„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ კომუნიკაციების კომისიის
მიერ კრიტიკული მაუწყებლებისთვის: „ტელეკომპანია პირველისა“ და
„ფორმულასთვის“ წერილობითი
გაფრთხილების მიცემას საგანგაშოდ
აფასებს და მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებით
მარეგულირებელი მაუწყებლებს ცენზურას უწესებს. „საგულისხმოა, რომ
მაუწყებლებისთვის ყოველი შემდგომი იმავე ტიპის დარღვევის დადგენა
მათთვის სოლიდური ფინანსური სანქციების დაწესების, ან/და მაუწყებლობის
ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის წინაპირობა გახდება, რაც ისედაც მწირი
ფინანსური რესურსების პირობებში მომუშავე მედიებისთვის მძიმე ტვირთი
იქნება“, - აღნიშნავს ორგანიზაცია.
კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანიები: Postv-ი, „იმედი“, „ფორმულა“ და „TV პირველი“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევის გამო, რომლებიც შინაარსობრივი რეგულირების საკითხებს შეეხება, 8 აპრილს, წერილობით გააფრთხილა.
ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე შესაძლო დარღვევაზე პირველად იმსჯელა.
მაგალითად, კომისიამ მიიჩნია, რომ ფრაზების: „ოცნების პროკურატურა“, „ოცნების პარლამენტი“, „ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი“, „რაჟდენ კუპრაშვილის უწყება“, „ოცნების მთავრობის წევრებთან“, „სასამართლო კლანი“, და სხვ. გამოყენებით „ფორმულამ“ ახალი ამბების პროგრამაში საკითხი მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გააშუქა, რითაც კანონი დაარღვია. ComCom-ის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა მონიტორინგის დროს ყველაზე მეტი - 20 შესაძლო დარღვევა სწორედ „ფორმულას“ აღმოუჩინა, ყველაზე ცოტა (4) კი - „იმედს“.
კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლები წერილობით გააფრთხილა, რადგან მათ მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის სანქცია გამოყენებული არ ყოფილა.
რა ჩაუთვალა ComCom-მა ტელევიზიებს კანონმდებლობის
დარღვევად, ვრცლად იხილეთ „მედიაჩეკერის“
მასალა.
TI-ის შეფასებით, აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კრიტიკული მედიის გაჩუმებასა და დასჯას კომუნიკაციების კომისიის გამოყენებით მათთვის ფინანსური სანქციების დაწესების, საბოლოოდ კი მაუწყებლობის ლიცენზიის შეჩერება/შეწყვეტის მუქარის გზით ცდილობს:
„როგორც ჩანს, მიზნის მისაღწევად მსუყე ნიადაგი რეპრესიული კანონმდებლობის პარალელურად, კომუნიკაციების კომისიის პარტიისადმი ერთგული კანდიდატებით დაკომპლექტებით იქმნება, რომელსაც უკვე წლებია ხელისუფლება კრიტკული მედიის დევნის იარაღად იყენებს.
ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შენარჩუნების მიზნით, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებმა და საერთაშორისო პარნტიორებმა მკაფიოდ დაგმონ კომუნიკაციების კომისიის დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ 2 აპრილის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ კრიტიკულ მაუწყებლებთან ერთად, ბრიტანეთის მიერ ორი დასანქცირებული პროსამთავრობო ტელევიზიის: „იმედისა“ და „პოსტვის“ მიერ იმავე შინაარსის დარღვევების საკითხიც განიხილა, სხდომაზე დაკვირვება ნათლად წარმოაჩენდა, რომ მას ფორმალისტური ხასიათი ჰქონდა და ის მხოლოდ ხელოვნური ბალანსის დაცვის მიზანს ემსახურებოდა:
„ამას ადასტურებს, თავად პროსამთავრობო ტელევიზიების წარმომადგენლების პოზიციებიც, რომელთაც არც კი სცადეს მაუწყებლების პოზიციების დაცვა და განაცხადეს, რომ ისინი მაქსიმალურად ეცდებიან მომავალში მსგავსი ტერმინების გამოყენებისგან თავის შეკავებას. საგულისხმოა ისიც, რომ კომისიამ „იმედს“ მხოლოდ 4 დარღვევა დაუდგინა, „პოსტვის“ - 7, „ტელეკომპანია პირველსა“ და „ფორმულას“ - 18 და 20.
საპირწონედ, კრიტიკული მაუწყებლების იურისტებმა დეტალურად დაასაბუთეს და განმარტეს, რომ ჟურნალისტების მხრიდან წარმოთქმული ფრაზები არა მათი პირადი მოსაზრებები და შეფასებები, არამედ საზოგადოებაში ფართოდ დამკვიდრებული ფაქტების კონსტატაციაა. მათვე ხაზი გაუსვეს, რომ მედიის თვითმიზანი არ არის კონკრეტული მხარის პოზიციის დამალვა, პირიქით, მათთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობაზე უარს თავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიის პრეტენზიები, შესაძლოა, აღქმულ იქნეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისა და მოსალოდნელი ფინანსური სანქციების თავიდან არიდების შიშით ამბის გაშუქებაზე უარის თქმის გზით მედიაზე ზეწოლის მცდელობად“.
როგორც TI წერს, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც „ოცნების“ მიერ მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს ეფუძნება, საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტს არღვევს და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ისევე როგორც ამ მიმართულებით არსებულ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტსა და პრაქტიკას:
- აზრის თავისუფლად გამოხატვის ულება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით და დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ამასთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები თავისუფალია. ცენზურა დაუშვებელია. სახელმწიფოს ან ცალკეულ პირებს არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის უფლება.
- ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი ასევე იცავს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, მედიის უფლებას გააკრიტიკოს საჯარო პირები;
- აგრეთვე, OSCE/ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის ერთობლივი სახელმძღვანელოები ხაზს უსვამენ, რომ მარეგულირებელი არ უნდა იქცეს პოლიტიკური ზეწოლის იარაღად, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში;
- მარეგულირებლის დამოუკიდებლობის აუცილებლობას ხაზს უსვამს და კრიტიკული შინაარსის ჩახშობას კრძალავს ევროპის საბჭოს რეკომენდაციაც - CM/Rec(2016)4.
- ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პრესისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მხრიდან, დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პროგრესის წინაპირობაა. აღნიშნული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს არაერთი პრეცედენტული გადაწყვეტილებით არის გამყარებული.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში
ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის
საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, ბრიტანეთის
მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის
დასანქცირების შემდეგ
დააანონსა.
6 მარტის განცხადებაში კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია.
კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის გაზაფხულზე შესული ცვლილებებით მიეცა.
2025 წლის ივნისში კი, ComCom-მა „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. „ფორმულამ“ კომისიის ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა თავმჯდომარედ ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ აირჩია. მას „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი 2025 წლის დეკემბერში, დაუჭირა. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა.

