პანკისში მომხდარი დაპირისპირება მაუწყებლების რაკურსით
23.04.2019
21 აპრილს, პანკისში, სოფელ ბირკიანთან სადაც ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს, ადგილობრივებსა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა - პანკისის მცხოვრებლებმა სპეცრაზმს ქვები და ხელკეტები დაუშინეს, სპეცრაზმმა კი მათ წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პანკისში მომხდარი დაპირისპირება მაუწყებლების კვირის შემაჯამებელი გადაცემების მთავარი თემა იყო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „იმედმა“ და „რუსთავი 2-მა“, თემაზე რამდენიმე სიუჟეტი მოამზადეს, შემთხვევის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ მათი გადამღები ჯგუფები.

მიუხედავად იმისა, რომ ამბავი ერთი იყო, მაუწყებლების მიერ მომზადებული მასალების აქცენტები ერთმანეთისგან საგრძნობლად განსხვავდებოდა. ამას სიუჟეტებსა და ჟურნალისტების ჩართვებში გამოყენებულ კადრებსა და თემის კომენტირებისთვის შერჩეულ რესპონდენტებზე დაკვირვება ცხადყოფს.

⇒  დრო

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კვირის შემაჯამებელ გადაცემაში პანკისში მომხდარი ამბების გაშუქებას დაახლოებით 36 წუთი დაუთმო, იმედმა -25 , რუსთავი 2-მა კი დაახლოებით 60 წუთი (აქედან პირველი 50 წუთი იყო სხვადასხვა სიუჟეტები პანკისის თემაზე და ამ თემას წამყვანი დაუბრუნდა გადაცემის ბოლოსაც, მაშინ როდესაც მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჩართო პირდაპირ ეთერში. ჩართვის პირველი 10 წუთი მიხეილ სააკაშვილი პანკისში მომხდარის შესახებ საუბრობდა).

კადრები

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ამბის თხრობა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებით დაიწყო. პირველივე კადრები, რაც თემის წარდგენისას წამყვანის შესავლის პარალელურად გადიოდა ეთერში, აჩვენებდა როგორ დაუშინეს ქვები ადგილობრივებმა სპეცრაზმს. ეს კადრები განმეორდა გადაცემაში მაშინაც, როდესაც ადგილზე მომუშავე ჟურნალისტი ყვებოდა, რა მოხდა ამ დღეს პანკისში, უფრო კონკრეტულად, საუბრობდა ადგილობრივებსა და მთავრობის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის დეტალებზე. მართალია წამყვანმა თქვა, რომ სპეცრაზმმა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, თუმცა, ამის ამსახველი ვიდეომასალა სიუჟეტში არ გვინახავს.

ყველა ის ვიდეომასალა, რაც „ახალმა კვირამ“ ამბის თხრობისთვის გამოიყენა, გვაჩვენებდა ადგილობრივების თავდასხმას სპეცრაზმზე და შსს-სა და სამშენებლო კომპანიის ცეცხლმოკიდებულ ტექნიკას. არც რეზინის ტყვიები, არც სპეცრაზმის მხრიდან სროლის ამსახველი კადრები, რისი გადაღების საშუალებაც ჰქონდათ ჟურნალისტებს, რადგან ჩანდა ამავე თემაზე სხვა მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერებში, „ახალი კვირის“ მაყურებლისთვის არ უჩვენებიათ.

ასევე ადგილობრივების მიერ სპეცრაზმისთვის ქვებისა და ჯოხების დაშენის კადრებით დაიწყო თემაზე საუბარი ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის კვირა“. განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, „იმედმა“ სპეცრაზმის მხრიდან ადგილობრივების წინააღმდეგ რეზინის ტყვიებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაზე გაცილებით მკვეთრი აქცენტი გააკეთა, კადრში ჩანდა ტელეკომპანიის ჟურნალისტიც, რომელსაც ცრელმსადენი გაზის გამო საუბარი უჭირდა. თუმცა, „ახალი კვირის“ მსგავსად, როგორ უშენდა სპეცრაზმი ადგილობრივებს რეზინის ტყვიებს, ეს კადრები არც „იმედზე“ გვინახავს.

„რუსთავი 2-მა“ ამბის წარდგენისას დაპირისპირების ის კადრები გამოიყენა, სადაც ორივე მხარის მიერ გამოყენებული ძალის შესახებ ჩანდა - როგორ უშენდნენ ადგილობრივები სპეცრაზმს ქვებსა და ურტყამდნენ ხელკეტებს და როგორ ისროდა სპეცრაზმი რეზინის ტყვიებს. ჟურნალისტის ჩართვა კი იმ მასალის ჩვენებით დაიწყო, რაც ამ დაპირისპირებას ასახავდა - ცრემლსადენი გაზის ყუმბარები, გილზები, ქვები, ხელკეტები, რეზინის ტყვიები.

⇒ რესპონდენტები

იმ 36 წუთის განმავლობაში, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პანკისში მომხდარი ამბების გაშუქებას დაუთმო, ეთერში 13 რესპონდენტის კომენტარი მოვისმინეთ. მათგან, 5 იყო მთავრობის წარმომადგენელი, 6 ადგილობრივი და 2 არასამთავრობო სექტორიდან (სახალხო დამცველი, EMC).

მთავრობა:

  • გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი;
  • ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • სოზარ სუბარი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი.
სოზარ სუბარი სიუჟეტებში რამდენჯერმე გამოჩნდა. გადაცემის ბოლოს კი იგი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში პასუხობდა წამყვანის კითხვებს. საუბარი ძირითადად ეხებოდა ადგილობრივებთან შეხვედრების დეტალებსა და ჰესების საჭიროებას.

პანკისის თემაზე „ახალ კვირაში“ საუბარი ისე დასრულდა, რომ არ მოგვისმენია არცერთი ექსპერტის მოსაზრება პანკისში ჰესის მშენებლობის შესახებ, ვერც ის გავიგეთ, რა ზიანი შეიძლება მიადგეს გარემოს და არ მოგვისმენია რა წერია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში.

საქართველოს მთავრობიდან ზუსტად იგივე ჩინოვნიკების კომენტარები მოვისმინეთ „იმედის“ გადაცემაშიც, თითქმის იგივე თანამიმდევრობით.

  • გიორგი გახარია - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • სოზარ სუბარი - მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი;
  • ლევან დავითაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ქეთევან ციხელაშვილი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • მაია ცქიტიშვილი - ვიცე პრემიერი, ინფრასტრუქტურის მინისტრი.
„იმედის“ სიუჟეტიდან მოვისმინეთ შს მინისტრის მოადგილის კახა საბანაძის კომენტარიც, რომელიც პანკისში იმყოფებოდა. მასალაში ადგილობრივების კომენტარები არ ყოფილა.

პირველი სიუჟეტის შემდეგ, „იმედზე“ მეორე რეპორტაჟი დაიწყო თემაზე უსაფრთხოა თუ არა „ხადორი 3“, - ჰესი, რომლის მშენებლობის გამოც პანკისში დაპირისპირება მოხდა. ამ თემაზე ჰესის მშენებელი კომპანიის შპს „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა იორდანიშვილი, გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი, ჰიდროლოგი - ლევან ვეფხვაძე და ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობდნენ. ყველა მათგანი აქცენტს აკეთებდა იმაზე, რამდენად უსაფრთხო და საჭიროა ქვეყნისთვის პატარა ჰესების მშენებლობა.

ჯამში იმედმა 10 რესპონდენტის კომენტარი შემოგვთავაზა, მათგან, 6 -მთავრობის წარმომადგენელი იყო, 1- მშენებელი კომპანია და 3 - სპეციალისტი (გეოლოგი, ჰიდროლოგი, ენერგეტიკოსი).

„რუსთავი 2-მა“ თემის განხილვა სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების კომენტარებით დაიწყო. განსხვავებით „იმედისა“ და საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, „რუსთავი 2-ზე“ ნაკლებად ჩანდნენ მთავრობის წარმომადგენლები, თუმცა, მოვისმინეთ 6 ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერის შეფასება.

მთავრობიდან „რუსთავი 2-მა“ მაყურებელს გიორგი გახარიას, მისი მოადგილის (ეს იყო ფრაგმენტი ადგილობრივებთან საუბრიდან) და ენერგეტიკული ფონდის განვითარების ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის მოსაზრება შესთავაზა.

„რუსთავი 2-დან“ ყველაზე ხშირად ადგილობრივების კომენტარები ისმოდა. პირველი 50 წუთის განმავლობაში, ვიდრე თემაზე მომზადებული სხვადასხვა სიუჟეტები გადიოდა, ეთერში 16-მდე ადგილობრივისა და აქტივისტის (ლუიზა მუთოშვილი, სულხან ბორძიკაშვილი, შენგელ ტოხოსაშვილი) პოზიცია მოვისმინეთ, რომლებიც ყვებოდნენ, რატომ დაუპირისპირდნენ სამართალდამცველებს და რატომ ეწინააღმდეგებიან ჰესის მშენებლობას.

მხოლოდ „რუსთავი 2-მა“ შესთავაზა მაყურებელს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები, რომლებიც გარემოს თემებზე მუშაობენ: მწვანე ალტერნატივა და მწვანეთა მოძრაობა.

რაც შეეხება ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა წარმომადგენლები ამ დღეს ბრიფინგებს მართავდნენ, „რუსთავი 2-ზე“ მოვუსმინეთ შემდეგ პოლიტიკოსებს:

  • გრიგოლ ვაშაძე- ენმ;
  • გიგი უგილავა - ევროპული საქართველო;
  • ნინო გოგუაძე - თავისუფალი დემოკრატები;
  • თაკო ჩარკვიანი -კანონი და სამართალი;
  • ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა;
  • შალვა ნათელაშვილი - ლეიბორისტული პარტია.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ

წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა
წამოსვლიდან თვე-ნახევრის შემდეგ, დღეს დიანა ტრაპაიძე “TV პირველზე” დაბრუნდა და “დღის ამბების” გამოშვება წაიყვანა. ტრაპაიძის მაუწყებელში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 ივლისს გავრცელდა.

დიანა ტრაპაიძემ “TV პირველი” 15 ივნისს დატოვა, თუმცა მიზეზებზე არ უსაუბრია. მაუწყებლიდან წამოსვლის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის პირად გვერდზე გაავრცელა და თქვა, რომ სხვა ტელეკომპანიაში არ გადადის და დროებით დასვენებას გეგმავს:

“ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. ჩავთვალე რომ ახლა დასრულების დროა. პ.ს. არ გადავდივარ არსად. ცოტას დავისვენებ და მერე დავიწყებ თავიდან”, - წერდა დიანა ტრაპაიძე.

დიანა ტრაპაიძის განცხადებას წინ უსწრებდა ტელეწამყვანების - ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას, ასევე, გადაცემა „პოლიტმეტრის“ გუნდის “ტვ პირველიდან” წამოსვლა. ტელეკომპანიაში ეს ცვლილებები დროში დაემთხვა არხში ნოდარ მელაძისა და ტელეკომპანია „მთავარის“ კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გადასვლას.
“ტაბულას” რეადქტორი სამი თვით პოსტს ტოვებს და საარჩევნო კამპანიაში ერთვება
ონლაინგამოცემა “ტაბულას” მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სამი თვით პოსტს ტოვებს და “ევროპული საქართველოს” საარჩევნო კამპანიაში ერთვება. გამოცემის რედაქტორი ამ დროის განმავლობაში "ტაბულას" ჟურნალისტი და რელიგიის მიმომხილველი ლევან სუთიძე იქნება.

თამარ ჩერგოლეიშვილმა ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

“ტაბულას სამი თვე ლევან სუთიძე ურედაქტორებს და მე ვდისტანცირდები - სანამ კამპანიაა. მე გადავალ საცხოვრებლად ფოთში და ჩავიბარებ ახალგაზრდების მიმართულებას”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

230 თანამშრომელი აჭარა TV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას ითხოვს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანცელარიაში, დღეს 230 თანამშრომლის ხელმოწერილი დოკუმენტი შევიდა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ხელმომწერები მაწუყებლიდან გათავისუფლებული 3 თანამშრომლის დაბრუნებას ითხოვენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი - შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემა „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და მემონტაჟე გუგა ქადიძე 30 ივლისს გაათავისუფლეს. აჭარის მაუწყებლის ინფორმაციით, თანამშრომლები შიდა მოკვლევის საფუძველზე გაათავისუფლეს, რომელიც მაუწყებელში მომხდარ ინციდენტს უკავშირდებოდა.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს EMC იცავს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ გათავისუფლებულთა ინტერესების დაცვის მიზნით უახლოეს პერიოდში მიმართავს სასამართლოს და საზოგადოებას მიაწოდებს ინფორმაციას სამართალწარმოების პროცესის მიმდინარეობის შესახებ.

“პირველადი სამართლებრივი შეფასებით, მიგვაჩნია, რომ მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება წარმოადგენს სამართლებრივად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, თავის მხრივ, ნათლად აჩვენებს მაუწყებლის მენეჯმენტის მიდგომას, ყველა შესაძლო საშუალებებით მოახდინოს მაუწყებლის განეიტრალება კრიტიკული აზრის მქონე ჟურნალისტებისგან და სამსახურიდან გათავისუფლებით, როგორც ყველაზე მკაცრი სანქციით, მათი სამაგალითო დასჯა.”

30-31 ივლისს მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა” აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა.

ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“.


მთავარი ფოტო: აჭარის ტელევიზია
აჭარის ტელევიზიიდან კიდევ 3 თანამშრომელი გაათავისუფლეს, პროფკავშირები აქციებს აანონსებს
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან კიდევ სამი თანამშრომელი გაათავისუფლეს– შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ბაჩო გურაბანიძემ 30 ივლისს ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.



იმავე დღეს, მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლების გასაპროტესტებლად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ „ალტერნატიულმა პროფკავშირებმა”აქცია გამართა და პერმანენტული აქციები დააანონსა:

“ის რაც მოხდა, არ შეიძლება რომ დარჩეს რეაგირების გარეშე და ამას უნდა მოყვეს პერმანენტული აქციები. ამ აქციებს ვაანონსებთ მაუწყებლის თანამშრომლები განურჩევლად იმისა, თუ რომელ პროფკავშირში ვერთიანდებით” - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილმა.

მისივე თქმით, პროფკავშირებს სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს - დაუყოვნებლ დაბრუნდნენ გათავისუფლებული თანამშრომლები, გადადგეს დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან და ჩაერთოს ბორდი მაუწყებელში მიმდინარე პროცესებში.

“მოვუწოდებთ მრჩეველთა საბჭოს, რომ ჩაერთოს პროცესში და გამოიყენოს მის ხელთ არსებული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ მაუწყებელში მდგომარეობა დასტაბილურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი პერმანენტული აქციების მოთხოვნა იქნება მათი დათხოვნაც” - განაცხადა მალხაზ რეხვიაშვილმა.

პროფკავშირების წარმომადგენლებმა და მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, ტელევიზიის შენობის წინ სიმბოლუირად ღამე გაათენა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა კვლავ გრძელდება.

“ქარტია დაუშვებლად მიიჩნევს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტის მიერ ისეთ საკადრო პოლიტიკის გაგრძელებას, რომელიც სამსახურიდან დევნის პროფესიონალ კადრებს და ანგრევს საზოგადოებრივი მაუწყებლის პრინციპებს. ქარტია საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ დაინტერესდნენ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მაუწყებლიდან თანამშრომლების გათავისუფლება უკიდურესად კრიტიკულად შეაფასეს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა და განაცხადეს, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესები მედიის თავისუფლების თანამედროვე სტანდარტს ეწინააღმდეგება და ადამიანის უფლებათა დარღვევის საგანგაშო ნიშნებს შეიცავს:

“მენეჯმენტის მიერ მიღებული ზომები არაჰუმანურია, თავისუფალი ადამიანების დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს და არ შეიძლება დარჩეს სათანადო ყურადღების გარეშე” - აცხადებს კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ .
სტატია დაფინანსებულია, მაგრამ არ გეუბნებიან - 6 სააგენტოს სამთავრობო კონტრაქტების ამბავი
ონლაინ გამოცემების ნაწილი სამთავრობო აქტივობების პოზიტიურად გაშუქებისთვის საბიუჯეტო სახსრებით ფინანსდება ისე, რომ აუდიტორიას ამის თაობაზე ინფორმაცია არ მიეწოდება. ჟურნალისტური სტანდარტი კი სარედაქციო და სარეკლამო მასალების მკვეთრად გამიჯვნას ითვალისწინებს.

“გიორგი ერბოწონაშვილი ფერმერებს შეხვდა და “აგრობარათების” პროექტზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა”, - kvira.ge-ზე ამ სათაურით განთავსდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ამბავი აღნიშნული მინიციპალიტეტის მერის ვიზიტზე სოფელ ვერხვიანში. იდენტური ტექსტი, იმავე დღეს, 22 ივლისს, ipress.ge-მაც განათავსა საიტზე. გამოქვეყნებულ მასალებს არ ახლდა აღნიშვნა, რომ ისინი სარეკლამო ან დაფინანსებული კონტენტის ნაწილი იყო.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას “კვირასთან” ახალი ამბების სააგენტოს მომსახურებაზე მოქმედი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის ღირებულება 4400 ლარია. შპს “თავისუფალი გაზეთი +” კი, რომელიც “აიპრესის” მფლობელია, ფასიან მომსახურებას უწევს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფ კულტურული ობიექტების გაერთიანებას - გამარტივებული შესყიდვის ჯამური ღირებულება 3300 ლარია.

ზემოთ აღნიშნული მასალები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ისინი მერის პიარისთვისაა გათვლილი: იდენტურ ტექსტებში ხაზგასმულია, რომ მერმა სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის “დადებით მხარეებზე” ისაუბრა მოსახლეობასთან. ის, რომ მერი სოფლის მოსახლეობას ხვდება და სახელმწიფო პროგრამის დადებით მხარეებზე ესაუბრება, მუნიციპალიტეტის პირველი პირის ჩვეულებრივი სამუშაო დღის ნაწილია და არა ახალი ამბავი, რომელიც მედიამ აუდიტორიას სარედაქციო მასალად უნდა მიაწოდოს.

“ზაქარია ენდელაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო” ,- ამ სათაურით გამოაქვეყნა “მარშალპრესმა” 15 ივნისს ნიუსი, რომელშიც კოპირებული იყო ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ტექსტი. იგივე ტექსტი იმავე დღეს ადგილობრივმა გამოცემამ “სამხრეთის კარიბჭემ” გამოაქვეყნა სარეკლამო განყოფილებაში. “მარშალპრესს” კი, რომელსაც ადიგენის მერიასთან მოქმედი, 2000-ლარიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული სააგენტოს მომსახურებაზე, ამ მასალაზე არ მიუთითებია, რომ ის დაფინანსებული კონტენტის ნაწილია. ამ შემთხვევაშიც ნიუსის სარედაქციო ღირებულება პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან ტექსტი მერის სამსახრუებრივად გაწერილ აქტივობას აღწერს.

ახალციხის მუნიციპალიტეტში რომ საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია გრძელდება, ამ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” წელს თავის აუდიტორიას თითქმის ყოველთვიურად აწვდის. არც ერთ მათგანს არ აქვს აღნიშვნა, რომ ისინი ახალციხის მერიის მიერაა დაფინანსებული. “პრაიმტაიმს” სააგენტოს მომსახურების მოქმედი ხელშეკრულება აქვს ახალციხის მერიასთან, რომლის ღირებულება 2200 ლარია. ბოლოს, 21 ივლისს გამოაქვეყნა გამოცემამ ნიუსი იმაზე, რომ “ახალციხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება”. იდენტური ტექსტი და ფოტო იმავე დღეს “კვირამაც” განათავსა საიტზე, რომელსაც 2500 ლარიანი ხელშეკრულება აქვს ახალციხის მერიასთან. დაფინანსების შესახებ აღნიშვნა არც “კვირაზე” გამოქვეყნებულ ნიუსს ახლავს. თუმცა იგივე ტექსტი, ასევე, სარეკლამო განყოფილებაში აქვს განთავსებული “სამხრეთის კარიბჭეს”.

ახალციხეში გზის რეაბილიტაციაზე “პრაიმტაიმის” კიდევ ერთი ნიუსი 29 მაისსაა გამოქვეყნებული სარეკლამო აღნიშვნის გარეშე, იდენტური ტექსტი იმავე დღეს “ინტერპრესნიუსმაც” გამოაქვეყნა, თუმცა მასალას ბოლოში თან ახლავს აღნიშვნა NS. ამ ფორმით “ინტერპრესნიუსი” მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებულ მასალებს გამოყოფს სარედაქციო კონტენტიდან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-9 პრინციპის მიხედვით, “სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან”.

ამასთან, ქარტიამ 2019 წელს შეიმუშავა სახელმძღვანელო წესები სარედაქციო და სარეკლამო მასალების გამიჯვნის კუთხით. ამ წესებიდან ჩვენ ამ შემთხვევაში 2 პუნქტზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებსაც ჩვენს მიერ ზემოთ განხილულ მაგალითებში არღვევენ ონლაინ გამოცემები:

  • “საფასურის სანაცვლოდ მომზადებული და გამოქვეყნებული მასალა მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს სარედაქციო მასალისგან. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა ისეთ ადგილას და ისეთი ფორმით, რომ ადვილი იყოს მისი შემჩნევა”.
  • “ონლაინ და ბეჭდურ მედიაში ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული მასალებს მკითხველისთვის ადვილად შესამჩნევ ადგილას კარგად აღქმადი ზომით უნდა ჰქონდეს მკაფიო და ცხადი მინაწერი დაფინანსების შესახებ. წარწერები - „პარტნიორის კონტენტი“, NS, R, „მეგობრის მასალა“ და ა.შ მკითხველისთვის დამაბნეველია. უმჯობესია თუ გამოიყენებთ წარწერას „რეკლამა“/“სარეკლამო სტატია“, „სარეკლამო გვერდი“. არ არის კარგი პრაქტიკა, როდესაც გაზეთის ბოლო გვერდზე ანდა საიტზე მითითებულია, რომ რომელიღაც გვერდი/რუბრიკა არის დაფინანსებული. ამგვარი წარწერა თავად სტატიას უნდა ახლდეს”.

“მედიაჩეკერმა” ამ დროისთვის 6 ონლაინ გამოცემის მიმდინარე წლის ხელშეკრულებები შეისწავლა, რომლებიც ითვალისწინებს მათ გვერდებზე საბიუჯეტო ორგანიზაციების სასარგებლოდ საინფორმაციო მომსახურების განხორციელებას.

alt


ეს მედიაორგანიზაციებია: interpressnews.ge, mpn.ge, ipress.ge, primetime.ge, reportiori.ge, kvira.ge. მათთან მუნიციპალიტეტებს, სამინისტროებსა და სსიპ-ებს წელს ჯამში 399 786.96 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

აქედან ყველაზე მეტი, 125 706.13 ლარის ღირებულების 27 მოქმედი ხელშეკრულება გაფორმებულია შპს “ახალ ამბებთან”, იგივე “ინტერპრესნიუსთან”; მას მოსდევს შპს “თავისუფალი გაზეთი +”, იგივე “აიპრესი”, რომელსაც 31 მოქმედი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამური ღირებულებით - 111 436 ლარი. “კვირას” 59 476.35 ლარის ღირებულების 18 მოქმედი ხელშეკრულება აქვს; “პრაიმტაიმს” - 57 200.48 ლარის ღირებულების 18 ხელშეკრულება; “მარშალპრესს” 23 138 ლარის ღირებულების 10 ხელშეკრულება, ხოლო “რეპორტიორს” 22 830 ლარის ღირებულების 9 ხელშეკრულება.

ამ 6 მედიაორგანიზაციიდან 5 ისე ათავსებს რეგიონების მუნიციპალიტეტებთან ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებულ მასალებს, რომ შესაბამის აღნიშვნას რეკლამის თაობაზე არ უთითებს. ხოლო “ინტერპრესნიუსის” შემთხვევაში, აღნიშვნა NS გაკეთებულია, თუმცა სტანდარტის მიხედვით, ეს არ არის სათანადო ძალისხმევა მედიაორგანიზაციის მხრიდან მკითხველის ინფორმირებისთვის.