ინფორმაცია საზოგადო სიკეთეა - ეს მედიის პასუხისმგებლობაა
03.05.2021
მსოფლიო პრესის თავისუფლების დღის წლევანდელი დევიზია, „ინფორმაცია საზოგადო სიკეთეა“. იუნესკო ამ დევიზით წელს გადამოწმებული და სანდო ინფორმაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. „თავისუფალ პროფესიონალ ჟურნალისტებს საკვანძო როლი აქვთ გადამოწმებული და სანდო ამბების გავრცელებაში, რომ ყალბ და მავნე ინფორმაციას ებრძოლონ“, - წერს იუნესკოს გენერალური დირექტორი ოდრი აზულაი.

ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა მედიის ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ყველა მხრიდან გვესმის სიტყვები „პოლარიზაცია“, „ყალბი ამბები“, „დეზინფორმაცია“ და ა.შ. ასობით კამპანია იწყება და მთავრდება ამასთან საბრძოლველად, თუმცა პრობლემა ჯერ ისევ მწვავეა.

როდესაც ყალბ ამბებთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ხშირად აღვნიშნავთ, რომ საჭიროა, ხალხმა ინფორმაციის გადამოწმება ისწავლოს. ვცდილობთ, მეტი ვილაპარაკოთ ინფორმაციის გადამოწმების გზებზე, სხვადასხვა სანდო წყაროს გამოყენებაზე, ყალბი ამბების გამავრცელებლების აღმოჩენაზე და ა.შ. ხანდახან ისეთი შეგრძნებაც კი ჩნდება, რომ დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ყველაზე დიდ პასუხისმგებლობას აუდიტორიას ვაკისრებთ.

იუნესკოს პრესის თავისუფლების დღის წლევანდელი დევიზი შესანიშნავად ჟღერს, თუმცა თუ „ინფორმაცია საზოგადო სიკეთეა“, პირველ რიგში, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, ვის ხელშია ეს სიკეთე და როგორ იყენებს მას. ვინ ქმნის და ავრცელებს ინფორმაციას; როგორ ავრცელებს მას და რა გზებს პოულობს აუდიტორიამდე მისაღწევად?

ერთია, რამდენად ღირებულ და სანდო ინფორმაციას ავრცელებ და მეორეა, ვის სწვდება შენი ხმა. დღეს, ინტერნეტისა და სოციალურ ქსელის ეპოქაში, ინფორმაციის გავრცელება, ერთი შეხედვით, ყველაზე მარტივი გახდა, თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ დიდი საინფორმაციო ნაკადი სულაც არ ნიშნავს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.

ჩვენი აუდიტორია რიცხვებად იქცა და ასობით და ათასობით მაყურებელი, მსმენელი თუ მკითხველი ჩვენს ციფრულ მთვლელებზე ყალბ წარმოდგენას გვიქმნის ჩვენი ინფორმაციის გავრცელების მასშტაბებზე.

მედიის პასუხისმგებლობაა, დაფიქრდეს, ხომ არ ჩაიკეტა ამ ბოლო დროის ყბადაღებულ სიტყვაში, „ბაბლში“, ანუ ბუშტში, ანუ ერთგვარ ჩაკეტილ წრეში. ხომ არ არის დრო, დავფიქრდეთ იმ ადამიანებზე, რომლებიც უნებლიედ ამ ბუშტს მიღმა დარჩნენ: ადამიანებზე, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და არ აქვთ წვდომა ინტერნეტზე. ან წვდომა აქვთ, თუმცა არ იციან, სად მიაგნონ კარგ ინფორმაციას. ან მათ, ვისი მთავარი სალაპარაკო ენა ქართული არ არის, ან მეტიც, იმ ადამიანებზე, ვისაც ფიზიკური შესაძლებლობების გამო არ მიუწვდება ხელი ინფორმაციაზე.

თუ გვინდა, რომ ინფორმაცია ჭეშმარიტად საზოგადო სიკეთე გახდეს, მაშინ ჩვენ უნდა მივიდეთ საზოგადოებასთან, ვესაუბროთ მათ, გავაცნოთ თავი. ოღონდ ვესაუბროთ არა კონფერენციებიდან, ონლაინ კამპანიებიდან ან სოციალურ ქსელში დარეკლამებული პოსტებიდან, არამედ - პირდაპირ, უშუალოდ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრად რთული გზაა, თუმცა, როგორ შეიძლება შენი ხმა მიაწვდინო ადამიანებს, თუ არ იცი, რა სჭირდებათ მათ, რა აკლიათ, რას ეძებენ, ან რას ელიან მედიისგან? ან იქნებ წლების განმავლობაში მათ მედიაზე არასწორი წარმოდგენა შეექმნათ და ხომ არ მოვიდა დრო, პირდაპირ ვაჩვენოთ მაგალითი იმისა, თუ რა არის კარგი და სანდო ჟურნალისტიკა.

ორჯერ ორი ოთხია - ინფორმაცია საზოგადო სიკეთეა, დეზინფორმაცია - დიდი პრობლემა. თუმცა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, მედიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და არა მისმა მომხმარებელმა.

ავტორი : გიორგი გოგუა;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ