კომუნიკაციების კომისია მის მიერ ჩატარებული პერიოდული მონიტორინგის
საფუძველზე „TV პირველს“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების
დარღვევას, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, ისევ ედავება.
ტელეკომპანიის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის საკითხის
განხილვა ხვალ, 13 აგვისტოს სხდომის დღის წესრიგითაა
გათვალისწინებული, თუმცა „TV პირველის“ იურისტის, თორნიკე
მიგინეიშვილის თქმით, მათ კომისიას ხვალინდელი განხილვის გადადების
შუამდგომლობით მიმართეს.
მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტმა, შერჩევითი წესით, 27-28 ივლისის ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინგა და გამოავლინდა, რომ „TV პირველმა“ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის - „ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე და პასუხის უფლება“ 1-ელი და მე-2 პუნქტები და 54-ე მუხლის - „სამართლიანობა და მიუკერძოებლობა“ მე-5 პუნქტი დაარღვია.
„პოლიციელები ამბობენ, რომ ყველა იმ პირს, რომელიც დღეს საკრებულოსთან მოვა, თავის პოზიციას დააფიქსირებს, დააკავებენ“, - 27 ივლისის საინფორმაციო გამოშვებაში ჟურნალისტის მიერ ნათქვამი ეს წინადადება მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის ორი პუნქტის დარღვევის მაგალითად აქვს განხილული.
დეპარტამენტის დასაბუთებით, მაუწყებლის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია არაჯეროვანი სიზუსტითაა გადაცემული, რადგან სიუჟეტში ჩასმულ ინტერვიუში გოგა მემანიშვილი ასეთ განცხადებას არ აკეთებს:
„სიუჟეტში ჟურნალისტი პოლიციის მაღალჩინოსანს უსვამს შეკითხვას: „მაგალითად, ამ ადამიანს უწერია კი თეთრ ბანერზე, ეს ეხლა დანაშაულია? ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა? [...] ანუ კი არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა?”. რაზეც პოლიციის მაღალჩინოსანი პასუხობს: „ვინც დაარღვია ის დავაკავეთ, ხო არ ვედავებით [...].“ ჟურნალისტი: „ანუ სხვა ადამიანების დაკავებასაც აპირებთ?“. პასუხი: „რატომ უნდა დავაკავოთ?“ აღნიშნულიდან კი წამყვანის მიერ გაჟღერებული ზემოხსენებული ინფორმაცია არ გამომდინარეობს“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 54-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევის მაგალითებად კი მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტს მოყვანილი აქვს წამყვანის/ჟურნალისტის მიერ წარმოთქმული ფრაზები: „დიდი ნადირობა მოაწყო“; „სქროლვა სქრინვის სააგენტო“; „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ახალი ეტაპი და კანონის ჩანაცვლება ქუჩის წესრიგით. ქართული ოცნება ეგრეთწოდებული მორალის პოლიციის ჩამოყალიბებას იწყებს“; „ჩეჩნური ტიპის რაზმი“; „რეალურად ოცნებამ ჩეჩნური მოდელი დააკოპირა, სადაც სპორტსმენებს ოფიციალურ მანდატს ანიჭებენ და ძალადობის ნებას რთავენ. მმართველი გუნდი და მისი მხარდაჭერილი ძალები თავად გადაწყვეტენ, ვინ, რა ფორმით დასაჯონ და როგორ ჩაახშონ კრიტიკული ხმა“; „დიდი ნადირობა დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე“; „აქტივისტებზე ნადირობა“; „პოლიციას ნერვებმა უმტყუნა“.
დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ ეს ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას წარმოადგენს, რითაც „TV პირველი“ კანონს არღვევს.
კომუნიკაციების კომისიამ „TV პირველი“ მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, ისეთი ფრაზების გამოყენებისთვის, როგორებიცაა: „სინდისის პატიმრები“, „ოცნების გამოძიების“, „ოლიგარქი“, „არარსებული დანაშაული“, „აქტივისტების ტერორი გრძელდება“ და სხვ. ივნისში 2 500 ლარით დააჯარიმა.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, 2 500 ლარით დაჯარიმების
შემდეგ კომისია უფლებამოსილია დამრღვევს, მის მიერ დენადი ხასიათის
დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში ახალი
ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, დააკისროს ჯარიმა
არაუმეტეს მისი წლიური შემოსავლის 1%-ისა, მაგრამ არანაკლებ 5 000
ლარისა, ან დაიწყოს საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ლიცენზიის
მოქმედების შესაჩერებლად/ ავტორიზაციის შესაჩერებლად.
ComCom-მა მონიტორინგისას 2 დარღვევა გამოუვლინა და 6 აგვისტოს, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, 2500 ლარით დააჯარიმა „პოსტვ“-იც.
მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, კომუნიკაციების კომისიამ ორჯერ: 2 500 და 5 000 ლარით დააჯარიმა ტელეკომპანია „ფორმულა“.
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონის იმ მუხლების დარღვევისთვის, რომელიც შინაარსობრივ რეგულირებას შეეხება, აპრილში კომისიამ წერილობით გააფრთხილა: „პოსტვ“-ი, „იმედი“, „TV პირველი“ და „ფორმულა“. გაფრთხილების შემდეგ, ComCom-ს ჯერ არ განუხილავს პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კანონმდებლობის ამავე საფუძვლით შესაძლო დარღვევის საკითხი.
17 ივლისს კომუნიკაციების კომისიიდან „მედიაჩეკერს“ წერილობით უპასუხეს, რომ კომისია „სისტემატურად მონიტორინგს ახორციელებს 6 ყველაზე ყურებად არხზე, მათ შორის მონიტორინგდება „იმედი“, „რუსთავი 2“, „პოსტვ“, „ტვ პირველი“, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი და „ფორმულა“. გარდა ამისა, კომისია პერიოდულად ამოწმებს ასევე სხვა მაუწყებლებსაც, მაგალითად „პალიტრა“, BMG, კავკასია.
აპრილის შემდეგ, კომისიის სისტემატური მონიტორინგის ფარგლებში, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ გარდა განხორციელდა სხვა არხების მონიტორინგიც, ბოლო მონიტორინგის შედეგად „პოსტვ“-ის შესაძლო დარღვევის საკითხი კომისიაში ჩანიშნულია 23 ივლისს. ხაზგასასმელია, რომ კომუნიკაციების კომისია თანამშრომლობს მაუწყებლებთან საკანონმდებლო მოთხოვნების განმარტების მიმართულებით, მათ შორის აღნიშნულ რეგულაციებთან დაკავშირებით შედგა სამუშაო შეხვედრები „ტვ პირველის“ წარმომადგენლებთან. აღსანიშნავია, რომ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ყველა მაუწყებლის შემთხვევაში, რომელიც სისტემატურად მონიტორინგდება, დარღვევების რაოდენობა შემცირებულია. გამონაკლისი არის მხოლოდ ტელეკომპანია „ფორმულა“, რომლის შემთხვევაშიც დარღვევები არ შემცირებულა. აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფორმულამ“ გამოთქვა კომისიასთან სამუშაო შეხვედრის სურვილი, რაზეც თანხმობა განვაცხადეთ, თუმცა შეხვედრა ამ დრომდე არ შემდგარა“.
კომუნიკაციების კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონითა და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ დადგენილი ნორმების პრაქტიკაში ამოქმედება, „რათა მაუწყებელთა ობიექტურობა სათანადო პროცედურის საფუძველზე და მაღალი სამართლებრივი სტანდარტით შეფასდეს“, 6 მარტს, ბრიტანეთის მიერ სამთავრობო ტელეკომპანიების: „იმედისა“ და „პოსტვ“-ის დასანქცირების შემდეგ, დააანონსა. აპრილში კი, ComCom-მა მის მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის საფუძველზე, შინაარსობრივი რეგულირების საკითხების: მიუკერძოებლობა, ბალანსი, პირადი დამოკიდებულების/მოსაზრების საფუძველზე გაშუქება, ფაქტის ჯეროვანი სიზუსტე, დარღვევაზე პირველად იმსჯელა.
ComCom-ს თვითრეგულირების სფეროში მოქცეული საკითხების განხილვისა და მაუწყებლების დასანქცირების შესაძლებლობა გასული წლის გაზაფხულზე, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესული ცვლილებებით მიეცა.

