დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ „იმედს“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ჰყავს. რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის არხის გენერალურმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 13 მარტს მიმართა.
საჯარო რეესტრისთვის წარდგენილი 12 მარტის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის ოქმის მიხედვით, საბჭოს ახალმა შემადგენლობამ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე აირჩია, მის მოადგილედ კი - ნათია სონღულაშვილი.
ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში ახლა 7
წევრია:
ირაკლი ჩიხლაძე - „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
ნათია სონღულაშვილი - „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაგდალინა ანიკაშვილი - „იმედი LIVE“-ისა და „ღია ეთერის“ წამყვანი.
მარიამ ლომიძე - ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი. ის „იმედის“ მფლობელი კომპანიის - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ დირექტორიცაა და მის 10%-საც ფლობს.
ვასილ კალანდარიშვილი - „იმედის“ ფინანსური დირექტორი და ტელეიმედის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
მაია ჩიგოშვილი - „იმედის“ პროგრამების ხელმძღვანელი და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელი.
ილია მიქელაიშვილი - ფლობს „იმედის“
მფლობელი კომპანიის 50%-იან წილს.
რეესტრისთვის წარდგენილი კიდევ ერთი დოკუმენტით, 12 მარტს, „იმედის“ 100%-იანი წილის მესაკუთრემ, „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპმა“, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის გარდა, „ტელეიმედის“ განთავსებული კაპიტალი 30 002 000 ლარის ოდენობით განსაზღვრა, დამტკიცდა ახალი წესდებაც.
25 თებერვლიდან „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში მხოლოდ ერთი წევრი, ტელეკომპანიის დირექტორი მაკა ლომიძე იყო.
დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედის“ დასანქცირებიდან მეორე დღეს, 25 თებერვალს, „იმედის“ ყოფილმა მფლობელმა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ და საბჭოს სამმა წევრმა: დავით შონიამ, გიორგი კალანდარიშვილმა და გიორგი ბახტაძე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებებით მიმართეს, სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციების დატოვების შესახებ აცნობეს და არხის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების დაჩქარებული წესით ასახვა სთხოვეს.
საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, გადადგომის შესახებ მათი იდენტური განცხადებები 6 თებერვლით თარიღდება. ისინი ამ განცხადებებში „იმედის“ გენერალურ დირექტორს სწერენ, რომ „კომპანიის მფლობელობის ცვლილებასთან დაკავშირებით“, პირადი განცხადების საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს.
რეესტრმა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“
სამეთვალყურეო საბჭოდან თავმჯდომარის, ირაკლი რუხაძისა და საბჭოს სამი
წევრის: დავით შონიას, გიორგი კალანდარიშვილისა და გიორგი ბახტაძის
წასვლა რამდენიმე საათში დაარეგისტრირა.
რა მოხდა 6
თებერვალს?
„ჩემს პარტნიორებთან გრძელი და დაძაბული კონსულტაციების შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელ სიტუაციაში, ყველაზე გონივრული გამოსავალი არის ჩვენი „იმედთან“ დამშვიდობება“, - ამ დღეს „იმედმა“ „ჰანიველ პარტნერსის“ ტელეკომპანიიდან გასვლის შესახებ ირაკლი რუხაძის განცხადება გაავრცელა.
რუხაძე წერდა, რომ ახალი მფლობელის პოვნა, „რომელიც ერთი მხრივ ითავებდა „იმედის“ დაფინანსებას საბიუჯეტო დანაკლისის შემთხვევებში და ასევე დათანხმდებოდა, შეენერჩუნებინა არსებული მენეჯმენტის აქტიური როლი სარედაქციო პოლიტიკაში“ ადვილი არ იყო.
„იმედის“ მფლობელი კომპანია - „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად ილია მიქელაიშვილის კომპანიამ, „პრაიმ მედია გლობალმა“ 30 იანვარს იყიდა და იკისრა ვალდებულება, რომ მის 50%-იან წილს ტელეკომპანიის წარმომადგენლებს გადასცემდა. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ 10-10%-იანი წილი ნათია სონღულაშვილმა, ირაკლი ჩიხლაძემ, მარიამ ლომიძემ, მაია ჩიგოშვილმა და ვასილ კალანდარიშვილმა სიმბოლურ ფასად, 100-100 ლარად 10 თებერვალს იყიდეს. „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ ფლობს კიდევ 8 სხვა კომპანიას, მათ შორის, „რადიო იმედსა“ და GDS TV-ის.
ნასყიდობის ხელშეკრულებით, ილია მიქელაიშვილის კომპანიამ იკისრა ვალდებულებაც, რომ „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპის“ შვილობილი კომპანიების ეთერი არ იქნება გამოყენებული/მიმართული გამყიდველისა და მასთან დაკავშირებული პირების/კომპანიების საწინააღმდეგოდ.
----------------------------------------
„იმედი“, პროპაგანდისტულ ტელეკომპანია POSTV-სთან ერთად, დიდმა ბრიტანეთმა 24 თებერვალს დაასანქცირა. ორივე ტელევიზიის შემთხვევაში სანქციის მიზეზად რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ განზრახ გავრცელებული შეცდომაში შემყვანი ინფორმაციებია დასახელებული. მათთვის დაკისრებული სანქციების სიაში კი წერია: აქტივების გაყინვა, სანქციები ტრასტის სერვისებისთვის, დირექტორის დისკვალიფიკაცია.
POSTV-ის 52%-იანი წილის მფლობელი პარლამენტარი, „ხალხის
ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა. მან დასანქცირებამდე, 28 იანვარს,
თავისი წილი მართვაში კასპის მერის ყოფილ მოადგილეს, ზაზა მარიდაშვილს
გადასცა. ჯაფარიძემ POSTV-ის საკონტროლო წილი 2022 წლის
3 ოქტომბერს ჯამში 520 000 ლარად
იყიდა. არხის დანარჩენ 24-24%-იან წილებს თემურ
ჭარელაშვილი და შალვა რამიშვილი ფლობენ.

