„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეების წარმოება აქტიურად გრძელდება, პირველ საქმეზე (პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების შეფარდება და დაკავშირებული დარღვევები) საიამ წერილობითი პოზიცია წარადგინა, მეორეზე კი (ადმინისტრაციული დაკავება და სამართალდარღვევები) ევროსასამართლომ ახალი საჩივარი დაარეგისტრირა.
საიას ინფორმაციით, პირველი საქმე (Amaghlobeli v. Georgia, no. 13661/25) ეხება 2025 წლის 12 იანვარს, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებული და პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული შემდეგი უფლებების დარღვევას: მე-5 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 მუხლი (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება), მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), მე-10 მუხლი (გამოხატვის თავისუფლება), კონვენციის მე-13 მუხლი მე-8 და მე-10 მუხლებთან ერთობლიობაში (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-18 მუხლი (უფლების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები). ამ საქმესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ მზია ამაღლობელის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 28 აპრილს მიმართა:
„2025 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილ საჩივარზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. სახელმწიფომ დარღვევები არ აღიარა და მიუთითა, რომ მზია ამაღლობელის დაკავება, ისევე, როგორც მისი განგრძობადი წინასწარი პატიმრობა, იყო კონვენციურ ვალდებულებებთან შესაბამისი“.
2025 წლის 11-12 იანვარს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს:
„2025 წლის 11 იანვარს მზია ამაღლობელი უკანონოდ დააკავეს სტიკერის, წარწერით - „იფიცება საქართველო“, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს დამხმარე შენობის გარე ფასადზე გაკვრის გამო, რა დროსაც მზია ამაღლობელი სარგებლობდა კონსტიტუციითა და კონვენციით განმტკიცებული გამოხატვის თავისუფლებით და სოლიდარობას უცხადებდა მიმდინარე აქციის ფარგლებში უკანონოდ დაკავებულ პირებს. მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით უკანონო დაკავებასთან და მის წინააღმდეგ წარმოებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების ფარგლებში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საიამ 2025 წლის 17 ნოემბერს სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, რომელიც სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა და მიანიჭა შესაბამისი ნომერი (no. 36304/25). ეს მზია ამაღლობელის რიგით მეორე საქმეა სტრასბურგის სასამართლოში.
2025 წლის 12 იანვარს, მზია ამაღლობელი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს შენობის წინ მეორედ იქნა უკანონოდ დაკავებული სისხლის სამართლის წესით და 2025 წლის 13 იანვარს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას. ამ საქმეზე წარმოება ეროვნულ დონეზე კვლავ გრძელდება“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს როგორც ეროვნულ დონეზე, ისე სტრასბურგის სასამართლოს წინაშეც არ განუმარტავს და არ დაუდგენია მათ შორის იმ პირის ვინაობა, რომელმაც მზია ამაღლობელი სისხლის სამართლის წესით რეალურად დააკავა:
„იუსტიციის სამინისტრო, ისევე როგორც პროკურატურა, ვერ ასაბუთებს დანაშაულის ჩადენის საფუძვლიანი ეჭვის არსებობას, რომელიც დაადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან კონკრეტული ქმედების, როგორც თავად პროკურატურამ დააკვალიფიცირა - ,,პოლიციელზე თავდასხმის” ფაქტს, თუ აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას, რითაც დაირღვა მზია ამაღლობელის კონვენციის მე-5 მუხლით გარანტირებული თავისუფლების უფლება.
კერძოდ, სახელმწიფო თავად მიუთითებს, რომ ქმედების კვალიფიკაციისათვის მხოლოდ ,,ზიანის ხარისხი” არ არის განმსაზღვრელი და, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მიხედვით, ქმედების კვალიფიკაციისას ასევე მნიშვნელობა ენიჭება ,,იმ კონტექტს, რომელშიც ქმედება განხორციელდა” და ,,დამნაშავის მიზანს”. მოვლენათა თანმიმდევრობისა და ქმედების განხორციელების ირგვლივ არსებულ გარემოებათა გადმოსაცემად და მზია ამაღლობელის განზრახვის დასადასტურებლად, სახელმწიფოს არ წარმოუდგენია შესაბამისი, მათ შორის, ნეიტრალური მტკიცებულებები და დაეყრდნო საქმეში არსებულ ვიდეომასალას, რომლითაც შეუძლებელია კონკრეტული დანაშაულისა და განსაკუთრებით ,,დამნაშავის მიზნის” იდენტიფიცირება. წარდგენილ პოზიციაში განმარტებულია, რომ დაკავება იყო თვითნებური და ემსახურებოდა ავ განზრახვას, რამდენადაც ეს განპირობებული იყო არა საფუძვლიანი ეჭვით, არამედ - ირაკლი დგებუაძის მუქარით, რომ ,,სისხლით” დაიჭერდა მზია ამაღლობელს“.
როგორც საია აღნიშნავს, მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე პროკურატურის მიერ გაჟღერებული არგუმენტები გაიმეორა, რომლებიც მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს უკავშირდებოდა:
„იმ პირობებშიც კი, როდესაც ეროვნულ დონეზე საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა არათუ გააბათილა აღნიშნული რისკების არსებობა, არამედ უფლებადამცველებმა პროკურატურას მიუთითეს კიდეც სტანდარტზე და იმ მტკიცებულებების აუცილებლობაზე, რომელთა არსებობა აუცილებელი იყო განგრძობადი პატიმრობის დასადასტურებლად, საერთაშორისო დონეზე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა შესაბამისი მტკიცებულებები.
წარდგენილ შეპასუხებაში აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებისათვის პროკურატურა დაეყრდნო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ დაკავებასა და სამართალდარღვევის საქმეებს, რომელთა ირგვლივ, არა თუ საბოლოო გადაწყვეტილება არ იყო გამოტანილი, არამედ არც იყო განხილული სასამართლოების მიერ. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ,,ახალი დანაშაულის” ჩადენის რისკის დასამტკიცებლად პროკურატურას არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულებები და მხოლოდ ეყრდნობოდა ადმინისტრაციული დაკავებას, მზია ამაღლობელს პარალელურად უწევდა ემტკიცებინა საკუთარი უდანაშაულობა იმ საქმეების ირგვლივ, რომელიც ეროვნულ დონეზე იყო მიმდინარე. Პროკურატურის პოზიციითა და სასამართლოების მიერ პროკურატურის არგუმენტების ყოველგვარი შეფასების გარეშე გაზიარებით დაირღვა მზია ამაღლობელის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც საერთაშორისო დადგენილი პრაქტიკით ინდივიდს იცავს სამართალწარმოების ყველა ეტაპზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული“.
ორგანიზაციის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი პოზიციით ვერ დასტურდება იმ განზრახვის არარსებობა, რომლის მიზანს რეალურად მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯა წარმოადგენდა. ამასთან დაკავშირებით საიამ წარადგინა მმართველი პარტიის წარმომადგენლების, მათ შორის ირაკლი კობახიძისა და ნინო წილოსანის განცხადებებიც, რომლებიც მზია ამაღლობელს, იმ პირობებშიც კი როდესაც მის მიმართ ჯერაც არ დამდგარა ეროვნულ დონეზე საბოლოო გადაწყვეტილება, დამნაშავედ მოიხსენიებენ და მიუთითებენ, რომ მან კონკრეტული დაკვეთა შეასრულა.
„დამატებით წერილობით პოზიციაში წარდგენილია ახალი ფაქტობრივი გარემოებები საქმის ირგვლივ, მათ შორის იმ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც სახელმწიფოს მიერ წარდგენილ შეპასუხებაში არ ყოფილა აღნიშნული. კერძოდ, 2025 წლის 14 ნოემბერს, პროკურატურამ, რომელიც მზია ამაღლობელის მიმართ ბრალისა და სასჯელის დამძიმებას მოითხოვდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე დაინიშნა სრულიად უკანონოდ, გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს დეტექტივის ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის საფუძველზე, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მზია ამაღლობელის მიერ პოლიციელზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი, რასთან დაკავშირებითაც მზია ამაღლობელი მობილური ტელეფონის აპლიკაციის საშუალებებით ესაუბრებოდა იმ ეტაპისთვის დაუდგენელ პირებს, ჰქონდა მიმოწერა და იღებდა ინსტრუქციებს. აღსანიშნავია, რომ მზია ამაღლობელის მობილურ ტელეფონზე გარდა იმისა, რომ ექსპერტიზის დანიშვნისას სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ვლადიმერ ჩიტაიას მიერ მიწოდებული ინფორმაციით და არ გაითვალისწინა ფაქტი, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში იქნებოდა ინფორმაცია ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ, რითაც დაარღვია მომჩივნის მიმართ კონვენციის მე-8 და მე-10 მუხლებით გარანტირებული უფლებები, თითქმის 9 თვიანი ექსპერტიზის შემდგომ, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია ვერ მოიპოვა“, - წერს საია.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ამ პირობებში მზია ამაღლობელს უფლების დაცვის ქმედითი საშუალება წაერთვა, რამდენადაც მისი უფლებები შეიზღუდა იმ გარემოებებში, როდესაც არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა ვლადიმერ ჩიტაიას პატაკის გარდა, რომელშიც მოცემული ინფორმაციაც ვერ დადასტურდა.

