საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ ტექნიკისა და ტექნოლოგიების საეთერო ჯგუფის პულტის რეჟისორს, კახა მელიქიძეს „საჯარო სივრცეში, მაუწყებლის რეპუტაციის შემლახავი განცხადებების“ გავრცელების გამო ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურებიდან ერთჯერადად, 30%-ს დაუქვითავს.
დისციპლინარული სანქციის შესახებ ბრძანებით, თინათინ ბერძენიშვილმა კახა მელიქიძე 12 თვის განმავლობაში „მის მიერ ანალოგიური ან/და სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში“ სამუშაოდან შესაძლო გათავისუფლების შესახებაც გააფრთხილა.
მელიქიძე ამ სანქციის მიზეზად Internazionale-სთვის სექტემბერში მიცემულ ინტერვიუს მიიჩნევს. იტალიურ გამოცემასთან საზოგადოებრივ მაუწყებელზე საუბრისას ის ამბობს, რომ „საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან შეგვიძლია და შეგვეძლო მაშინაც, ჩვენ რომ გაგვეკეთებინა პირდაპირი ეთერი ნებისმიერი რაოდენობის ადამიანის, 4-5 კაცისგან. ამას იტყუებოდა ჩვენი არხის მენეჯმენტი და ამბობდა, რომ ჩვენ ამის საშუალება არ გვქონდა“.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რუსთაველის გამზირზე საჯაროდ გამოსვლის დროს, არხისთვის „რეპუტაციული ზიანის“ მოყენების გამო სექტემბრის თვის ხელფასიდან 30% დაუქვითა მემონტაჟე-ოპერატორს, გიგა კიტიასაც. მაუწყებელმა 12 თვის განმავლობაში ანალოგიური ან სხვა სახის დარღვევის შემთხვევაში, სამუშაოდ შესაძლო გათავისუფლების შესახებაც კიტიაც გააფრთხილა.
„პირველი არხმა“ კახა მელიქიძესა და გიგა კიტიას, სხვა თანამშრომელთან ერთად, საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით „დამსაქმებლისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენების“ გამო აპრილში საყვედურიც გამოუცხადა.
მიმდინარე წლის 11 აპრილს, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა სამსახურიდან გაათავისუფლა ნინო ზაუტაშვილი, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი; დახურა გადაცემები „რეალური სივრცე“, „ამ შაბათ-კვირას“ და მათი გუნდის წევრებს, რომლებმაც ახალ შეთავაზებაზე უარი თქვეს, ხელშეკრულებები შეუწყვიტა. ისინი რამდენიმე თვეა „პირველი არხის“ სარედაქციო პოლიტიკას ღიად აკრიტიკებენ და პოლიტიკურ გავლენებზე საუბრობენ.

