ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს სასამართლოში უჩივლეს
08.05.2025
კატეგორია - საქართველო


დღეს, 8 მაისს, ნინო ზაუტაშვილმა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მათი სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს. ზაუტაშვილი ჩივილს აპირებს ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგაც, რომელმაც მის შემოსავლებთან დაკავშირებით „აბსოლუტურად უკანონო ინფორმაცია“ გაავრცელა: „ერთი წამით არ მეპარება ეჭვი, ყველაფერი დამთავრდება კარგად. რატომ? იმიტომ, რომ ვართ ცამდე მართლები“.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა წამყვანები ნინო ზაუტაშვილი და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი არხიდან 11 აპრილს გაათავისუფლა. ზაუტაშვილისა და ივანოვ-ჩიქოვანის ადვოკატის, გიორგი იასაშვილის თქმით,  „სახეზეა კანონდარღვევა და ამ კანონდარღვევის ცალსახა ნიშნებია ის, რომ გამოხატვის უფლება არ მიეცათ  ჟურნალისტებს და ამ შემთხვევაში, შეეზღუდათ მათი უფლებები“. ტელევიზიის შეფასებით კი, მიღებული გადაწყვეტილება „სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული“ იყო.

ტელეწამყვანების გათავისუფლებასთან ერთად, არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა „რეალური სივრცის“ თანამშრომლები: თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე და ტუხა კვინიკაძე, პულტის რეჟისორი და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორი, კახაბერ მელიქიძე, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორი, ირმა ჩუბინიძე, „შაბათ-კვირის შოუს“ კორესპონდენტი ანა აბაკელია, ამავე გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი თამარ ჭინჭარაულიც და ტექნიკისა და ტექნოლოგიების მემონტაჟეთა და გრაფიკოსთა ჯგუფის მემონტაჟე-ოპერატორი, გივი კიტია. 

30 აპრილს კი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ თანამშრომლებს წერილობით შეატყობინა, რომ გადაცემა დახურა და მათ მუშაობის გაგრძელება რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე შესთავაზა. „რეალური სივრცის“ გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე უარი თქვა: 

„მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.

ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა - „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი“.

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და  ტელევიზიის თანამშრომელთა გაერთიანების - „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“  წევრები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 

-------------------

საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებებს წინ უძღვოდა ე.წ. მოკვლევა, რომლის ჩატარებაც არხის იურისტს, ელენე მიხაილოვას ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს თავმჯომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ დაავალა. ტელევიზიაში დაწყებული „მოკვლევის“ შედეგებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა სამუშაო შეხვედრა 21 მარტს გამართა. 24 მარტს კი „პირველმა არხმა“ განაცხადა, რომ თანამშრომელთა მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებები „საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ ცრუ ბრალდებების ტირაჟირებას და მედიაორგანიზაციის იმიჯის, ნდობის დაზიანებას“ იწვევდა და რეაგირების გარეშე ვერ დარჩებოდა. 

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად აფასებს არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებრის ორგანიზაციაც. 

„რა ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელში“ - სარედაქციო დამოუკიდებლობის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მიკერძოების გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ კითხვის ნიშნები მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა მისი როლი მკვეთრად „ქართული ოცნების“ მიმართ კეთილგანწყობილი პოლიტიკის გატარების კუთხით. მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკასა და მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე დაკვირვებამ კი ნათლად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ საზოგადოებრივ მაუწყებელსაც პროპაგანდისტულ იარაღად იყენებს, მათ შორის დეზინფორმაციისა და ანტიდასავლური ნარატივის გასავრცელებლად. არხის მენეჯმენტი ღიად დევნის იმ თანამშრომლებსაც, რომლებიც მაუწყებლის  სარედაქციო პოლიტიკის გამო პროტესტს ღიად გამოხატავენ.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ