თბილისში დაკავებული უნგრელი ჟურნალისტისა და აქტივისტის, ლასლო
რობერტ მეზეშის ადვოკატის, თორნიკე ჯანელიძის თქმით, მათ მოლოდინი
აქვთ, რომ მიგრაციის დეპარტამენტი მეზეშის ქვეყნიდან გაძევების
პროცედურების დაწყებას მოითხოვს:
„ბოლო სიახლე არის ის, რომ გუშინ, ღამით მოვახერხე ლასლოს მონახულება. დღეს, სავარაუდოდ, ან ხვალ, მაგრამ უფრო დღეს, სასამართლოში გადაიყვანენ და მოითხოვენ ჯერ, რომ მიგრაციის სამსახურში განთავსდეს და ამის შემდგომ დაიწყებენ გაძევების პროცედურას, ეს არის ჩვენი მოლოდინი“.
-------------------------------------------
საქართველოში მცხოვრები ლასლო რობერტ მეზეში მიგრაციის
დეპარტამენტმა გუშინ, საღამოს დააკავა. მოგვიანებით შინაგან
საქმეთა სამინისტრომ მედიებს განუცხადა, რომ
„აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის
გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან
გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ”
კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის
საფუძველზე“.
ეს მუხლი
„საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი
განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს“ ეხება. მე-2 პუნქტის “ბ”
ქვეპუნქტში კი წერია, რომ ეს შეიძლება მოხდეს, „თუ არსებობს მისი
მიმალვის საფრთხე“.
-----------------------------------------
თორნიკე ჯანელიძე „მედიაჩეკერს“ უყვება, რომ გუშინ, დაახლოებით 18:00 საათზე, ლასლო რობერტ მეზეშიმ მიწერა, რომ მეტროში ყოფნის დროს პოლიციამ გააჩერა და მის პასპორტს ამოწმებდნენ:
„მე მქონდა მოლოდინი, რომ შეამოწმებდნენ და
გაუშვებდნენ, რადგან ჩვენ სასამართლოში გვაქვს გასაჩივრებული მისი
საქართველოში ყოფნის საკითხი და ამ პროცესის ჩანიშვნას და განხილვას
ველოდებოდით. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, მოლოდინი იმის,
რომ მისი გაძევების პროცესს დაიწყებდნენ, არ მქონია.
პირიქით, მივყვებოდით სამართლებრივად ამ საქმეს, მაგრამ პოლიციამ რომ
შეამოწმა, ლასლომ დამირეკა და თვითონ იმ პოლიციელსაც ველაპარაკე,
მასაც იგივე ავუხსენი, რომ ჩვენ სასამართლოში გვაქვს საქმე და იმ
საქმის განხილვამდე მას აქვს უფლება ლეგალურად იმყოფებოდეს
საქართველოში, თუმცა პოლიციელმა მიპასუხა, რომ მას მიუთითეს ლასლოს
მიგრაციის სამსახურში გადაყვანა“.
ადვოკატის განმარტებით, უნგრელ ჟურნალისტს, საქართველოში ლეგალურად
ყოფნის ვადის გასვლის შემდეგ, ქვეყნის დატოვების ვალდებულების
გადავადებაზე უარი ეთქვა, რაც სასამართლოში გაასაჩივრეს. თორნიკე
ჯანელიძის თქმით, ეს სარჩელი სასამართლომ წარმოებაში თებერვალში მიიღო
და ახლა მას უნდა გადაეწყვიტა, ლასლო მეზეშის ქვეყნის დატოვების
ვალდებულების გადავადების საკითხი:
„როდესაც ლეგალურად ყოფნის ვადა გადის, არის ასევე, ასეთი შესაძლებლობა, რომ ქვეყნის დატოვების ვალდებულების გადავადება ითხოვო და აი, ეს გადავადება ჰქონდა მოთხოვნილი, რაზეც უარი ეთქვა და შემდგომ სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული ეს საკითხი. ანუ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა, დატოვების ვალდებულება კვლავ ჰქონდა თუ შეიძლებოდა, რომ გადავადებულიყო“.
ლასლო მეზეში ბოლო წლებია საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს. ის ერთ-ერთი იყო, ვისაც, 2025 წლის სექტემბერში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირებისას, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

