„რუსული კანონის“ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა სტრასბურგში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს
23.09.2025


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, „რუსული კანონის“ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს:

„“რუსული კანონის“ საქმეზე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წერილობითი კომუნიკაცია წარადგინეს. ორგანიზაციებმა სასამართლოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ,,რუსული კანონის” მიღების შემდგომ გაუარესებული მდგომარეობის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების შემზღუდველი ახალი კანონების მიღების, მათი რეპრესიული აღსრულების და სამოქალაქო ორგანიზაციების დევნის ერთიან პროცესზე, რომლის მიზანი დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა“.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით 16-მა მედია ორგანიზაციამ, 120-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ და 4-მა ფიზიკურმა პირმა 2024 წლის 17 ოქტომბერს მიმართა.

საიას განცხადებით, სასამართლომ ამ საქმის განხილვა უპრეცედენტოდ მოკლე ვადაში დაიწყო და ახალ ეტაპზე გადავიდა. სასამართლომ უკვე მიიღო საჩივართან დაკავშირებით სახელმწიფოს პასუხი. შემდეგ ეტაპზე კი იუსტიციის სამინისტროს კვლავ მოუწევს წერილობითი მოსაზრებების სასამართლოში წარდგენა და მომჩივნების წერილობით არგუმენტაციაზე პასუხის გაცემა:

„სასამართლომ საქმე წარმოებაში ყველა მუხლთან მიმართებით მიიღო. ამასთან, სასამართლოს მიერ გამოგზავნილ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ სასამართლომ საქმეს მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმის სტატუსი შეიძლება მიანიჭოს. მსგავსი სტატუსი ენიჭება ისეთ საქმეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დარღვევის გამორჩეულად მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

იუსტიციის სამინისტრომ საკუთარ პოზიციაში დამალა/არ მიაწოდა სასამართლოს ინფორმაცია „FARA“-ს მიღებისა და „გრანტების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების თაობაზე, რომლებიც სამოქალაქო სექტორის შევიწროებისა და დევნის მექანიზმებია და თავისი არსით წარმოადგენს „რუსული კანონით“ დაწესებული შემზღუდველი რეჟიმის გაგრძელებას. ამასთან, იუსტიციის სამინისტროს მოსაზრებით „რუსული კანონი“ არ არღვევს კონვენციით დაცულ უფლებებს.

მომჩივნებმა სასამართლოს წარუდგინეს ინფორმაცია იმ რეპრესიული მექანიზმების და ეფექტების შესახებ, რაც „რუსული კანონის“ ძალაში შესვლიდან დღემდე უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ გამოიყენება, მათ შორის, უკანასკნელ პერიოდში ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების პროცესის შესახებ.

საქმის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მიანიშნებს ისიც, რომ მასში მესამე მხარედ ჩართვა ადამიანის უფლებების დამცველმა 8 საერთაშორისო ორგანიზაციამ/კოალიციამ 21 სუბიექტის სახელით მოითხოვა. 1 ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქმის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს უფლებადამცველი და მედია ორგანიზაციების მიმართ იმ სისტემურ რეპრესიებს, რომლებსაც საკანონმდებლო დონეზე სათავე „რუსული კანონით“ დაედო. საქმეში მესამე მხარის მოსაზრებები წარადგინეს, მათ შორის ვენეციის კომისიამ და ამნესთი ინთერნეშენალმა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, ფიზიკური პირები სტრასბურგის სასამართლოში დავობენ, რომ „რუსული კანონი“ არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ გაერთიანების თავისუფლებას (მე-11 მუხლი), გამოხატვის თავისუფლებას (მე-10 მუხლი), პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას (მე-8 მუხლი), დისკრიმინაციის აკრძალვის (მე-14 მუხლი), სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების (მე-13 მუხლი) და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლებს (მე-18 მუხლი).

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ