დაახლოებით ერთი თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა დამწყები
კინორეჟისორის, სანდრო ტოგონიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმი - „ბელგიური
ბოძები“. ფილმის მთავარი გმირი ახალგაზრდა ჟურნალისტია,
რომელსაც ერთ-ერთ რეგიონში წასვლას და იქაურ აღმშენებლობასა და
წინსვლაზე სიუჟეტის მომზადებას სთხოვენ. არ წასვლა სამსახურის
დაკარგვის მიზეზი იქნება, წასვლა კი - საკუთარი პრინციპების ღალატი.
ეს მოკლემეტრაჟიანი კინონაწარმოები იმ ტყუილსა და გამოგონილ
რეალობაზეა, რომლის ნამდვილობაში ჩვენს დარწმუნებას პროპაგანდა უკვე
დიდი ხანია ცდილობს. რეჟისორი იმ მახინჯ სისტემაზე მოგვითხრობს,
რომელიც ამ მანკიერ ჯაჭვში ყველას ითრევს და საკუთარ ნაწილად აქცევს.
უნდა იცრუო იმისათვის, რომ დირექტორმა ვალი მოიხადოს მთავრობასთან,
გამგებელმა დამალოს მოპარული ფული, ჟურნალისტმა არ დაკარგოს სამსახური
და მაყურებელმა დაიჯეროს, რომ ქვეყანა შენდება. სანდრო ტოგონიძის
ნამუშევარი ზუსტად ასახავს იმ ტყუილის ნამდვილობას, რომელსაც
გვაჩვენებს, რადგან ყველაზე მეტს იქ იტყუებიან, სადაც ყველაზე მეტი
პრობლემაა.
ყველაზე მეტად საქართველოს რეგიონებში უჭირთ, ამიტომაც
პროპაგანდისტულ არხებზე რეგიონში მაცხოვრებელთა ხმა ყველაზე ნაკლებად
ისმის და ყველაზე მეტად სწორედ, მათი ყოფის ფალსიფიკაცია
ხდება.
რამდენიმე წლის წინ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გადიოდა ნოდარ ჩაჩანიძის გადაცემა - „რეგიონის ხმა“. ნოდარი რეგიონებში დადიოდა და ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრებოდა, მისი გადაცემა ყველაზე ზუსტად ასახავდა საკუთარ სახელწოდებას, რადგან რეგიონში მაცხოვრებლების ხმა მართლაც ისმოდა ამ დაბალბიუჯეტიან გადაცემაში, რომელსაც არც ხმაურიანი ქუდი ჰქონდა, არც მაღალტექნოლოგიური გაფორმებები და არც მრავალრაკურსიანი კადრები. მიუხედავად ამისა, „რეგიონის ხმას“ არხზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. რატომ? იმიტომ რომ რეგიონშიც და ქალაქშიც მაყურებელი ეთერიდან საკუთარ ხმას, ანუ მის პრობლემებსა და მათზე მსჯელობას ელის. თავიანთ პრობლემებზე ყველაზე კარგად თავად საუბრობენ, უბრალოდ მათ ამის საშუალებას არავინ აძლევს. პირველ რიგში, მათ პრობლემებზე საუბარი, ცხადია, მათივე დაფინანსებულ საზოგადოებრივ მაუწყებელს ევალება.
„პირველ არხზე“, ყოველ კვირას, 21:00 საათზე, უკვე დიდი ხანია გადის გადაცემა - „მოამბე რეგიონები“, რომელიც ამბობს, რომ „ტელემაყურებელს აწვდის ამომწურავ, ობიექტურ ინფორმაციას რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (სწორედ ასე წერია გადაცემის ანოტაციაში). სინამდვილეში კი, ის ყოველკვირეულად გვიყვება, რა ლამაზია ცხოვრება სოფლად. ვისაც საბჭოთა საქართველოში გვიცხოვრია და მაშინდელი „პირველი არხის“ დიქტორები და მათი ინტონაცია გვახსოვს, ყველაზე მეტად გვიჭირს „პირველი არხის“ დღევანდელი საინფორმაციო გამოშვებების ყურება, ეს ინტონაცია კი ყველაზე მძაფრად სწორედ ამ გადაცემაში - „მოამბე რეგიონები“ ისმის.
საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ.
ავიღოთ ერთი თვე, მაგალითად, მარტი და გადავხედოთ მის გამოშვებებს.
გადაავლეთ თვალი მხოლოდ სათაურებს და მხოლოდ მათი მეშვეობითაც კი
მიხვდებით - რომ არა ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში
ჩამოწოლილი მეწყერი, უკანასკნელი თვის გამოშვებების საერთო სურათი
ლამაზი, მშვიდი, წყნარი და ბედნიერი იქნებოდა. პრობლემა, პრაქტიკულად,
არსად იარსებებდა.
და რას გვიამბობს 15 მარტის
„მოამბე
რეგიონები“ და მისი წამყვანი სოფელ კურსებში ჩამოწოლილ
მეწყერსა და მის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე: „სტიქიის ზონაში
საგანგებო შტაბი დაზარალებულების საჭიროებებს სწავლობს, სოფლის
მოსახლეობა ადგილობრივმა ხელისუფლებამ დროებით სასტუმროებში
გადაანაწილა, უკვე მეორე დღეა მათ სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ,
მცირეწლოვნებთან მუშაობს ბავშვთა ფსიქოლოგიც“. ერთი სიტყვით,
ჩამოწოლილი მეწყერის გამო კადრში ნაპრალებად ქცეული მიწის შეწებება და
დანგრეული სახლების გამთლიანება ვერ შეძლეს, თორემ ისე მაქსიმალურად
გაგვილამაზეს რეალობა და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ სტიქიაც კი
ვერ იქცევა უბედურებად, თუკი ქვეყანას ძლიერი და ხალხზე მზრუნველი
მთავრობა ჰყავს. (სხვაობის სანახავად შეგიძლიათ ნახოთ მედია
გამოცემების „მაუწყებელისა“
და „მთის
ამბების” მიერ მომზადებული მასალები.)
3 კვირის შემდეგ, 5 აპრილს, „მოამბე რეგიონები“ ისევ უბრუნდება სოფელ კურსებს და გვამცნობს, რომ „80 ოჯახიდან 58 საკუთარ საცხოვრებელ ადგილს ვეღარ დაუბრუნდება“. მაგრამ არ ცდილობს გაარკვიოს, რა ელით ამ უსახლკაროდ დარჩენილ ოჯახებს? თუკი მათ ეკომიგრანტების სტატუსს მიანიჭებენ, რამდენს მიიღებენ კომპენსაციის სახით სახელმწიფოსგან (30 000-დან 50 000 ლარამდეა გათვალისიწინებული ) და რას შეძლებენ ამ თანხით? მაგრამ გადაცემის მიზანი არ არის დაზარალებული ადამიანების მომავალთან დაკავშირებით დასვას კითხვები, მათი მიზანია მაყურებელს აუწყონ, რომ „უსახლკაროდ დარჩენილები პირველ ეტაზე სასტუმროებში დააბინავეს, მათი დიდი ნაწილი ახლა ქირით ცხოვრობს, ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს“.
როგორც ზემოთ გითხარით, სტიქია რომ არა, „მოამბე
რეგიონების“ მთავარი თემები უფრო სასიამოვნო საკითხებს ეხება: „გემო
ფესტი მესტიაში“, „ფრირაიდის კვირეული საქართველოში“, „ლამპრობა
მულახში“, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა კახეთში“, „ისტორიული
აღმოჩენა რუსთავში“, „ზუგდიდის საბალეტო სკოლის აღსაზრდელები“,
„წარმატებული მუნიციპალური პროექტები“ და ა.შ. ხშირად ამა თუ იმ
საკითხის გასაშლელად სტუდიაში სპეციალური სტუმარიც მოდის და
წარმატებული პროექტების შესახებ აი, ამ სტილში გვიამბობს. (გთხოვთ,
იხილოთ ვიდეო).
29 მარტის გამოშვებაში ვნახეთ ვრცელი სიუჟეტი სახელწოდებით „წარმატებული მუნიციპალური პროექტები“, შემდეგ გადაცემის სტუმარი იყო „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართელობათა ეროვნული ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო რუხაძე, რომელმაც ამ სიუჟეტში მიმოხილულ წარმატებულ პროექტებზე კიდევ უფრო ვრცლად და ამომწურავად ისაუბრა.
„მოამბე რეგიონების“ შემოქმედებით ჯგუფს არ აინტერესებს და ამიტომ მასალასაც არ ამზადებს ხადის ხეობაში, სოფელ წკერეში ჩამონგრეული და ჩამოშლილი სასაფლაოების შესახებ, რომელიც მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის მშენებლობას მოჰყვა. არც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შექმნილი მდგომარეობით ინტერესდება, სადაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი მის სოფლებს უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს. ამ თემებზე ისევ მედია პლატფორმები „მაუწყებელი“ და „მთის ამბები“ მუშაობენ.
კიდევ ერთი მაგალითი იმის საჩვენებლად, რომ „მოამბე რეგიონების“ შემოქმედებითი ჯგუფისთვის მტკივნეული პროექტებიც კი უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. ბათუმის ბულვარში არსებული რამდენიმე ათეული სავაჭრო ჯიხურის, რესტორნის, კაფე-ბარის, კლუბისა თუ მაღაზიის დემონტაჟი რომ მოხდა, პირველად, 1 მარტს, ეს ამბავი ამგვარად გაშუქდა: „ზღვისპირა პარკში უნებართვოდ აშენებული და ვადაგასული საიჯარო ხელშეკრულების პირობებში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მიმდინარეობს. უსახური შენობების დიდი ნაწილი უკვე აღებულია“.
„პირველი არხის“ ჟურნალისტი, რომელიც აზრს მხოლოდ აჭარის
მთავრობის წარმომადგენლებს, ბულვარის დირექტორსა და პარტია „გირჩის“
ბათუმელ წევრს ეკითხება, თამამად აცხადებს, რომ ამ პროცესით
უკმაყოფილო არავინაა.
ცოტა ხანში ონლაინ გამოცემა „ბათუმელებში“ ჩნდება არერთი
პუბლიკაცია, რომელიც გვაჩვენებს, სინამდვილეში, რამდენ პრობლემასთან
არის დაკავშირებული ბათუმის ბულვარში მიმდინარე სამუშაოები: ამისათვის
მხოლოდ სათაურების წაკითხვაც კი საკმარისია.
- „აქამდე რიჟვაძეს და ჩიქოვანს ჰქონდათ ბულვარი გადანაწილებული, ახლა – ცინცაძეს და თამაზაშვილს“
- ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ
- ბათუმის საკრებულო ბულვარის გენგემას ისევ ცვლის – „სან-რემო“ ჩაამატეს
- რა ხდება ბულვარში და ბულვარის გენგეგმაში – დიდი ფულის ძალა 2 ბიზნესის მაგალითზე
- ბულვარში ვისი კაფეები დაანგრიეს და ვისი დატოვეს, ანუ ვისი ურბანული მეხსიერებაა მნიშვნელოვანი
როგორც ჩანს, ამ უკამყოფილების ხმებმა „მოამბე რეგიონების”
შემქმნელებამდეც მიაღწია, ამიტომ 5 კვირის შემდეგ, 5 აპრილს,
გადაწყვიტეს ამ საკითხს დაუბრუნდნენ და ის კითხვები, რომელიც
მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩნდა, ბათუმის მერს
დაუსვან. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ პატივცემულმა
გიორგი ცინცაძემ ყველა ეს ეჭვი, თითქოს რაიმე არასამართლიანად ხდება,
გააქარწყლოს.
თქვენ იკითხავთ და არ დაიჯერებთ, რომ შესაძლებელია,
დღეს, საზოგადოებრივი მაუწყებელის ეთერში გადიოდეს გადაცემა - „მოამბე
რეგიონები“ და იქ, თუნდაც ერთი თვის განმავლობაში, არ მზადდებოდეს
სიუჟეტი, სადაც რომელიმე რეგიონში არსებულ პრობლემებზეა საუბარი. მით
უმეტეს, რომ საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას ყველაზე მეტად უჭირს,
ჯერ კიდევ არაერთი სოფელია გაზიფიცირების გარეშე, ბევრგან არ არის
წყალი, მაღალმთიან სოფლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ისინი
მთელი ზამთრის განმავლობაში მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს. მათ
შორის ამ რეგიონების მაცხოვრებლების მიერ დაფინანსებული „პირველი
არხი“ კი ხან „წრიული რბოლის ჩემპიონატის“ შესახებ გვიამბობს,
ხან კი - გუდაურში აპრილის ხარისხიან თოვლზე.( იხილეთ ფოტო.)
უკანასკნელი თვე-ნახევრის სიუჟეტებს თუ გადაავლებთ თვალს, მხოლოდ ერთი
იმედის მომცემი სათაურია: „ცხოვრება
მაღალმთიან სოფელში“, რომელიც ეთერში 29 მარტს გავიდა და
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების ამბავს მოგვითხრობს.
სიუჟეტის დასაწყისში გვატყობინებენ, რომ ამ რეგიონის მაღალმთიან
სოფლებში „გაზიფიცირება ვერ მოხერხდა“. სიუჟეტის
ავტორის, ჟანა დიდებაშვილის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ აშკარად
ჩანს მცდელობა, მიგვანიშნოს რომ გაზიფიცირების დაპირება არსებობდა,
თუმცა სამწუხაროდ, სიუჟეტი ისე სრულდება, რომ არავის სთხოვენ პასუხს
კითხვაზე - რატომ „ვერ მოხერხდა“?
მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ საბჭოთა წარსულშიც
კეთდებოდა ასეთი „კრიტიკული“ სიუჟეტები, იმისთვის რომ ვინმეს ეჭვი არ
შეჰპარვოდა ქვეყნის აღმშენებლობასა და საკუთარ კეთილდღეობაში. გთხოვთ,
იხილოთ 1987 წელს მომზადებული სიუჟეტი, რომელიც ზესტაფონის რაიონის,
სოფელ შროშაში გახსნილი გრანიტის საამქროს ხმაურით შეწუხებულ
მოსახლეობაზეა და ამ სიტყვებით სრულდება: „აგროსამრეწველო
გაერთიანების თავმჯდომარემ, არჩილ ჭანკვეტაძემ აღნიშნა, რომ საწარმოს
გადატანა და ძირეული ტექნიკური გადაიარაღება მომავალი წლის ბოლოსათვის
არის ნავარაუდევი. დიახ, მხოლოდ ნავარაუდევი. ვარაუდი კი მოგეხსენებათ
გარანტიას სულაც არ ნიშნავს. მის იმედზე ყოფნა საწარმოს კოლექტივსაც
გაუჭირდება და მობინადრეებსაც“. ამგვარ ტექსტს დღევანდელი „მოამბის“
წამყვანისა თუ ჟურნალისტისგან ვერ მოისმენთ.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება არ
ასახავდეს რედაქციის პოზიციას.

