირდება თქვენს სიმღერას, რომ ეს შეიძლება იყოს 2017 წლის ჩანაწერი და, სხვათა შორის, თოლიის ხმასაც ეძებდნენ ამ ჩანაწერში, მე როგორც მივხვდი, ეგონათ, რომ ეს იყო გამოყენებული თქვენს სიმღერაში
  • ბერა, თქვენ იშვიათად ჩნდებით საზოგადოების წინაშე და, ბუნებრივია, რომ არის დიდი ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ. მე გავიხსენებ, რომ თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარული იყო ტიკ-ტოკზე. თუ არ ვცდები, 5 მილიონი გამომწერი გყავთ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეს ვიდეოები აღარ ჩნდება და რა არის ამის მიზეზი, ხომ ვერ გვეტყვით?
  • ამის მიუხედავად, თქვენ ბრძანდებით მუსიკოსი, თქვენ აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ

რა გავიგეთ გადაცემიდან


გადაცემიდან, რომელიც სკანდალური ჩანაწერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავიდა და რომელსაც წინ უძღოდა მმართველი გუნდის წევრების მტკიცება, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებული იყო, ფაქტობრივად, გავიგეთ, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული არ არის. ეს იმ ფონზეც, როდესაც მთელი გადაცემა, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე, წამყვანებიც ამ გზავნილის გავრცელებას ცდილობდნენ და მტკიცებითში იმეორებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. 

გადაცემაში არ დასმულა არცერთი კრიტიკული კითხვა, მსჯელობის საგანი არ გამხდარა არასრულწოვნების დაჩაგვრის ფაქტები, რაც ამ ჩანაწერებმა გამოააშკარავა, პირიქით, გადაცემა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ "დედის კულტის" პატივისცემის სახელით, სხვების დაჩაგვრა ვაჟკაცური საქციელია. 

და მთავარი, გადაცემამ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების მთავარი თავისტკივილი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაა და "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებელი მედია უნდა გამოირთოს". 

 

კატეგორია - ეთიკა
რა იყო სამაუწყებლო მედიის მთავარი გამოშვებების ფოკუსი 8 მარტს, “ქალთა საერთაშორისო დღეს”, რა თემებზე გაამახვილა მედიამ ყურადღება, გადაფარა თუ არა, ერთი დღით მაინც, მედიაში პოლიტიკური თემები ქვეყანაში არსებულმა გენდერულმა უთანასწორობამ, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობამ, იმ სისტემურმა პრობლემებმა, რამაც ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმძაფრით იჩინა თავი - “მედიაჩეკერი” მაუწყებლების მთავარ საინფორმაციო გამოშვებებს დააკვირდა.

ყოჩივარდები ქალ მძღოლებს, 1000 მშობლის მარში, საჯარო მოხელეების სტუმრობა მოხუცებულთა სახლების ბენეფიციარებთან, უფასო მგზავრობის ერთი დღე ქალებს და ა.შ. - ძირითადად ეს იყო ის თემები, რაც 8 მარტს, მაუწყებლების ფოკუსში მოხვდა. ისე როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც, სამაუწყებლო მედიის უმეტესობა მეტწილად სხვების შეთავაზებულ დღის წესრიგს გაყვა და თემა მხოლოდ იმ საკითხებით ამოწურა, რისი ინიციტივიაც სხვებისგან მოდიოდა.

და მეტიც, ზოგმა მთავარ გამოშვებაში ამ აქტივობების შესახებაც არ გააშუქა, მაგალითად, "1000 მშობლის მარში" ვერ მოხვდა "იმედისა" და "POSTV-ს" მთავარ გამოშვებებში.

8 მარტს, თბილისსა და საქართველოს 10 ქალაქში “1000 მშობლის მარში” გაიმართა. ეს იყო ერთ-ერთი აქტივობა 100-დღიანი კამპანიის, რომელიც 14 წლის ნინის გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. მარშის მონაწილეებმა ამ აქტივობით ქალებისა და გოგოების მიმართ სქესობრივი ძალადობა გააპროტესტეს და მნიშვნელოვანი მოთხოვნები გააჟღერეს სისტემური პრობლემების აღმოსაფხვრელად.


ტელეკომპანია “იმედი” მიმდინარე მოვლენების კადრ-სინქრონებად გაშუქებით შემოიფარგლა . “ქრონიკაში” პარლამენტში სპორტსმენ ქალებთან გამართული შეხვედრა, ასევე პატრულ-ინსპეტორების ქალი მძღოლებისადმი მილოცვები გავიდა.

„ქრონიკის“ მთავარ გამოშვებაში მცირე დრო დაეთმო მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში 8 მარტთან დაკავშირებით გამართულ ქალთა მარშებს. ეთერში გავიდა ინფორმაცია ინდოეთში, იაპონიაში, ავსტრალიასა და შვეიცარიაში გამართული ქალთა მარშების შესახებ, თუმცა, ამ მარშებს შორის საქართველოს ქალაქებში გამართული “1000 მშობლის მარში” ვერ მოხვდა.

“POSTV-ის” მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ქალთა საკითხებით იმით ამოიწურა, ვინ როგორ მიულოცა ქალებს 8 მარტი. სიუჟეტში ნაჩვენები იყო, როგორ ულოცავდნენ:

  • საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ქალ მძღოლებს
  • საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ქალ პედაგოგებს
  • განათლების მინისტრი ქალ მეცნიერებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს
  • კახეთის რწმუნებული და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი მოხუცებულთა სახლის ქალ ბენეფიციარებს
  • გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატი მუნიციპალური ტრანსპორტის ქალ მგზავრებსა და კონტროლიორებს.


სხვა თემა, რაც ქვეყანაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობას და ა.შ. შეეხებოდა, POSTV-ის ეთერში არ გასულა. არ უხსენებიათ სიმბოლურადაც კი, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ მათივე სიუჟეტის ბოლოს მაყურებელს კარლ ჰარცელის შემდეგი კომენტარი შესთავაზეს: „ბევრი ქალი დაუცველია დისკრიმინაციისა და გენდერული ნიშნით ძალადობისგან. რაც ყოვლად დაუშვებელია”.

ტელეკომპანია „მთავარმა“ საქართველოს მასშტაბით ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქციებს და აქტივისტების მოთხოვნებს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა. 21:00-საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში ძირითადი აქცენტი ქალთა მიმართ ძალადობა და უფლებადამცველების მხრიდან სისტემური ცვლილებების მოთხოვნა იყო. მაყურებელი ქალთა მიმართ ჩადენილი მკვლელობების, მკვლელობის მცდელობებისა და სექსუალური ძალადობის ფაქტების ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებსაც გაეცნო, თუმცა, სხვა სიუჟეტები არც “მთავარის” მთავარ გამოშვებაში გასულა.

“ფორმულა” “1000 მშობლის მარშით” შემოიფარგლა. გამოშვებაში ყურადღება გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის ფაქტებსა და უფლებადამცველების მოთხოვნებზე გამახვილდა. 1000 მშობლის“ აქცია-პერფორმანსის მიმდინარეობასა და აქტივისტების ძირითად მოთხოვნებს დაეთმო „ტვ პირველისა“ და „რუსთავი 2-ის“ მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტებიც.

მილოცვების, „1000 მშობლის“ მარშის, პარლამენტში სპორტსმენ ქალებთან შეხვედრის გარდა, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მაყურებელს მთავარ გამოშვებაში საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების შესახებ ვრცელი სიუჟეტიც მოამზადა. ეს სიუჟეტი არხის დირექტორის საუბრით დაიწყო იმის შესახებ, რას აკეთებს არხი გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, როგორც თავად ორგანიზაციაში, ისე ქვეყნისთვის და “ქართული ოცნების” წევრების კომენტარებით დასრულდა იმის შესახებ, რამდენად არის დაცული საქართველოში ქალთა უფლებები.

მაგალითად, ამ სიუჟეტის ბოლოს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ “ქალთა მიმართ ძალადობის თემას საქართველოში 2012 წლის შემდეგ მიექცა ყურადღება”, გია ვოლსკიმ კი აქცენტი სახელმწიფოს მართვაში ქალთა მონაწილეობაზე გააკეთა და შენიშნა, რომ ამ მხრივ კი არის გაუმჯობესება, თუმცა, არასაკმარისია და საზოგადოების დამოკიდებულება თუ არ შეიცვალა, არაფერი გამოვა.

“ქალთა საერთაშორისო დღესთან” დაკავშირებით თემების შედარებით მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. აჭარის ტელევიზიამ სიუჟეტები მოამზადა ქობულეთში, ბათუმსა და სხვა ქალაქებში გამართული ქალთა მარშის შესახებ, აქაც ძირითადი აქცენტი აქციის მონაწილეების მოთხოვნები იყო. საინფორმაციო გამოშვებაში მოხვდა UNICEF-ის კვლევა ადრეული ქორწინების შესახებ. ეთერში გავიდა სიუჟეტი „ქალებზე, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვერვენ“ - მასალაში ძიუდოისტი და ჯარისკაცი ქალების ისტორიები იყო მოთხრობილი.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კიდევ ერთი სიუჟეტი მოამზადა ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების შესახებ, სადაც ძირითადად ქალების სოფლად ცხოვრება იყო ასახული. 8 მარტთან დაკავშირებით კადრ-სინქრონის სახით გაშუქდა ქობულეთის პროფესიული კოლეჯისა და ახალგაზრდული კლუბის წევრების მილოცვა ხანდაზმულებისადმი. აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციოში სიუჟეტი გავიდა სარვამარტო საჩუქრებზეც.

 


მთავარი ფოტო: Civil.ge

კატეგორია - ეთიკა

28 თებერვალს ქუთაისში ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. ეს იყო ბოლო წლებში ერთ-ერთი იშვიათი, თვითორგანიზებული სოლიდარობის შემთხვევა, პროტესტი, რომელიც რიონის ხეობის გადასარჩენად, რამდენიმე თვის წინ, სულ რამდენიმე ადამიანმა დაიწყო. “მედიაჩეკერი” დააკვირდა, რამდენად ჩანდა პროტესტის ეს მასშტაბურობა და მნიშვნელობა 28 თებერვლის დღის საინფორმაციო გამოშვებებში და, ასევე, რა იყო მაუწყებლების მთავარი ფოკუსი - რამდენად გაშუქდა მშვიდობიანი მანიფესტაცია პოლიტიკური პროცესებისგან დისტანცირებულად.

ხალხმრავალი საპროტესტო აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე დაახლოებით 13:00 საათზე დაიწყო და საათნახევარი გაგრძელდა. საპროტესტო აქცია ყველა ცენტრალური მაუწყებლის ფოკუსში მოხვდა, თუმცა, სხვადასხვა პრიორიტეტითა და აქცენტით.

მაუწყებლების ნაწილი რიონის ხეობის დამცველების პროტესტის გაშუქებისას მხოლოდ კადრსინქრონებით შემოიფარგლა (დაახლოებით 1,45 წთ დათმობილი დროით), ნაწილმა ეს თემა გამოშვების ბოლოსთვის შემოიტოვა, ნაწილმა ვერ გაუძლო ცდუნებას, ამ პროტესტისთვისაც პოლიტიკური ელფერი მიეცა, ნაწილისთვის კი ეს თემა საერთოდ არ აღმოჩნდა პრიორიტეტული.

უფრო კონკრეტულად, ქუთაისში გამართული ხალხმრავალი აქცია ყველაზე ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა “რუსთავი 2-სთვის”, “აჭარის ტელევიზიისა” და POSTV-სთვის. ამ უკანასკნელისთვის განსაკუთრებულად, ვინაიდან, ამბავი მხოლოდ დღის ბოლოს, 58-წამიანი კადრსინქრონით გაშუქდა.

ტელეკომპანიებმა “იმედმა” და “მთავარმა არხმა” ცდუნებას, ჰესების თემაც მიხეილ სააკაშვილისთვის დაეკავშირებინათ, ვერ გაუძლეს. თუმცა, რესპონდენტი სრულიად განსხვავებული აქცენტებით წარმოაჩინეს - “მთავარმა არხმა” როგორც “გარემოს მთავარი დამცველი”, “იმედმა” კი როგორც ჰესების მთავარი მხარდამჭერი.

მთავარ ცდუნებას კი, ეს პროტესტიც პოლიტიკურ ჭრილში წარმოჩენილიყო, თითქმის ვერავინ გაუძლო და ამას აქციაზე ჩაწერილ რესპონდენტებზე დაკვირვებაც ცხადყოფს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა ხალხმრავალი აქცია პირველი თემა იყო დღის ერთ რომელიმე საინფორმაციო გამოშვებაში მაინც საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, “მთავარი არხისთვის”, “ფორმულასთვის”, “ტვ პირველისთვის” და “აჭარის ტელევიზიისთვის”. “რუსთავი 2-მა” ამბავი დღის მხოლოდ ერთ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქა, მე-14 ამბად, POSTV-სთვისაც ეს ამბავი დღის მხოლოდ ერთ საინფორმაციოში მოხვდა, გამოშვების ბოლოს, 58-წამიან კადრ-სინქრონად.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა ქუთაისში მიმდინარე აქციის გაშუქებით 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება დაიწყო. პირდაპირ ეთერში ადგილიდან ჟურნალისტი ჩაერთო და მაყურებელს აქციის ორგანიზატორის, მონაწილეების, ადგილობრივებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარები შესთავაზა. არხზე ამბის გაშუქებას ჯამში 3.40 წუთი დაეთმო.

15:00 საათიანი გამოშვების პირველი ამბავი იყო აქცია “მთავარი არხისთვისაც”. ამ არხზე რესპონდენტებში მრავლად იყვნენ პოლიტიკოსებიც. მაუწყებელს პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან კორესპონდენტი ჩაერთო და პირველი 10 წუთის განმავლობაში მაყურებელმა ისმენდა აქციის ერთი ორგანიზატორის, 5 მონაწილის, 2 არასამთავრობო ორგანიზაციის და 5 ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის კომენტარებს. “მთავარმა არხმა” ამბის გაშუქებას ჯამში 19 წუთი დაეთმო.

ამის შემდეგ გამოშვება იგივე თემით გაგრძელდა და პირდაპირ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩაერთო. ჟურნალისტმა სააკაშვილს შეაფასებინა ჰესის აშენების რისკები, რა საფრთხე ემუქრება ხეობას, შემდეგ კი, მისი პოზიციის და პროტესტის საწინააღმდეგოდ, შეახსენა, რომ გიგანტურ ჰესებსზე ნებართვები, ძირითადად, მისი ხელისუფლების დროს გაიცემოდა. რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ სხვა დრო იყო და მაყურებელს შეახსენა, რომ ენერგოდამოუკიდებლობა სწორედ მისი ხელისუფლების პირობებში მოიპოვეს.

ჰესების თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გვერდის ავლით ვერც “იმედმა” გააშუქა. 14:00 საათიან „ქრონიკაში“ ნამახვანჰესის თემა გამოშვების მე-18 წუთზე, კადრსინქრონად გავიდა და დაახლოებით წუთ-ნახევარი დაეთმო. მაყურებელმა აქციის ორგანიზატორისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომენტარები მოისმინა. უფრო მეტი ყურადღება ამ თემას “იმედმა” მომდევნო, 17:00 საათიან გამოშვებაში დაუთმო, საერთო ჯამში 7 წუთზე მეტი. ამ გამოშვებაში ნამახვანის საწინააღმდეგო პროტესტი პირველ თემად გავიდა. დასაწყისში მაყურებელმა კვლავ აქციის ორგანიზატორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა კომენტარები მოისმინა, მეორე ნაწილში კი ყურადღება დაეთმო მიხეილ სააკაშვილის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ჰესებთან დაკავშირებით.

„ქრონიკამ“ მაყურებელს ჯერ ექსპრეზიდენტის ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების მხარდამჭერი განცხადება შესთავაზა, შემდეგ კი არქივიდან ამოღებული განცხადებები, რომლებშიც სააკაშვილი ჰესების მნიშვნელობაზე საუბრობს. საერთო ჯამში იმედმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ჰესებთან დაკავშირებით დაახლოებით 4 წუთამდე დაუთმო. თემის გაშუქებისას „ქრონიკაში“ გავიდა ექსპერტის მოსაზრებაც იმის შესახებ, თუ „როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით მაშინ, როცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ქვეყანაში ყოველწლიურად მატულობს და მაშინ, როცა ქვეყანა ენერგოდამოუკიდებლობისთვის იბრძვის“. „ქრონიკის“ შეკითხვებს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორის გიორგი ჩიქოვანი პასუხობდა და ქვეყნის განვითარებისთვის ჰესების მშენებლობის აუცილებლობაზე საუბრობდა.

ტელეკომპანია „ფორმულამ“ ნამახვანჰესის საკითხით 14:00 საათიანი საიფორმაციო გამოშვება დაიწყო. საკითხს 4 წუთზე მეტი დაეთმო. თემის გაშუქებისას „ფორმულამ“ მაყურებელს ქუთაისიდან ჟურნალისტის ჩართვა შესთავაზა. ეთერში გავიდა აქციის მონაწილეების, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის სინქრონები. „ფორმულას“ 17:00 საათიან გამოშვებაში კი ჰესები მე-8 წუთზე მეორე თემად გავიდა და მის გაშუქებას დაახლოებით 2 წუთი დაეთმო. მაყურებელს „ფორმულამ“ აქციის მონაწილეებისა და კვლავ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის კომენტარები შესთავაზა.

„ტვ პირველის” ეთერში 13:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ჰესებთან დაკავშირებით გამართული აქცია მე-9 თემად 22-ე წუთზე გაშუქდა და 3 წუთი დაეთმო. ეთერში ჟურნალისტი ქუთაისიდან ერთვებოდა, ასევე გავიდა აქციის მონაწილეებისა და ენმ-ის წევრის კომენტარები. 15:00 საათიან გამოშვებაში საპროტესტო აქცია პირველ თემად გაშუქდა და მას 4 წუთამდე საეთერო დრო დაეთმო. ადგილიდან ერთვებოდა კორესპონდენტი, საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა აქციის მონაწილეების, პარტია “თავისუფალი საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის კომენტარები. 17:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში კი აქცია მე-12 წუთიდან გაშუქდა და 2.30 წუთი დაეთმო. თემის გაშუქებისას „ტვ პირველის“ მაყურებელმა აქციის 4 მონაწილის, ასევე “თავისუფალი საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის” წარმომადგენლის კომენტარები კიდევ ერთხელ მოისმინა. საინფორმაციო გამოშებებს შორის ქუთაისში მიმდინარე მოვლენები პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა “ანა ახალაიას დღის ამბებში”.

ამბავი მხოლოდ კადრსინქრონად გაშუქდა "აჭარის ტელევიზიაში", "რუსთავი 2-სა" სა "POSTV-ზე".

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ აქციით 15:00 საათიანი გამოშვება დაიწყო. ამბავს მხოლოდ 1.45 წუთი დაეთმო და მაყურებელმა მხოლოდ აქციის ორგანიზატორის მიერ აქციაზე გაკეთებული საჯარო განცხადება მოისმინა .

"რუსთავი 2-მა" ჰესის საწინააღმდეგო აქცია 15:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვების დასკვნით ნაწილში მეთოთხმეტე ამბად, 1.40 წუთიან კადრსინქრონად გააშუქა. მაყურებელმა მოისმინა მხოლოდ აქციის ორგანიზატორის და აქციის ორი მონაწილის კომენტარები.

ტელეკომპანია "POSTV-მ" ჰესის საწინააღმდეგო აქცია 14:00 საათიან გამოშვებაში საერთოდ არ გააშუქა, 16:00 საათიანში კი გამოშვების დასასრულს, მერვე ამბად, კადრსინქრონად გააშუქა და 1 წუთამდე (58 წამი) დრო დაუთმო. მაყურებელმა მხოლოდ აქციის მონაწილის და ორგანიზატორის კომენტარები მოისმინა.

 


მთავარი ფოტო: ონლაინგამოცემა "პუბლიკა"

კატეგორია - ეთიკა
16 თებერვალს საქართველოს პარლამენტმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმე განიხილა და სადეპუტატო მანდატი შეუჩერა. ამბავი დილიდან ტელეკომპანია “იმედისთვის”, ისევე როგორც სხვა ყველა მედიასაშუალებისთვის, დღის მთავარი თემა იყო. მთელი დღის განმავლობაში “იმედი” იმგვარად აშუქებდა ნიკა მელიას საქმეს, რომ ტოვებდა შთაბეჭდილებას, თითქოს, მთავარი მიზანი ამბის არა ობიექტურად გაშუქება, არამედ პროკურატურისა და “ქართული ოცნების” პოზიციების გამყარება იყო.

“ქრონიკის” დღის ყველა გამოშვებაში ნიკა მელიას დეპუტატობის მანდატის შეწყვეტის საკითხი ერთი და იმავე მესიჯებით, აქცენტებით და რესპონდენტებით შუქდებოდა. მაყურებელი თავდაპირველად პროკურორისა და მმართველი პარტიის რამდენიმე წუთიან ვრცელ მონოლოგებს ისმენდა. შიგადაშიგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კომენტარებიც გადიოდა ეთერში, თუმცა, ყველა კრიტიკულ შეფასებას კვლავ “ქართული ოცნების” წარმომადგენლების საპასუხო განცხადებები მოსდევდა, რომლებიც ერთი მხრივ აბათილებდა გაჟღერებულ საწინააღმდეგო აზრს და მეორე მხრივ - ამყარებდა პროკურატურის ბრალდებებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის წინააღმდეგ.

მთელი დღის განმავლობაში “იმედის” მაყურებელი ან საერთოდ ვერ იღებდა ინფორმაციას ამბის მთავარი მოქმედი გმირის - ნიკა მელიას პოზიციის შესახებ, ან მხოლოდ პროკურორისა და მმართველი პარტიის პოზიციების გაცნობის შემდეგ ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მელიას განცხადებებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები მოესმინა.

უფრო კონკრეტულად, დილის 11:00 და 12:00 საათიან გამოშვებებში “იმედმა” ისე მოამზადა სიუჟეტები, რომ ნიკა მელიას კომენტარები ეთერში არ გასულა (მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია დილიდან საჯარო განცხადებებს აკეთებდა, მათ შორის, ახსენებდა "იმედსაც" და, როგორც შემდეგი გამოშვებებიდან ჩანს, “იმედის” კორესპონდენტიც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში იმყოფებოდა). 14:00, 17:00 და 20:00 საათიან გამოშვებებში კი მაყურებელმა რამდენიმე წამიანი, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები მოისმინა. ძირითადად, ნიკა მელიას კომენტარებიდან მაყურებელმა მხოლოდ ის გაიგო, რომ იგი “მუქარის ტონს ინარჩუნებს” ,ამბობს, რომ ვერ დაიჭერენ და რომ იგი “ალეკო ელისაშვილს დაუპირისპირდა და დაემუქრა”.

ამბის გაშუქებისას, გადაცემის წამყვანები, ისევე როგორც ჟურნალისტები, შეფასებითი კომენტარებით და მოსაზრებების გაჟღერებით პოზიციონირებდნენ როგორც მხარე. რეპორტიორები აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას “ფიზიკურად დაცვას” აპირებენ და ამტკიცებდნენ, რომ “არ არის გამორიცხული, რომ ამან მათი მხრიდან კანონის დარღვევაც გამოიწვიოს”. გარდა ამისა, ამბის წარდგენისას ჟურნალისტები იყენებდნენ მსგავს ფრაზებს: “მელიას შოუ გრძელდება”, “ურჩი ბრალდებული”, “მელია მუქარის ტონს ინარჩუნებს” და ა.შ.

დღის მთავარ 20:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში ამბის გაშუქებას თითქმის ნახევარი საათი დაეთმო და ამ დროის განმავლობაში აქცენტი ბრალდების მხარის პოზიციების დაცვაზე კეთდებოდა, ნიკა მელია კი წარმოჩენილი იყო, როგორც არაკანონმორჩილი და “ურჩი” ბრალდებული. პარალელურად ოპოზიციის პროტესტი შეფასებული იყო, როგორც “სააკაშვილის სცენარი - პროვოკაცია, შეტევა პოლიციაზე და დესტაბილიზაცია”.
კატეგორია - ეთიკა
11 წლის განმავლობაში საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ ყველაზე ხშირად ჟურნალისტები სიზუსტის პრინციპს არღვევენ.

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

რა არის ზუსტი ინფორმაცია?


ქარტიის განმარტებების მიხედვით, ზუსტ ინფორმაციად ითვლება ორ სხვადასხვა წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია, რომელშიც იდენტიფიცირებულია ადამიანი, ადგილი, მოვლენა – ვისაც და რასაც ეხება ინფორმაცია.

ხშირია შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტს უკავშირდება წყარო და აწვდის გარკვეულ ინფორმაციას, რომელიც ამხელს კონკრეტულ დანაშაულებრივ სქემას ან დანაშაულებრივ ჯგუფს ან პირს.

როგორც წესი, ამის შემდეგ იწყება ჟურნალისტის მთავარი საქმიანობა - მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტის გადამოწმება. სწორედ ამიტომაც ქარტიის პირველი პრინციპის ძირითადი სიმძიმე მოდის სიტყვებზე - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს”, ანუ ჟურნალისტუს მიერ მომზადებულ მასალაში უნდა ჩანდეს მისი მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია.

რატომ ვერ იცავენ ჟურნალისტები სიზუსტის პრინციპს?


საბჭოს გადაწყვეტილებებში ყველაზე ხშირად სწორედ ჟურნალისტის არასაკმარის მცდელობებზეა საუბარი, რაც იწვევს საბოლოო ჯამში ინფორმაციის სიზუსტის პრინციპის დარღვევას.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ამ კუთხით არის “შეპასუხების უფლების” დარღვევა.

BBC-ის სარედაქციო გაიდლაინის მიხედვით, რედაქციამ უნდა შესთავაზოს “შეპასუხების უფლების” გამოყენება მათ, ვის მიმართაც აქვეყნებს კრიტიკულ ან ბრალდების შემცველ მასალას.

“შეპასუხების უფლების” რეალიზებისთვის რედაქცია სხვადასხვა ფორმატს მიმართავს - ეს შეიძლება იყოს ინტერვიუს შეთავაზება ე.წ. ბრალდებული მხარისთვის, ასევე, წერილობით ან ტელეფონით დაკავშირება.

BBC-ის გაიდლაინის მიხედვით, აუცილებელია, რომ ე.წ. ბრალდებულმა მხარემ მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ბრალდებები გაიჟღერებს მის წინააღმდეგ მომზადებულ მასალაში და მიეცეს მას ადეკვატური დრო პასუხისთვის.

გადაწყვეტილებაში საქმეზე - “შპს "სფერო ჰოლდინგი" ბელა ზაქაიძის წინააღმდეგ”, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო აღნიშნავს: “საბჭო არ აფასებს, ვისი პოზიციაა სამართლებრივად სწორი - რესპონდენტების თუ კომპანიის, არამედ იკვლევს, რამდენად სცა ჟურნალისტმა პატივი საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

საბჭომ ჟურნალისტური ეთიკის დარღვევად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ჟურნალისტმა აუდიტორიას არ შესთავაზა დადანაშაულებული მხარის პოზიცია სიუჟეტში, რომელიც “მძიმე ბრალდებებს შეიცავდა”. აღნიშულ საქმეში, ჟურნალისტი დაუკავშირდა ბრალდებული კომპანიის დირექტორს, რომელიც ქალაქაგრეთ იმყოფებოდა და ამ ბრალდებებზე საპასუხოდ კონკრეტული პირი გამოყო, ვინც ჟურნალისტმა “არაუფლებამოსილად” მიიჩნია.

“თუ ჟურნალისტისთვის მიუღებელი იყო სხვა პირის ჩაწერა, მაშინ შეეძლო დალოდება მის დაბრუნებას თბილისში და მისგან აეღო ინტერვიუ…საბჭოს მიაჩნია, რომ მისაწოდებელი ინფორმაციის მაქსიმალური სიზუსტე გადასწონის ამბის გაშუქების ოპერატიულობის საჭიროებას”, - ნათქვამია საბჭოის გადაწყვეტილებაში.

საქმეში “გიორგი გაჩეჩილაძე ელისო კილაძის წინააღმდეგ”, საბჭომ აღნიშნა, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, სტატიაში მითითებული ფაქტები რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არამედ აფასებდა ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის მიმართა თუ არა კომენტარისათვის იმ პირებს [მაგალითად, გიორგი ან ლევან გაჩეჩილაძეს], ვისაც ეხებოდა სტატიაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

“როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, სტატიის ავტორი ძმებ გაჩეჩილაძეებს არ დაკავშირებია კომენტარის მისაღებად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა მოპასუხე ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც. შესაბამისად, საბჭო თვლის, რომ ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, საზოგადოებას ჰქონდა უფლება და მოლოდინი, რომ სცოდნოდა იმ სუბიექტების პოზიციაც, რომლებიც მოხსენიებულნი იყვნენ სტატიაში”, - ნათქვამია საბჭოს გადაწყვეტილებაში.

შეპასუხების უფლების გარდა, ინფორმაციის სიზუსტეს ემსახურება ჟურნალისტის სხვა მცდელობებიც - მოიპოვოს მტკიცებულებები: დოკუმენტები, ფოტო ან ვიდეომასალა, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია, ინტერვიუები სხვა წყაროებთან და ა.შ.

უზუსტობა და არა დეზინფორმაცია


ბოლო პერიოდში სახელმწიფო უწყებები ერთმანეთის მიყოლებით აქვეყნებენ სხვადასხვა სახის განცხადებებს, ფოტოპოსტებს, ვიდეოკლიპებს, რომ ამა თუ იმ ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიერ მომზადებული მასალა დეზინფორმაციაა.

მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ხშირად აქვეყნებს საპასუხო განცხადებებს სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ მომზადებულ მასალებზე და მათ ცრუ ინფორმაციას უწოდებს. თუმცა ხშირად იყენებს ტერმინსაც - “დეზინფორმაცია”.
რეალურად კი უზუსტობა და დეზინფორმაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. დეზინფორმაცია არის ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება, ანუ ფაქტების განზრახ დამახინჯება, რაც ძალიან მძიმე ბრალდებაა მედიასთან ან ჟურნალისტებთან მიმართებაში და ნათელ, არგუმენტირებულ დასაბუთებას მოითხოვს.
კატეგორია - ეთიკა
"ლუსტრაციის კვირა", "ქვეყნის ოპონენტებად ქცეული რადიკალები", "სააკაშვილის რეჟიმი, როგორც დანაშაულებრივი სინდიკატი", "სისტემური დანაშაული წინა ხელისუფლების პირობებში", "მოღალატეობრივი, ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი პოზიცია", "დავით გარეჯის საქმის ე.წ. კარტოგრაფებად გადაკვალიფიცირების მცდელობა", "დავით გარეჯის საქმე, როგორც სააკაშვილის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატეობრივი პოლიტიკის და ქმედების კლასიკური ნიმუში", - მსგავსი შინაარსის განცხადებებსა და შეფასებებს მრავლად მოვისმენთ ტელეკომპანია "იმედის" მიერ კარტოგრაფების, ვალერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას თემაზე მომზადებულ მასალებში.

აზერბაიჯანი-საქართველოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი ექსპერტების,ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა და საქმეში მათი ბრალი სამართლებრივად არ დადასტურებულა. თუმცა, საკითხის გააქტიურებიდან დღემდე, "იმედის" მიერ თემაზე მომზადებულ არაერთ სიუჟეტში, ბრალდების ვერსიის უტყუარად დადასტურებულ ჭეშმარიტებად წარმოჩენის აშკარა მცდელობა იკვეთება. მასალებში მელაშვილი და ილიჩოვა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო საზღვრის ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმებაში პირდაპირ არიან დადანაშაულებული.

მას შემდეგ, რაც 28 იანვარს, მელაშვილი და ილიჩოვა სასამართლომ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა, „იმედმა“ თემაზე ზემოთ აღწერილი პათოსით ჯამში 8 სიუჟეტი (28, 29, 30, 31 იანვარი და 2, 3, 4, 7 თებერვალი) მოამზადა. კარტოგრაფების საქმეზე ერთ-ერთი ბოლო ვრცელი მასალა არხის ეთერში 7 თებერვალს, კვირის შემაჯამებელ გადაცემა „იმედის კვირაში“ გავიდა. სიუჟეტის მთავარი აქცენტი ოპოზიციის მხრიდან თემით სპეკულირებისა და ისტორიული სინამდვილის გადაწერის მცდელობა იყო. 

„ოპოზიცია თემით ისევ სპეკულირებს. სახელმწიფოს ღალატის ტოლფასი განცხადებებისთვის კი - ყველა პარტიული ტელეარხი ღიაა. ყველამ იცის, რომ პოლიტიკური განცხადებები, რომლებსაც ისინი აკეთებენ, აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს, თუმცა, სავარაუდოდ, დანაშაულის დასაფარად სხვა გზა უბრალოდ აღარ დატოვეს.

ჩვენ ექსკლუზიურად მოგვაწოდეს გარეჯის მუზეუმნაკრძალის რუკაზე ასახული სინამდვილე და თქვენც დარწმუნდებით, გვქონდა თუ არა საქმე ისტორიის გადაწერის მცდელობასთან. ექსკლუზიურად მოპოვებული აქამდე უცნობი რუკებიც ადასტურებს, რომ შესაბამისი დოკუმენტაციის არსებობის მიუხედავად, საზღვრის ეს მონაკვეთი [გარეჯის მიმდებარედ] სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა“
, - ამ ტექსტით გახსნა თემა წამყვანმა.

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება „უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებაზე“ მიმდინარეობს და გამოძიება ბრალდებულებს სახელმწიფო კომისიების დონეზე საზღვრის რამდენიმე ნაწილის, მათ შორის, გარეჯის მიმდებარედ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ შეთანხმებას ედავება, საზოგადოებაში თემის მიმართ კიდევ უფრო მეტი სენტიმენტების აღსაძრავად, „იმედი“ საქმეს მხოლოდ გარეჯის თემით ფუთავს. ასე იყო ბოლო სიუჟეტშიც - „პოლიტიკურ ისტერია მაშინ დაიწყო, როცა საჯარო გახდა, რომ დავით გარეჯის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო“, -  გვითხრა ჟურნალისტმა და „ყოფილი ხელისუფლებისა და მათ გავლენებს დაქვემდებარებულების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაც შეგვახსენა.

„ყოფილი ხელისუფლების წევრები უფრო დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ კომისიის დონეზე შეთანხმებული დავით გარეჯის ტერიტორია საქართველო არ არის. ნაწილი თავგამოდებით ცდილობდა პრობლემა მოქმედი ხელისუფლებისთვის დაებრალებინა, ნაწილი კი - იმაში გვარწმუნებდა, რომ ეს მძიმე საბჭოური მემკვიდრეობა იყო“, - ხაზი გაუსვა მან.

ჟურნალისტი აგრეთვე მტკიცებით ფორმაში ამბობს, რომ „სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობდა შეეგუებინა და დაერწმუნებინა საზოგადოება, თითქოს კომისიის მიერ შეთანხმებული ტერიტორია სწორედ აზერბაიჯანს ეკუთვნოდა“. მისივე შეფასებით, „გამოძიების პარალელურად მიმდინარე პროცესები, პარტიული აქციები, პარტიული ეთერები და ვიწროპარტიული მიზნები საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეა გათვლილი“.

კიდევ უფრო მეტი შთამბეჭდაობისთვის, მასალაში ყოფილი ხელისუფლების ბრალეულობის დასადასტურებლად, მათი ის განცხადებებია წარმოდგენილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ, რომ საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანისა და საქართველოს სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციული საზღვარი იმგვარად გაივლო, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაახლოებით 2-3% აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მეტიც, სიუჟეტში ერთგვარი კომპრომატის სახით, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2007 წლის განცხადებაც მოვისმინეთ, სადაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ისე შეთანხმდება, რომ აზერიბაიჯანი მისთვის სტრატეგიულ სიმაღლეს (ქედს) დაიკავებს, გარეჯის კომპლექსი კი - სრულად საქართველოს ტერიტორიაზე მოექცევა. აღნიშნულს ხელისუფლების მიმართ კეთილგანწყობილი ანალიტიკოსების შეფასებები მოსდევს, რომლებიც ამბობენ, რომ შუეძლებელია აზერბაიჯანს სიმაღლე ისე დაუთმო, რომ „სამონასტრო კომპლექსი შენ დაგრჩეს“. „ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება პირდაპირი მნიშვნელობით გააფორმეს კომისიაში ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა და მისმა თანამოაზრეება“, - დაამატა ჟურნალისტმა.

„სააკაშვილის ხელისუფლებამ მემკვიდრეობად დიდი პრობლემა დაუტოვა მის მომდევნო ყველა ხელისუფლებას. ერთგვარი პოლიტიკური ნაღმი, სავარაუდოდ, სააკაშვილის ზეპირი და მისივე ნათქვამის მიხედვით დახაზული საზღვრის სახით, გადაწყვეტილების, რომელიც საქართველოს ინტერესებს და ისტორიულ რეალობას ეწინააღმდეგება“, - ხაზი გაუსვა მანვე.

როგორც ამ, ისე „იმედის“ მიერ თემაზე მომზადებულ სხვა მასალებში კონტექსტიდან გამოცალკევებულად არაერთხელ მოვისმინეთ ივერი მელაშვილის მიერ გათავისუფლების შემდეგ განცხადება, სადაც იგი შემდეგს განმარტავს - „როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, რომ არა გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი“. მელაშვილის ეს განცხადება მის აღიარებად არის წარმოჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ეთერში მანვე დააზუსტა, რომ იგი არა ისტორიულ სინამდვილეს, არამედ არსებულ იურიდიულ ფაქტორს გულისხმობდა, რომლის თანახმადაც, გარეჯის ნაწილის ტერიტორია შეუთანხმებელია და საკითხზე ხმამაღალი განცხადებები მოლაპარაკებების პროცესს აზიანებს.

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხრიდან აღიარებით ჩვენებად არის წარმოჩენილი ბრალდების მხარის მიერ გასაჯაროებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც, რომლებიც შემდგარი საუბრების სრულ ვერსიას არ ასახავენ და მათზე დაყრდნობით კონკრეტული დასკვნების გამოტანა შეუძლებელია.

ამასთან, სიუჟეტებში აზერბაიჯანის სასარგებლოდ ტერიტორიების დათმობაში ყოფილი ხელისუფლების უტყუარ ბრალეულობაზე საუბრობენ საქართველოში „პრიმაკოვის ფონდის“ დირექტორი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც რუსული ინტერესების გატარებაშია მხილებული, აგრეთვე ოკუპანტ ქვეყანასთან ფარულ კავშირებში ბრალდებული პარტია “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოგრაფების საქმეზე „იმედის“ ეთერში გასულ სიუჟეტებში დაცვის მხარის პოზიცია წარმოჩენილი იყო, მასალების პათოსი და შინაარსი სრულად ბრალდებულების ღია მხილებაზე იყო აგებული და მკაფიოდ იკვეთებოდა, რომ აღნიშნული მხოლოდ ფორმალური ბალანსის დაცვას ემსახურებოდა და არა მეორე მხარის ვერსიის სათანადოდ წარმოჩენას.

ასე იყო რამდენიმე თვის წინაც, როდესაც პროკურატურამ საზღვრის დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე დააკავა. მაშინ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში წარწერაც გამოჩნდა - „გარეჯი საქართველოა“, რომელიც არჩევნების დასრულებიდან მალევე გაქრა.

ტელეკომპანია „იმედის“ მხრიდან თემის მიკერძოებულად, მხოლოდ ერთი მხარის პოზიციის აშკარა დაცვის მცდელობა, მეტყველებს, რომ მისი მიზანი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე არა აუდიტორიის სრულფასოვანი ინფორმირება, არამედ მაყურებლის თვალში სახელმწიფო ბრალდების არგუმენტების დაცვა და მათი კიდევ უფრო გამყარებაა.
კატეგორია - ეთიკა
“თურქული ცხვირის წვეთები კოვიდ-19-ს ერთ წუთში კლავს”, - ამ სათაურით 27 იანვარს აჭარის ტელევიზიის 15:00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში სიუჟეტი გავიდა. იდენტური სათაურით, მტკიცებით ფორმაში, დაუდასტურებელი ინფორმაცია მაუწყებლის ვებგვერდზეც გამოქვეყნდა, მოგვიანებით მასალის სათაური ჩასწორდა, თუმცა, ამის შესახებ აუდიტორია ინფორმირებული არ ყოფილა.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანი მაყურებელს ატყობინებდა, რომ თურქეთში ერთ-ერთი უნივერსიტეტის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელსაც მათივე მტკიცებით, კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია. მასალაში დასახელებული იყო სპრეის სახელწოდებაც და წამყვანი მტკიცებით ფორმაში ამბობდა, რომ იგი სრულად ანადგურებს ვირუსს.

წამყვანი აღნიშნავდა, რომ “თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს. სპრეი ვირუს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს. ნანოტექნოლოგიების დახმარებით პრეპარატი კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა. თურქი მკვლევრების განცხადებით, ცხვირის წვეთები ეფექტურია არა მარტო Covid-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს წინააღმდეგაც”.

გარდა თავად თურქი მეცნიერების კადრებისა, მასალაში არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი ალტერნატიული წყარო, რომელიც “ვირუსის მკვლელი პრეპარატის” შესახებ ინფორმაციას დაადასტურებდა. სიუჟეტში არც ის ყოფილა მოკვლეული, რა ცნობები მოიპოვება სხვა წყაროებში ამ კონკრეტულ ინფორმაციაზე.

როდესაც კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებას ეხება საქმე, გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება, ვინაიდან, არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანის მასშტაბი, შეიძლება ძალიან დიდი და მძიმე აღმოჩნდეს. კორონავირუსის შესახებ სანდო წყაროები "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია", აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი, ჯანდაცვის ადგილობრივი ოფიციალური ორგანოებია.

სანდო, რელევანტური წყაროებისა და გადამოწმებული ინფორმაციის მნიშვნელოვაზე ყურადღება გამახვილებულია ქარტიის მიერ, სპეციალურად COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით, მედიისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო წესებში. გზამკვლევში არაერთი მედიაექსპერტის, პრაქტიკოსი ჟურნალისტის, პროფესორის თუ მკვლევარის ციტატაა მოყვანილი, რომლებიც მაღალკვალიფიციური, სანდო წყაროების შერჩევასა და სამეცნიერო დოკუმენტაციის გაცნობაზე საუბრობენ. მათ შორისაა პროფესორი ბილ ჰენეჯიც, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი, რომელიც ამბობს:

„შეარჩიეთ ექსპერტები ყურადღებით. მეცნიერების ერთ დარგში ნობელის პრემიის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მეცნიერების ყველა დარგში ერკვევა. არც დოქტორის ხარისხი და პრესტიჟულ სამედიცინო სკოლაში სწავლება არ აქცევს მას სხვა კონკრეტულ საკითხში კომპეტენტურ და ავტორიტეტულ მეცნიერად. დაურეკეთ ოთხ ან ხუთ დამოუკიდებელ მეცნიერს, თუ ისინი ერთსა და იმავე პასუხს გაგცემენ კონკრეტულ საკითხზე, მაშინ თქვენს მასალაში ამ ინფორმაციის გამოყენება ღირს”.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო ეთერში გასული დაუდასტურებელი მასალა მოგვიანებით მაუწყებლის ვებგვერგზეც განთავსდა. თავდაპირველ ვერსიაში მასალის სათაური სიუჟეტის სათაურის იდენტური იყო და მკითხველს მტკიცებით ფორმაში ატყობინებდა, რომ “თურქული ცხვირის წვეთები Covid-19-ს ერთ წუთში კლავს”. თუმცა, მოგვიანებით, სათაური შემდეგნაირად შესწორდა - “თურქი ექიმების მტკიცებით დაამზადეს ცხვირის წვეთები, რომელიც Covid -19-ს ერთ წუთში კლავს”.

altalt



















საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სახელმძღვანელოში - “შესწორების სტანდარტი მედიაში”, ვკითხულობთ, რომ “ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია კი, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე".

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიამ მასალის სათაური ჩაასწორა, ამის შესახებ აუდიტორიისთვის არ უცნობებია და მკითხველს არ აქვს საშუალება ნახოს, რა ეწერა თავდაპირველად და რა შესწორდა მასალაში.

როდესაც მედიასაშუალება მასალას ასწორებს, საჭიროა, რომ ამის შესახებ აუდიტორია ინფორმირებული იყოს. შესწორების სტანდარტის სახელმძღვანელო გვეუბნება, რომ მასალის ბოლოს, შენიშვნის სახით, მითითებული უნდა იყოს, თუ რა ეწერა თავდაპირველ, მცდარ ვერსიაში. ამავე სახელმძღვანელოში ვკითხულობთ, რომ მასალა ისე უნდა შესწორდეს, რომ ყველა პლატფორმაზე განახლებული ვერსია იძებნებოდეს:

  • გამოქვეყნებული მასალა უნდა შესწორდეს ისე, რომ აუდიტორიისთვის ცნობილი გახდეს თუ რა გასწორდა. ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და არ უწყობს ხელს ვინმესთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებას, მასალის ბოლოს შენიშვნის სახით უნდა მიეთითოს რა ეწერა მცდარ ვერსიაში.

  • სათაურის შეცვლის შემთხვევაში მედია უნდა დარწმუნდეს, რომ მასალის სათაური შესწორდა ყველა პლატფორმაზე, სადაც კი გაზიარებული იყო ინფორმაცია. ყურადღება მიაქციეთ ბმულის ფრაგმენტსაც (URL), რომელიც ხშირად სათაურის ანალოგია. ფაქტობრივი უზუსტობა იქაც ჩაასწორეთ.
კატეგორია - ეთიკა
რა ტიპის გადაცემა იყო დაგეგმილი და როგორ შეიცვალა ფორმატი 19 იანვარს ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ღამის კურიერში", სადაც ერთმანეთს პარტიების: "ლელოსა" და "მოქალაქეების" ლიდერები დაუპირისპირდნენ.

19 ინავარს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ღამის კურიერში“ პარტია „ლელოს საქართველოსთვის“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძეთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს სტუდიაში რესპონდენტთან შეთანხმებლად პარტიების „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ ლიდერების შეყვანა, სტუმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

„ღამის კურიერში“ მოვლენები შემდეგი ქრონოლოგიით განვითარდა:

მამუკა ხაზარაძესთან ინტერვიუს დაახლოებით 30-ე წუთზე გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა ირაკლი იმნაიშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა, სტუდიაში ალეკო ელისაშვილი და იაგო ხვიჩია იხმო, პარალელურად კი - ლელოს ლიდერს ბოლო კითხვით დაუბრუნდა და მას ალეკო ელისაშვილის მიერ მის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასება სთხოვა. დაახლოებით 2 წუთში, გადაცემის მეორე წამყვანმა ალეკო ელისაშვილს რეპლიკის უფლება მისცა, რასაც ელისაშვილსა და ხაზარაძეს შორის მწვავე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც დაახლოებით 13 წუთს გაგრძელდა. წამყვანებმა სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს, შექმნილი დაძაბულობის განსამუხტად სტუდიაში დაცვის სამსახურის წარმომადგენელიც შევიდა, ეთერში კი რეკლამა გამოცხადდა. სტუდიაში დებატებიი დაგეგმილი რომ არ იყო, ეს რეკლამიდან დაბრუნების შემდეგ, წამყვანმაც აღნიშნა და სტუმრებს ინციდენტისთვის ბოდიში მოუხადა.

„დებატები ამ სტუდიაში არ იყო დაგეგმილი, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა ხაზარაძე საუბრობდა კონკრეტულად ჩვენს მომდევნო სტუმრებზე, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აქ ადგილზე, ალეკო ელიაშვილს სურდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რასაც მოჰყვა დაპირისპირება“, - თქვამ მან, თუმცა ელისაშვილის განცხადების შეფასება სტუმარს სწორედ იმ დროს თავადვე რომ სთხოვეს, როდესაც მეორე ბლოკის სტუმრები სტუდიაში დაპატიჟეს, ყურადღების მიღმა დარჩა.

„ღამის კურიერში“ მომხდარს „დაგეგმილი პროვოკაცია“ უწოდა მამუკა ხაზარაძემ. ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ საუბარში მან ხაზი გაუსვა, რომ მას პირისპირ ინტერვიუზე შეუთანხმდნენ, გადაცემის მსვლელობისას კი - ის მასთან შეუთანხმებლად დებატებში გადაზარდეს.


მეტი დეტალი „მედიაჩეკერმა“ ლელოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან თამარ კირვალიძესთან დააზუსტა. „ეს იყო ეთიკის მიღმა საქციელი და უზნეობის პიკი“, - უთხრა მან „მედიაჩეკერს“ და დაამატა, რომ „იყო კატეგორიული შეთანხმება, რომ მამუკა ხაზარაძე [სტუდიაში] უნდა ყოფილიყო მარტო და არანაირი დებატი არ იქნებოდა, მით უფრო ალეკო ელისაშვილთან“.

კირვალიძემ „რუსთავი 2-ში“ მომხდარს „წარმოუდგენელი არაპროფესიონალიზმი და უზნეოდ დადგმული სპექტაკლი“ უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ „ასეთი საქციელი არავის ეპატიება“. მისივე შეფასებით, ამ საქციელით „რუსთავი 2-მა“ საკუთარი თავის ლუსტრაცია მოახდინა და „იმედსაც“ კი გადაუსწრო.

„ბინძური იქნება პოლიტკაც და მედიაც, სანამ იქ ადამიანები უზნეოდ მოიქცევიან. მათი დასჯა იქნება ის, რომ არავინ დაუჯდებათ [სტუდიაში] ელისაშვილისა და მმართველი პარტიის წევრების გარდა“, - აღნიშნა მანვე.

ტელეკომპანიის მისამათით გამოთქმულ კრიტიკას ოფიციალური განცხადებით უპასუხა „ღამის კურიერის“ ერთ-ერთმა წამყვანმა და ტელეკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი იმნაიშვილმა, რომელშიც წუხილი გამოხატა იმის გამო, რომ „მამუკა ხაზარაძეს შეექმნა შთაბეჭდილება, თითქოს, „ღამის კურიერის'“ 19 იანვრის ეთერში მომხდარი ინცინდენტი იყო წინასწარ დაგეგმილი“.

„გადაცემის ფორმატი დაირღვა და პირდაპირ ეთერში სიტუაციის დეესკალაცია ვერ მოხერხდა. რუსთავი 2-მა ვერ უზრუნველყო სტუმრებისათვის კონსტრუქციული გარემოს შექმნა. [თუმცა], გადაცემის მიზანი არ ყოფილა სანახაობის დადგმა ან პოლიტიკოსების ხელოვნური დაპირისპირება“, - თქვა იმნაიშვილმა და მაყურებელსა და სტუმრებს ბოდიში მოუხადა.

„19 იანვრის სამწუხარო ინციდენტის გამოყენება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის ნაწილია იმ ჯგუფის მხრიდან, ვინც 26 წლიანი ისტორიის მქონე ტელეკომპანიის ეთერიდან გათიშვა ერთხელ უკვე სცადა“, - დაამატა მან. „მედიაჩეკერი“ მეტი დეტალისთვის ირაკლი იმნაიშვილსაც დაუკავშირდა. მან ჩვენს სატელეფონო ზარს და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა, მოგვიანებით კი - გვითხრა, რომ მის მიერ გავრცელებულ განცხდებაში „ყველაფერია ნათქვამი“.
კატეგორია - ეთიკა
ტელეკომპანია “ფორმულას” გადაცემა “პოლიტმეტრის” წამყვანს ვახო სანაიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დისკრიმინაციის პრინციპის დარღვევა დაუდგინა. საუბარია გადაცემაზე, რომელშიც ერთ-ერთმა სტუმარმა პარაოლიმპიელები რამდენჯერმე მოიხსენია დისკრიმინაციულ კონტექსტში, წამყვანს კი ამაზე შესაბამისი რეაქცია არ ჰქონია.

ვახო სანაიას წინააღმდეგ ქარტიას “საქართველოს პარალიმპიურმა კომიტეტმა” მიმართა. კომიტეტი 2020 წლის 13 ნოემბერს გასული გადაცემის იმ ნაწილზე დავობდა, სადაც მიწვეული სტუმრები 12 ნოემბრის საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩს განიხილავდნენ.

მსჯელობისას, ერთ-ერთმა სტუმარმა, გიორგი ჯანელიძემ ასეთი რამ თქვა: “ჩემი აზრით, მაკედონიას უნდა მოეგო, წესით. ამ D ჯგუფში, ეს ფორმატი, რაც მოიგონა “უეფამ”, ჩვენთვის სასარგებლო იყო, მაგრამ, დაახლოებით, ჰგავს, აი, ოლიმპიადაზე რომ დაამატო პარაოლიმპიელი. ამ D ჯგუფის დამატება იქ, ევროპის ჩემპიონატზე. აგერ, იქნება გაისად და ნახავთ, რას მიაღწევს ეს მაკედონია…” შემდგომ კვლავ განაგრძო დისკრიმინაციული მსჯელობა: “ამ D ჯგუფში, ამ პარაოლიმპიელებში, უხეშად რომ ვთქვათ...” რესპონდენტის ამ განცხადებებზე გადაცემის წამყვანს ვახო სანაიას რეაგირება არ ჰქონია.

“ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაციის) პრინციპში.

განმცხადებელი საჩივარში უთითებდა, რომ ჟურნალისტი პირდაპირ ეთერშივე უნდა გამიჯვნოდა ან დაპირისპირებოდა რესპონდენტის დისკრიმინაციულ განცხადებებს.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის წევრი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, აღიარებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის გამო ნებისმიერი პიროვნების დისკრიმინაცია არის ადამიანის თანდაყოლილი და განუყოფელი ღირსების დარღვევა. აგრეთვე ეროვნულ დონეზე, კერძოდ, “სპორტის შესახებ” საქართელოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი აღიარებულია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანასწორ ორგანიზაციად. შესაბამისად საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის და ამ კომიტეტის ქვეშ გაერთიანებული პარალიმპიერი სპორტსმენების კნინობით კონტექსტში მოხსენიება არაეთიკურია და ეს ქმედება დისკრიმინაციულად ხაზს უსვავს ამ ადამიანთა შეზღუდულ შესაძლებლობებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით კი აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია”, - ვკითხულობთ “საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის” განცხადებაში.

მეტი დეტალი, რას მიაქცია ქარტიის საბჭომ ყურადღება საქმის განხილვისას, მოგვაინებით გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც საბჭოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი გამოქვეყნდება.
კატეგორია - ეთიკა

"ვაქცინის მსხვერპლი" - ამ სათაურით, 15 იანვარს "TV პირველის" დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ანტივაქსერული სიუჟეტი გავიდა.  "ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე Pfizer-ის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა", -  ამ ნარატივს იმეორებდნენ მასალის ავტორიც და საინფორმაციო გამოშვების წამყვანიც,  მიუხედავად იმისა, რომ მასალაში არ ჩანდა რა წყაროებს ეყრდნობოდა ეს მტკიცება და არც რომელიმე რესპონდენტი ამბობდა მტკიცებითში ამას.

საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა მაყურებელს სიუჟეტი შემდეგი შესავლით წარუდგინა:

"კორონავირუსის ვაქცინას ნორვეგიაში 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოქალაქეები, რომლებსაც ეგონათ, რომ კოვიდისგან ახალი ვაქცინა დაიცავდათ, ინექციიდან რამდენიმე საათში დაიღუპნენ. ეს ტრაგიკული შემთხვევა, ქართველი ექიმების თქმით, უნდა გახდეს მაგალითი, რომ ჩვენი ქვეყანა ვაქცინაციის პროცესისთვის უკეთ მოემზადოს და რისკები მინიმუმამდე შეამციროს. როდის დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია - ამ კონკრეტულ კითხვაზე პასუხები ამ დრომდე არ არსებობს. სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს აფრთხილებენ, რომ ვაქცინაცია მხოლოდ წამლის შემოტანა არ არის და ამ ურთულეს პროცესს საგანგებო მომზადება სჭირდება". 

აღნიშნული შესავლის შემდეგ, ეთერში სიუჟეტი გავიდა. ჟურნალისტმა წამყვანის ნააზრევი გააგრძელა და მტკიცებით ფორმაში მაყურებელს მოუყვა, რომ კორონავირუსის ვაქცინისგან გარდაცვლილი პაციენტები 80 წელს გადაცილებულნი იყვნენ და რომ მედიკოსებმა ისინი ვირუსისგან დასაცავად ყველაზე მაღალი ეფექტურობის მქონე - Pfizer-ის ვაქცინით აცრეს. ბოლოს კი, თავისივე მტკიცების საპირისპიროდ აღნიშნა, რომ სპეციალისტები ახლა არკვევენ, თუ რა გახდა სიკვდილის მიზეზი.

სიუჟეტში არ ჩანდა, რას ან ვის ეყრდნობოდა ჟურნალისტი, როდესაც ამტკიცებდა, რომ, თითქოს, კორონავირუსის ვაქცინამ ადამიანები იმსხვერპლა. გარდა ამისა, ამავე სიუჟეტში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საპირისპიროზე საუბრობდა და ამბობდა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი შესწავლის საგანია და არ არსებობს მსგავსი დასკვნა, რომ 23 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ვაქცინაცია გახდა.

ამირან გამყრელიძის კომენტარის შემდეგ, ჟურნალისტმა ვაქცინაციის თემის ქვეყანის რეალობაში გადმოტანა სცადა და თქვა, რომ საქართველოში ჯერ ვაქცინა არ არის, შესაბამისად:  "მთავრობას მომზადებისთვის და უცხოეთში დაშვებული შეცდომების გასააზრებლად ჯერ კიდევ დრო აქვს". 

უკვე ერთი წელია მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც, კორონავირუსის პანდემიაა. გარდაცვლილთა რიცხვმა, მსოფლიოს მასშტაბით, უკვე გადააჭარბა 2 მილიონს. პანდემიის დაწყებიდან ყველას ყურადღება ვაქცინებისადმია მიპყრობილი, რადგან მასობრივი ვაქცინაცია არის საუკეთესო გზა პანდემიის დროულად დასამარცხებლად. საუკუნეების განმავლობაში ვაქცინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა იმუნიტეტის გამომუშავება არაერთი ისეთი დაავადებისადმი, როგორიცაა: წითელა, წითურა, ყბაყურა, ტეტანუსი და ა.შ.

თუმცა, ყველა დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ძალიან სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი ვაქცინებისადმი და ანტივაქსერულ მოძრაობებს ახალისებდნენ. შესაბამისად, ვაქცინებისადმი ადამიანების ნდობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ამ ფონზე კი, მედიის პასუხისმგებლობა, არ გაავრცელოს მანიპულაციური, ან თუნდაც დაუზუსტებელი ინფორმაცია და ამით უნებლიედ, არ გახდეს ანტივაქსერული მოძრაობის გამაძლიერებელი, განსაკუთრებულია.

"ძალიან დიდი სოლიდარობა უნდა იყოს საზოგადოებაში, როგორმე უნდა დავთრგუნოთ ანტივაქსერული მოძრაობა, რადგან, ხაზს ვუსვამ, ვაქცინაზე უკეთესი საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ინტერვენცია ჯერ კაცობრიობას არ მოუგონია", – განაცხადა 16 იანვარს  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსული პანდემიის პირობებში, იმ ფონზე, რომ ანტივაქსერული კამპანია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება, სიზუსტის დაცვას განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერი არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებით მიღებული ზიანის მასშტაბი, შესაძლოა, ძალიან მძიმე აღმოჩნდეს.

“კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, მედიის როლი განსაკუთრებულია. ერთი მხრივ, მედიას კვლავ რჩება მთავარი, ანუ ინფორმაციის გამავრცელებლის ფუნქცია, მეორე მხრივ გაჩნდა ახალი გამოწვევა, მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებისა და ვირუსის პრევენციისთვის აუცილებელი ღონისძიებების გაშუქების საჭიროების სახით. ამავდროულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მომატებულია დეზინფორმაციის ნაკადი, რაც მედიისთვის ქმნის ახალ გამოწვევას, დახარჯოს განსაკუთრებული ძალისხმევა ინფორმაციის გადამოწმებაში”, - ვკითხულობთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის სახელმძღვანელო წესებში, რომელიც მედიისთვის სპეციალურად COVID-19-ის გაშუქებისთვისაა მომზადებული.

ამავე სახელმძღვანელოში ყურადღება გამახვილებულია სანდო წყაროების მნიშვნელობაზე და აღნიშნულია, რომ კორონავირუსის პანდემიის გაშუქებისას, სანდო, გადამოწმებული, პანიკისა და სენსაციურობისგან მაქსიმალურად დაცლილი ინფორმაციის როლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.