„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მოუწოდებს,
დაუყოვნებლივ გამოიძიოს ხელვაჩაურში ჟურნალისტებისთვის პროფესიული
მოვალეობის შესრულებაში ხელშეშლის ფაქტი:
„სამწუხაროდ, დღევანდელი შემთხვევა გამონაკლისი არ არის და ტენდენციის ნაწილია - სიძულვილის ენა, რომელიც „ქართული ოცნების“ უმაღლესი ეშელოდებიდან ისმის ჟურნალისტების მისამართით და ჟურნალისტთა მიმართ ჩადენილი გამოუძიებელი დანაშაულები დაუსჯელობის განცდას აჩენს და ძალადობას ახალისებს, რასაც ასეთ სავალალო შედეგებამდე მივყავართ.
მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრმა მხოლოდ ბოლო ერთი წლის განმავლობაში 170-მდე მსგავსი ხასიათის შემთხვევა აღრიცხა (სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაშინება და დისკრედიტაცია, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ჩარევა და ფიზიკური ძალადობა და დაზიანება)“.
ქარტია ჟურნალისტების მიმართ ძალადობას მკაცრად გმობს და სოლიდარობას უცხადებს ყველა ჟურნალისტს, ვინც პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი აგრესიის სამიზნე გახდა.
7 მაისს, ხელვაჩაურში, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების მოსახლეობასთან შეხვედრის გაშუქების დროს „აჭარა თაიმსის“ დამფუძნებელს, სულხან მესხიძესა და „ბათუმელების“ ჟურნალისტს, ლელა დუმბაძეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, საჯარო მოხელეებს შორის, რომლებიც სინდისის პატიმრების მშობლებსა და ჟურნალისტებს დაუპირისპირდნენ, ხელვაჩაურის მერიის ა(ა) იპის ხელმძღვანელებიც იყვნენ.
მოგვიანებით მომხდარს გამოეხმაურა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაც. უწყების ვერსიით, სიტყვიერი დაპირისპირება „მოქალაქეთა ჯგუფის მხრიდან აგრესიულმა და შეურაცხმყოფელმა ქმედებებმა“ გამოიწვია. მერია მიუთითებს, რომ ამ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა სულხან მესხიძეც.

