ComCom: „მედიაკრიტიკა და მედიალაბი გარკვეული ცვლილებებით, საჭიროებისამებრ, გააგრძელებენ მუშაობას“
30.03.2026


„მედიაკრიტიკა“ და „მედიალაბი“ - კომუნიკაციების კომისიასთან არსებული „მედია აკადემიის“ მიმართულებები მუშაობას „გარკვეული ცვლილებებით, საჭიროებისამებრ, გააგრძელებენ“. 

----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „საზოგადოებაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და მისი ხელშეწყობის მიზნების მისაღწევად“ ააიპ „მედია აკადემია“, რომლის ერთ-ერთი პლატფორმაც „მედიაკრიტიკაა“, 2018 წელს დააფუძნა. 

კომისიის 2026 წლის ბიუჯეტი 24 825 200 ლარია. ComCom-ი ამ წლის ბიუჯეტიდან 4 819 705 ლარს მედიაწიგნიერებაზე დახარჯავს, საიდანაც 3 853 205 ლარი „მედია აკადემიის“ დაფინანსებას მოხმარდება.
--------------------------------------

მათ ვებგვერდებზე ინფორმაცია თითქმის ორი თვეა არ განახლებულა. „მედიაკრიტიკაზე“ ბოლო მასალა 6 თებერვლით თარიღდება, „მედიალაბზე“ - 4 თებერვლით. 

გაუქმდა თუ არა „მედია აკადემიის“ ეს  მიმართულებები? - კომუნიკაციების კომისიამ „მედიაჩეკერის“ ამ კითხვას წერილობით ასე უპასუხა:

„მედიაკრიტიკის შექმნის დროს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შინაარსის რეგულირებას არ ითვალისწინებდა. კომისია საზოგადოების ინფორმირების მიზნით აქვეყნებდა მედიაკრიტიკას. შესაბამისად, მედიაკრიტიკა და მედიალაბი გარკვეული ცვლილებებით, საჭიროებისამებრ, გააგრძელებენ მუშაობას“.

----------------------------------------
კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წელს შესული ცვლილებებით მიეცა.
----------------------------------------

„მედიაკრიტიკისა“ და „მედიალაბის“ გარდა, „მედია აკადემიის“ კიდევ ერთი მიმართულება „მედია სკოლაა“. ComCom-ის ინფორმაციით, „მედიასკოლაში გრძელდება პრაქტიკული, ოთხთვიანი კურსები ჟურნალისტიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის“.

ამ კურსის დაწყების შესახებ მასალა კომისიის ვებგვერდზე 16 მარტს არის გამოქვეყნებული

„მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ახლა „მედიასკოლის“ ხელმძღვანელი და ბრიტანეთის მიერ სანქირებული „იმედის“ წამყვანი, გიორგი ფუტკარაძეა.

ფუტკარაძე ამ პოზიციაზე, ჯერ ერთი თვით, შემდეგ კი 31 აგვისტოს ჩათვლით, კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ 10 თებერვალს, მას შემდეგ დანიშნა, რაც „მედია აკადემიის“ დირექტორი შორენა შავერდაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

გოგა გულორდავამ შორენა შავერდაშვილის გათავისუფლება საკადრო ცვლილებებს დაუკავშირა. შავერდაშვილი „მედია აკადემიის“ აღმასრულებელი დირექტორი 2021 წლის სექტემბრიდან იყო. 

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ