„რეალური სივრცის“ გუნდი: საზმაუს დღევანდელმა მენეჯმენტმა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა დახურა
05.05.2025


საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალური სივრცის“ გუნდმა ტელევიზიის მენეჯმენტის შეთავაზებაზე: მუშაობა გაეგრძელებინათ რადიოს დილის გადაცემაში, ვებგვერდზე, პრომოუშენის დეპარტამენტსა და მუსიკალურ გადაცემაზე, უარი თქვა. 

„მენეჯმენტის მიერ გამოგზავნილ შეთავაზებაზე ხელის მოწერა ნიშნავს, რომ საკუთარი ნებით მოვაწეროთ ხელი ამ გადაცემის, ანუ იმ სივრცის დახურვას, რომელიც თქვენთვის შევქმენით.

ამიტომ ჩვენ უარს ვამბობთ მენეჯმენტის შემოთავაზებაზე, რომელმაც უკვე გვითხრა, რომ უარი ნიშნავს ჩვენთან შრომითი ხელშეკრულების გაწყვეტას.

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის დღევანდელმა მენეჯმენტმა, იმ კონკრეტული სახელებით და გვარებით, რომლებსაც შეინახავს ამ არხის საქმის წარმოების დეპარტამენტი, დახურა 12-წლიანი ისტორიის გადაცემა - „რეალური სივრცე“ და უკანონოდ გაუშვა მისი წამყვანი ნინო ზაუტაშვილი“, - გუნდის გადაწყვეტილება საზოგადოებას „რეალური სივრცის“ კორესპონდენტმა, თამარ მშვენიერაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნო. 

მათი შეფასებით, მენეჯმენტის განზრახვა გუნდის დანაწევრებაა, რათა „მისმა ვერცერთმა წევრმა ვერ მოახერხოს იმის გაკეთება, რისი კეთების გამოცდილება და კვალიფიკაციაც აქვს, არ აკეთოს გადაცემა, რომელიც ვფიქრობთ, ახლა განსაკუთრებით სჭირდება საზოგადოებას, რომელიც პირდაპირ პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარ ფუნქციას - ისმოდეს საზოგადოების ხმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე“.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემა „რეალური სივრცის“ დახურვის შესახებ თანამშრომლებს 30 აპრილს, წერილობით შეატყობინა:

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიის თოქ-შოუს - „რეალური სივრცე“, ეწურება საპროექტო ვადა 1 მაისს. იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის 11 აპრილს შრომითი ურთიერთობა შეწყდა აღნიშნული თოქ-შოუს წამყვანთან და სახესთან, ხსენებული თოქ-შოუს საპროექტო ვადის გაგრძელება აღარ იგეგმება“.

ნინო ზაუტაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა „საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ეჭვქვეშ დაყენება და ამის შედეგად, დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო უსაყვედურა და 12 თვის განმავლობაში „ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ შესაძლო გათავისუფლების შესახებ გააფრთხილა „რეალური სივრცის“ თანამშრომლები: თამარ მშვენიერაძე, იოსებ კაციტაძე და ტუხა კვინიკაძეც

11 აპრილს „პირველმა არხმა“ სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო გამოშვება „მოამბის“ წამყვანი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანიც. 

ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ტელევიზიის გენერალური დირექტორის მიერ გაფრთხილებული თანამშრომლები „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ. 

„რეალური სივრცე“ ტელევიზიიდან რადიოს ეთერში 2024 წლის შემოდგომიდან, ტელევიზიის ახალ შენობაში გადასვლის პროცესის საფუძვლით, გადავიდა. 

 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ