„მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა შეწყდა
01.05.2025


ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ სატელევიზიო მაუწყებლობა, რომელიც ეთერში თითქმის 6 წელი გადიოდა, დღეს, 1 მაისს შეწყდა. 

ტელევიზიის განცხადებით, ამ ეტაპზე მუშაობას მხოლოდ ციფრული დეპარტამენტი: სოციალური ქსელები და ვებგვერდი განაგრძობს, სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად კი არანაირი საშუალება აღარ დარჩა:

„5 წელი და 8 თვე აქ მთავარი იყავით თქვენ, ჩვენი მაყურებელი, ქართული საზოგადოება და ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს, რომლებმაც აქამდე მოგვიყვანა; ღირებულებები, რომელთა გაღრმავებითაც ჩვენ არა მარტო ევროპის, არამედ მთელი მსოფლიოს ღირსეულ წევრად უნდა დავრჩეთ და გადავრჩეთ; ღირებულებები, რომლებსაც ასე დაუნდობლად ებრძვის და ნაბიჯ-ნაბიჯ ანადგურებს „ქართული ოცნება“.

ჩვენც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ. ჩვენი არხის არსებობა დაარსების დღიდანვე არ იყო მარტივი. ამ გზაზე გადავიტანეთ უამრავი გამოწვევა, რასაც ბევრი, უბრალოდ, ვერ გაუძლებდა. ბევრი წარმატებაც გვქონდა და არც შეცდომებისგან ვიყავით დაზღვეული, თუმცა მათი გამოსწორებისა და არხის მუდმივი გაუმჯობესებისთვის უმძიმესი კრიზისების დროსაც კი არ დაგვიკლია ძალისხმევა. დახურვის პირასაც არაერთხელ ვყოფილვართ ამ წლების განმავლობაში, მაგრამ „მთავარი არხის“ თითოეული თანამშრომლის პირადი თავდადებით, თავგანწირვითა და ერთგულებით, რიგითი ადამიანებისა თუ ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომით, ზოგჯერ თქვენგან ჩარიცხული თითო ლარით ან, უბრალოდ, გამხნევებით, მაინც ყველა ჯერზე გადავრჩით და წარმოუდგენელ ვითარებაში ვინარჩუნებდით საქართველოს ყველაზე გავლენიანი და რეიტინგული კრიტიკული არხის პოზიციას. იმდენად, რომ, ხშირად, თვითონაც კი გვიკვირდა საკუთარი მოთმინებისა და მიღწევების.

ჩვენ მართლაც შეუძლებელს გავუძელით, მაგრამ, როგორც ეს საქართველოს ისტორიაში, სამწუხაროდ, ბევრჯერ ხდება, ჩვენი ციხეც შიგნიდან გატეხეს, გარე მტერი ვერ მოგვერია. ჩვენ დაგვანგრია სწორედ იმან, ვინც, თავის დროზე, ამ აუღებელი კედლების აშენებაში გვეხმარებოდა. ჩვენმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა თავისი პირადი მიზნებისა თუ შურისძიების გამო დახურვამდე მიიყვანა „მთავარი არხი“ და ამით დიდი სამსახური გაუწია რუსულ რეჟიმს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენი ციფრული დეპარტამენტი - სოციალური ქსელები და ვებ-გვერდი განაგრძობს მუშაობას. სატელევიზიო მაუწყებლობის შესანარჩუნებლად ჩვენ არანაირი საშუალება აღარ დაგვრჩა.

დიდი მადლობა, რომ გვიყურებდით და გვისმენდით „მთავარი არხის“ გუნდს, რომელიც ნებისმიერ ფასად აგრძელებდა თქვენთვის მუშაობას. კადრში თუ კადრს მიღმა, ჩვენ ისევ ძველი ღირებულებებით განვაგრძობთ ბრძოლას და ყველგან და ყოველთვის მთავარი იქნებით თქვენ, ქართველი ხალხი და ჩვენი საქართველო. მომავალ შეხვედრამდე“.

„მთავარი არხის“ ოფიციალურ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, ტელევიზიის ჟურნალისტებმა სოციალური ქსელების საკუთარ გვერდებზე გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ მათ არხის მაუწყებლობის სრულად შეწყვეტასთან დაკავშირებით შეატყობინა. 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა არხის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით განცხადება გასული წლის 24 დეკემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ტელეკომპანიის დაახლოებით 40%-იანი წილის მფლობელმა, ზაზა ოქუაშვილმა „მთავარი არხის“ დახურვა გადაწყვიტა. გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის დირექტორს, გოგი ქურდაძეს „[ზაზა] ოქუაშვილის დავალებების მორჩილი შემსრულებელი უწოდა“. მისი თქმით, ქურდაძე კომპანიაში ყველა ფინანსურ ოპერაციას ბლოკავდა და კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების გაფორმებაზე უარს ამბობდა.

ამავე დღეს ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენება მოითხოვა. გოგი ქურდაძემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა განცხადებით, დაერეგისტრიერებინა ცვლილება გიორგი გაბუნიას თანამდებობის დატოვების შესახებ. ქურდაძე „მთავარი არხის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებას გაბუნიას მიერ დამფუძნებლებისთვის მეილზე გაგზავნილი წერილის საფუძველზე მოითხოვდა, თუმცა რეესტრმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

27 იანვარს „მთავარმა არხმა“ მორიგი განცხადება გაავრცელა, რომ არხის თანადამფუძნებელი, ზაზა ოქუაშვილი ტელევიზიას ეტაპობრივად ხურავდა. 15 თებერვლიდან კი არხზე შეჩერდა გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„მთავარი არხი“ 2019 წლის 9 სექტემბრიდან მაუწყებლობდა. ის ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ მას შემდეგ დააფუძნა, რაც „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს გადაეცა და ტელევიზია თანამშრომლების ნაწილმა დატოვა. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ