“ექსკლუზიური ინტერვიუ” ბერასთან კრიტიკული მედიის “გამორთვის” მთავარი აქცენტით
12.03.2021
"ბერა, გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ”, - ექსკლუზიური ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან ფარული ჩანაწერების თემაზე კრიტიკული კითხვების გარეშე "იმედის" გადაცემაში, სადაც კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასაშუალებებს მოიხსენიებდნენ "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებლად და ტელესაროსკიპოებად", რომლებიც უნდა გამორთონ. და ასევე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული სახელისუფლებო ნარატივი, რომელსაც გადაცემაში მხატვრები და მომღერლები აჟღერებდნენ. 

9 მარტს გადაცემა “იმედის ფაქტორი” ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს მიეძღვნა. წამყვანებმა შესავალშივე დააანონსეს, რომ “იმედის” მაყურებელი ჩანაწერების მთავარ გმირთან - ბერა ივანიშვილთან ინტერვიუს პირდაპირ ეთერში ექსკლუზიურად იხილავდა.

გადაცემა ეთერში ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებიდან მესამე დღეს გავიდა.”ტვ პირველის” ინფორმაციით, ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ბერა ივანიშვილი, პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ათანხმებენ, თუ როგორ უნდა დაისაჯონ თუ დააშინონ სოციალურ ქსელებში ბერა ივანიშვილის მიმართ დაწერილი უარყოფითი კომენტარების ავტორები.

“იმედის ფაქტორი” ივანიშვილების ოჯახის დაცვას და იმის მტკიცებას მიეძღვნა, რომ ჩანაწერები გაყალბებულია. ეთერში მიწვეული “ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ხელისუფლებასთან აფილირებული რესპონდენტები ერთხმად ამტკიცებდნენ, რომ “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. გადაცემის მსვლელობისას, წამყვანებს არ დაუსვამთ არც ერთი კრიტიკული კითხვა და ისინიც ღიად აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების აზრს თავადაც იზიარებდნენ და ეთანხმებოდნენ.

“ქართული ოცნების” ნარატივი წამყვანების მონოლოგში
 

alt

გადაცემა მაყურებლისთვის წინა ხელისუფლების “რეჟიმის” შეხსენებით და ბიძინა ივანიშვილის, როგორც “ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის” ხოტბის შესხმით დაიწყო. წამყვანები მაყურებელს არწმუნებდნენ, რომ ივანიშვილების ოჯახს ამჯერადაც “ნაციონალური მოძრაობა” ებრძვის, დევნის, აბულინგებს და ამის ნაწილია “უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული” ფარული ჩანაწერებიც.

“იმედის ფაქტორი” გადაცემის ერთ-ერთმა წამყვანმა მაგდა ანიკაშვილმა შემდეგი შესავლით დაიწყო:

“დღეს თქვენ ნახავთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ბერა ივანიშვილთან. პირველად, ფალსიფიცირებული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ის იტყვის, როგორი იყო “ნაციონალური მოძრაობის” ბრძოლა მისი ოჯახის წინააღმდეგ. 2010-2011 წლები, უკვე მოკლულები არიან სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ათობით სხვა უდანაშაულო ახალგაზრდა. დაკარგულია ორი ქართული რეგიონი, დარბეულია ტელეკომპანია “იმედი” და მედიას სრულად რეჟიმი აკონტროლებს. პრაქტიკულად, განადგურებულია პოლიტიკური ოპოზიცია. ერთადერთი, რაც სააკაშვილის ძალაუფლებას ემუქრება, არის ცნობილი ქველმოქმედის და მეცენატის - ბიძინა ივანიშვილის შესაძლო შემოსვლა პოლიტიკაში. და ეს რეალობა ხდება. ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა პოლიტიკური გეგმების შესახებ, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს რეჟიმის დასასრულის დასაწყისი იყო”.

 

ამის შემდეგ, მაგდა ანიკაშვილის მონოლოგი გადაცემის მეორე წამყვანმა - ვაკა გორგილაძემ განავრცო:

 

“ივანიშვილის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ამოქმედდა. ბიზნესმენს და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმეს. დაიწყეს “ქართუს” გაკოტრება, ანგარიშები დაყადაღდა, დააკავეს ბანკის თანამშრომლები, ატერორებდნენ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულ ადამიანებს, რეჟიმი ებრძოდა მედიას, დააზიანეს “მეცხრე არხის” აპატარურა, ზღუდავდნენ სიგნალის გადაცემას, დააყადაღეს “გლობალ ტვ”. ეს იყო დაუნდობელი ბრძოლა ბინძური მეთოდებით და ამ ბრძოლის ნაწილი გახდა ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია ივანიშვილების ოჯახის, მისი შვილების წინააღმდეგ. ასეთ რეალობაში აღმოჩნდა ბერა ივანიშვილი, რის შესახებაც ის ჩვენს ეთერში დეტალურად ისაუბრებს”.



გადაცემის წამყვანებმა აღნიშნული ვრცელი მონოლოგების შემდეგ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლების - მიხეილ სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის, ასევე, ოპოზიციური ტელეარხების წამყვანების - ნოდარ მელაძისა და ნიკა გვარამიას კადრების ფონზე, დაგვიანონსეს, რომ გადაცემაში ვნახავდით - თუ “როგორია უკანონოდ მოპოვებული და მრავალჯერ გადამონტაჟებული საუბრების რეალური შინაარსი; როდის დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ მუქარის, ცილისწამების და შეურაცხყოფის კამპანია ოჯახის წინააღმდეგ; დღეს ვინ დგას ბულინგის და ფსიქოლოგიური ტერორის უკან; ამჯერად რა მიზანი აქვს ჩანაწერების ფაბრიკაციას; რატომ დაემთხვა მასალის გასაჯაროება პოლიტიკური მოლაპარაკების განახლებას და არჩევნების შესახებ ეუთოს საბოლოო, პოზიტიური დასკვნის გამოქვეყნებას”.

12 სტუმარი და 1 პოზიცია
 
ანონსის შემდეგ, გადაცემის წამყვანებმა მაყურებელს წარუდგინეს შემდეგი სტუმრები, როგორც სხვადასხვა სფეროს ავტორიტეტული ადამიანები, რომელთა აზრიც მნიშვნელოვანია:

“ქართული ოცნებიდან” მამუკა მდინარაძე, ვიქტორ სანიკიძე და გია ცაგარეიშვილი, ანალიტიკოსის სტატუსით - გური სულთანიშვილი და ნუკრი შოშიაშვილი, პოლიტოლოგის და ფსიქოლოგის სტატუსით რამაზ საყვარელიძე, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, თეა გოგოტიშვილი - ფსიქოლოგი, რობერტ სტურუა - რეჟისორი, ნიკუშა შენგელაია - მხატვარი, გოგა ხაინდრავა - კინორეჟისორი და ზურაბ მანჯავიძე - მომღერალი.

გადაცემის მსვლელობისას, თითქმის საათნახევრის განმავლობაში, მაყურებელი ისმენდა ჩამოთვლილი 12 რესპონდენტის ერთი და იგივე პოზიციას. რესპონდენტები მონოლოგის რეჟიმში, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე, უნისონში საუბრობდნენ ერთი და იმავეს. ამტკიცებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია, რომ ივანიშვილების ოჯახი ბულინგის მსხვერპლია, რომ ოპოზიციური არხები დეზინფორმაციას ავრცელებენ და ეს კანონით უნდა დარეგულირდეს. წამყვანებიც ღიად აცხადებდნენ, რომ მათ აზრს თავადაც იზიარებდნენ. “აბსოლუტურად გეთანხმები” - ამ სიტყვებით უდასტურებდა წამყვანი სტუმრებს, რომ ერთ პოზიციაზე იყვნენ.

altწამყვანების მიკერძოება ნათლად ჩანდა ეთერში პირველივე რესპონდენტის ჩართვისას. გადაცემა მამუკა მამუკა მდინარაძის ჩართვით დაიწყო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მონოლოგის რეჟიმში საუბრობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა წამყვანმა მისივე ნარატივის დამადასტურებელი რეპლიკით შეაწყვეტინა, მდინარაძემ კი უთხრა, რომ დაასრულებდა ისტორიის მოყოლას და მერე უპასუხებდა მათ კითხვებს - რაზეც გადაცემის წამყვანმა უპასუხა -“კითხვები აღარ გვექნება, ბატონო მამუკა”.

მართლაც, წამყვანებმა ტრიბუნა დაუთმეს მამუკა მდინარაძეს, რომელიც ერთხმად, კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების გარეშე ამტკიცებდა, რომ წინა ხელისუფლება უკანონოდ უსმენდა არასრულწლოვან ბერა ივანიშვილს.

“ბატონო მამუკა, აბსოლუტურად გეთანხმებით, მოგყვებით ამ ლოგიკაში, მართლაც შეუძლებელია ბერა ივანიშვილისგან, ირაკლი ღარიბაშვილისგან, ანზორ ჩუბინიძისგან შექმნა დემონის”, - ამ სიტყვებით დაუდასტურა წამყვანმა ვაკა გორგილაძემ თავისი პოზიცია მდინარაძეს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მსგავსად, თავადაც არაერთხელ აღნიშნა, რომ “დაგეგმილი პროვოკაცია” უკვე დიდი ხანია გრძელდება.

იმის საჩვენებლად, თითქოს, საზოგადოება გმობს ივანიშვილების ოჯახის წინააღმდეგ მიმართულ “დაგეგმილ პროვოკაციას”, გადაცემაში გავიდა ე.წ. ქუჩის გამოკითხვაც. ჟურნალისტის კითხვას - დასაგმობია თუ არა ნაც.მოძრაობის მიერ ფარული ჩანაწერების ფაბრიკაცია და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფსიქოლოგიური ტერორი - ყველა რესპონდენტი იდენტურად პასუხობდა, რომ “რა თქმა უნდა, დასაგმობია”.

მსჯელობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ
 

alt

გადაცემის მსვლელობისას არაერთხელ გაჟღერდა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული მესიჯები. კინორეჟისორი, მხატვარი და მომღერალი მედიის რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობდნენ, გადაცემის წამყვანებს კი არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ.

მხატვარი ნიკუშა შენგელაია მაყურებელს არწმუნებდა, რომ ევროკავშირი ითხოვს გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონის მიღებას და პარლამენტს მოუწოდა, რომ სასწრაფოდ დაიწყონ ამის განხილვა. მომღერალი ზურა მანჯავიძე ამტკიცებდა, რომ სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ კი ოპოზიციურ ტელევიზიებზე არაერთხელ თქვა, რომ “უნდა გამოვრთოთ ფსიქოლოგიური ტერორის მანქანები”.

უფრო დეტალურად, მედიის რეგულირებისკენ მიმართული საშიში მსჯელობა ეთერში მას შემდეგ დაიწყო, რაც მაგდა ანიკაშვილმა გოგა ხაინდრავას შემდეგი კითხვით მიმართა - “ცდილობენ, დაგვაჯერონ სურათი, რომ არასრულწლოვანი, რომლის ოჯახსაც უპირისპირდებოდა მთელი რეპრესიული მანქანა, იყო მოძალადე. ეს როგორ უნდა ავხსნათ?”

გოგა ხაინდრავა: ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმის ნიმუში. გამოსავალი არის მარტივი - ეს ფსიქოლოგიური ტერორიზმი უნდა გამოვრთოთ და აღარც ეს ლაპარაკი იქნებოდა საჭირო, არც ის გავრცელება, არც ვნებათაღელვა. ეს ტელესაროსკიპოები, ეს დაწესებულებები, რომლებიც ფსიქოლოგიურ ტერორს ეწევიან ნამდვილს, რომელიც არაფრით ნაკლები არ არის იმ ტერორზე რომელიც მსოფლიოში სხვადასხვა ფორმითაა, უნდა გამოვრთოთ და მორჩა, დამთავრდება ამით სუყველაფერი. დარჩებიან ერთმანეთის პირისპირ თავიანთ საროსკიპოებში და ილაპარაკონ ერთმანეთთან.

ნიკუშა შენგელაია: ეს ერთადერთი რამით გვარდება - კანონით. რომელიც მთელ ჩვენ პარტნიორულ ქვეყნებში მუშაობს. მე მინდა მივმართო დღევანდელ პარლამენტს - თავმჯდომარეს და დეპუტატებს - 2018 წლის ბოლოს მაუწყებლობის შესახებ კანონი დევს პარლამენტში, არ იხილავენ ამ კანონს. დღესვე ამოიღონ ეს კანონი და ხვალვე, სასწრაფოდ დაიწყონ განხილვა. იმიტომ, რომ ეს კანონი არის მოცემულობა ჩვენი, ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულებასთან უნდა მოვიდეს შესაბამისობაში. ეს არის ჩარჩო კანონი, რომელიც არის გაკეთებული მათი სპეციალისტების და ჩვენი მარეგულირებელი კომისიის, და ეს ჩარჩო არის ასოცირების ქვეყნებთან გაკეთებული. ეხლა კიდე ახალი აქვთ ევროკავშირს უკვე წევრებთან.

ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია, რომ წელს უნდა წარვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, როგორც სრულუფლებიან წევრად, ეს კანონი უნდა შევიდეს ძალაში, ამას ითხოვს ევროკავშირი. სხვანაირად არ გვარდება, იმიტომ, რომ რაც არ უნდა ჩვენ აქ შევშფოთდეთ, საზოგადოება, ეს არის მედია ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე და ეს ნაწილი უნდა მოგვარდეს კანონით. მიყურადებას, მითვალთვალებას, უნდა გამკაცრდეს კანონი, იმიტომ, რომ მთელი ცივილური სამყარო შეთანხმდა, რომ ეს არის უზნეობა, ეს არის მიუღებელი საქციელი, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა, მისი თვალთვალი, ყურადობა და მით უმეტეს - გასაჯაროება...

ზურა მანჯავიძე: სასამართლოში უნდა წყდებოდეს ეს ყველაფერი. საინფორმაციო საშუალება ამბობს ტყუილს, აშკარა ტყუილს, დეზინფორმაციას, რომელსაც შეიძლება ცუდი შედეგები მოყვეს. შევიდეს სასამართლოში საქმე, დაჯარიმდეს ის ტელევიზია ტყუილის გავრცელებისთვის, დეზინფორმაციის გავრცელებისთვის. ერთხელ ასი ათასი დოლარით დაჯარიმდება, მეორეჯერ მილიონი დოლარით და ის ათასჯერ გადაამოწმებს კიდე იმ ინფორმაციას, კეთილს ინებებს და ჯიბეზე რომ შეეხება უკვე, ტყუილ ინფორმაციებს აღარ გაავრცელებს და ჩვენც აღარ გაგვიხეთქავს გულს. დაგვანებონ თავი, ნორმალური ცხოვრება გვინდა უკვე, ამოვიდა ყელში მართლა ეს კიწი-კოწი.

ნიკუშა შენგელაია: ეს კანონი, ჩარჩო, დევს პარლამენტში. მედიაექსპერტებთან ერთად გაკეთებული ევროსაბჭოს, საცა იხილება ასევე გაფრთხილება, ჯარიმა, შენ შეგიძლია სასამართლოში მიმართო და თუ ამ ყველაფერზე ეგენი ხო ჯარიმებზე უარს იძახიან, შეგიძლია საეთერო დრო გაუთიშო, ესეა ბევრ სხვა ქვეყანაში. შენ თუ საერთაშორისო შუღლს აღვივებ, ომის პროპაგანდას ეწევი, ბულინგს აკეთებ … (ულტრალიბერალური კანონმდებლობაა - აღნიშნა წამყვანმა), ჩვენც ყველაფერში ულტრა ვართ.

კულმინაცია - დაანონსებული “ექსკლუზიური ინტერვიუ” ბერა ივანიშვილთან
 
altგადაცემის დასკვნით ნაწილში, ეთერში დაპირებული ექსკლუზიური ინტერვიუ გავიდა. გადაცემის წამყვანებს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ბერა ივანიშვილისთვის არ დაუსვამთ საზოგადოებაში არსებული მნიშვნელოვანი კითხვები, თუმცა, დაინტერესდნენ, მაგალითად იმით, თუ რატომ აღარ დებს ტიკ-ტოკზე ვიდეოებს და რა ახალ პროექტებს გეგმავს მუსიკოსი.

უფრო დეტალურად, წამყვანებმა ბერა ივანიშვილს ჰკითხეს:

  • პირველ რიგში, გთხოვთ, გაიხსენოთ, ბერა, ის პერიოდი, როდესაც დაიწყო ნაციონალური მოძრაობის მიერ ეს ბულინგის და შეურაცხყოფის კამპანია თქვენი ოჯახის წინააღმდეგ
  • ბერა, ავთენტურია თუ არა ეს ჩანაწერები?
  • ბერა, მე გთხოვთ, რომ პერიოდი უფრო დავაკონკრეტოთ, იმიტომ, რომ გავრცელდა მოსაზრება, რომ ეს არის საუბრები ჩაწერილი 10-11 წლის წინ, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია. რეალურად როგორ არის საქმე?
  • როგორ ფიქრობთ, ბერა, იყო თუ არა ეს კამპანია მიზანმიმართული კამპანია თქვენ წინააღმდეგ, თუ სხვა მიზანი, სხვა სამიზნე არსებობდა? რას ეტყვით დღეს იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ბულინგში, წერდნენ ამ შეურაცხმყოფელ კომენტარებს და, პრინციპში, დღეს ისინი აპროტესტებენ იმ პასუხს, რომელსაც თქვენი მეგობრები სცემენ მათ სოციალური ქსელის მეშვეობით და ბრაზობენ ამაზე იცით? ძალიან ბევრი ადამიანი თქვენ გულწრფელად გგულშემატკივრობთ და ძალიან მწვავედ რეაგირებს იმ შეურაცხყოფაზე, იმ ბულინგზე, რომელიც ვრცელდება სოციალური ქსელის მეშვეობით და ბუნებრივად ერთვება აი ამ ბრძოლაში, ცდილობს, რომ დაიცვას თქვენი ოჯახი. თქვენ შეგიძლიათ მათ რაიმე უთხრათ, რაიმე მოწოდება გაქვთ მათ მიმართ?
  • სანამ ამ თემას ამოვწურავთ, აუცილებლად მინდა გთხოვოთ განმარტება - რას ნიშნავს ტერმინი “ტრი ტრი”, იმიტომ, რომ ამას რაღაც ბევრი ინტერპრეტაცია მოყვა და ეხლა უნდა აგვიხსნათ ეს ამბავი
  • რატომ გაჩნდა ეს ვერსია, რომ ეს რაღაცნაირად უკავშირდება თქვენს სიმღერას, რომ ეს შეიძლება იყოს 2017 წლის ჩანაწერი და, სხვათა შორის, თოლიის ხმასაც ეძებდნენ ამ ჩანაწერში, მე როგორც მივხვდი, ეგონათ, რომ ეს იყო გამოყენებული თქვენს სიმღერაში
  • ბერა, თქვენ იშვიათად ჩნდებით საზოგადოების წინაშე და, ბუნებრივია, რომ არის დიდი ინტერესი თქვენი საქმიანობის მიმართ. მე გავიხსენებ, რომ თქვენი ვიდეოები ძალიან პოპულარული იყო ტიკ-ტოკზე. თუ არ ვცდები, 5 მილიონი გამომწერი გყავთ, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ეს ვიდეოები აღარ ჩნდება და რა არის ამის მიზეზი, ხომ ვერ გვეტყვით?
  • ამის მიუხედავად, თქვენ ბრძანდებით მუსიკოსი, თქვენ აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და გვითხარით რაიმე ახალი პროექტების შესახებ

რა გავიგეთ გადაცემიდან


გადაცემიდან, რომელიც სკანდალური ჩანაწერებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავიდა და რომელსაც წინ უძღოდა მმართველი გუნდის წევრების მტკიცება, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებული იყო, ფაქტობრივად, გავიგეთ, რომ ეს ჩანაწერი ფალსიფიცირებული არ არის. ეს იმ ფონზეც, როდესაც მთელი გადაცემა, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე, წამყვანებიც ამ გზავნილის გავრცელებას ცდილობდნენ და მტკიცებითში იმეორებდნენ, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. 

გადაცემაში არ დასმულა არცერთი კრიტიკული კითხვა, მსჯელობის საგანი არ გამხდარა არასრულწოვნების დაჩაგვრის ფაქტები, რაც ამ ჩანაწერებმა გამოააშკარავა, პირიქით, გადაცემა ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ "დედის კულტის" პატივისცემის სახელით, სხვების დაჩაგვრა ვაჟკაცური საქციელია. 

და მთავარი, გადაცემამ ნათელი გახადა, რომ ხელისუფლების მთავარი თავისტკივილი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიაა და "ფსიქოლოგიური ტერორიზმის გამავრცელებელი მედია უნდა გამოირთოს". 

 


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ