კომუნიკაციების კომისია ხვალ, 8 აპრილს მიიღებს გადაწყვეტილებებს
ტელეკომპანიების: Postv-ის, „იმედის“, „ფორმულასა“ და „TV პირველის“
მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო დარღვევებზე.
კომისიამ ამ ტელეკომპანიების მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხები, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება და მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე გამოავლინა, 2 აპრილის სხდომაზე პირველად განიხილა.
ამ სხდომაზე Postv-ის საკითხის მომხსენებელმა, თამარ
ხუხუნაიშვილმა თქვა, რომ მედიამომსახურებების რეგულირების
დეპარტამენტის მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათის მიხედვით, 28
თებერვლიდან 11 მარტის ჩათვლით, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში
ჩატარებული შემოწმების შედეგად Postv-ის ახალი ამბების პროგრამებში 7
დარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
ხუხუნაიშვილმა მოიყვანა Postv-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის
54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტის
დარღვევის რამდენიმე მაგალითიც: „რადიკალური ოპოზიციის წევრებმა
წერილი ურსულა ფოლ დენ ლაიერს 22 სექტემბერს გაუგზავნეს“; „ეს კიდევ
ერთი დადასტურებაა იმისა, რომ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ციხიდან ისევ
მსჯავრდებული სააკაშვილი მართავს“; „ქვეყნის ინტერესების
დამაზიანებელი გზავნილები ამჯერად ოპოზიციური განწყობებით ცნობილმა
ექსპერტმა გაიმეორა და აბსურდულ ბრალდებებთან ერთად, საზოგადოებაში
პანიკის დათესვაც სცადა“.
მან დაასახელა Postv-ის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ 1-ლი პუნქტის დარღვევის მაგალითიც, ჟურნალისტის ფრაზა 10 მარტის საინფორმაციო გამოშვების პროგრამიდან: „ევროკომისიის გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს ნაცმოძრაობაში ამბობენ, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებულმა, მათ მიერვე წამოწყებულმა ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა“ … ხუხუნაიშვილმა მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით თქვა, რომ ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული წინადადება ინფორმაციას ისე წარმოაჩენს, თითქოს სიუჟეტში შემდგომ ჩართული რესპოდენტი, ლევან სანიკიძე ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ანტისახელმწიფოებრივმა კამპანიამ იმუშავა და ქვეყნის იმიჯი დააზიანა, თუმცა სიუჟეტში ჩართულ ინტერვიუში სანიკიძე ასეთ განცხადებას არ აკეთებს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ინფორმაციის გადაცემის სიზუსტის პრინციპი დაირღვა.
2 აპრილის სხდომას ესწრებოდა Postv-ის წარმომადგენელიც. ნინო ელოშვილმა თქვა, რომ კომისიის მიდგომას დაელოდებიან და „შესაბამისად, სამომავლოდ გავითვალისწინებთ ჩვენს საქმიანობაში“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ დადგენილი პრაქტიკის სამომავლოდ გათვალისწინებაზე ისაუბრა „იმედის“ იურისტმა, ანა ვაზაგაშვილმაც. „მე მესმის, გარკვეული ფრაზები იყო, რომლებიც შესაძლებელია, ატარებდეს შეფასებით ხასიათს და მზად ვართ მოკლედ, გავიზიაროთ ის მიმართულება, რომელსაც კომუნიკაციების კომისია ამ მხრივ მაუწყებლებისთვის დაადგენს“.
-----------------------------
ანა ვაზაგაშვილი კომუნიკაციების კომისიის წევრობის ერთ-ერთი
მსურველია. ComCom-ის წევრის ერთი ვაკანტური
თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი 11 თებერვალს გამოცხადდა და
საბუთების მიღების ბოლო ვადა 12 მარტი იყო. ამ პერიოდში განცხადებები
და საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა ვაზაგაშვილმაც. კომისიის წევრობის
ვადა ვახტანგ აბაშიძეს
ეწურება.
-----------------------------
„იმედის“ საკითხის წარდგენისას მომხსენებლმა, პავლე ბერიამ თქვა, რომ „ადგილი აქვს სავარაუდო დარღვევას 4 ფაქტთან დაკავშირებით“.
როგორც მან ჩამოთვალა, პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებული შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ „იმედის“ ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტები ახალ ამბებს გადასცემდნენ შემდეგი ფრაზების გამოყენებით: „გაბანკროტებულ ოპოზიციაშიც“, „პროპაგანდისტული ოპოზიციური არხების ჟურნალისტები“, „პოლიტიკური ამნეზია მძიმე ფორმებს იღებს“, „მძიმე და უსაფუძვლო ბრალდებები“, „ოპოზიციის მედია“. ეს ფრაზები გაჟღერებული იყო 25-26 თებერვალსა და 9 და 11 მარტს გადაცემულ ახალ ამბებში.
პავლე ბერიას თქმით, „მოხსენებითი ბარათის მიხედვით,
აღნიშნული ფრაზების გამოყენებით ახალი ამბების გადაცემა მათი
კონტექსტის, შინაარსისა და გავრცელების ფორმის გათვალისწინებით,
წარმოადგენს მაუწყებლის პირადი მოსაზრებისა და დამოკიდებულების
საფუძველზე ახალი ამბების გადაცემას, რაც აკრძალულია
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის
შესაბამისად…“
დარღვევების 20 ეპიზოდს აღწერს მედიამომსახურებების რეგულირების
დეპარტამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ შესახებ მომზადებული
მოხსენებითი ბარათი. „ფორმულას“ საკითხის წარდგენისას თამარ გოშუამ
ტელევიზიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5
პუნქტის დარღვევის საილუსტრაციოდ შემდეგი მაგალითი მოიყვანა: „იმის
გამო, რომ რეჟიმი ქვეყნის შიგნით არ წყვეტს რეპრესიას და ასევე
აგრძელებს თავდასხმას საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ რეჟიმის
პირობებში საქართველოს შესაბამისობის მაჩვენებელი ევროკავშირის
უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან მუდმივად მცირდება“.
გოშუამ „ფორმულას“ მიერ მიუკერძოებლობის პრინციპისა და ბალანსის დარღვევის მაგალითად დაასახელა 25 თებერვლის სიუჟეტი - „საკადრო წმენდა კონკურსის სახელით?“, რადგან მასში გაჟღერებული არ იყო ბათუმის მერიის წარმომადგენლის მოსაზრება.
2 აპრილის სხდომის მიმდინარეობისას ტელეკომპანია „ფორმულას“ იურისტი, ეთო ქათამაძე დაინტერესდა, რა ახალი სამართლებრივი ან ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვეთა, რომ სწორედ ახლა გაჩნდა ამ ნორმების აქტიურად აღსრულების საფუძველი და აღნიშნა, რომ ამას წინ უძღვოდა ბრიტანეთის სანქციები Postv-ის და „იმედის“ მიმართ და კომისიის მყისიერი განცხადება, რომ ამ ნორმების ამოქმედების ბიძგი გახდებოდა სწორედ ეს სანქციები.
---------------------------------------------------
ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის
კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა
მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი
სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ
სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „postv“-ის დასანქცირების
შემდეგ,
დააანონსა.
მაშინდელ განცხადებაში კომუნიკაციების კომისია მედიის შინაარსობრივი რეგულირების საკითხთან დაკავშირებით წერდა, რომ მიუხედავად კანონის არსებობისა, აქამდე მხოლოდ საჩივრებზე რეაგირებდა და თავად მაუწყებლების მიმართ ადმინისტრაციული წარმოება არ დაუწყია. ხვალინდელი განხილვა კი ამის პირველი შემთხვევა იქნება.
კომუნიკაციების კომისიას აქამდე თვითრეგულირების სფეროში
მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების
შესაძლებლობა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში 2025 წლის
გაზაფხულზე შესული ცვლილებებით მიეცა.
------------------------------------------------
გარდა ამისა, ეთო ქათამაძე აღნიშნავს, რომ მოხსენებით
ბარათში არ არის დასაბუთებული ის სტანდარტი, რომლის მიხედვითაც
ფრაზები მაუწყებლის ინსტიტუციურ პოზიციად კვალიფიცირდება.
---------------------------------------
კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების
დეპარტამენტის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასა“ და „TV პირველის“
შესახებ მომზადებული მოხსენებითი ბარათების შესახებ ვრცლად იხილეთ
„მედიაჩეკერის“ მასალა - „“ეს
ნიშნავს შინაარსობრივი კონტროლის დაწესებას ჟურნალისტების სიტყვებზე“
- ComCom-ი მონიტორინგის საფუძველზე ტელევიზიებს „მაუწყებლობის
შესახებ“ კანონის დარღვევას ედავება“.
--------------------------------------
„TV პირველის“ საკითხის წარდგენისას ეკა ჭახრაკიამ, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ მომზადებულ მოხსენებით ბარათზე დაყრდობით თქვა, რომ დეპარტამენტმა ტელევიზიის ახალი ამბების შერჩევითი მონიტორინგის დროს ფაქტების ჯეროვანი სიზუსტით გადაცემის, ინფორმაციის მიუკერძოებლად და ბალანსის დაცვით გავრცელების მოთხოვნების დარღვევის ჯამურად, 18 შემთხვევა გამოავლინა.
ჭახრაკიამ შესაძლო დარღვევების საილუსტრაციოდ რამდენიმე მაგალითიც მოიყვანა. მან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მაუწყებლის პირადი დამოკიდებულებისა და მოსაზრების გამომხატველად დაასახელა ისეთი ფრაზები, როგორებიცაა: „რეპრესიულ პოლიტიკასთან“, „თუმცა, ტერორი ღამის თბილისში ამით არ დასრულებულა“, „ე.წ. განათლების რეფორმა“.
მომხსენებელმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის 1-ლი და მე-4 პუნქტების დარღვევის მაგალითად მოიყვანა 9 მარტის „პირველებში“ გასული სიუჟეტი - „ხალხის დაშინების და ტერორის გზა?“ ეკა ჭახრაკიას თქმით, მასში წარმოჩენილია მხოლოდ ნარკოტესტის შედეგების გამო დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული პირის, სამოქალაქო აქტივისტისა და სხვადასხვა სპეციალისტის პოზიცია პროტოკოლის დარღვევის და პოლიციის მხრიდან
ზეწოლის საკითხზე და არ არის წარმოჩენილი ალტერნატიული პოზიცია, რითაც დეპარტამენტის შეფასებით, დარღვეულია მიუკერძოებლობის პრინციპი და არ არის დაცული ბალანსი.
10 მარტის საინფორმაციო გამოშვებაში გასული სიუჟეტი, რომელშიც ჟურნალისტი ამბობს: „მოწმეები ბრალდებულებს ვერ ცნობენ, ხელი ვერცერთს დაადეს. თუმცა, პროკურორი მოსამართლის ნაცვლად ამბობს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება“, ჭახრაკიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის 1-ლი პუნქტის დარღვევის მაგალითად დაასახელა. მან მოხსენებით ბარათზე დაყრდნობით თქვა, რომ მაუწყებელმა ამ სიუჟეტში ინფორმაცია იმგვარად წარმოაჩინა, თითქოს პროკურორი მოსამართლის ნაცვლად აცხადებს
გადაწყვეტილებას და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს პროკურორმა წინასწარ იცის, თუ რა იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა სიუჟეტშივე ჩანს, რომ პროკურორი მხოლოდ მის მოლოდინს გამოხატავს:
„ჟურნალისტმა პროკურორის ნათქვამის კონტექსტი შეცვალა და მისი ნათქვამი უარყოფითად წარმოაჩინა. შესაბამისად, დეპარტამენტის შეფასებით, სიუჟეტში ფაქტები ჯეროვანი სიზუსტის მოთხოვნის დაცვით არ არის გადაცემული“.
„TV პირველის“ იურისტმა, თორნიკე მიგინეიშვილმა საკუთარი
პოზიციის დაფიქსირებისას აღნიშნა, რომ როდესაც კომისიას სურს
კანონის დარღვევის იდენტიფიცირება მოახდინოს, აუცილებელია
მხედველობაში მიიღოს ყოველი კონკრეტული განცხადების სრული კონტექსტი.
გარდა ამისა, მიგინეიშვილის თქმით, განცხადებები და სიტყვები,
რომლებიც არის საზოგადოებაში მყარად დამკვიდრებული ფორმით და
მოხსენიებულია არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნებსა თუ
რეზოლუციებში, მათი გაჟღერება კანონის დარღვევად ვერ
ჩაითვლება.
2 აპრილის სხდომას ესწრებოდა „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის
ხელმძღვანელიც. ნოდარ მელაძის თქმით, დასახელებული, დარღვევად
მიჩნეული ახალი ამბები, რომელიც ტელევიზიის ეთერში გავიდა, აჩენს
განცდას, რომ რეალურად რეგულატორის მიზანი არის, რომ გარკვეულწილად
შეზღუდონ ისეთი საკითხების გაშუქება, რომელიც წარმოადგენს
განსაკუთრებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემებს.
მელაძემ ყურადღება გაამახვილა მათ შორის, დავით ჩხეიძის საქმის გაშუქებაზე, რაზეც მოხსენებით ბარათში მითითებულია, რომ ტელევიზიამ მეორე მხარის პოზიცია არ წარმოაჩინა. მისი თქმით, ბუნებაში არ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც რომელიმე უწყებამ „TV პირველის“ ახალი ამბების სამსახურს რაიმე საპასუხო კომენტარი მიაწოდა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელსაც ტელევიზია აშუქებდა და ის ეთერში არ გავიდა.
„მე მოვუწოდებ მარეგულირებელ კომისიას წერილობით მიმართოს ყველა შესაბამის უწყებას, სამთავრობო უწყებებს, სამინისტროებს, ან შესაბამის უწყებებს, რომელთა პასუხებსაც საჭიროებდა ამ შემთხვევაში ის ახალი ამბავი, რომელიც გაშუქდა და პირველ რიგში, მათთან დააზუსტოს, იყო თუ არა მათი მხრიდან მზაობა, რომ ამ თემაზე წარმოჩენილი ყოფილიყო მათი პოზიცია და [მაუწყებელმა] დამალა თუ არა მათი პოზიცია ამ შემთხვევაში. ასეთ ფაქტს ბუნებაში ვერ იპოვით და მე შემიძლია წარმოგიდგინოთ არაერთი მტკიცებულება მიმოწერების სახით ან რაღაც სხვა ფორმით, თუ გნებავთ, რომელიც დაადასტურებს, რომ „TV პირველის“ ახალი ამბების სამსახურს ჰქონდა არაერთი, არა ერთი, ათი, ასი და შეიძლება ათასი მცდელობაც, სხვადასხვა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეებზე როდესაც ცდილობდა მოეპოვებინა შესაბამისი მოპასუხე მხარის კომენტარი, განეთავსებინა ის ახალ ამბავთან ერთად, უბრალოდ ეს შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ისინი უარს აცხადებდნენ“.
კომუნიკაციების კომისიის მიერ შინაარსობრივ რეგულირებასთან
დაკავშირებით ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე,
ტელეკომპანიების მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის შესაძლო
დარღვევის საკითხების პირველად განხილვას ესწრებოდნენ და საკუთარი
მოსაზრებაც წარადგინეს „მედიის ადვოკატირების კოალიციის“
თავმჯდომარემ, მამუკა ანდღულაძემ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა -
საქართველოს“ წარმომადგენელმა, სანდრო ბარამიძემ.
-------------------------------------------------------------
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ და „TV პირველი“, ტელეკომპანია
„მთავართან“ ერთად, „ქართული ოცნების“ საჩივრის საფუძველზე ახალი
ამბების გადაცემისას „მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევისთვის“
სამართალდამრღვევად
ცნო 2025 წლის ივნისში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში
ცვლილებების შესვლის შემდეგ, თუმცა გარდამავალი პერიოდის გამო,
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. „ფორმულამ“
კომისიის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სასამართლოში
გაასაჩივრა.
კომუნიკაციების კომისიას 29 იანვრიდან ახალი თავმჯდომარე ჰყავს. „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა თავმჯდომარედ ComCom-ის წევრების სრულმა შემადგენლობამ აირჩია. მას „ქართული ოცნების“ პარლამენტმა მხარი 2025 წლის დეკემბერში, დაუჭირა. კომისიამდე, 2023 წლიდან, გულორდავა სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ ფინანსური მონიტორინგისა და აუდიტორულ-საკონსულტაციო საქმიანობას ეწეოდა.

