ხვალ სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა განახლდება
17.11.2025

ხვალ, 18 ნოემბერს, 13:00 საათზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში „ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა განახლდება. ხვალინდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ამაღლობელის დაცვის მხარე წარმოთქვამს.

მზია ამაღლობელის ადვოკატები ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმ განაჩენს ასაჩივრებენ, რომლითაც მას 2-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ისინი ნინო სახელაშვილის მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას ითხოვენ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 6 აგვისტოს განაჩენს ასაჩივრებს პროკურატურაც და ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353¹ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს, 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ითხოვს. 

---------------------------------

„ბათუმელები”/“ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და დირექტორს ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, თუმცა მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა და ის დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო

„პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე“.

------------------------------

ქუთაისის საააპელაციო სასამართლომ მზია ამაღლობელის საჩივრის განხილვა 11 ნოემბერს დაიწყო. საქმის მომხსენებელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილია, კოლეგიაში კი შედიან მოსამართლეები: მარინა სირაძე და ნანა ჯოხაძე. 

წინა, 14 ნოემბრის სხდომაზე, დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს პროკურორებმა. შოთა ჩხაიძის თქმით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს ბევრად ნაკლები მიუსაჯა, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. მათ დააყენეს შუამდგომლობაც, საქმეს ამაღლობელის ტელეფონის ექსპერტიზის დასკვნა დართვოდა. მას მობილური ტელეფონი, სხვა პირად ნივთებთან ერთად, 12 იანვარს, დაკავებისას ჩამოართვეს. 

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში „დიფ სთეიტი“ არ აღმოჩნდა“, - თქვა პროცესზე ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

----------------------------------

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის გამოყენებით, გამოძიებამ მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო და წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე მოიპოვა:

„10 თვის წინ მზია ამაღლობელის საქმეში გამოძიებამ ჩადო დეტექტივ ვლადიმერ ჩიტაიას შემდეგი შინაარსის პატაკი - „ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი თავდასხმამდე მობილური ტელეფონის აპლიკაციით ესაუბრებოდა ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებს, რომლებთანაც ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს“.

ამ ფარატინა ფურცლის გამოყენებით, მზია ამაღლობელის ტელეფონი ამოიღო გამოძიებამ, მოიპოვა წვდომა მის პროფესიულ და პირად ინფორმაციაზე.

პროკურატურას, ისევე როგორც სასამართლოს, არც კი შეუფასებია ის ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური წყაროების შესახებ, რომელთა ანონიმურობაც გარანტირებული უნდა იყოს ჟურნალისტური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

10 თვის შემდეგ, ექსპერტიზის დასკვნა მიიტანეს დღეს სხდომაზე. საქმისათვის მნიშვნელოვანი ვერაფერი ვიპოვეთო. ესაა მხოლოდ ერთი მაგალითი იმ დარღვევებიდან, რაც მზია ამაღლობელის საქმეში მრავლადაა.

ეს დარღვევა უკვე არის სტრასბურგში განსახილველი საქმის ნაწილი და ჩვენ ვდაობთ, რომ ამ მოქმედებით არსებითად იქნა ხელყოფილი მომჩივნის პირადი კომუნიკაციის და პირადი ცხოვრების უფლება. მხოლოდ პატაკის საფუძველზე მსგავსი ტიპის საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ძირს უთხრის კონვენციით გარანტირებულ მე-8 და მე-10 მუხლებით განმტკიცებულ უფლებებს“

---------------------------------

14 ნოემბერს, წინა სხდომისგან განსხვავებით, მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლისა და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება აღარ მისცა. მოსამართლემ განმარტა, 

რომ 11 ნოემბრის სხდომაზე თხოვნა სიცხის გამო გაითვალისწინა და არ უნდოდა, ყოფილიყო დისკრიმინაციული სხვა ბრალდებულების მიმართ.

პროცესის დასრულების შემდეგ კი, მაია მწარიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ქართული მართლმსაჯულების დიაგნოზია:

„მოსამართლეები ეცადნენ, რაღაც ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე და მაშინვე უთხრეს: „არც გაბედოთ“ წარმოიდგინეთ, უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო“

14 ნოემბრის სხდომაზე მაია მწარიაშვილმა დააყენა შუამდგომლობაც, საქმისთვის დაერთოთ წერილები, რომლებითაც ადვოკატი მზია ამაღლობელისათვის თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ამაღლობელს პატიმრობაში მხედველობა მკვეთრად დაუქვეითდა. 

ბათუმის სააპელაციო სასამართლოს ეზოს ჭიშკარი წინა სხდომაზეც დაკეტილი დახვდათ პროცესზე დასასწრებლად მისულ მზია ამაღლობელის კოლეგებსა და მხარდამჭერებს. სხდომა კი, 11 ნოემბრის მსგავსად, 24-კაციან დარბაზში ჩაატარდა.  

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი 11-12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად მზია ამაღლობელი პოლიციამ კედელზე იმ სტიკერის გაკვრის გამო დააკავა, რომელზეც „გაიფიცე“ ეწერა, ის მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა მალევე მეორედ, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს. დაკავებისას მზია ამაღლობელს ღირსების შემლახავად მოექცნენ, თუმცა პროკურატურას საქმის გამოძიება არ დაუწყია.

სასამართლომ მზია ამაღლობელი დააჯარიმა ორ ადმინისტრაციულ საქმეზეც. მოსამართლე სალიხ შაინიძემ ამაღლობელი პირველ ადმინისტრაციულ საქმეზე სამართალდამრღვევად 18 მარტს ცნო და 2 000 ლარით დააჯარიმა. 18 ივნისს კი, ის სამართალდამრღვევად მოსამართლე მარიანა ფამოევამ ცნო და 1000 ლარით დააჯარიმა. შსს ამაღლობელს პოლიციელების სიტყვიერ შეურაცხყოფასა და  აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯებას ედავებოდა

„ბათუმელები“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი დაკავების დღიდან, 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. მათ შორის, ამაღლობელმა მიიღო სახაროვის პრემია - ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო.

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ