„აჭარის ტელევიზიის“ დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ხელმეორედ გამოცხადდა
27.10.2025


საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველად კონკურსი 12 აგვისტოს გამოცხადდა, თუმცა სამეურვეო საბჭომ 17 სექტემბრის სხდომაზე „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორი ვერ აირჩია და   კონკურსი ჩაშლილად გამოაცხადა. მასში ორი კანდიდატი ნიკოლოზ მეგრელიშვილი და აკაკი ბერიძე მონაწილეობდნენ, თუმცა კენჭისყრის დროს ამ კანდიდატებმა სამეურვეო საბჭოს წევრების ვერცერთი ხმა ვერ მიიღეს. 

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორობის მსურველებმა შესაბამისი დოკუმენტები ამჯერად 23 ნოემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ. კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან 3 კალენდარულ დღეში სამეურვეო საბჭო დირექტორობის კანდიდატთა სიას ტელევიზიის ვებგვერდზე გამოაქვეყნებს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში დირექტორს დანიშნავს. კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორს თანამდებობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 3 წლის ვადით ნიშნავს. 

ტელევიზიის ბოლო დირექტორი ვლადიმერ ტატიშვილია, რომელმაც თანამდებობა 1 სექტემბერს, მის ადგილზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, დატოვა. ტატიშვილს დირექტორობის ვადა მიმდინარე წლის ნოემბერში ეწურებოდა.





კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ