„TV პირველის“ დირექტორი ლევან ჯორბენაძე ხდება
23.09.2026


დღეს, 23 სექტემბერს, „TV პირველის“ 100%-იანი წილის მფლობელმა და დირექტორმა, ვატო წერეთელმა არხის სამეურვეო საბჭო და მომავალი დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძე წარადგინა. ჯორბენაძე პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 

როგორც „TV პირველი“ წერს, საბჭოს პირველი შეხვედრა ტელევიზიაში დღეს გაიმართა. არხის საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოში კი, რომელსაც ვატო წერეთელი უხელმძღვანელებს, არიან: ირაკლი მელაშვილი, დოდო შონავა, გიორგი მშვენიერაძე, გია ხუხაშვილი, დავით ძიძიშვილი, ირაკლი აფაქიძე, ზაალ უდუმაშვილი, ინგა გრიგოლია და თამარ ჯინჭარაძე. 

„“TV პირველის“ მთავარი ღირებულებები ყოველთვის იყო დამოუკიდებლობა, სიმართლე და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა.

მაქსიმალური ღიაობა, ტელევიზიის განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა ჩვენი გუნდის მთვარი გამოწვევაა - ამ გზაზე დგება თანამედროვე, განვითარების შემდგომ ეტაპზე გადასვლისა და ახალი მედიასტანდარტის დანერგვის დრო.

ჩემი და ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით შეიქმნა „TV პირველის” საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად მე ვუხელმძღვანელებ. საბჭო აერთიანებს მედიის, კულტურისა და საზოგადოებრივი სფეროს ავტორიტეტულ წარმომადგენლებს - ირაკლი მელაშვილს, დოდო შონავას, გიორგი მშვენიერაძეს, გია ხუხაშვილს, დავით ძიძიშვილს, ირაკლი აფაქიძეს, ზაალ უდუმაშვილს, ინგა გრიგოლიას და თამარ ჯინჭარაძეს. ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ „TV პირველში“ ახალი იდეების გენერირებას, არხის განვითარებასა და მოქალაქეების აქტიურ ჩართულობას პროცესებში.

პირველ სამუშაო შეხვედრაზე საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება.

მჯერა, რომ  ეს ცვლილებები მეტი შესაძლებლობებისა და „TV პირველის“ განვითარების ახალი ეტაპის დასაწყისია“, - დაწერა წერეთელმა სოციალურ ქსელში. 


„TV პირველში“ დაგეგმილი ცვლილებები ჯერ საჯარო რეესტრში ასახული არ ასახულა. სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებებისთვის წარმოება განცხადების საფუძველზე უნდა დაიწყოს. 

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ