პარლამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, დეა ბაძაღუას „ქართული ოცნების“ დეპუტატთან, მაია ბითაძესთან ინტერვიუს გაგრძელების მცდელობის გამო 1 თვით (21 დეკემბრის ჩათვლით) აკრედიტაციის მიღების უფლება შეუზღუდა.
„2025 წლის 21 ნოემბერს, გაფრთხილების მიუხედავად, პარლამენტის შენობაში ლიფტით გადაადგილებას უზღუდავდით პარლამენტის წევრს მაია ბითაძეს და მიუხედავად მისი უარისა, აგრძელებდით ინტერვიუს ჩაწერას“, - ვკითხულობთ პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ ჟურნალისტისთვის გაგზავნილ წერილში.
კახა ოქროჯანაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესით“ გათვალისწინებული პირობების დარღვევაა.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით, აკრედიტებული ჟურნალისტი ვალდებულია, „პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეწყვიტოს ინტერვიუ“.
12 ნოემბერს, პარლამენტმა „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ეკა ჭიჭინაძის მობილური ტელეფონის ეკრანის გადაღებისთვის 1 თვის აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, თიკო ერაძესაც.
მიმდინარე წლის მაისში პარლამენტმა 1 თვით აკრედიტაციის მიღება შეუზღუდა „ფორმულას“ გადაცემის - „ხალხთან ერთად“ წამყვანს, ელისო ჯარიაშვილსა და „შაბათის ფორმულას“ ჟურნალისტს, თათა ფორაქიშვილს. მაშინ ამის მიზეზი ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ დეპუტატებთან, არჩილ გორდულაძესა და ნინო წილოსანთან, „ინტერვიუს ჩაწერის მცდელობა“ გახდა.
მარტში პარლამენტმა აკრედიტაცია 6 თვით შეუჩერა „TV პირველის“ ჟურნალისტ ნატა ქაჯაიასაც.
2024 წელს კი, პარლამენტმა „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატების მოთხოვნის საფუძველზე აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებსაც. ეს შემთხვევები მოხვდა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის 2024 წლის ანგარიშებშიც.

