„ივნისში პარლამენტი კრიტიკული კითხების დასმისთვის „ტვ
პირველის“ სამ ჟურნალისტს ასანქცირებს - ქარტიისთვის მედიისადმი
ამგვარი დამოკიდებულება სრულიად მიუღებელია!“ - აცხადებს
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“.
ორგანიზაციის შეფასებით, პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი
ყველაზე ჩაკეტილი და მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ,
რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრთა ნაწილს პასუხები
ხშირად არ აქვს.
„ივნისის განმავლობაში პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს კარი „ტვ პირველის“ უკვე მესამე ჟურნალისტს ჩაუკეტა - ნატალია ქაჯაიამ დღეს მიიღო აპარატის უფროსის წერილი, რომლითაც მას შეატყობინეს, რომ პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ერთი წლით აეკრძალა. მანამდე მსგავსი შინაარსის წერილები მიიღეს მაკა ჩიხლაძემ, 8 ივნისს და მაკა ანდრონიკაშვილმა, 22 ივნისს. აკრედიტაცია მაკა ჩიხლაძეს 6 თვით, ხოლო მაკა ანდრონიკაშვილს ერთი თვით შეუჩერდა.
პარლამენტი თანდათანობით ხდება ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი ინსტიტუცია ქვეყანაში, მტრულად განწყობილი იმ ჟურნალისტების მიმართ, რომელთა კრიტიკულ კითხვებზე პარლამენტის წევრების ნაწილს პასუხები ხშირად არ აქვს.
ამგვარი ქმედებით პარლამენტი ჟურნალისტებს
მუშაობაში მიზანმიმართულად უშლის ხელს და არ აძლევს მათ საშუალებას,
ისეთი დაბალანსებული რეპორტაჟები და გამოძიებები მოამზადონ, რომელშიც
ყველა მხარის პოზიცია იქნება წარმოდგენილი. ამ საბაბით კი
მედიასაშუალებები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სამიზნედ
იქცევიან, რომელსაც ახლა უკვე შინაარსობრივი საკითხების განხილვის
მანდატიც აქვს და რომელიც მათ სწორედაც რომ ბალანსის დაუცველობისთვის
აჯარიმებს“, - ვკითხულობთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
განცხადებაში.
ქარტია პარლამენტს მოუწოდებს, შეწყვიტოს ჟურნალისტების დევნა და
მისცეს მათ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება.
მაკა ჩიხლაძესთვის, მაკა ანდრონიკაშვილისა და ნატალია ქაჯაიასთვის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში „TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნოდარ მელაძემ გაავრცელა:
„როდესაც, კითხვებზე პასუხის გაცემა არ უნდათ, მარტივი გამოსავალი ჟურნალისტების დაბლოკვაა.
წერილებში, რომელიც გამომძიებელმა ჟურნალისტებმა მიიღეს, არ არის დაკონკრეტებული რომელი რესპოდენტის ინტერვიუს გამო მოხდა ამ ბლანკეტური ნორმის გამოყენება. სრულიად ბუნდოვანი პასუხები, ჩვენთვის ცხადს ხდის ამ აკრძალვის განზრახვას - მათი მიზანია შეწყდეს კრიტიკული კითხვები.
კომუნიკაციების კომისია საპასუხო კომენტარის არარსებობის გამო, ტელევიზიას რომ ედავებით. სამი შეჩერებული აკრედიტაციის ფონზე, სად უნდა ჩაწეროს ჟურნალისტმა პასუხი. პასუხს ითხოვ და აკრედიტაციას გიჩერებენ, პასუხი არ არის და მარეგულირებელი გაჯარიმებს“.
ცოტა ხნის წინ პარლამენტმა 6 თვით აკრედიტაცია შეუჩერა ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძესაც. მაისში პარლამენტმა აკრედიტაცია ვადამდე ადრე გაუუქმა ონლაინ გამოცემებს: „პუბლიკას“ და „მონიტორს“.

