სავარაუდო ძალადობის გაშუქება ეთიკური ნორმების დარღვევით - “ფორმულაზე”
06.04.2021
5 აპრილს “ფორმულას” ეთერში ოჯახში სავარაუდო ძალადობაზე სიუჟეტი გავიდა.

ამბავი ეთიკური სტანდარტების დარღვევით გაშუქდა:

  • სიუჟტში ღიად იდენტიფიცირებულნი იყვნენ ძალადობის სავარაუდო მსხევრპლი, სავარაუდო მოძალადე და მისი არასრულწლოვანი შვილი;
  • ისმოდა ბრალდებები, რომლებიც არ იყო გამყარებული თვალსაჩინო ფაქტებით;
  • არ იყო გათვალისწინებული ბავშვთა უფლებები;
  • ჟურნალისტი ძალადობის სავარაუდო შემთხვევებს არა რელევანტურ უწყებებთან, არამედ მეზობლებში არკვევდა;
  • საუბარი იყო ძალადობაში დადანაშაულებული ქალის პირადი ცხოვრების არასაჭირო დეტალებზე;
  • ხდებოდა ალკოდამოკიდებული ადამიანების სტიგმატიზება;

რას ამბობს მედიაში ამბის ეთიკურად გაშუქების სახელმძღვანელოები და როგორ გააშუქა ოჯახში სავარაუდო ძალადობა “ფორმულამ”?

ბავშვთა უფლებები


სიუჟეტში აქცენტი კეთდებოდა ძალადობაში ბრალდებულის შვილზე, რომელიც, რესპონდენტების და ჟურნალისტის მტკიცებით, თავადაც მსხვერპლი იყო და არასათანადო პირობებში იზრდებოდა. არასრულწლოვანი პირდაპირ იყო იდენტიფიცირებული.

სიუჟეტში ჟურნალისტმა დაურეკა სოციალურ მუშაკს, რომელიც ამბობს, რომ დედის მხრიდან ბავშვზე ძალადობა “არ იკვეთება”. ჟურნალისტი კი ამტკიცებდა, რომ არასრულწლოვანი დასტრესილია და ეს “ ერთი შეხედვითაც” ნათელია.

“ერთი შეხედვითაც კი ჩანს, რომ 12 წლის ბიჭის მდგომარეობა იმდენად სტრესულია, რომ მასთან დალაპარაკება საჭიროდ არ ჩავთვალეთ” - ამბობს ავტორი ბავშვის კადრების ფონზე და ამტკიცებს, რომ “მოზარდი რომ არასათანადო პირობებში იზრდება, ამას ეს კადრებიც მოწმობს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებას და ასევე საცხოვრებელში ანტისანიტარიას ასახავს”.

ეთერში გავიდა ფარულად ჩაწერილი ერთ-ერთი მეზობლის კომენტარიც, რომელიც ამბობს - “სულ სხვანაირია, ამ სტრესში გადებილებულია ბავშვი…”

ქარტიის გაიდლაინის მიხედვით, ბავშვთა საკითხების გაშუქებისას, ჟურნალისტმა შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისინოს:

  • უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭეთ ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოთ ისეთი მასალა, რომელიც საზიანო იქნება მისთვის.
  • ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები განიხილეთ, როგორც უმნიშვნელოვანესი საკითხები, რომლებიც საჭიროებს გამოძიებასა და საზოგადოების ყურადღებას.
  • იფიქრეთ არამხოლოდ იმაზე, რომ თავად დაიცვათ ბავშვის ინტერესები, არამედ რესპონდენტსაც არ მისცეთ ბავშვის უფლებების შელახვის შესაძლებლობა.
  • ეცადეთ ჟურნალისტური მასალის მთავარი მიზანი სისტემური პრობლემის მხილება იყოს - რატომ არის საჭირო საზოგადოების დახმარება ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად და რატომ ვერ უზრუნველყოფს მის მკურნალობას სახელმწიფო. გახსოვდეთ, რომ მასალის გმირი ბავშვის გარდა იმავე მდგომარეობაში კიდევ არაერთი ადამიანია და მათ თქვენთან დაკავშირება ვერ მოახერხეს.
  • მნიშვნელოვანია, ბავშვთა სიღარიბე და სოციალური პრობლემები გააშუქოთ თანმიმდევრობით. კონკრეტული ისტორიები გამოიყენეთ ზოგადი, სისტემური პრობლემის წარმოსაჩენად

იდენტიფიცირება

“ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში ღიად იყვნენ იდენტიფიცირებულნი რესპონდენტები - ვიდეოში ნაჩვენები იყო თითოეული მათგანის, მათ შორის არასრულწლოვნის სახე და დასახელებული იყო ძალადობაში ბრალდებულის და სავარაუდო მსხვერპლის სახელი და გვარი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის “ბავშვთა საკითხების გაშუქების” გაიდლაინის მიხედვით, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმის ძალადობის შემთხვევაში არასრულწლოვნის როგორც პირდაპირი, ისე ირიბი იდენტიფიცირება, იმის მიუხედავად, არასრულწლოვანი მოძალადის როლშია, მსხვერპლის თუ მოწმის.

კრიმინალის გაშუქების” სახელმძღვანელო კი ამბობს, რომ მსხვერპლის სახელის და გვარის ცოდნა, როგორც წესი, არაფრისმომცემია ხოლმე. ამავე სახელმძღვანელოში ნათვამია, რომ ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგრესია საზოგადოებაში როგორც მის, ისე მისი ახლობლების მიმართ. შესაბამისად, მედიას უნდა ესმოდეს ის რისკი, რასაც ბრალდებულის შესახებ ინფორმაციის გავრცელება გამოიწვევს.

ურთიერთბრალდებები და პირადი ცხოვრების დეტალები

“ფორმულას” ეთერში გასულ სიუჟეტში, ოჯახის წევრები ერთმანეთს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

71 წლის ქალი და რომელიც ამბობდა, რომ 38 წლის დისშვილი მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა: “აქ მეძინა, მოვიდა და მგუდავდა [...] ჩემი და ხომ მოკლა უკვე თავისი ლოთობით და ცემით და ახლა ჩემი სიკვდილი უნდა, რომ თავისი საყვარელი მოიყვანოს და აქ იცხოვრონ. მარტო მე კი არ მექცევა ასე სასტიკად, შვილსაც აშიმშილებს, არ უვლის, სკოლაში არ უშვებს. დაშინებული ჰყავს, სულ აკანკალებს, ბავშვი აღარ მეტყველებს შიშისგან”.

38 წლის ქალი კი ყველაფერ ამას უარყოფდა და დეიდამისს თავად ადანაშულებდა ძალადობაში: “ხელი მკრა და წავიქეცი. მიკრო ინსულტი მაქვს გადატანილი, როგორ ვიძალადებდი. [...] მსახიობია, უნდა რომ აქედან გამაგდოს და დედაჩემის წილიც თვითონ დარჩეს, თორემ მე სხვა სახლიც მაქვს.”

ამ უარყოფის მიუხედავად, ავტორი სავარაუდო მსხვერპლზე დაყრდნობით ყვებოდა, რომ 38 წლის “ალკოდამოკიდებული ქალი მუდვილად ძალადობს 71 წლის დეიდაზე, ართმევს ფულს, სცემს და აშიმშილებს. ასევე, ძალადობს საკუთარ შვილზე, რომელიც ამ კონფლიქტის მოწმეა”.

სიუჟეტის ავტორი ამ ბრალდებებს მეზობლების კომენტარებით ამყარებდა: “უხასიეთო გოგოა, სვამს და შეურაცხყოფას აყენებს”, “ბავშვსაც ისეთ დღეში აგდებს…” და ა.შ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მეათე პრინციპის მიხედვით, “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”.

კრიმინალის გაშუქების გაიდლაინში ვკითხულობთ, რომ ძალადობის გაშუქებისას უნდა დავიცვათ ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და ეთიკურ გაშუქებას შორის.

პირადი ცხოვრების გაშუქების გაიდლაინში კი ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ფარულად გადაღება შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვების მიზნით, თუმცა მხოლოდ მაშინ უნდა გამოქვეყნდეს, თუკი რედაქცია დაასაბუთებს, რომ ღიად ვერ მოიპოვა იგივე ინფორმაცია და აუცილებელი იყო მისი გადაცემა;

სამი გამოკითხული მეზობლიდან ჟურნალისტს ორი ფარულად ჰყავდა ჩაწერილი და ტექსტში დასძენდა, რომ ისინი “ძალადობას ადასტურებენ, თუმცა, ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობენ, რადგან “მოძალადე ქალის” ეშინიათ”. სიუჟეტში არ ჩანდა, რომ მეზობლების ფარულად ჩაწერა მაღალ საჯარო ინტერესს ემსახურებოდა.

მეზობლები მთავარ წყაროებად

სიუჟეტში ჟურნალისტს მთავარ წყაროებად მეზობლები ჰყავდა ჩაწერილი და იმის ნაცვლად, რომ რელევანტური წყაროებისტვის მიემართა, მეზობლებში იკვლევდა, ძალადობის მსხვერპლია თუ არა ბავშვი - “ანუ ძალადობის მსხვერპლია?” - ეკითხება ერთ-ერთ რესპონდენტს, რომელიც ფარულად ჰყავს ჩაწერილი. ის კი უდასტურებს - “აუცილებლად”.

ჟურნალისტი იმასაც მეზობლებში არკვევდა, იცის თუ არა ძალადობის შესახებ პოლიციამ და დაწყებულია თუ არა გამოძიება:

“მეზობლები ამბობენ, რომ კონფლიქტის შესახებ ინფორმირებულია პოლიცია, რომელიც გამოძახებაზე დღესაც იყო მოსული. 71 წლის ქალი განყოფილებაში გადაიყვანა, თუმცა, როგორც მოხუცი ამტკიცებს, მას ჩვენება არ ჩამოართვეს და ეს იმით აუხსნეს, რომ ასე ზედმეტ პრობლემებს აარიდეს [...] სოციალური მუშაკი ამტკიცებს, რომ გამოძიება დაწყებულია. მეზობლები კი ყვებიან, რომ სამართალდამცავებს ჯერ არავინ გამოუკითხავთ.”

სიუჟეტის ბოლოს კი ვიგებთ, რომ ჟურნალისტმა იცოდა, ვისთვის შეიძლებოდა მიემართა - “ვიდრე სახელმწიფო ზრუნვის აპარატი სათანადოდ ამუშავდება, პოლიცია წლების წინ დაწყებული ძალადობის ისტორიას გამოიძიებს, სოციალური სააგენტო კი დაადგენს ვინ არის მოძალადე, ფაქტია, რომ 12 წლის ბიჭის მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება”.

ერთადერთი რელევანტური წყარო სიუჟეტში ორგანზაციის, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ანა აბაშიძე იყო, რომელიც ვიდეოს დასკვნით ნაწილში უფლებების კუთხით ზოგად მდგომარეობაზე საუბრობდა.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ