საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორი, კახა მელიქიძე 2026 წლის 1 იანვრიდან სამსახურიდან გაათავისუფლა.
26 დეკემბრის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების მიხედვით, კახა მელიქიძის გათავისუფლების მიზეზი ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესის მრავალგზის დარღვევაა, რაც „მის მიერ, საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების არაერთგზის გავრცელებაში“ გამოიხატა.
„წინასაახალწლოდ თინათინ ბერძენიშვილმა საზმაუს კიდევ ერთი მცველი, რეჟისორი კახა მელიქიძე გაათავისუფლა სამსახურიდან. შეგახსენებთ, რომ კახა მელიქიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ღიად ისაუბრა იმ პოლიტიკურ წნეხზე, რომელიც პირველი არხის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა. მას აიძულებდნენ ეროვნული ნაკრების თამაშების დროს ეთერში ხშირად ეჩვენებინა ირაკლი კობახიძე, მაშინაც კი, როცა ეს უეფას სტანდარტებსა და წესებს ეწინააღმდეგებოდა“, - წერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები“.
„პირველმა არხმა“ კახა მელიქიძეს „საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების“ გავრცელების გამო ერთჯერადად, ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან 30% დაუქვითა. დისციპლინარული სანქციის შესახებ მაშინდელი ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა მელიქიძე 12 თვის განმავლობაში „მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

