საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილ წამყვანს, ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გზის გადაკეტვის საბაბით, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მის მეუღლეს, ჟურნალისტ მაიკო ბოკერიას კი ამავე საბაბით, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
„გზა უკვე გადაკეტილი იყო და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ, როცა გზაზე გადავედი. ხალხი იძახდა, რომ ვეღარ ეტეოდნენ ტროტუარზე. გადავიდნენ გზაზე, საპატრულო პოლიციამ დატოვა ტერიტორია, მე მივიჩნიე ავტომატურად, რომ მოქალაქეთა რაოდენობა იყო საკმარისი, რომ გადავსულიყავით სავალ ნაწილზე. რომ ყოფილიყო მოწოდება არგადასვლაზე, არ გადავიდოდი. არ ვარ კანონის ურჩი მოქალაქე. არც ერთხელ დაჯარიმებული არ ვარ. არაერთ საპროტესტო აქციაზე მიმიღია მონაწილეობა და არც ერთხელ დამირღვევია კანონმდებლობა. დღეს ჩემს მეუღლეს 5000 ლარი შეეფარდა, ჩვენ ორივე ერთად დაგვაკავეს. ორივე უმუშევრები ვართ და იმედი მაქვს, რომ ამას გაითვალისწინებთ სახდელის დაკისრებისას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენს შვილებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ,“ - თქვა ივანოვ-ჩიქოვანმა სასამართლო პროცესზე.
ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და მაიკო ბოკერია 24 ოქტომბერს დააკავეს. „ახლა დამირეკეს პოლიციიდან, დაკავებულია ჩემი რძალი, ვასკას ცოლი, სამი შვილის დედა მაიკო ბოკერია“, - დოდო შონავამ ჯერ რძლის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, მოგვიანებით კი - შვილზე.
ივანოვ-ჩიქოვანისა და ბოკერიას დაკავებას გამოეხმაურა „მედიის ადვოკატირების კოალიცია“: „ვასილ-ივანოვ ჩიქოვანმა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე კარიერის მდუმარედ გაგრძელებას მისი მხილება და წინააღმდეგობა არჩია. მისი უწყვეტი პროტესტი, მზია ამაღლობელისადმი მისი თანმიმდევრული მხარდაჭერა სოლიდარობის მაგალითი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. თავისუფლება უკანონოდ და უსამართლოდ დაკავებულ ჟურნალისტებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!“
24 ოქტომბერსვე დააკავეს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანადამფუძნებელი, რეჟისორი გიორგი ლიფონავაც.
„მიმდინარე რეპრესიები „ფორმულას“ მრავალი ფორმით შეეხო - ტელეკომპანიის დამფუძნებელ გიორგი ლიფონავამდე დააკავეს და ციხეში ჩასვეს მისი წამყვანები და ჟურნალისტები ვახო სანაია, ქეთა ციცქიშვილი, ცირა ჟვანია. დღესვე აიყვანეს გადაცემა „ყოველდღეს“ თანაწამყვანი ზვიად კვარაცხელია.
საზოგადოების დაშინებისკენ მიმართული რეპრესიები მძიმედ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, შემთხვევითი არ არის, რომ დაკავებულთა შორის მედიასთან დაკავშირებული ამდენი ადამიანია.
„ფორმულა“, როგორც დამოუკიდებელი მედია, თავს რეჟიმის სამიზნედ განიხილავს და მოითხოვს დაკავებულთა გათავისუფლებას”, - განაცხადა „ფორმულამ“.
გიორგი ლიფონავას, მოსამართლე ნინო ენუქიძემ გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება ღამის 02:52 საათზე გამოაცხადა.

