ქართული ბეჭდური გამოცემები ინტერნეტში
28.03.2016
ბეჭდური პრესის განვითარების ისტორია ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, როდესაც ძველი რომაელები, ინფორმაციის გავრცელების მიზნით, დასახლებებში საინფორმაციო დაფებს კიდებდნენ. მას შემდეგ პრესამ განვითარების დიდი ეტაპი გაიარა და საბოლოო სახით, მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეში ჩამოყალიბდა.

ინფორმაციულმა შიმშილმა გაზეთების ყოველდღიურობის მოთხოვნილებაც გააჩინა. პირველი ასეთი გაზეთი“Daily Current” 1720 წელს ლონდონში გამოვიდა. მოგვიანებით გაჩნდა დილის, შუადღისა თუ საღამოს გაზეთები, რაც განსაკუთრებით პოპულარული ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო.

პრესას არსებობიდან დღემდე არაერთი გამოწვევა ჰქონდა. ადრე თუ მისი ყველაზე დიდი კონკურენტი ტელევიზია იყო, ინტერნეტის გამოჩენამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების ახალმა საშუალებამ მთლიანად შეცვალა მედიის დღის წესრიგი. შემცირდა პრესის გაყიდვების რაოდენობა, ტელევიზიას მოაკლდა მაყურებელი. შეიცვალა ჟურნალისტიკის ტრადიციული სახეც. მედიასაშუალებები აქტიურად ცდილობენ, მოერგონ ახალ გამოწვევებს, თუმცა თითქმის ყველა აღიარებს, რომ ინტერნეტთან კონკურენცია და ვებში ინტეგრირება უჭირთ.

ახალ გამოწვევებზე პასუხი განსაკუთრებით რთულია ისეთი ქვეყნებისათვის, სადაც ბეჭდურ მედიას განსაკუთრებული პოპულარობა არასოდეს ჰქონია. ქართულ სინამდვილეში პირველი ყოველდღიური გაზეთი 1819 წლიდან გამოჩნდა. გასაბჭოების პერიოდმა პრესის გამოცემაზე თავისი კვალი დაამჩნია და სანამ ახალი გაზეთები მოძლიერდებოდნენ, ტელევიზიაც გამოჩნდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელი გაზეთების რაოდენობა საკმაოდ გაიზარდა. ამ დროისათვის, პრესის მნიშვნელოვანი და კომერციული წილი ბულვარულ ჟურნალ-გაზეთებზე მოდის, თუმცა ინტერნეტმა მათაც შეუქმნა პრობლემები.

აირექსის მედიაპროგრამების დირექტორის მოადგილე, დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რომ ბევრ მედიასაშუალებას ახალი ტენდენციებისათვის ფეხის აწყობა უჭირს და მულტიმედიური პლატფორმა მხოლოდ საიტის დამზადება და ბეჭდური თუ ვიდეოკონტენტის მასზე გადატანა ჰგონია.

„ვების ქონა არაფერს ნიშნავს. ინტეგრირებული ნიუსრუმი ხომ თავისი არსით ნიშნავს, გქონდეს ინფორმაციის მიღების ერთი არხი, მაგრამ მომხმარებლამდე რამდენიმე პლატფორმით მიგქონდეს. მულტიმედია ჟურნალისტიკაა, როდესაც ერთი ჟურნალისტი ამზადებს ვიდეოს, ფოტოს, ტექსტს. ეს ნიშნავს, რომ ნაკლები დანახარჯით ვიღებთ მრავალფეროვან ინფორმაციას.“ - ამბობს გრძელიშვილი.

ქართული მედიაბაზრის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საგამომცემლო სახლში ამბობენ, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბეჭდური პრესის ტირაჟის შემცირება გარდაუვალია. „პალიტრა მედიაში“ ახალი ტენდენციისთვის ფეხის აწყობა, ჯერ კიდევ, 2005 წლიდან სცადეს, როდესაც ვებში საინფორმაციო სააგენტო, „ინტერპრესნიუსი“ გაეშვა. დღეისათვის კი დაახლოებით, ოცამდე ვებგვერდი აქვთ.

„ჩვენი საიტები ერთ, ინტეგრირებულ ნიუსრუმშია გაერთიანებული. რა თქმა უნდა,საკუთარ მასალებს აქ ვაქვეყნებთ, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ მივაყენოთ ზიანი ბეჭდური პრესის გაყიდვას.„კვირის პალიტრის“ ვებგვერდზე ე.წ. Paywall-ი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მასალის სრული წაკითხვა ვებში მხოლოდ ხელმომწერებს შეუძლიათ - გარკვეული საფასურის გადახდის შემდეგ“, - ამბობს „პალიტრა მედიის“ ნიუსრუმის ყოფილი რედაქტორი, ნატა მუმლაძე.

სარედაქციო მასალების წაკითხვის შესაძლებლობა გარკვეული საფასურის გადახდის შემთხვევაში - ეს მიდგომა აპრობირებული აქვს ყოველდღიურ გაზეთ „რეზონანსსაც.“ როგორც რედაქტორი, ბესო მამინაიშვილი „მედიაჩეკერთან“ საუბარში ამბობს, ვებ-გვერდის ხელმომწერთა რაოდენობა, დღესდღეობით, ათასამდე აღწევს.

„თანხა, რომელიც მასალების გასაცნობად არის გადასახდელი, მიზერულია. ჩვენ მომხმარებლის სტაბილურად მზარდი რაოდენობა გვყავს, მკითხველის უმეტესობა საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველია“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ვები არამხოლოდ ყოველდღიური, არამედ, ნებისმიერი გამოცემისათვის არის სერიოზული კონკურენტი, ამიტომაც „რეზონანსი“ მკითხველს ექსკლუზიურ ინფორმაციასა და ახალი ამბების განსხვავებულ ანალიზს სთავაზობს.

დაჩი გრძელიშვილი მიიჩნევს, რომ სტატიაზე წვდომა საფასურის გადახდის შემთხვევაში მედიასაშუალების სტრატეგიის საკითხია, თუმცა ამბობს, რომ ეს მიდგომა მომგებიანი არ არის.

„როგორ ფიქრობთ, ფასიან სტატიაში რამდენი მკითხველი გადაიხდის თუნდაც ერთ ან ორ ლარს? ხუთი კაციდან, საუკეთესო შემთხვევაში, ალბათ, ორი. მედიის მოგება არა კონკრეტული სტატიის, არამედ, რეკლამის გაყიდვაში მდგომარეობს. როდესაც მასობრივი მედიასაშუალება ხართ, თქვენი ინტერსია, რაც შეიძლება, ფართო აუდიტორია გყავდეთ. ეს რეკლამის კლიენტსაც ზრდის“.

საქართველოში ისეთი გამოცემებიც არის, რომლებმაც ვებგვერდის განვითარება ბეჭდური გამოშვების პარალელურად დაიწყეს. ასეთია გაზეთი „პრაიმ-თაიმი.“მისი პირველი ნომერი 2009 წლის მარტში გამოვიდა. რედაქციაში ამბობენ, რომ ინტერნეტზე მეტ პრობლემას გავრცელების სისტემა ქმნის.

“პრაიმ-თაიმი პირველი ფერადი გამოცემა იყო საქართველოში. გვქონდაგანსხვავებული რუბრიკები. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა გაზეთი, რომელიც საზოგადოების ყველა ფენაზე იქნებოდა გათვლილი და ახლაც ვგეგმავთ ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას“, - აცხადებს გაზეთის რედაქტორი, ქეთი ხატიაშვილი. მისი თქმით, ვები და გაზეთი ერთმანეთისაგან იმ მასალების სპეციფიკითაც განსხვავდება, რაც მასზე იდება.

„გაზეთში პირველი გასაყიდი მასალა უნდა დადო, ვებზე შეგიძლია, ყველაფერი განათავსო. გაზეთი ანალიტიკურ სტატიებზე უფროა გათვლილი, ვიდრე ვები. მისთვის ვცდილობთ ისეთ თემებზე ვიმუშაოთ, რომელსაც, ნომრის ყიდვის შემთხვევაში, 2-3 დღეგაეცნობა მკითხველი“.

როგორ უწყობენ ფეხს რეგიონში ახალ მედიას? დაჩი გრძელიშვილი ამბობს, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მომუშავე ჟურნალ-გაზეთები ცენტრალურ მედიასაშუალებებზე არანაკლებ მოტივირებულები არიან.

„სამხრეთის კარიბჭე,“ „გურიანიუსი“ და სხვები ის გამოცემებია, რომლებსაც გაზეთიც აქვთ, საიტიც და მეტიც, ონლაინ ტოქ-შოუებსაც აწარმეოებენ“, - ამბობს გრძელიშვილი, „ხშირად ისეთი მიგნებები აქვთ, სასიამოვნოდ ვოცდები. ჩვენ მიერ მიცემულ რჩევებს საინტერსო განვითარებას მოუძებნიან ხოლმე“.

საკუთარი ვებგვერდის კონცეფიციის გადახედვას გეგმავენ „რეზონანსსა“ და „პრაიმ-თაიმში“. ამ უკანასკნელში ამბობენ, რომ გაზაფხულის ბოლოსთვის ისეთ სიახლეებს აპირებენ, რომლებიც რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისათვის იქნება განკუთვნილი.

„ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ვები უფრო მზარდია. ინტერნეტი გადის ქალაქებიდან სოფლებისაკენ, რა თქმა უნდა, ამ სეგმენტის ათვისება გვინდა“, - ამბობს ქეთი ხატიაშვილი.

მულტიმედია ჟურნალისტების დამატება და საიტის რეორგანიზაცია აქვთ დაგეგმილი„რეზონანსშიც“. ამ მიმართულებით მუშაობას გაზეთი უახლოეს პერიოდში იწყებს. რედაქტორი ბესო მამინაიშვილი მიიჩნევს, რომ ხარისხიანი ფოტო, ვიდეო და აუდიომასალა წარმატებისათვის მნიშვნელოვანია.

„გვინდა, ფორუმი შევქმნათ, გავაძლიეროთ ინტერაქციული მიმართულება. ეს უნდა იყოს საიტი, სადაც ხალხი კონკრეტულ თემებზე იმსჯელებს“, - ამბობს ის.

„პალიტრა მედიაში“ კი ამბობენ, რომ ორგანიზაცია ინტერნეტპორტალებს ბეჭდური გამოცემების გასაძლიერებლად იყენებს. მობილური აპლიკაციები ამ ეტაპზე, გაზეთ „კვირის პალიტრასა“ და “Georgian Journal-ს“ აქვთ.

რა პერსპექტივა აქვს ბეჭდურ მედიას ინტერნეტში? - დაჩი გრძელიშვილი მიიჩნევს, რომ ახალი მედია ამოუწურავ შესაძლებლობათა ზღვაა და მისი ათვისება ნებისმიერი მედიასაშუალებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, არსებულ ვითარებაში კონკურენცია დაუნდობელია და ის გადარჩება, რომელიც სიტუაციას ალღოს სწრაფად აუღებს.

„ტყუილად ამბობენ, რომ ინტერნეტი ბეჭდურ სამყაროს სპობს. გონივრული გამოყენების შემთხვევაში, როგორიცაა პოსტფალბიშინგი, პოსტფრომოუშენი თუ ჯვარედინი გამოქვეყნება, პირიქით, პრინტის გაყიდვაში გვეხმარება,“ - ამბობს ის.

საერთაშორისო გამოცდილება კი აჩვენებს, რომ ინტერნეტის სწრაფად მზარდ კონკურენციას დიდი და მდიდარი საგამომცემლო სახლებიც ვერ უძლებენ. ამ მიზეზით დაიხურა 2012 წელს ამერიკული გამოცემა „ნიუსვიკი“, მიმდინარე წლის 26 მარტს კი, ფინანსური პრობლემების გამო, ბრიტანული გამოცემა „ინდეფენდენტის“ ბეჭდური გამოცემა.

საერთაშორისო მედიაექსპერტები და დიდი საგამომცემლო სახლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვებში ინტეგრირება მედიასაშუალებისათვის გადარჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მიუხედავად ამისა, უნიკალური ნიშა ჯერ არც ერთ მათგანს არ აქვს ნაპოვნი.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ