ევროპულმა სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დაიწყო
26.06.2025


ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ,,ბათუმელებისა” და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა დაიწყო. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, სასამართლო  კორესპონდენციაში განმარტავს, რომ საქმეს შესაძლოა მნიშვნელოვანი ზეგავლენის სტატუსი (Impact Case) მიენიჭოს.  

საიამ მზია ამაღლობელის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებასთან და მის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ არაერთ პროცედურულ დარღვასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 28 აპრილს მიმართა. 

საჩივარში აღნიშნულია, რომ ამაღლობელის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ისეთი ფუნდამენტური უფლებები, როგორებიცაა: თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (კონვენციის მე-5 მუხლი), საქმის სამართლიანი განხილვის უფლება (კონვენციის მე-6 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (კონვენციის მე-8 მუხლი), გამოხატვის თავისუფლება (კონვენციის მე-10 მუხლი), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება), უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (კონვენციის მე-18 მუხლი). 

„კერძოდ, საჩივარში მითითებულია, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს უსაფუძვლოდ, ხოლო მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება მოხდა თვითნებურად, შესაბამისი საფუძვლების გარეშე და ეროვნულმა სასამართლოებმა წინასწარი პატიმრობის კანონიერება არ შეაფასეს. 

ამასთან, მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლება შეიზღუდა კონვენციაში გათვალისწინებული მიზნებისგან განსხვავებული მიზნებით, და წინასწარი პატიმრობის გამართლება, მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების პარალელურად, წარმოადგენდა მის ბრალეულობაზე ნაადრევ დასკვნას. საჩივარში ასევე აღნიშნულია, მობილური ტელეფონის სავარაუდოდ უკანონო ჩამორთმევისა და ჩხრეკის ფაქტზე, რამაც შეზღუდა მზია ამაღლობელის პირადი ცხოვრებისა და გამოხატვის თავისუფლება, რასთან დაკავშირებითაც მას არ ჰქონია ეფექტიანი დაცვის საშუალება ეროვნულ დონეზე“, - ვკითხულობთ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებაში. 

ორგანიზაციის ცნობით, სასამართლომ საჩივარში მითითებული ფუნდამენტური უფლებების დარღვევებთან დაკავშირებით მხარეებს ვრცელი შეკითხვებით მიმართა:

„საქმის წარმოების პირველ ეტაპზე, სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე უნდა  წარადგინოს პოზიცია მზია ამაღლობელის თავისუფლების უფლების და ამასთან კავშირში სხვა დარღვევებთან მიმართებით“.

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს მზია ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა.

 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ