„სანამ „კავკასიაში“ სამუშაოდ მოვიდოდი, მისი მაყურებელი ვიყავი. მაშინ ტელევიზიის ოფისი რუსთაველზე, ავიასალაროების შენობაში იყო. საინფორმაციო გამოშვების წამყვანები უზარმაზარ ვიტრაჟთან ისე ისხდნენ, რომ ფონად რუსთაველზე მოსიარულე ხალხი ჩანდა. მე ეს სულ ინკრუსტაცია მეგონა, სანამ გამვლელი ბავშვები არ დაიჭყანენ და ეთერში ეს არ გამოჩნდა“.
ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი და დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი ამ ინტერვიუში გვიყვება, რა გზა გაიარა ტელევიზიამ დაარსებიდან დღემდე და როგორი იყო ბოლო 32 წლის მანძილზე სხვადასხვა ხელისუფლების დამოკიდებულება მედიის მიმართ.
„კავკასია“ 1994 წლიდან, ანუ იმ პერიოდიდან მაუწყებლობს, როდესაც საქართველოში დამოუკიდებელმა ტელემედიამ დაიწყო არსებობა. ნინო არხზე სამუშაოდ 1996 წლის დასაწყისში მივიდა. მას ისტორიული ფაკულტეტი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ტელერეჟისორობაზე ოცნებობდა. „კავკასიაშიც“ სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თუმცა ტელევიზიაში მისვლისთანავე აღმოაჩინა, რომ ჟურნალისტობაც გამოსდიოდა.
„იმ პერიოდში „კავკასიაზე“ რაღაც გასართობი
გადაცემაც კი გადიოდა. მაშინაც კი ის გადაცემები ძალიან დაუხვეწავად
მეჩვენებოდა, მაგრამ ახლა ვუყურებ Tik-Tok ვიდეოებს, რომელიც ყველაზე
პოპულარულია და სწორედ მაშინდელი გასართობი გადაცემები მახსენდება.
თითქოს, რაღაც წრეზე დავტრიალდით, ახლაც ეს შეულამაზებელი, უხარისხო,
კუსტარული სანახაობაა ყველაზე ყურებადი. მაშინ კი, მით უმეტეს, ახალი
იყო ეს ყველაფერი. ხალხი მიჩვეული იყო საბჭოთა, დავარცხნილ, გაშეშებულ
დიქტორებს თავიანთი საბჭოთა პროპაგანდისთვის ჩვეული ტონით. ამიტომ
კამერა რომ უკუღმა დაგეყენებინა, ეს უკვე სიახლე იყო და ყველას
იზიდავდა“.
თავი I. 90-იანი
წლების მედია. „მოქალაქეთა კავშირისა“ და ედუარდ შევარდნაძის
პერიოდი
90-იან წლებში რა მედიაც გაიხსნა, ყველას დამფუძნებელი ენთუზიასტი იყო. ისინი შეეჭიდნენ ისეთ საქმეს, რაც მაშინ ექსპერიმენტი, ერთგვარი თავგადასავალი იყო. მანამდე ხომ სულ 2 ტელევიზია: ადგილობრივი და საკავშირო „პირველი არხი“ არსებობდა. არანაირი რეგულაცია არ იყო, არანაირი კანონი. თუ ტელევიზიის გახსნა გინდოდა, უნდა მისულიყავი კავშირგაბმულობის სამინისტროში და მოგეპოვებინა ლიცენზია. მაშინ გახსნილი ტელევიზიებიდან უმეტესობა მალევე დაიხურა. შეიძლება ითქვას, რომ „კავკასია“ ერთადერთია, რომელმაც დღემდე მოაღწია.
ეს იყო ქაოსის და ამავე დროს, შესაძლებლობების პერიოდი.
რთულიც იყო. ხან სოსო ალავიძე გვცემდა, ხან - თემურ მღებრიშვილი…
იყვნენ ე.წ. „ატსტუპნიკები“, საბჭოთა ბანკების მეანაბრეები,
ზვიადისტები და უამრავი სხვა ჯგუფი, რომლებიც აქციებს აწყობდნენ.
ცხადია, ჩვენც დავყვებოდით ამ აქციებს და ამიტომ ხან ვისთან ერთად
გვირტყამდნენ და ხან - ვისთან ერთად. მაგრამ სწორედ იმ პერიოდში,
90-იანი წლების მეორე ნახევარში, ნელ-ნელა მედია უკვე ხდება
ანგარიშგასაწევი ძალა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერეს მედიის
მნიშვნელობა, მიხვდნენ, რომ ის პოლიტიკური იარაღია და სწორედ მაშინ
დაიწყო მედიისა და ჟურნალისტებისთვის ბრძოლა. ეს არის მთავარი,
90-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყო ის, რაც ქართული მედიის წყევლად
იქცა და დღემდე მოგვყვება. მაშინ დაიწყო სწორედ ჟურნალისტების
მოსყიდვა, კონვერტებით 500 დოლარის დარიგება…
როგორ, რა
საფუძვლით რიგდებოდა ეს კონვერტები?
- არ ვიცი, მართალი გითხრა, მე არასდროს ამიღია ეს კონვერტი და ამიტომ არც ვიცი, რა საბაბით აძლევდნენ ამ ფულს, რისთვის იყო ან რა ერქვა. ეს მედიის გულის მოგების ერთადერთი ფორმა არ იყო, იყო ჯგუფი მმართველ ელიტაში, ვინც მაგალითად, ჟურნალისტების ნაწილს უჩენდა განცდას, რომ ისინი რაღაც დიდს, დიდ რეფორმებს ემსახურებოდნენ და მათ თანამოაზრეებად, თავიანთი „კლუბის“ ნაწილად აქცევდნენ და ამით უბრალოდ ადვილად მანიპულირებდნენ. მაშინ ასე პირდაპირ იყო ეს აღებ-მიცემობა. არ მიყვარს ამაზე ბევრი ლაპარაკი, ისე არ გამოვიდეს, რომ საკუთარ თავს ვაქებ, უბრალოდ გადამწყვეტი როლი ითამაშა იმან, რომ უმართავი ადამიანი ვარ, ჯიუტი და როდესაც ვატყობდი, რომ ჩემთანაც ასეთი მოსყიდვის მიზნით მოდიოდნენ, საშინელი პროტესტი მიჩნდებოდა. ადამიანური ფაქტორი იყო, საშინლად ჯიუტები ვიყავით მეც და დათოც [აქუბარდია], ამიტომ ვერ დავიდგით ეს უღელი.
მაშინდელი სარეკლამო
ბაზარიც არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ პოლიტიკური ძალისგან
დამოუკიდებლად, ტელევიზიას სრულყოფილად ეარსება, როგორ გაუძელით იმ
პერიოდს?
- კი, ეს იყო უკიდურესად ღარიბი ქვეყანა, ტელევიზიებში „ოქროს თასის“ და ფინანსური „პირამიდების“, სხვადასხვა თაღლითური კომპანიების რეკლამები იდებოდა მხოლოდ. სწორედ 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო სარეკლამო ბაზარმა ნელ-ნელა ჩამოყალიბება. დღე და ღამე ვშრომობდი, დავდიოდი კარდაკარ და ვთქვათ, რომელიმე საავადმყოფოს, თუ ახლად გახსნილ საწარმოს ვეუბნებოდი, რომ დაგიმზადებ კლიპს, მოკლე ფილმს, სიუჟეტს… მოკლედ, ვთავაზობდი მომსახურებას და ასე ვშოულობდით საარსებო მინიმუმს ტელევიზიისთვის.
მაშინდელ ხელისუფლებასთან ცხადია, კარგი ურთიერთობა არ გვქონდა, მით უმეტეს, რომ სულ რაღაც იარლიყებს გვაკერებდნენ, ხან ზვიადისტების, ხან ექსტრემისტების, დათოს პუტჩისტსაც კი ეძახდნენ, იმისათვის რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ. სხვადასხვა სახით გვავიწროვებდნენ, მაგრამ ამავე დროს თანამშრომლობასაც ცდილობდნენ. ერთხელ იყო ასეთი სიტუაცია, დათო [აქუბარდია] დაიბარეს და უთხრეს, რომ შემოსულია ძალიან დიდი გრანტი, თუ დაინტერესებულები ხართ, შეგიძლიათ, თქვენც აიღოთ ეს ფულიო. 300 000-დოლარიანი გრანტი აღმოჩნდა, რომელიც მაშინ უზარმაზარი თანხა იყო. დათოს გამოატანეს ფურცლების დიდი დასტა, საგრანტო ფორმა, რომელიც უნდა შეგვევსო და უკან გაგვეგზავნა. ამ ე.წ. აპლიკაციაში რომ ჩავიხედე, ვხედავ, სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხება და მედიაზე არაფერია, მაშინვე ვუთხარი დათოს, რომ ამ აპლიკაციას არ შევავსებდი, რადგან ეს მედიას არ ეხებოდა. იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ფორმითაც ცდილობდნენ ჩვენთან „დამეგობრებას“.
თავი II. მედია
2004-2012 წლებში. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ
სააკაშვილს პერიოდი
მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც ვაშუქებდით მათ რეფორმებს, მიხეილ სააკაშვილიც ჩვენი ტელევიზიის ხშირი სტუმარი იყო და ცხადია, „ვარდების რევოლუციასაც“ აქტიურად ვაშუქებდით, ჩვენ მაინც არ ვიყავით ახალი ხელისუფლების ფავორიტი მედიების სიაში. ამიტომ კი, გვებრძოდნენ, მაგრამ რაღაც მომენტში შეეგუენ ჩვენს არსებობას, რადგან სუსტები ვიყავით.
90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო აქტიურად პოლიტიკური ფულის ტელევიზიებში ჩადება და ტელევიზიებმაც დაიწყეს გაძლიერება. ფრიდონ ინჯიას თავისი ტელევიზია „იბერია“ ჰქონდა, ვანო ჩხარტიშვილს თავისი - „მზე“, [ბადრი] პატარკაციშვილს - „იმედი“, მიშას [სააკაშვილი] - „რუსთავი 2“ და ა.შ. მილიონობით ინვესტიცია იდებოდა ამ ტელევიზიებში და არც ერთი მათგანი არ იყო ბიზნესმოდელზე გათვლილი, ყველა პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყო ჩაფიქრებული. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის სწორედ ის წყევლა, რომელიც ქართულ ტელემედიას დღემდე მოჰყვება და რის გამოც ტელევიზია ვერასდროს იქცა ბიზნესად. წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაზე მაღალრეიტინგული, მაღალხარჯიანი ტელეკომპანიები დღემდე დოტაციაზე არიან დამოკიდებულები, დღემდე ვერ ინახავენ საკუთარ თავს, რადგან ვერ განვითარდნენ როგორც ბიზნესი. სწორედ იმ 90-იანი წლების მეორე ნახევარსა და 2000-იანების დასაწყისში გადაწყდა, რომ ქართული მედია ვერასდროს ყოფილიყო დამოუკიდებელი.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არასდროს არც ერთი პოლიტიკური ძალის ინსტრუმენტი არ ვყოფილვართ, ყოველთვის ვცდილობდით გვეკონტროლებინა ჩვენი ხარჯები. ვცდილობდით, რომ ხარჯი არასდროს გასცდენოდა შემოსავალს, ამან ჩვენ მოგვიტანა და შეგვინარჩუნა დამოუკიდებლობა, მაგრამ არ მოგვცა განვითარების საშუალება. ამიტომ საინფორმაციო გამოშვებისა და პოლიტიკური ტოქშოუს მეტს ვერაფერს ვაწარმოებდით. თუმცა, ამით არ დავკომპლექსდით და არ ვდარდობდით იმაზე, როგორ ტელევიზიად მიგვიჩნევდნენ სხვები. კი, რა ქვეყანაც ვართ, ის ტელევიზია ვართ ჩვენც. კახა ბენდუქიძე ეუბნებოდა ხოლმე სტუდენტებს, რომ „კავკასია“ არის რეალურ ბიზნესმოდელზე აგებული და საქართველოში ტელევიზია უნდა იყოს სწორედ ასეთი, შეიძლება ოდნავ უკეთესი ხარისხით, მაგრამ ასეთი, ბაზრის შესაბამისიო. დანარჩენი პრიალა ტელევიზიები, საქართველოს სარეკლამო ბაზრის ადეკვატური არ არის. შეუძლებელია, რომ ჩვენი ტელევიზიის თანამშრომლებს ჰქონდეთ ისეთი ხელფასი, რამდენიც საერთაშორისო წამყვან ტელევიზიებში აქვთ. ერთი სიტყვით, ამ ქვეყნისა და ბაზრის ადეკვატურად ვაგრძელებდით არსებობას.
კი, სირთულეები იყო და იმ მწირ შემოსავლებსაც გვიკეტავდნენ ხშირად, ხელსაც გვიშლიდნენ, ბიზნესს რეკლამის მოტანას უკრძალავდნენ, საკაბელო ტელევიზიებიდან „კავკასიის“ ამოღებას ითხოვდნენ, პრობლემებს გვიქმნიდნენ საკანონმდებლო დონეზე და ა.შ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან და „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი კონტექსტიდან, უკვე მერიდება კიდეც ამაზე ლაპარაკი. თურმე ის ყველაფერი რაღაც მხიარული თავგადასავლები იყო. მაშინ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობაში მეც ვმონაწილეობდი და თუკი დავამტკიცებდი, რომ მართალი ვიყავი, ჩემი ინიციატივების გატანაც შემეძლო. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს არსებობდა ბერკეტები, რაც დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, თუკი ბიზნესს გადაუკეტავდნენ გზას, მე დონორებისა და მათი გრანტების საშუალებით გადარჩენა შემეძლო. ეს იცის ივანიშვილმა და ამიტომ იღებს ცვლილებებს „გრანტების შესახებ“ კანონში, ამიტომ გვაიძულებს აგენტებად დარეგისტრირებას და გადარჩენის ყველა გზას გვისპობს. სააკაშვილი ამას ვერც გაბედავდა და ვერც იზამდა, მან ზუსტად იცოდა, რომ მსგავსი საქციელი საქართველოს დასავლეთის სივრციდან სამუდამოდ გარიყავდა.
კიდევ ერთს გავიხსენებ, ერთხელ ანძიდან გაგვთიშეს, იმ პერიოდში ეკონომიკის მინისტრი კახა ბენდუქიძე იყო, ანძა ამ სამინისტროს ექვემდებარებოდა. მაშინ კახამ დაგვიბარა მე და დათო [აქუბარდია], დიდხანს ვილაპარაკეთ, ავუხსენით ჩვენი მდგომარეობა და იმის მერე ანძაზე პრობლემები მოგვეხსნა. იმის თქმა მინდა, რომ სააკაშვილის მმართველობის პირობებში არსებობდნენ ადამიანები, ვისაც საშუალება ჰქონდა გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიეღო. ასე უპირობოდ არ ექვემდებარებოდნენ პრეზიდენტს.
თავი III. მედია 2012-2026 წლებში. „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის პერიოდი
ხელისუფლება რომ შეიცვალა, 2013 წლის დასაწყისში, ჩვენთან მოვიდა რამდენიმე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი და გააფორმა კონტრაქტი. რამდენიმე თვეში, 2013 წლის ბოლოსკენ, ჩვენს არხზე უკვე ისმოდა „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, ამიტომ ისინი თავიანთი რეკლამით მალევე გავიდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ ჩვენთან ყოფნით ივანიშვილის გულს ვერ მოიგებდნენ. მაშინ მივხვდი და ძალიან სევდიანი იყო ჩემთვის ამის დანახვა, რომ პრობლემები თუნდაც ბიზნეს ელიტებში იმდენად სისტემურია, რომ ამ ქვეყანას დიდხანს არაფერი ეშველება.
ჩვენი აბსოლუტურ მტრად გამოცხადება მოხდა მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“-ის მოვლენები დაიწყო. მათთვის იყო შოკი, რომ მაშინ მე „რუსთავი 2“-ის დასაცავად დავდექი. ასე რომ ძალიან პატარა პერიოდი გვქონდა ჩვენ, სანამ ბოლომდე მოძლიერდებოდა „ქართული ოცნება“ და სწორედ მაშინ მოვასწარით ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა. 2014 წელი იყო და ჯერ მაინც დემოკრატობანას თამაშობდნენ და კარგად არც იცოდნენ, რას ნიშნავდა ციფრული მაუწყებლობა. საბოლოოდ, მოხდა ისე, რომ საუკეთესო ვერსია მივიღეთ. ამის შემდეგ დიდხანს პარაზიტირებდნენ ამ ციფრულ მაუწყებლობაზე დასავლეთთან. დღეს რომ ეს არ გვქონდეს, ისე დაგვხურავდნენ ყველას, რომ ხმასაც ვერ ამოვიღებდით.
იმ პერიოდში ჩვენ კრედიტი ავიღეთ, ოფისი ვიყიდეთ, ვფიქრობდი, რომ იყო შანსი ამ მანკიერი ჯაჭვის გარღვევის და სრულყოფილი ფუნქციონირების. თუმცა, მალევე გამოჩნდა, რომ იმავე წრეზე წავედით, არაფრის შეცვლის ნება არ არსებობდა და საბოლოოდ, გაცილებით უარეს რეალობაში აღმოვჩნდით.
ჩვენი ტელევიზიის შემოსავლების გრაფა რომ ნახოთ,
ნელ-ნელა იზრდება, პიკს აღწევს 2017 წელს და როგორც კი ქვეყანაში
დემოკრატიული დაღმასვლა იწყება, ჩვენი შემოსავლებიც იწყებს ვარდნას.
ჩვენნაირი მედიისთვის, რომლის შემოსავლის ძირითადი წყარო
რეკლამაა, ისეთ გარემოში არსებობა, სადაც ბიზნესი სრულად კონტროლდება,
ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. ყოველთვის, ყველა მძიმე პერიოდში რაღაც
გამოჩნდებოდა ხოლმე, მაგრამ დღეს ჩვენ განწირულები ვართ
განადგურებისთვის. მე არ ვიცი, რა იქნება არათუ ერთი წლის
შემდეგ, არამედ ხვალ, ერთ კვირაში, ერთ თვეში… არ ვიცი გვექნება თუ
არა საშუალება, რომ ოფისი, სიგნალი გვქონდეს.
როგორ
მუშაობს ახლა „კავკასია“?
- 12 თანამშრომელი ვართ ჩემი და დათოს ჩათვლით. ახალი ამბების გამოშვებას მაინც ვამზადებთ და ამ 3 ადამიანის მიერ მომზადებულ საინფორმაციოს ხანდახან „პირველი არხის“ „მოამბეზე“ უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. ჩვენი საინფორმაციო გამოშვება ყოველთვის იყო ყველაზე ნეიტრალური და მიუკერძოებელი, შეიძლება, ტოქშოუში მეტნაკლებად ჩანდა და დღესაც ჩანს ჩვენი პოზიცია, მაგრამ არასდროს საინფორმაციო გამოშვებებში. ამიტომ ვფიქრობ, მაინც არის მოთხოვნა ასეთი ტიპის საინფორმაციო გადაცემებზე.
ასევე, ჯერ ისევ გვაქვს პოლიტიკური ტოქშოუები, რომელიც მე და დათოს მიგვყავს დღეგამოშვებით. ჩვენ ყველანაირი შემოსავლის გარეშე ვმუშაობთ და ბუნებრივია, ამას სხვას ვერ დავავალდებულებთ.
ძალიან კარგია ეს ახალი ტიპის მედიასაშუალებები,
სამოქალაქო ჟურნალისტიკა, ტელეფონით გადაღებული და გავრცელებული
მასალები, მაგრამ მოდი, რეალობას თვალებში შევხედოთ, როდესაც რაღაც
მნიშვნელოვანი ხდება, კრიტიკულ სიტუაციებში პირველი კითხვაა: სად
არიან ტელევიზიები? რატომ არ არის პირდაპირი ჩართვა? ამიტომ ასეთი
დიდი და ძლიერი მედიების არსებობა, განსაკუთრებით ამ საინფორმაციო
ქაოსის პირობებში, აუცილებელია.
რას ელოდებით
მომავალში?
- „ქართული ოცნების“ პირობებში ჩვენი, ყველას დახურვისა და განადგურების გარდა არაფერს ველი. მე მხოლოდ იმაზე ვდარდობ, რომ ივანიშვილის წასვლის შემდეგ, იმისთვის რომ ოდესმე ნორმალურად ვიარსებოთ, ზოგადად ქართულ მედიას ერთი დიდი გადატვირთვა გვჭირდება. პოლიტიკური ფული არის ჩვენი ყველაზე დიდი წყევლა, რადგან ვერასდროს ვერც ერთი დამოუკიდებელი მედია გაუწევს კონკურენციას ამდენ პოლიტიკურ ფულს. თუნდაც უკანასკნელი მაგალითების მიხედვით, იქნება ეს ტელეკომპანია „ფორმულა“ თუ [შოთა] შალელაშვილის რამდენიმედღიანი ტელევიზია, იმედი მაქვს, პოლიტიკური პარტიები მიხვდებიან, რომ მილიონების ჩასხმა მედიაში სასწაულმოქმედი წამალი არ არის და მათ ყოვლისშემძლეებად ვერ აქცევს.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ასეთ პირობებში ვართ, მე მაინც არ ვწყვეტ იმაზე ფიქრსა და ოცნებას, როგორ გავაფართოვოთ ეს ტელევიზია. ჩვენ გვაქვს მულტიპლექსი, სტუდიები, ტექნიკა, ამიტომ ოდესღაც შესაძლებელია, რომ ისევ მოკრძალებული, მაგრამ ქართული ბაზრისთვის შესაბამისი მედიაპროდუქტი გაკეთდეს. მარადიული არც „ქართული ოცნებაა“ და არც არავინ, ამიტომ მჯერა, რომ ამ ოცნებასაც ავიხდენ.
საქართველოში დამოუკიდებელ მედიას მუშაობა წნეხის ქვეშ უწევს. 1 წელზე მეტია უკანონო პატიმარია „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი. „ქართული ოცნება“ მედიის შემზღუდავ საკანონმდებლო ცვლილებებს ერთიმეორის მიყოლებით იღებს. დაფინანსების გზების გადაკეტვა ერთ-ერთი მეთოდია, რასაც მმართველი პარტია მათ ჩასახშობად იყენებს.
2025 წელს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული
ცვლილებებით, კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში
მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების
შესაძლებლობა მიეცა. მათ საფუძველზე ComCom-მა „უცხოური ძალისგან“
დაფინანსების მიღების შეწყვეტა
დაავალა და წერილობით
გააფრთხილა ტელე და რადიო მაუწყებლები.
კომუნიკაციების კომისიისგან
წერილი მიიღო ტელეკომპანია „კავკასიამაც“.
მარეგულირებელი აშშ-დან, ქართული სახელისა და გვარის მქონე
პირისგან, მიღებული შემოწირულობით დაინტერესდა და არხს მისთვის
„გაწეული მომსახურების“ შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება
სთხოვა. „კავკასია“ რამდენიმე თვეა გადარჩენისთვის დონაციას ითხოვს და
ანგარიშის ნომერიც საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული.

