კვლევაში - „საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო
პოლიტიკა: ანტიევროპული პროპაგანდა და სამოქალაქო სექტორის
დისკრედიტაცია გადაცემა „42-ე პარალელის“ მაგალითზე“ წარმოდგენილია
გადაცემების ანალიზის შედეგად გამოკვეთილი ძირითადი მიმართულებები.
როგორც მკვლევარი უთითებს, თითოეული მათგანი წარმოადგენს განმეორებად
ნარატივს, რომელიც სხვადასხვა ეპიზოდში თანმიმდევრულად ყალიბდება და
მთლიანობაში პოლიტიკური ხედვის კონკრეტულ ჩარჩოს აყალიბებს:
„დასავლეთის
კრიტიკა:
ინტერვიუებისას დასავლეთი არასდროს ფიგურირებს როგორც უსაფრთხოების გარანტი. პირიქით, ის წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი, რომელმაც თავად შეუწყო ხელი რეგიონული დაძაბულობის ზრდას. ამ მხრივ, განსაკუთრებულად ხაზგასმულია ნატოს უარყოფითი როლი და გავლენა, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ.
ამ კრიტიკას ემატება დასავლეთის შიდა სისუსტის ხაზგასმა.
ამგვარად, ფორმირდება სურათი, რომელიც მაყურებელს სთავაზობს
დასავლეთის გადაფასებას, სადაც ის არა სტაბილურობის წყარო, არამედ
რისკის მატარებელი ძალაა, რომლის პოლიტიკაც მცირე სახელმწიფოებისთვის
შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.
ევროკავშირის
კრიტიკა - სუსტი, დამოკიდებული და სტრატეგიულად არაკომპეტენტური
აქტორი:
გადაცემებში ევროკავშირი წარმოდგენილია არა როგორც დამოუკიდებელი, არამედ როგორც სტრუქტურულად სუსტი და ამერიკაზე დამოკიდებული გაერთიანება. ინტერვიუების მიხედვით, ევროკავშირს არ გააჩნია საკუთარი უსაფრთხოების არქიტექტურა და მოქმედებს ვაშინგტონის სტრატეგიული ხაზის შესაბამისად.
მრავალჯერაა ხაზგასმული, რომ ევროკავშირი არ წარმოადგენს სამხედრო უსაფთხოების გარანტს - „ევროკავშირი ვერ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ან სტაბილურობას.“
ამ კონტექსტში ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების აუცილებლობა, რადგან ის ვერ უზრუნველყოფს რეალურ
უსაფრთხოების გარანტიებს.
უკრაინა და
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი:
გადაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ თითქმის ყველა ინტერვიუში უკრაინაში რუსეთის შეჭრა ინტერპრეტირებულია არა როგორც სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არამედ როგორც ფართო გეოპოლიტიკური დაპირისპირების შედეგი, სადაც უკრაინა წარმოდგენილია დიდ ძალებს შორის კონკურენციის სივრცედ. დისკუსიებში კონფლიქტი ხშირად აღწერილია როგორც ამერიკისა და რუსეთის სტრატეგიული დაპირისპირება, რომელშიც უკრაინა მოქმედებს არა როგორც სრულფასოვანი პოლიტიკური სუბიექტი, არამედ როგორც გარე ძალების გავლენის ქვეშ მოქცეული ქვეყანა.
ამ ინტერპრეტაციაში უკრაინა ხშირად ხასიათდება როგორც გეოპოლიტიკური „პოლიგონი“, სადაც დიდი ძალები საკუთარი ინტერესების რეალიზებას ცდილობენ. უკრაინის ომი ხშირად განიმარტება ნატოს გაფართოების პოლიტიკისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების იგნორირების შედეგად. ამ ჩარჩოში დასავლეთი წარმოდგენილია როგორც აქტორი, რომელმაც საკუთარი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში უკრაინა დაპირისპირების სივრცედ აქცია, ხოლო რუსეთის ქმედებები ხშირად აიხსნება როგორც რეაქცია ამ პროცესებზე.
ამგვარი ინტერპრეტაცია მნიშვნელოვნად ამცირებს უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური აქტორის როლს. დისკუსიებში იშვიათად არის საუბარი უკრაინის სუვერენიტეტზე, სახელმწიფოებრივ არჩევანზე ან საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება გადატანილია დიდ ძალებს შორის ძალთა ბალანსზე და იმაზე, თუ როგორ იყენებენ ისინი მცირე სახელმწიფოებს საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის.
ამ ყველაფერს ამყარებს გადაცემების სათაურებიც, რომლებიც ზოგადად გარკვეულ ქვეტექსტს გულისხმობს და კონკრეტულ აზრს გადმოსცემს. მაგ., „ომი და მშვიდობა აღმოსავლეთ ევროპაში,“ შეიძლებოდა ყოფილიყო პირდაპირ რუსეთის აგრესია ან სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. თუმცა, საკითხი განზოგადებულია და ისეა წარმოჩენილი, რომ რუსეთი საერთოდ არ არის ნახსენები და საკითხი დასმულია როგორც „ომი აღმოსავლეთ ევროპაში.“
უკრაინის კონფლიქტის ასეთი წარმოდგენა ასევე პირდაპირ
უკავშირდება საქართველოს შესახებ მსჯელობას. არაერთ ინტერვიუში
უკრაინის მაგალითი გამოყენებულია როგორც გაფრთხილება საქართველოსთვის
- რომ მცირე სახელმწიფომ უნდა მოერიდოს დიდ ძალებს შორის
დაპირისპირებაში ჩართვას. ამ კონტექსტში უკრაინის ომი ხშირად
გამოიყენება არგუმენტად ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის სასარგებლოდ,
რაც წარმოდგენილია როგორც გზა, რომელიც საქართველოს საშუალებას
მისცემს თავი აარიდოს მსგავს სცენარს.
„მეორე ფრონტი“
და ნეიტრალიტეტი, როგორც საქართველოს სტრატეგიული
არჩევანი:
ინტერვიუების ერთ-ერთი ცენტრალური და ყველაზე მკაფიო გზავნილია, რომ საქართველომ უნდა აირჩიოს ნეიტრალიტეტისა და მიუმხრობლობის გზა და არ დაუშვას „მეორე ფრონტის“ გახსნა, რომელსაც მას სთავაზობენ.
საქართველო აღიწერება როგორც მცირე სახელმწიფო, რომელსაც დიდი ძალები, დასავლეთი საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ - „თქვენ უბრალოდ პაიკები ხართ გეოპოლიტიკურ დაფაზე“.
ამავდროულად, არაერთ ინტერვიუში ხაზგასმულია რუსეთთან ურთიერ-თობების დაახლოებისა და დასავლეთთან მიუმხრობლობის შესახებ: „თუ აირჩევთ ევროპისა და ამერიკის გზას, მიიღებთ ომს და ნგრევას“.
„საქართველოს საუკეთესო მეგობარი რუსულად საუბრობს. არა ინგლისურად, არა ფრანგულად, არა გერმანულად, არამედ - რუსულად. თქვენი საუკეთესო მეგობარი თქვენი ჩრდილოეთით მდებარე მეზობელია, რადგან ეს საუკეთესო მეგობარი შენზე ზრუნავს, რადგან, რაც საქართველოს ემართება, რუსეთსაც ემართება. თქვენ ერთმანეთთან დაკავშირებულები ხართ - ისტორიულად, გეოგრაფიულად, ეკონომიკურად. მიუხედავად ამისა, ევროპელი და ამერიკელი მეგობრები გეუბ-ნებიან, რომ უნდა შეაქციოთ ზურგი თქვენს რუს მეზობლებს და უნდა გახდეთ მათი მტრები, განურჩევლად იმისა რომ ეს საქართველოს სიკვდილია. ისინი ამბობენ - ჩვენ მზად ვართ საქართველო გავწიროთ უფრო დიდი მიზნებისთვის. მზად ვართ გავწიროთ ქართველი პაიკი, რათა უკრაინელი რაინდი თავის ადგილზე დავაყენოთ“.
ნეიტრალიტეტი ამ ჩარჩოში წარმოდგენილია როგორც სუვერენიტეტის განმტკიცების საშუალება, გადარჩენის ფორმულა, რომელიც საქართვე-ლოს იცავს გლობალური დაპირისპირებისგან.
ასევე, ინტერვიუებში არაერთხელ გაჟღერდა ქართული ოცნების
მხარდამჭერი პოზიციები და მათდამი აღფრთოვანება - „გაოცებული ვარ
ქართული ოცნების სტრატეგიული აზროვნებით“.
რუსეთის
პოლიტიკის რაციონალიზაცია და დასავლეთის
პასუხისმგებლობა:
გადაცემაში რუსეთი პრაქტიკულად არცერთხელაა დახასიათებული როგორც მთავარი აგრესორი. პირიქით, მისი ქმედებები განმარტებულია როგორც რეაქცია დასავლეთის პოლიტიკაზე. მაგ., „რუსეთი მოქმედებს არა აგრესიულად, არამედ საკუთარი სტრატეგიული ინტერესების დაცვისთვის.“„მისი ქმედებები ხშირად განპირობებულია დასავლეთის შეცდომებით.“
ნარატივი ხაზს უსვამს, რომ დასავლურმა გაფართოების პოლიტიკამ და უსაფრთხოების არქიტექტურის უგულებელყოფამ შექმნა ის გარემო, რომელშიც რუსეთი იძულებული გახდა ამგვარად ემოქმედა. ამ კონტექსტში ხშირად ისმის მოსაზრება, რომ ყველაზე სწორია ე.წ. „არ გაღიზიანების პოლიტიკა.“
ასე ყალიბდება ჩარჩო, სადაც პასუხისმგებლობა კონფლიქტზე
მნიშვნელივნად დასავლეთს ეკისრება, ხოლო რუსეთის ქმედებები გასაგები
და რაციონალურია.
საქართველოში
მიმდინარე წინააღმდეგობის მნიშვნელობის
დაკნინება:
ინტერვიუების ანალიზი აჩვენებს, რომ გადაცემებში საქართველოში მიმდინარე პროტესტი ხშირად წარმოდგენილია როგორც გაუგებარი ან გადაჭარბებული რეაქცია. რამდენიმე დისკუსიაში პირდაპირ გამოითქვა გაკვირვება თუ რატომ გახდა ქუჩის აქციების გამომწვევი მთავრობის „უწყინარი“ განცხადება.
ამასთანავე, არაერთ ინტერვიუში აქცენტი კეთდება იმაზე, რომ პროტესტში მონაწილეობდნენ „რადიკალური ჯგუფები“ და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილია როგორც პოლიტიკური პროცესის აქტიური მოთამაშეები. ზოგიერთ შემთხვევაში პროცესები შედარებულია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და აღნიშნულია, რომ საქართველოში მიმდინარე პროტესტი „მეიდანის“ სცენარს ჰგავს. ამგვარი პარალელები პროტესტს აყენებს შესაძლო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ჩარჩოში.
დისკუსიებში ასევე ხშირად ხაზგასმულია განსხვავება
დასავლურ მედი-აში შექმნილ სურათსა და ქვეყნის შიდა რეალობას შორის.
რამდენიმე რესპონდენტი აღნიშნავს, რომ დასავლეთში საქართველო
წარმოდგენილია როგორც კრიზისში მყოფი ქვეყანა, მაშინ როდესაც რეალურად
ქვეყანაში „სიმშვიდე და სტაბილურობაა“. ამავე კონტექსტში დადებითად
არის შეფასებული ხელისუფლების რეაგირება მიმდინარე პროცესებზე და
აღნიშნულია, რომ მან შეძლო სიტუაციის ეფექტურად მართვა.
არასამთავრობო
სექტორის კრიტიკა და „გლობალური ომის პარტიის“
თეზა:
არაერთ ინტერვიუში მკვეთრად არის გაკრიტიკებული არასამთავრობო სექტორი, რომელიც წარმოდგენილია როგორც გარე პოლიტიკური ინტერესების გამტარი.
გაჟღერდა შეფასებები, რომ ისინი „არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაში“, თუმცა რეალურად მოქმედებენ როგორც გავლენის ინსტრუმენტები.
ამავე კონტექსტში საუბარი იყო „ნეოკონსერვატიულ ძალებზე“, რომლებიც გლობალურ კონფლიქტებს უწყობენ ხელს, რაც ხაზს უსვამს წარმოდგენას, რომ არსებობს ტრანსნაციონალური აქტორები, რომლებიც მცირე ქვეყნებს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ - „ნეოკონებს ჩვენთან გლობალური ომის პარტიას ეძახიან.„“
კვლევაში ცალკე მიმართულებადაა გამოყოფილი წამყვანის მიკერძოება. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერვიუების ანალიზმა გამოკვეთა, რომ წამყვანები ხშირად იყვნენ მიკერძოებულები და სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც უკვე შეიცავს ნარატივის ნაწილს. კითხვები ხშირად დახურული ან მიმყვანი („leading“) იყო, რაც რესპონდენტს პრაქტიკულად კონკრეტული გზავნილის გამეორებისკენ უბიძგებდა. ასევე, ხშირად გამოიყენება ცრუ დილემებიც.
„საგულისხმოა, რომ წამყვანები არცერთ შემთხვევაში არ შეწინააღმდეგებიან რესპოდენტებს, არ გაჟღერებულა მათგან განსხვავებული პოზიცა, არ დასმულა კრიტიკული შეკითხვა, რომელიც სტუმრის პოზიციის გამყარება ან გაგრძელება არ იქნებოდა.
ასევე საინტერესოა, რომ დასაწყისში წამყვანი პრაქტიკულად არ უთმობს არანაირ დროს სტუმრის გაცნობას. მაყურებელმა არ იცის რა პრინციპით, რატომ და ვინ არის მოწვეული, რას წარმოადგენს ის ადამიანი. ძირითადად, მეტი დამაჯერებლობისათვის წამყვანი უბრალოდ მიმართავს - „პროფესორო“ და მადლობებს უხდის საინტერესო ანალიზისათვის.
საბოლოო ჯამში, ინტერვიუების დროს, წამყვანები არა მხოლოდ მხარს უჭერენ კონკრეტულ ნარატივს, არამედ, რესპონდენტს აწვდიან პასუხის მიმართულებას და მაყურებელს უქმნიან შთაბეჭდილებას, რომ რესპონდენტის პოზიცია ბუნებრივად იქმნება“.
კვლევის შედეგების მიხედვით, გადაცემებში თანმიმდევრულად ფორმირდება ერთიანი საგარეო პოლიტიკური ჩარჩო, რომელშიც დასავლეთი ხშირად წარმოდგენილია როგორც სტრატეგიული შეცდომების ავტორი და რეგიონული დაძაბულობის ზრდის თანამონაწილე, ხოლო უკრაინაში ომი განმარტებულია როგორც დიდი ძალების დაპირისპირების შედეგი, სადაც პასუხისმგებლობა გადანაწილებულია ან გადატანილია ნატოს გაფართოებისა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.
„პარალელურად, აქტიურად არის გამოყენებული „მულტიპოლარული“ მსოფლიო წესრიგის თეზა, რომლის მიხედვითაც „უნიპოლარული“ ეპოქა დასრულებულია და ძალთა ბალანსი გადადის მრავალპოლუსიან მოდელზე. ამ კონტექსტში ევროკავშირი წარმოდგენილია როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით სუსტი და აშშ-ზე დამოკიდებული აქტორი, ხოლო საქართველოსთვის ოპტიმალურ სტრატეგიად ხაზგასმულია ნეიტრალიტეტი, მიუმხრობლობა და „პრაგმატული“ ეკონომიკური პოლიტიკა. რუსეთის ქმედებები კი არაერთ ეპიზოდში ინტერპრეტირებულია როგორც დასავლეთის პოლიტიკაზე რეაქცია და არა გაუმართლებელი აგრესია.
ინტერვიუებისას იკვეთება „გლობალური ომის პარტიის“ კონცეფციის რეპროდუქცია, რომლის მიხედვითაც დასავლურ პოლიტიკურ წრეებში არსებობს ძალა, რომელიც კონფლიქტების ესკალაციით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში,„ქართული ოცნება“ წარმოდგენილია როგორც მშვიდობის, სტაბილურობისა და პრაგმატული პოლიტიკის გარანტი, რომელმაც ქვეყანა „ომში ჩათრევისგან“ დაიცვა. ასეთი კონტრასტული ჩარჩო კიდევ უფრო ამყარებს პოლიტიკური პოლარიზაციის ხაზს.
ცალკე ხაზგასასმელია არასამთავრობო სექტორის წარმოდგენა, როგორც გარე გავლენებთან დაკავშირებული, პოლიტიკურად ან იდეოლოგიურად მიკერძოებული აქტორები, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებენ და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უხეშად ერევიან. ამგვარი აღწერა აძლიერებს სკეპტიკურ დამოკიდებულებას სამოქალაქო სექტორის მიმართ და მას ხშირად აკავშირებს საგარეო, არასახელმწიფოებრივ ინტერესებთან.
მნიშვნელოვანი მიგნება ეხება თავად ინტერვიუს ფორმატსაც: წამყვანი და რესპოდენტი მუდმივად თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. კითხვები წინასწარ შეიცავდა უკვე ჩამოყალიბებულ შეფასებებს და რესპონდენტს სთავაზობდა პასუხის განსაზღვრულ ჩარჩოს. შედეგად, დისკუსია ნაკლე-ბად წარმოადგენდა კრიტიკულ დიალოგს და მეტად ემსახურებოდა ერთგვაროვანი გზავნილების განმტკიცებას“.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიკერძოება პარტიული ნიშნით - „ტენდენცია, რომელიც არაერთ საერ-თაშორისო ანგარიშსა და პოლიტიკის დოკუმენტშიც არის ასახული“.
„შინაარსობრივი აქცენტები, თემების შერჩევა, სტუმრების პოზიციების სტრუქტურირება და კითხვების ფორმულირება თანხვედრაში მოდის „ქართული ოცნების“ პოლიტიკასა და ნარატივებთან“.
კვლევის მიხედვით, გადაცემებში მოწვეული საერთაშორისო სტუმრების განცხადებებში მკვეთრად იკვეთება სამი თანმიმდევრული ხაზის კონსოლიდაცია: უნიპოლარული მსოფლიოს წესრიგის დასასრული; ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების მკვეთრი კრიტიკა; ნეიტრალი-ტეტი და „პრაგმატული“ პოლიტიკა მცირე სახელმწიფოებისათვის.
„გარდა ამისა, არაერთ შემთხვევაში რუსეთის პოლიტიკა წარმოდგენილია როგორც დასავლური გაფართოებისადმი რეაქცია ან უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ლოგიკური ნაბიჯი, რითიც კონფლიქტის პასუხისმგებლობა რუსეთისაგან სხვა აქტორებზე, დასავლეთსა და უკრაინაზე გადადის.
მთლიანობაში, სტუმართა შერჩევა და მათ მიერ გამოთქმული პოზიციები ქმნის დისკურსულ გარემოს, სადაც ევროატლანტიკური ინტეგრაცია არა მხოლოდ სადავო, არამედ სტრატეგიულად საეჭვო ან არასასურველ არჩევანად არის წარმოდგენილი, ხოლო ალტერნატიული გეოპოლიტიკური ხედვები — როგორც რეალისტური და რაციონალური ალტერნატივა“.
ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა კრიზისს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ
არხზე“, მენეჯმენტის რეპრესიულ პოლიტიკასა და სამეურვეო საბჭოს
როლს. კვლევაში „მედიის, ინფორმაციის და სოციალური
კვლევების ცენტრის“ სტატიაზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ ამ
პოლიტიკის შედეგად, 2025 წლის გაზაფხულიდან დღემდე, საჯაროდ
გავრცელებული შემთხვევების თანახმად, „პირველ არხზე“ რეპრესიული
პოლიტიკა 37 თანამშრომელს შეეხო:
- 6 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს;
- 11 თანამშრომელს დისციპლინური სანქცია დაუწესეს;
- 13-მა თანამშრომელმა უარი თქვა მენეჯმენტის შეთავაზებაზე, გადასულიყო სხვა გადაცემაში მათი გადაცემების დახურვის შემდეგ. მათ არხი დატოვეს;
- 7 თანამშრომელი, პროტესტის ნიშნად, არხიდან საკუთარი ნებით წავიდა;
- ორი გადაცემა და ორი რუბრიკა დახურეს.
მეთოდოლოგიის მიხედვით, კვლევის ფარგლებში ანალიზისთვის 2025 წელს გასული ის 12 ინტერვიუ შეირჩა, რომელშიც საერთაშორისო სტუმრები მონაწილეობდნენ.

