ირაკლი კობახიძის ბრძანებით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატებს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით შეარჩევს:
- ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, POSTV-ის დირექტორი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში;
- ზურაბ ტაბიძე - შპს „ალტას“ დამფუძნებელი;
- თალიკო ჟვანია - სტუ-ს ინფორმატიკსა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი;
საკონკურსო კომისიამ ამ შემადგენლობით შეარჩია ComCom-ის წევრობის კანდიდატები 2025 წლის დეკემბერშიც. მაშინ კომუნიკაციების კომისიის წევრად პარლამენტმა „ქართული ოცნების“ ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩია. გულორდავას გარდა, ComCom-ის წევრობა ვლადიმერ ტატიშვილს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილ დირექტორსა და ილია მიქელაიშვილს, შპს „პირველისა“ და „მედიაჰაბი სეილსჰაუსის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, ახლა უკვე სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელს სურდათ.
გოგა გულორდავა 29 იანვარს ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ ახალ თავმჯდომარედაც აირჩია. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა.
მაშინ კომუნიკაციების კომისიაში უფლებამოსილების ვადა მის თავმჯდომარეს, კახი ბექაურს ამოეწურა. ახლა კომისიაში უფლებამოსილების ვადა ვახტანგ აბაშიძეს ეწურება.
კომუნიკაციების კომისიის წევრობის მსურველები არიან:
ანი ვაზაგაშვილი - სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი და „მაესტროს“ იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;
გიორგი ელისაშვილი - 2013 წლიდან ტელეკომპანია GDS-ის ფინანსური დირექტორი. მანამდე ის „ბანკი ქართუში“ მუშაობდა;
სოლომონ ექვთიმიშვილი - 2025 წლიდან დღემდე „რუსთავი 2“-ის ფინანსური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
იოსებ აბულაძე - „ღია გული - საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის“ შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი. ის 2000 - 2016 წლებში კომუნიკაციების კომისიაში სხვადასხვა პოზიციაზეც მუშაობდა.
ნუგზარ რუხაძე, ზურაბ ტაბიძე და თალიკო ჟვანია მათი განცხადებებისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით, მთავრობას არანაკლებ 3 კანდიდატის შესახებ წარუდგენს რეკომენდაციას. მთავრობა კანდიდატებს პრეზიდენტს წარუდგენს, პრეზიდენტი კი - პარლამენტს.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, კომუნიკაციების კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, ფინანსების, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, მმართველ თანამდებობაზე - არანაკლებ 3 წლისა.
კომუნიკაციების ეროვნული კომისია 5 წევრისგან შედგება,
მათი უფლებამოსილების ვადა 6 წლითაა განსაზღვრული. პირის კომისიის
წევრად არჩევა 2-ზე მეტი ვადით არ შეიძლება.

