ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
24.10.2025


თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ენუქიძემ დღეს, 24 ოქტომბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, ლიკა ბასილაია-შავგულიძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166(1)-ე და 173(2)-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.  

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ზაზა აბაშიძემ და ლაშა ტუღუშმა საბჭოს დაკავებული წევრის, ლიკა ბასილაია-შავგულიძის მხარდამჭერი განცხადების ტექსტი წარადგინეს, თუმცა ის საბჭოს სხვა წევრებმა არ გაიზიარეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძემ სხდომის მიმდინარეობის დროსვე თქვა: „მე, რა საკვირველია, არ შემოვუერთდები იმიტომ, რომ ჩემი ინდივიდუალური მოსაზრებაა, ინდივიდუალური და მე არც მისაუბრია კოლეგებთან, მე არც ქუჩის გადაკეტვის სოლიდარული ვარ, არც პოლიციის მანქანებზე ასვლის მიმართ ვარ სოლიდარული და არც შეურაცხყოფების მიმართ ვარ სოლიდარული, არც საჯაროდ და არც შიგნით, არც სხდომის შიგნით…“.

ლიკა ბასილაია - შავგულიძე პოლიციამ 22 ოქტომბერს, აქციის - „მედია რუსთაველზე“ მიმდინარეობის პარალელურად დააკავა, ბრალი ოფიციალურად კი ორი დღის შემდეგ წარუდგინეს.

23 ოქტომბერს, „მთის ამბები“/„საქართველოს ამბების“ დამფუძნებელმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბასილაია-შავგულიძისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ჯერ გადაცემული არ ჰქონდათ. მთივლიშვილმა გაავრცელა მისი წერილიც: 

„დაზუსტებით იმის თქმა, რას ედავებიან, ჯერ არ შეგვიძლია, სავარაუდოდ, წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. დაკავების დროს ტანსაცმელი აქვს დაზიანებული. იზოლატორში მოთავსების შემდეგ მოპყრობაზე პრეტენზიები არ გააჩნია. მხნედაა! ესეც მისი მოკლე წერილი:

„რუსული რეჟიმისგან სხვას რას უნდა ველოდოთ. უკანონოდ დამაპატიმრეს, ტროტუარზე მდგომს პოლიციელი მწვდა კისერში. მე ვაფრთხილებდი მათ, რომ თუ აქ რუსული რეჟიმი დამყარდება, მათ წაიყვანენ უკრაინასთან ომში და დრონი დააფრინდებათ. ჩვენი თავისუფლების ხარჯზე ვიცავთ იმ პოლიციელებს, რომლებიც უკანონოდ გვაკავებენ და მოსამართლეებს, რომლებიც უკანონოდ გვაპატიმრებენ. თუ ჩვენი არ სჯერათ, შეუძლიათ ნახონ რუსი პროპაგანდისტის, სალავიოვის განცხადება, რომელიც ამბობს, „ჩვენ ქართველები გვჭირდება ომში“. ბრძოლას ვაგრძელებთ“„.

ბასილაია-შავგულიძეს დაკავებას გამოეხმაურა და მას სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“. 

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ