ტელეკომპანია "იმედის" საგანგებო რეჟიმი
31.10.2018
არჩევნების მეორე ტურის დანიშვნასთან დაკავშირებით ტელეკომპანია „იმედი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადავიდა. ამის შესახებ არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებიდან და ვებგვერდიდან 30 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

"წინასაარჩევნო პერიოდი განსაკუთრებულად მძიმე იქნება მეორე ტურის წინ, რადგან არჩევანის ერთ მხარეს "ნაციონალური მოძრაობა" აღმოჩნდა. ტელეკომპანია "იმედმა" და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა". ამიტომ "იმედი" წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი",- ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "იმედინიუსის" ვებგვერდზე გავრცელდა.

საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, შეცვლილ საეთერო ბადეში, ტოქშოუ "პირისპირ" კვირაში ერთის ნაცვლად ორჯერ გავა. საეთერო ბადეს დაემატება „იმედი Live“, ახალი ტოქშოუ, რომელსაც იმედი ნიუსის რედაქტორი თეონა გეგელია წაიყვანს. გეგელია სხვადასხვა დროს მუშაობდა ტელეკომპანია "მაესტროსა" და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "მე-9 არხზე", ასევე ვებგვერდზე ForeignPress, რომელიც საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებულ სტატიების ქართულ თარგმანებს აქვეყნებდა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დღეს, ტელეკომპანია "იმედის" 20:00-საათიან გამოშვებაში, რამდენიმე სიუჟეტი მიეძღვნა საარჩევნო თემატიკასა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შესაძლო გაპრეზიდენტებას. საინფორმაციო გამოშვება დაიწყო "ქართული ოცნების" მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საგანგებო ბრიფინგით მეორე ტურში მისი მონაწილეობის გაგრძელების შესახებ. პირველი სიუჟეტი კი შეეხებოდა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების პერსპექტივებს და იმ ნეგატიურ ეფექტებს, რაც ტელეკომპანიისა და სიუჟეტის რესპონდენტების მოსაზრებით, შეიძლება დადგეს ქვეყანაში. სიუჟეტი აგებული იყო ძირითადად იმ პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ხელოვანების და სახელმწიფო მოხელეების კომენტარებზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ხელისუფლებაში მოსვლას. სიუჟეტში მოხვდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ლევან ბეჟაშვილის კომენტარიც, რომელიც აცხადებს რომ გრიგოლ ვაშაძე, თუკი ის პრეზიდენტი გახდება, კონსტიტუციას არ გადაუხვევს.



"ქრონიკის" მეორე სიუჟეტი შეეხებოდა ევროპული საქართველოსა და სხვა პოლიტიკური ჯგუფების მიერ გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერას არჩევნების მეორე ტურში. სიუჟეტში საუბარი იყო იმ პოლიტიკურ სუბიექტებსა და პარტიებზეც, რომლებიც ვაშაძეს მხარს არ დაუჭერენ. გაკეთდა შეფასებებიც როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ისე მთავრობის წარმომადგენლების მიერ, მეორე ტურში კანდიდატების მხარდაჭერასთან დაკავშირებით.



მესამე სიუჟეტი ტელეკომპანია "იმედმა" "ქართული ოცნებისა" და მმართველი გუნდის სამომავლო გეგმებზე გააკეთა. სიუჟეტი მოიცავს მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების კომენტარებს სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგის შემდეგ.



მეოთხე სიუჟეტი კი ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებზე თავდასხმას შეეხებოდა. სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მომხდარში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს. ამბის თხრობა ჟურნალისტმა დაიწყო "ქართული ოცნების" წარმომადგენლის პერსპექტივიდან, რომელიც ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სხვადასხვა ადგილას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ზურაბიშვილის მხარდამჭერებს და საარჩევნო პლაკატები ჩამოხიეს ბენზინგასამართ სადგურებზე. სიუჟეტში ჩართული იყო ვიდეოჩანაწერიც, რომელშიც ჩანს როგორ ჩამოხია ერთ-ერთმა ადამიანმა სალომე ზურაბიშვილის პლაკატი, თუმცა ვიდეოს არ აქვს ხმა. სიუჟეტის დარჩენილი ნაწილი ძირითადად აგებული იყო ამბის "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" ვერსიებზე, შსს-ისა და სახალხო დამცველის შეფასებებზე.



საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებით, ტელეკომპანია "იმედის" ღამის ეთერში გავიდა საზოგადოებრივ-ანალიტიკური ტოქშოუ „პირისპირ“ ირაკლი ჩიხლაძესთან ერთად. გადაცემის მთავარი თემა იყო "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობა, არჩევნების მეორე ტური, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შესაძლებლობა და საფრთხეები, რომელიც ტელეკომპანიის რწმენით, შეიძლება შეიქმნას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლით.

„გრიგოლ ვაშაძე სწორედ იმ პირების შეწყალებას აპირებს, და მათ ნაწილს აქვე ჩამოვთვლი: სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, სია საკმაოდ გრძელია, რომლებიც მსჯავრდებულები და ბრალდებულები არან 7 ნოემბრის დარბევაში, გირგვლიანის მკვლელობაში, პატიმრების წამებაში, ტელევიზიის დარბევასა და ტელეკომპანია იმედის მიტაცებაში, რისი საფრთხეც ამ ძალის ხელისუფლების დაბრუნების შემთხვევაში გარდაუვალია,” - აღნიშნა წამყვანმა ირაკლი ჩიხლაძემ. გადაცემის სტუმრები იყვნენ ჟურნალისტები, ხელოვანები, ბიზნესმენები და საზოგადოების სხვა ჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელი, რომლებიც მიმდინარე ამბებსა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდზე აკეთებდნენ კომენტარებს.


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ