Emerging Voices ჰაკათონისთვის საგამოძიებო იდეების მიღება 4 ოქტომბერს სრულდება
30.09.2026

საქართველოს უნივერსიტეტის „საგამოძიებო მედია ლაბი“ (IML) სტუდენტებისა და მოქმედი ჟურნალისტებისთვის შავი ზღვის თემატიკაზე საგამოძიებო იდეების (პიჩების) კონკურსს მართავს. მასში მონაწილეობის მსურველებს განაცხადების გაგზავნა 4 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. 

ორგანიზატორების ცნობით, იდეა უნდა უკავშირდებოდეს შავ ზღვას და ეფუძნებოდეს მკაფიო საგამოძიებო ჰიპოთეზას - საკითხს, რომლის გადამოწმებასაც ავტორი კონკრეტული წყაროებითა და მტკიცებულებებით გეგმავს. ის წერილობით, ინგლისურ ენაზე უნდა მომზადდეს და არ უნდა აღემატებოდეს 800 სიტყვას. 

IML-ი კონკურსანტებს სთავაზობს სასურველ თემატურ მიმართულებებსაც, რომლებიც სარეკომენდაციოა და არა სავალდებულო:

• ზღვა და სანაპირო ზეწოლის ქვეშ - დაბინძურება, ნარჩენები, ჩამდინარე წყლები, ეროზია და ეკოსისტემები.

• თევზჭერა და კვების ინდუსტრია - თევზჭერის პრაქტიკა, კვოტები, ლიცენზიები, უკანონო/აღურიცხავი თევზჭერა და პროდუქტის უსაფრთხოება.

• კლიმატი, ბუნებრივი საფრთხეები და სანაპიროს მდგრადობა - წყალდიდობები, მეწყრები, სანაპიროს ეროზია, კლიმატური რისკები და ნაპირდამცავი ინფრასტრუქტურა.

„საგამოძიებო მედია ლაბი“ შესული განაცხადებიდან 9 საუკეთესო იდეას შეარჩევს, რომლებსაც ფინალისტები მენტორებთან ერთად დაამუშავებენ და Open Black Sea 2026-ზე, შავი ზღვის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფესტივალზე საერთაშორისო ჟიურის წინაშე წარადგენენ. 

გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდებიან და მიიღებენ 3-თვიან სარედაქციო მხარდაჭერას IML-ისა და „ბათუმელების“ გუნდისგან იდეების სრულფასოვან საგამოძიებო მასალებად ქცევისთვის. 

Emerging Voices - საგამოძიებო იდეების ჰაკათონი Open Black Sea ფესტივალზე 9-10 ოქტომბერს გაიმართება. ეს ფესტივალი შავი ზღვის რეგიონის 6 ქვეყნის: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, ბულგარეთი, თურქეთი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის წარმომადგენლებს უმასპინძლებს. მის ფარგლებში ხელი მოეწერება დეკლარაციასაც შავი ზღვის აუზის ქვეყნების საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელის დაფუძნების შესახებ. 

Open Black Sea 2026-ის მთავარი თემაა: From Crisis to Solutions - An Investigative Path to Survival and Renewal.  



კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ