„ძალიან ცხადია, რომ მზიას [ამაღლობელი] დაპატიმრება
უსამართლოა. ის ისჯება არაპროპორციულად და ნათელია, რომ ეს მისი,
როგორც ჟურნალისტის, რედაქტორის საქმიანობის საპასუხოდ
ხდება“, - ამის შესახებ „მედიაჩეკერთან“ საუბრისას
„ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯოდი
გინზბერგმა განაცხადა.
ჯოდი გინზბერგის თქმით, „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლი და
დირექტორი, მზია ამაღლობელი 4-7 წლამდე პატიმრობის საფრთხის წინაშე არ
უნდა იყოს „შეთითხნილი ბრალდებების“ გამო:
„უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ მზიას არ ეხება, სინამდვილეში, ეს ყველა ქართველ ჟურნალისტსა და მთელი მსოფლიოს ჟურნალისტებს ეხებათ, რომლებიც სულ უფრო ხშირად აწყდებიან ხელისუფლების მხრიდან შევიწროებას… ასევე, ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი სხვა ჟურნალისტებისთვის, რომ შეწყვიტონ ხელისუფლებებისა და ავტორიტეტების კრიტიკული გაშუქება. ამ მომენტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია მისთვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოცხადება, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ არ გავჩუმდებით და გავაგრძელებთ გაშუქებას“.
მზია ამაღლობელი „ცრუ ბრალდებების სამიზნეა“ ირლანდიელი ადამიანის უფლებათა დამცველისა და ნობელის პრემიის ლაურეატი ჟურნალისტის, მარია რესას ადვოკატის კილიან გალაგერისთვისაც:
„ძალიან შეშფოთებული ვარ მზიას ქეისის გამო.
მე მჯერა, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური სარჩული და ის პოლიტპატიმარია.
ძალიან ცხადი/ნათელია, რომ ის გახდა ცრუ ბრალდებების სამიზნე ძალიან
სერიოზული პროცედურული დარღვევების ქვეშ, ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის განგრძობადი დარღვევის გამო... ღრმა პრობლემები აქვს
საქმეს. იმედი მაქვს, რომ საქმე გაუქმდება და ის ციხიდან რაც შეიძლება
მალე გათავისუფლდება. თუ არადა, იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო
საზოგადოება საქართველოს პასუხისმგებლობას მოსთხოვს“.
გუშინ, 15 ივნისს, ZEG Storytelling Festival-ის დასკვნითი დღის ერთ-ერთი სესია მზია ამაღლობელზე საუბარს დაეთმო. ამ სესიას მოდერატორობას სწორედ „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ჯოდი გინზბერგი უწევდა, ერთ-ერთი სპიკერი კი ირლანდიელი ადამიანის უფლებათა დამცველი კილიან გალაგერი იყო. სესიას ონლაინ დაესწრო მარია რესაც, რომელმაც მზია ამაღლობელს სოლიდარობა გამოუცხადა.
ZEG ფესტივალი, რომელიც დისკუსიებს, სესიებს, ფილმების ჩვენებებს, ვორქშოფებს, შემეცნებით ტურებსა და არაფორმალურ ღონისძიებებს მოიცავს,13-15 ივნისს გაიმართა და 120-ზე მეტ მომხსენებელს უმასპინძლა.
--------------------
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
15 იანვარს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავების შემდეგ, მზია ამაღლობელს დგებუაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიულად ეპყრობოდა, მან ამაღლობელს სახეშიც შეაფურთხა.
„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მოსამართლე სალიხ შაინიძემ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა.
პოლიცია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდა, თუმცა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, საქმეში შესაბამისი ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ იყო და მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პოლიციას ყალბი ადმინისტრაციული დაკავების და სამართალდარღვევის ოქმები ჰქონდა შედგენილი.
მზია ამაღლობელის დაკავების ოქმში წერია, რომ ის არა სტიკერის გაკვრისთვის, არამედ პოლიციელების სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს. თუმცა, ამაღლობელი სტიკერის გაკვრისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რომ დააკავეს, ამას არსებულ ვიდეოჩანაწერში ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძეც ადასტურებს.
ადვოკატების განმარტებით, რადგან 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არ არის, ოქმში 173-ე მუხლი სწორედ იმიტომ ჩაიწერა, რომ მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შექმნილიყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის წინააღმდეგ, 150-ე მუხლით დაიწყო მეორე ადმინისტრაციული საქმეც. უწყება ამაღლობელს ამჯერად 11 იანვარს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავება.
მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა.
მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას 300-ზე მეტი ჟურნალისტი, რედაქტორი, მედიამენეჯერი და პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დამცველი 80-ზე მეტი ორგანიზაცია ითხოვს. 18 მარტიდან „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელისა და დირექტორის სასამართლო პროცესების მონიტორინგი დაიწყო მსახიობ ჯორჯ კლუნისა და უფლებადამცველ ამალ კლუნის ფონდმა. ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანია დაიწყო ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-მაც.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ მზია ამაღლობელის სახელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც.
ამაღლობელმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძისა და სოზარ სუბარის წინააღმდეგაც. მოსარჩელე კობახიძის, მდინარაძის და სუბარის მიერ მედიასაშუალებებით, სხვადასხვა დროს გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით მათ უარყოფას ითხოვს.