დღეს, 14 მაისს, პარლამენტში შალვა პაპუაშვილის მოხსენებისთვის
უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს და ონლაინ მედიას შენობაში
არ დაუშვებენ.
პარლამენტის განცხადებით, უსაფრთხოების ყვითელი დონის გამო, შენობაში თითო მაუწყებლიდან მხოლოდ აკრედიტებულ არაუმეტეს ორ ჯგუფს დაუშვებენ.
როგორც პარლამენტი წერს, ამ “ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”.
პარლამენტში ონლაინ მედია არ დაუშვეს 4 თებერვალს, მიხეილ ყაველაშვილის მოხსენების დროსაც.
მედიას პარლამენტისგან სპეციალური აკრედიტაციის მიღება დასჭირდა ყაველაშვილის ინაუგურაციისა და პრეზიდენტად არჩევის გასაშუქებლად.
უსაფრთხოების ყვითელი დონის მოქმედების გამო პარლამენტში ონლაინ მედიის წარმომადგენლებს არ უშვებდნენ გასულ წელსაც. ისინი პარლამენტში არ დაუშვეს 28 ივნისს, ირაკლი კობახიძის წლიური ანგარიშის მოსმენისას.
ონლაინ მედიის წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა რუსული კანონის განხილვების დროსაც ეკრძალებოდათ.