კომუნიკაციების კომისიამ რადიო „მარნეული“ 2025 წლის III კვარტალში, ამერიკული ორგანიზაცია „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) შემოსავლის სახით 32 541.60 ლარის მიღების გამო წერილობით გააფრთხილა.
ComCom-ის დასაბუთებით, „ვინაიდან „დემოკრატიის ეროვნული ფონდი“ (NED) დაფუძნებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგი წარმოადგენს უცხოურ ძალას, ხოლო მისგან მიღებული თანხა - უცხოური ძალისგან პირდაპირ დაფინანსებას“.
კომისია წერს, რომ „აღნიშნული თანხა მიღებული იყო საგრანტო პროექტის ფარგლებში“ და არ წარმოადგენდა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ გამონაკლისს, როგორიცაა კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა ან პროგრამაში პროდუქტის განთავსება.
--------------------------------------
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის 1 აპრილს შეტანილი ცვლილებებით, მაუწყებლებს „უცხოური ძალისგან“ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების (ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის) მიღება აეკრძალათ. აიკრძალა „უცხოური ძალის“ მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა (გარდა კომერციული რეკლამისა და პროდუქტის განთავსებისა) ან/და პროგრამის მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსებაც.
---------------------------------------
რადიო „მარნეულის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, კამილა მამედოვას თქმით, მათ NED-თან პროექტი შეწყვეტილი აქვთ, ეს თანხა კი 4 თვის განმავლობაში 12 ადამიანზე იყო გათვლილი.
„კანონში ცვლილება ზუსტად იმას ეძღვნებოდა, როცა იღებდნენ, რომ რეგიონულმა მედიებმა შევწყვიტოთ მუშაობა. იმიტომ რომ იცოდნენ ყოველთვის, რომ ერთადერთი შესაძლებლობა გვემუშავა არის ის, რომ იყო გრანტები და მათი მხარდაჭერით ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვეარსება, ახლა არის შეწყვეტილი. არანაირი შესაძლებლობა რომ გავაგრძელოთ მუშაობა, არ გვაქვს. არსებობს კომერციული შემოსავალი, რომელიც 3 თვეში ერთხელ 1000 ლარს არ აჭარბებს და ამითი მინიმალური გუნდის შენახვაც კი შეუძლებელია“, - ამბობს მამედოვა „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
კომუნიკაციების კომისიამ რადიო „მარნეული“ 2025 წლის ოქტომბერში „დოიჩე ველესგან“ შემოსავლის სახით 7 821.60 ლარის მიღების გამოც გააფრთხილა და „უცხოური ძალისაგან“ დაფინანსების მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა დაავალა.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ამავე მუხლის დარღვევისთვის გააფრთხილა და „უცხოური ძალისგან“ დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა რადიომაუწყებლებსაც: „რადიო-ტვ ნორი“, „სისტემა გამა“ [რადიო „პოზიტივი“] და ტელემაუწყებლებს: „ფორმულა“, „ფორმულა მულტიმედია“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ კვლევის - „კანონები სიტყვის წინააღმდეგ“ მიხედვით, ამგვარი შეზღუდვა მაუწყებლებს იმ მნიშვნელოვან რესურსზე წვდომის გარეშე ტოვებს, რომელიც, შესაძლოა, გამოყენებული იყოს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების, საგამოძიებო შესაძლებლობებისა და ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად: „შესაბამისად, აკრძალვა იწვევს მაუწყებლების, გაერთიანებების, გამოხატვის თავისუფლების დარღვევას და არის გაუმართლებელი ბარიერი მათი საქმიანობისთვის“.

