ხმოვნები და თანხმოვნები საერთაშორისო სიტყვებში
27.05.2016


უცხოური ენიდან შემოსულ და დამკვიდრებულ ნასესხებ სიტყვებს ხშირად არასწორად წარმოვთქვამთ ან ვწერთ. ხმოვნების და თანხმოვნების უმართებულოდ ჩამატების თუ პირიქით, ამოკლების მიზეზი ისაა, რომ არ ვითვალისწინებთ სიტყვის წარმომავლობას და მის პირვანდელ დაწერილობას.
დავაკვირდეთ ნ თანხმოვნის არასწორად გამოყენების სამ შემთხვევას:

1. ნ უმართებულოდ იკარგება სიტყვებში:

კონტინგენტი, კორესპონდენტი, ინსტინქტი, კონსენსუნსი.

ყველა დასახელებული სიტყვა წარმოშობით ლათინურია და იწერება ასე:
contingens correspondens instinctus consensus

შესაბამისად, ქართულ ენაზე წარმოთქმისა და დაწერის დროს ნ თანხმოვანი უნდა შევინარჩუნოთ.

შეცდომაა: კონტიგენტი, კორესპოდენტი, ინსტიქტი, კონსესუსი.

2. ნ თანხმოვანი ზედმეტია სიტყვებში: ინცინდენტი, პრეცენდენტი, სტიპენდიანტი, კომპრომენტაცია.

დასახელებული სიტყვები ასევე ლათინური წარმოშობისაა და იწერება შემდეგნაირად:
incidens præcedentum stipendium compromittere

შესაბამისად, სწორია:
ინციდენტი, პრეცედენტი, სტიპენდიატი, კომპრომეტაცია.

3. ფ-ს წინ ნ თანხმოვანს უმართებულოდ ანაცვლებენ მ თანხმოვნით. ეს შემთხვევებია:
კონფედერაცია, კონფლიქტი, კონფორმიზმი, კონფერენცია.

პრინციპი აქაც იგივეა და თუ დასახელებული სიტყვების ორიგინალ დაწერილობას გაეცნობით, ნახავთ, რომ ფ-ს წინ მ არც ერთ შემთხვევაში არ არის. შესაბამისად, შეცდომაა : კომფედერაცია, კომფლიქტი, კომფორმიზმი, კომფერენცია.

რაც შეეხება ხმოვნების აღრევის შემთხვევებს. საკმაოდ ხშირია ე და ი ხმოვნების აღრევა სიტყვებში:
კომბინეზონი და კომბინიზონი, ბრეოლინი და ბრიოლინი, გენეალოგია და გენიალოგია, ინტელიგენტი და ინტილიგენტი და ა.შ.

ამათგან სწორია:
კომბინეზონი, ბრეოლინი, გენეალოგია, ინტელიგენტი.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უცხოური ენიდან შემოსული სიტყვების მეშვეობით ახალი ფორმების წარმოქმნისას ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ორიგინალ ენაზე საწყისი სიტყვის დაწერილობა.

საგანგებოდ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სიტყვები ბოლოსართების დართვისას მოიკვეცენ მხოლოდ ბოლოკიდურ ხმოვანს.

ავიღოთ სიტყვა ლირიკა. ვაწარმოოთ მისგან ახალი ფორმა ბოლოსართის დართვით, მივიღებთ: ლირიკული ( და არა ლირიული!)

ასევე: რომანტიკა - რომანტიკული ( და არა რომანტიული)
ფსიქიკა - ფსიქიკური ( და არა ფსიქიური)
ეროტიკა - ეროტიკული ( და არა ეროტიული)

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ