კინორეჟისორი და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გოგა ხაინდრავა ტელეკომპანია „ფორმულას“ სასამართლოში უჩივის და „შაბათის ფორმულას“ ეთერით „არსებითად მცდარი ფაქტების შემცველი და მოსარჩელისათვის სახელის, პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების“ ამავე გადაცემით უარყოფასთან ერთად, მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 ლარს ითხოვს.
„ფორმულას“ იურისტის განცხადებით, სამართლებრივი თვალსაზრისით, გოგა ხაინდრავას მიერ წარდგენილი სარჩელი ვერ აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ცილისწამების საფუძვლით მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის:
„ტელეკომპანია „ფორმულა“ ინფორმაციას ავრცელებდა წყაროზე დაყრდნობით და არ არსებობს განზრახვა ცრუ ინფორმაციის გავრცელების, შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ცილისწამების შემადგენლობა, როგორც წესი, არ უნდა დადგინდეს. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირს არ მოსწონს მის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, ვერ გახდება ცილისწამების სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველი.
დამატებით, სარჩელში მითითებულია 10 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც, თუმცა საიდან გამომდინარეობს ეს თანხა, სამართლებრივად დაუსაბუთებელია. ვმუშაობთ შესაგებელზე და ჩვენს არგუმენტებსაც წარვუდგენთ სასამართლოს“, - ამბობს ეთო ქათამაძე „მედიაჩეკერთან“ საუბრისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის მიხედვით, ხაინდრავა გადაცემა „შაბათის ფორმულას“ ეთერში 2025 წლის 20 დეკემბერსა და 2026 წლის 17 იანვარს გასულ სიუჟეტებზე დავობს. სარჩელში ვკითხულობთ, რომ 20 დეკემბრის სადავო სიუჟეტში - „ბოდიშიდან შენდობამდე - რაში უხდიან ოლიგარქის საყვარელ რეჟისორს, გოგა ხაინდრავას მილიონს“ არაერთი მცდარი ინფორმაცია გაჟღერდა, რის მაგალითადაც მოყვანილია ფრაზები: 1) „ბოლო წლების საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია მმართველ ძალასთან. მას სხვადასხვა ეთერებში ხშირად ვნახულობთ, პროპაგანდისტული განცხადებებით, მათ შორის ბილწსიტყვაობითაც გამოირჩევა“ 2) „დედოფლისწყაროში გოგა ხაინდრავა მთელს სოფელს ფლობს“.
ხაინდრავა მიიჩნევს, რომ „არაერთი არსებითად მცდარი და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციები“ გავრცელდა 17 იანვრის სადავო სიუჟეტითაც - „ოცნების პროპაგანდისტად ქცეული რეჟისორი — შემოჰყავდა თუ არა ფულის სანაცვლოდ გოგა ხაინდრავას უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში“. ამის მაგალითად მოყვანილია შემდეგი ფრაზები:
1) „ინდოელები და პაკისტანელები რაც შემოდიოდნენ ხაინდრავას შემოყვანილია, 2000 აშშ დოლარს იხდიდნენ საქართველოში რომ შემოსულიყვნენ“; (წყაროს მიერ ნათქვამი)
2) „“შაბათის ფორმულა“-ს წყარო უყვება, რომ 2016-2017 წლებში სუსთან დალაგებული ჰქონდა ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეების გარკვეული თანხის სანაცვლოდ შემოყვანა“;
3) „წყარო ამბობს, რომ სუსს გოგა ხაინდრავა კონკრეტულ სიებს აძლევდა და მათგან ითხოვდა, საზღვარზე პრობლემები არ შექმნოდა და ქვეყანაში ისინი მარტივად უწდა შემოეშვათ“;
4) „სქემის მიხედვით, რომელზეც წყარო გველაპარაკება, თუ გადავითვლით გამოდის, რომ 2016-2017 წლებში ინდოეთისა და პაკისტანის 2000-მდე მოქალაქე შემოვიდა ქვეყანაში. თუ კინორეჟისორი თითო მოქლაქის შემოყვანაში 2000 აშშ დოლარს იღებდა, მაშინ მან სავარაუდოდ ამ სქემით 4 მლნ. დოლარი იშოვა“;
5) „როგორც ვიცით, ბატონ გოგას 2016-2017 წლებში შემოყავდა საქართველოში ინდოეთისა და პაკისტანის მოქალაქეები“.
გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ საჩივრის შეტანასთან ერთად, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს, დააანონსა, რომ დააფუძნებს ფონდსაც,
რომელიც ხელს შეუწყობს „მედიატერორისა და მედიაფაშიზმის მიერ დაზარალებული მოქალაქეების იურიდიული უფლებების აღდგენას“.

