ტრავმის ჩრდილი
29.07.2015
გამოგიტყდებით, ძალიან გამიჭირდა წერა 13 ივნისის ტრაგედიაზე, უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა ამ ამბიდან და ვგრძნობ, რომ თავს ვარიდებ ფიქრს, ფოტოებს, რომელიც აქა-იქ ისევ გამოჩნდება ხოლმე სოციალურ მედიაში, ხოლო როცა კატასტროფის ზონაში გავლა მიწევს, მზერა სხვაგან გადამაქვს. არ ვიცი კიდევ რამდენი ადამიანია ჩემსავით. ამ მდგომარეობაზე ჩემი უცხოელი კოლეგის სიტყვები მახსენდება - გადატანილი ტრავმა ძალიან ჰგავს ადამიანის და მისი ჩრდილის „კავშირს“, რაც უფრო ცდილობ გაექცე შენსავე ჩრდილს მით უფრო იზრდება და „იწელება“ იგი, ხოლო რაც უფრო უახლოვდები - პატარავდება და ბოლოს ქრება კიდეც... ასევეა გადატანილ ტრავმასთან ჩვენი დამოკიდებულებაც, რაც უფრო თავს არიდებ, მით უფრო იზრდება მისი ზემოქმედება და ზიანი, ხოლო თუ გაბედავ და თვალს გაუსწორებ, შეგიძლია მოერიო კიდეც. ხშირად ამისთვის სპეციალისტის დახმარებაა საჭირო.

ჟურნალისტები კატასტროფაზე აღარ წერენ. ხელისუფლების მისამართით კი ხშირად ისმის საზოგადოების გულისწყრომა, დაზარალებულები თავს მიტოვებულად გრძნობენ, ამბობენ, რომ დაპირებები არ სრულდება, ამასწინათ Facebook -ის მომხმარებელმა ფოტო გადაიღო და გამოაქვეყნა ადგილი, სადაც წყალდიდიობის კვალი ჯერაც არავის „წაუშლია“.

კრიზისის პერიოდში საზოგადოების ცხოვრებას თავისებური დინამიკა აქვს, მეცნიერებმა ის რამდენიმე ეტაპად დაყვეს:

მოულოდნელად თავსდამტყდარი მოვლენა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს განადგურებით ემუქრება პირველ ეტაპზე, ე. წ. ჰეროიკულ ფაზაში განსაკუთრებული ამოცანების წინაშე გვაყენებს - ამ დროს მთელი ძალისხმევა მიმართულია დამანგრეველი ეფექტების თავიდან აცილებაზე, გადარჩენაზე. ფაქტია, რომ სწორედ ამ მომენტში სამაშველო ოპერაციებს გადამწყვეტი როლი ენიჭებათ, მაგრამ რას უნდა აკეთებდეს მედია, რა ამოცანა დგას მის წინაშე? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა თუ რა სჭირდებათ ადამიანებს სტიქიის ზონაში და მის გარეთ? პასუხი კი ასეთია: უსაფრთხოება, საკვები, წყალი, თავშესაფარი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ცხადია, მედიას არ შეუძლია ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს, თუმცა ერთადერთი ამოცანა რაც მის წინაშე დგას, ესაა აჩვენოს კატასტროფის რეალური სურათი, ადამიანებს მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია - სადაა საფრთხე? იღებენ თუ არა სტიქიის ზონაში მყოფები საჭირო დახმარებას? მობილიზებულია თუ არა სამაშველო სამსახურები ? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა, რადგან ჟურნალისტი, რომელიც თვითონაც სტიქიის ზონაში მუშაობს, ერთდროულად რამდენიმე გამოწვევის წინაშე დგას - მან უნდა იფიქროს ადამიანის საჭიროებების ჩვენებაზე, რომელიც სიცოცხლისათვის იბრძვის და ადამიანზე, რომელიც ამას ყველაფერს უყურებს პირდაპირ ეთერში. ამ დროს, სურათის დრამატიზებას, მაყურებლისთვის ე. წ. პარადოქსული სიამოვნების მინიჭებას ან პირიქით, შელამაზებას და შემსუბუქებას (იმ აზრით, რომ არ დათესო პანიკა მოსახლეობაში) სტიქიის მსგავსად, შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს. წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა 2015 წლის 13 ივნისს ადამიანებს რომ არ სცოდნოდათ რამდენად მასშტაბურია წყალდიდობა სტიქიის ზონაში, ან 14 ივნისის დილას არ სცოდნოდათ ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველების შესახებ, ან რა მოხდებოდა ვინმეს პირდაპირ ეთერში რომ ენახა როგორ მიაქვს წყალს მისი ახლობელი?

კრიზისის შემდეგი ეტაპია ე. წ. თაფლობისთვე (გრძელდება ერთი ან რამდენიმე კვირა) , როცა კატასტროფის შედეგად დაზარალებულები საზოგადოების, ჰუმანიტარული დახმარების სისტემების, სოციალურ სერვისების ყურადღებისს ცენტრში ექცევიან, როცა მთელი სამყარო მზადაა მათ დასახმარებლად და მხარდასაჭერად, რაც დაზარალებულებში და ზოგადად საზოგადოებაში, იმედის და რწმენის განცდების ატქუალიზებას იწვევს. საინტერესოდ წარიმართა ეს ეტაპი 13 ივნისის კატასტროფის შემდგომ - თბილისში გამოჩნდნენ მოხალისე ახალგაზრდები, რომლებმაც წარმოუდგენელი სოლიდარობა გამოხატეს, როგორც დაზარალებული ადამიანებისადმი, ასევე საკუთარი ქალაქისადმი.

რა ხდებოდა ამ დროს მედიაში, რომლის მთავარ ამოცანად ამ ეტაპზეც კვლავ უნდა დარჩეს სტიქიის შედეგების ზუსტი სურათის და საქველმოქმედო აქტივიზმის ჩვენება? ქართული ბეჭდური, სოციალური და ელექტრონული მედია მთლიანად შთანთქა ტრავმირებული ადამიანების ბუნებრივი აღდგენის პროცესში ამ ეტაპისათვის დამახასიათებელმა, წამყვანმა ემოციამ - ბრაზმა და ბრაზის ვექტორის სამიზნე გახდა ტრაგედიაში ბრალდებულის - დამნაშავის ძიება, რომელიც ხან ზარების გადამდნობი ჩვენი წინაპარი აღმოჩნდა, ხან ზოოპარკის დირექტორი, ხან წინა და ხანაც ახლანდელი მთავრობა, მედიამ ვერ/ ან არ გაუძლო ცდუნებას და პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში გადაიტანა საზოგადოებაში მანიფესტირებული ბრაზის მუხტი, რაც კარგად გამოჩნდა იმ პერიოდის ტოქ -შოუებსა და საინფორმაციო გამოშვებებში, მედიამ ვერც პარადოქსული სიმოვნების ცდუნებას აარიდა თავი და სტიქიის შედეგად დაღუპულთა პირადი ისტორიებით, დაკრძალვისა და პანაშვიდის კადრებით, სტიქიის შემსწრე ადამიანებით, განსაკუთრებით ბავშვებით, მანიპულირება დაიწყო.

სტიქიის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, მედიამ კი თავისი ისტორიების გმირად 5 ულამაზესი ახალგაზრდა აირჩია, ისე, რომ დანარჩენ დაღუპულთა სახელები და გვარებიც კი არ ვიცით.

კრიზისის შემდეგი ფაზა, ე. წ. გულგატეხილობის ფაზა ყველაზე მძიმე და მწვავე ემოციების ფონზე მიმდინარეობს, ამ დროს დაზარალებული ადამიანები მთელი სიმძაფრით აცნობიერებენ დანაკარგს იმის პარალელურად, რომ ჰუმანიტარული მხარდაჭერის მუხტი იკლებს, რადგან ცხადია, ის ვერ იქნება მარადიული. მოხალისეთა აქტივობაც ეცემა და მაშინ, როცა საზოგადოება ჩვეული რიტმით აგრძელებს ცხოვრებას, დაზარალებულთა წინაშე იშლება მატერიალური თუ სულიერი პრობლემების მთელი სპექტრი, რომელთა დასაძლევად მათ შინაგანი რესურსები ხშირად არ გააჩნიათ. ეს არის პერიოდი, როდესაც სოციალური სერვისების, მხარდამჭერი ქსელის გაქტიურებას გადამწყვეტი როლი ეკისრება, მთავარი გამოწვევა არის, რომ ადამიანებმა არ დაკარგონ იმედი, არ შეწყვიტონ ფუნქციონირება, არ მოხდეს მათი ვიქტიმიზაცია.

დღეს ჩვენ კრიზისის ამ ეტაპს გავდივართ და მედიაში სულ უფრო იშვიათია მასალები, სადაც ჩანს დაზარალებულთა მდგომარეობა, ბევრი კითხვაა - სად არიან ისინი დღეს? რა რესურსები გამოიძებნა მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად? როგორ მიდის აღდგენითი სამუშაოები? როგორია მთავრობის, ადგილობრივი და უცხოელი დონორების მხარდაჭერა დაზარალებულებისადმი? რა დაპირებები შესრულდა? რა არ შესრულდა? და ა. შ. სამწუხაროდ, დღეს მედია ვერ ასრულებს ამოცანას საზოგადოებასთან ერთად აკონტროლოს, როგორ ხარჯავს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, დაზარალებულთა დასახმარებლად და როგორ მუშაობენ სოციალური სამსახურები.

სწორედ ახლაა დრო დისკუსიისათვის, ანალიზისათვის, შეფასებისათვის, ჟურნალისტური გამოძიებისათვის, დღეს შეიძლება გაეცეს რაციონალური პასუხი, შეკითხვას - შეგვეძლო ტრაგედიის თავიდან აცილება? სამწუხაროდ, ეს თემა დღევანდელი მედიისათვის არააქტუალური და მოძველებულია, შეიძლება მარკეტინგულად არამომგებიანიც.

სამწუხაროდ, მედია არ არის ჩვენი საზოგადოების საიმედო პარტნიორი.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გადავლახავთ და აუცილებლად დავინახავთ სინათლეს გვირაბის ბოლოს, რადგან სადაც ტკივილია - იქ არის მისი ატანის ძალა და სიმამაცე.

თეგები : ტრაგედიების გაშუქება ;
ბლოგის ავტორი : მაია ცირამუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ