„ბათუმელებმა“ „მედიისა და წიგნიერების კლუბში“ ბავშვების მიღება დაიწყო
05.11.2025

„ბათუმელებმა“ ახალი პროექტი - „მედიისა და წიგნიერების კლუბი ბავშვებისა და მოზარდებისთვის“ დაიწყო. საბავშვო მედიასკოლა და წიგნიერების კლუბი მეოთხე, მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი.

როგორც გამოცემა წერს, მედიაკლუბის მსმენელები თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ სტუდიაში შეისწავლიან: ფოტოჟურნალისტიკის საბაზისო უნარებს, მონტაჟის საბაზისო უნარებს, დრონთან მუშაობას, ამბის ვიზუალური თხრობის უნარებს, ინტერვიუს მომზადებისა და ჩაწერის პრაქტიკას, რედაქციის გამოცდილ ჟურნალისტებთან ერთად ველზე მუშაობის უნარებს. 

მედიის კლუბში მსმენელები ინდივიდუალურ და ჯგუფურ მედიაპროდუქტებს მოამზადებენ. შეხვედრები კი კვირაში ორჯერ, არასასკოლო საათებში გაიმართება. 

„წიგნიერების კლუბში ბავშვები: გამოიმუშავებენ წიგნის კითხვის უნარებს, გამოიმუშავებენ კრიტიკული აზროვნების უნარებს, გაანალიზებენ მცირე და საშუალო მოცულობის ტექსტებს, ნახავენ და გაარჩევენ კინემატოგრაფისტების მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმებს, ისწავლიან საჯარო გამოსვლისა და აუდიტორიასთან კომუნიკაციის ხერხებს, მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანული მოდელით ორგანიზებულ დებატებში. 

მედიასკოლა და სამოქალაქო განათლების კლუბში ჩამოყალიბდება 3 ასაკობრივი ჯგუფი: მეოთხე, მეხუთე, მეექვსე კლასის ბავშვებისთვის. შეხვედრები გაიმართება კვირაში ერთხელ, არასასკოლო საათებში. შეხვედრა გაგრძელდება 1.5 საათს (10-წუთიანი შესვენების ჩათვლით).

მედიისა და წიგნიერების კლუბი თვეში ერთხელ სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს უმასპინძლებს განათლების, ბიზნესის, იურისპრუდენციის, სოციალური მეწარმეობის, კულტურის, მენეჯმენტის, არქიტექტურის, სტუმარმასპინძლობის და სხვა სფეროებიდან“, - წერს გამოცემა. 

მედიასკოლას „ბათუმელების” თანამშრომლები გაუძღვებიან, წიგნიერების კლუბს – სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, მალხაზ ჭკადუა. მედიისა და წიგნიერების კლუბში გაწევრიანება ფასიანია, კლუბის დასრულების შემდეგ კი გაიცემა სერტიფიკატები. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ