როგორ იცვლებოდა საარჩევნო პროცესების გაშუქება ბოლო სამ წელიწადში - მედიამონიტორინგი
13.12.2018
ტელესივრცის ცვლილება მკვეთრი პოლარიზაციისკენ, გაუარესებული სადისკუსიო სივრცე, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა, მომატებული შეურაცხმყოფელი გამოთქმები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ტენდენციებისა, რაც ბოლო სამი წლის წინასაარჩევნო პერიოდების მედიამონიტორინგმა აჩვენა. ერთადერთი დადებითი, რაც ამავე ანგარიშის მიხედვით, ბოლო სამ წელიწადში, წინასაარჩევნო პერიოდების გაშუქებაში შეიმჩნევა, სიძულვილის ენის შემცირებაა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, მაუწყებლების მედიამონიტორინგს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ატარებდა. მონიტორები აკვირდებოდნენ მაუწყებლების საუკეთესო საეთერო დროს (პრაიმ ტაიმში) გასულ მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ტოქშოუებს. ანგარიში, რომელიც აერთიანებს 2016-2018 წლებში ჩატარებული კვლევების შედეგებს, დღეს, 13 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ძირითადი მიგნებები
  • უკიდურესი პოლარიზაცია
ანგარიშის თანახმად, წლების მანძილზე სადისკუსიო გადაცემებსა და საინფორმაციო გამოშვებებზე დაკვირვებამ ცხადყო, რომ 2016 წლის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა მაუწყებელთა პოლარიზაცია - ტელესივრცე ორპოლუსიანი ხდებოდა, მაუწყებლთა ერთი ნაწილი ხელისუფლების სასარგებლოდ იყო მიკერძოებული, მეორე კი - ოპოზიციისადმი. 2018 წელს კი ამ პოლარიზაციამ პიკს მიაღწია.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, თუ 2016, 2017 წლებში მიკერძოება ამა თუ იმ კანდიდატის პოზიტიურად გაშუქებაში გამოიხატებოდა, 2018 წელს მიკერძოება ჩანდა არასასურველი კანდიდატების ნეგატიურ გაშუქებაში, რასაც თან ახლდა პროფესიული ეთიკის დარღვევისა და მანიპულაციის შემთხვევები. მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ნეგატიური გაშუქებით ერთ მხარეს აღმოჩნდა „რუსთავი 2“, მეორე მხარეს კი გრიგოლ ვაშაძის უარყოფითად წარმოჩენით - „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი და „ობიექტივი“.


მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სამი წლის მანძილზე „რუსთავი 2“ მკვეთრად კრიტიკული იყო მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ. 2018 წლის არჩევნებზე კი ღიად ჩაერთო „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანიაში. ამის საპირისპიროდ „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. 2016-2017 წლებში „იმედის“ მიკერძოება ხელისუფლებისადმი ლოალურ დამოკიდებულებში ვლინდებოდა და 2018 წლისგან განსხვავებით არ ყოფილა ვინმეს დისკრედიტაციაზე ორიენტირებული.

„იმედის“ მსგავსი იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა 2017-2018 წლებში. არც ის ყოფილა კრიტიკული ხელისუფლების მიმართ. ზოგ შემთხვევაში გადმოსცემდა მმართველი პარტიის სასურველ ნარატივს და პოზიტიურად წარმოაჩენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას. თუ 2016 წელს არხზე არ გამოვლენილა მიკერძოების მნიშვნელოვანი ტენდენცია, 2017-2018 წლებში მმართველი პარტიის კანდიდატის სასარგებლო და ოპოზიციის კანდიდატის ნეგატიურმა გაშუქებამ იმატა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საპირისპირო ტენდენცია გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში. 2016 წელთან შედარებით, 2017-2018 წლებში, არხი მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, თუმცა მოვლენების სიღრმისეული გაშუქება პრობლემად დარჩა.

“ამ პოლარიზებულ გარემოში მიუკერძოებელი სივრცის დაკავებას ცდილობს „ტვ პირველი“. მის ეთერში არ შეიმჩნეოდა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის ტენდენციურად გაშუქება”, - ვკითხულობთ ანგარიშში.

  • გაურესებული სადისკუსიო სივრცე
სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ტელეეთერში სადისკუსიო სივრცის შექმნის თვალსაზრისით გაუარესების ტენდენცია ჩანს. 2016 წელს ბევრად მეტი გადაცემა ეთმობოდა კანდიდატებსა და მათ მხარდამჭერებს შორის დებატებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში კი არხების უმეტესობას მოსახლეობისთვის დებატები არ შეუთავაზებია.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ მონიტორინგის სამივე წელს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უზრუნველყო საარჩევნო სუბიექტების დებატები, სადაც კანდიდატს თითოეულ კითხვაზე საპასუხოდ მკაცრად გამოყოფილი დრო ჰქონდა. სამივე შემთხვევაში წამყვანი იყო მხოლოდ არბიტრი, რომელიც წინასწარ გაწერილ კითხვებსა და დროის დაცვაზე უფრო იყო ორიენტირებული, ვიდრე რეალურ დებატებზე. 2016 წელს ამგვარ ფორმატში გადიოდა გადაცემა „რეალური სივრცე“, 2017 წელს კი შექმნეს ცალკე გადაცემა „თვითმმართველობა 2017“. გადაცემა იმ ქალაქებში ჩავიდა, სადაც მერებს ირჩევნდნენ და ღია ცის ქვეშ გამართა დებატები.

დებატები გორში. 2017წ. საზოგადოებრივი მაუწყებელი
“2017 წელს შინაარსობრივი თვალსაზრისით საზოგადოებრივი მაუწყებლის მსგავსად წარიმართა თბილისის მერობის კანდიდატებთან საუბარი „რუსთავი 2-ისა“ და „იმედის“ ტოქშოუებშიც. საერთო ჯამში სამივე არხზე ამ კანდიდატებს ერთი და იმავეს გამეორება მოუწიათ, რადგან წამყვანებისგან პრაქტიკულად არ დასმულა კრიტიკული, არგუმენტირებული ანდა კანდიდატების საარჩევნო პროგრამებზე დაფუძნებული კითხვები”, - ნათქვამია ანგარიშში.
მონიტორინგი აჩვენებს, რომ 2018 წელს საპრეზიდენტო კანდიდატების დებატები მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებლის პირველ არხსა და აჭარის ტელევიზიის ეთერში გადაიცა. თუმცა, მხოლოდ ერთხელ, პირველი არხის ეთერში მოხერხდა მთავარი კანდიდატების, სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძის და დავით ბაქრაძის დებატების ორგანიზება: “მიუხედავად ამისა, მაუწყებელმა ვერ მოახერხა კანდიდატებისთვის ისეთი კითხვების დასმა და მათ შორის ისეთი დებატების გამართვა, რაც აუდიტორიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიდა”.

  • წინასაარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროგრამების ფრაგმენტული გაშუქება

ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო თემატიკის სიღრმისეული გაშუქება მაუწყებლებისთვის კვლავ გამოწვევაა. არჩევნები მეტწილად ყრილობის თუ კანდიდატების წარდგენის პირდაპირ ეთერში ჩართვით და კანდიდატთა აქტივობების, მოსახლეობასთან შეხვედრის შესახებ ფრაგმენტული, უმეტესად კადრ-სინქრონის ფორმატში მომზადებული მასალებით შუქდება.

დოკუმენტის თანახმად, 2016 წელს რამდენიმე არხი საინფორმაციო გამოშვებაში ქმნიდა სპეციალურ რუბრიკებს, სადაც თანაბარი ქრონომეტრაჟით აშუქებდა კანდიდატთა აქტივობებს. თუმცა, ეს გაშუქება არ იყო სიღრმისეული. 2017 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, არც ასეთი ცალკე არსებული, ფორმალური რუბრიკა არსებობდა და არც შინაარსის თვალსაზრისით გაზრდილა კანდიდატთა პროგრამების სიღრმისეული გაშუქება. ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა 2018 წელსაც: “მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდა 10-წუთიანი რუბრიკა, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატებს რთავდა. ზოგადად, 2017 წელთან შედარებით, კანდიდატთა აქტივობები, საარჩევნო პროგრამები განხილვის თემა თითქმის არ ყოფილა მაუწყებელთა საინფორმაციო გამოშვებაში”.

სიღრმისეული ანალიზისთვის მაუწყებლებს არც ტოქშოუები გამოუყენებიათ.

  • სიღრმისეული მასალების ნაკლებობა

სამწლიანი მონიტორინგის შედეგების მიხედვით, სიღრმისეული მასალების ნაკლებობა ქართული ტელემედიისთვის მოუგვარებელი პრობლემაა.

“ისინი მიმდინარე ამბებს ფრაგმენტულად აშუქებენ, მისდევენ უმეტესად პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებულ დღის წესრიგს, სიუჟეტები ძირითადად მათ განცხადებებსა და შეფასებებზეა აგებული. ხშირ შემთხვევაში პრობლემაა ამბის თხრობის ტექნიკაც, რადგან ამბავი ისეა გადმოცემული, მაყურებელს გაუჭირდება მისი არსის გაგება. გამონაკლისია „რუსთავი 2“, რომელიც ყოველთვის ცდილობს მოიძიოს ექსკლუზიური ინფორმაცია, ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების კონკრეტული ფაქტები და თავად შექმნას დღის წესრიგი.”, - ნათქვამია ანგარიშში.

სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ეს ტენდენცია სამი წლის მანძილზე უცვლელია.

  • არარელევანტური სტუმრები, დისკუსიის მართვის პრობლემა

დღემდე გამოწვევაა მაუწყებლებისთვის დისკუსიის მართვაც.

“სამი წლის განმავლობაში არაერთი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ ვერ შეძლეს წამყვანებმა საჭირო მოდერაცია და კამათი ჩხუბს, შეურაცხმყოფელ მიმართვებსა და მრავალხმაში საუბარში გადაიზარდა, რაც, საბოლოო ჯამში, მაყურებელს ინფორმაციის მიღებაში უშლიდა ხელს”, - ვკითხულობთ დოკუმენტში.

მონიტორინგი აჩვენებს, რომ ამის მიზეზი ქვეყანაში პოლიტიკური დებატების დაბალ კულტურასთან ერთად, შესაძლოა იყოს გადაცემის დაგეგმვისას დაშვებული ხარვეზებიც.

გადაცემებზე სამწლიანი დაკვირვება აჩვენებს, რომ ასეთი უმართავი სიტუაცია მაშინ იქმნება, როდესაც:

გადაცემაში განსახილველი თემა არ არის კონკრეტული - ასეთ დროს ოპონენტებს საშუალება ეძლევათ, ისაუბრონ ბევრ საკითხზე და ერთმანეთს შეახსენონ ყველა ბრალდება. წამყვანი არ ცდილობს კამათი ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო წარმართოს და პასიურ როლში ყოფნას ამჯობინებს.

არარელევანტური სტუმრები - როდესაც გადაცემაში ისეთი პირები არიან მოწვეულნი, რომლებიც განსახილველ თემაზე დამატებით ინფორმაციას არ ფლობენ, მათი ყოფნა სტუდიაში მხოლოდ მწვავე დაპირისპირებას ისახავს მიზნად.

დაპირისპირებული რესპონდენტები - ზოგჯერ სტუდიაში ხვდებიან ისეთი პირები, რომლებიც ერთმანეთთან ყოველთვის კონფრონტაციაში შედიან.

სტუმართა სიმრავლე - სტუმართა დიდი რაოდენობა განსაკუთრებით სენსიტიურ თემაზე მსჯელობისას უფრო ართულებს წამყვანის ამოცანას სრულად აკონტროლოს დისკუსია. კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია, როდესაც გადაცემაში დარბაზიც მონაწილეობს.

  • სიძულვილის ენა
სამწლიანი მონიტორინგი აჩვენებს, რომ საინფორმაციო გამოშვებებში სიძულვილის ენისა და შეუსაბამო ტერმინოლოგიის გამოყენების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესია.

2016 წელს რამდენიმე ტელევიზიის ეთერში რესპონდენტთა ჰომოფობიური და ქსენოფობიური განცხადებები დაფიქსირდა. იყო შემთხვევები, როცა ამა თუ იმ არხზე რესპონდენტმა დისკრიმინაციული, სიძულვილის ენა და შეუსაბამო ტერმინოლოგია გამოიყენა. 2017 - 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში მსგავსი შემთხვევები თითქმის აღარ ყოფილა. 2018 წელს რამდენიმე არხმა მოამზადა კრიტიკული მასალები, როდესაც პოლიტიკოსმა სიძულვილის ენა გამოიყენა.

“სიძულვილის ენის გამოყენების თვალსაზრისით ასეთი მკვეთრი პროგრესი არა, მაგრამ გაუმჯობესება შეინიშნება ტოქშოუებშიც, სადაც რესპონდენტები უფრო მეტად იყენებენ სიძულვილის ენას, პირდაპირი ეთერის გამო კი მისი რედაქტირება ვერ ხერხდება. 2016 წლისგან განსხვავებით 2017 წელს წამყვანები მკვეთრად ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებდნენ რესპონდენტების მიერ გამოყენებულ სიძულვილის ენაზე. 2018 წელს კი თითქმის აღარ გვხვდებოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ჰომოფობიური და ქსენოფიბიური განცხადებებით ცნობილ პირებს იწვევდნენ მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ”, - ვკითხულობთ ანგარიშში

თუმცა, ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელი გამორჩეული იყო ნეგატიური საარჩევნო კამპანიითა და გაშუქებით, რასაც თან ახლდა არა იმდენად სიძულვილის ენა, არამედ შეურაცხმყოფელი ფრაზები, უხამსი ლექსიკა და გინებაც კი, მათ შორის, წამყვანის მხრიდანაც : “ამ მხრივ გამორჩეული იყო „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კვირის აქცენტები“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი ნიკა გვარამია არ ერიდებოდა ამგვარი არანორმატიული ლექსიკის გამოყენებას”.

სხვა მაუწყებლებისგან განსხვავებით, სიძულვილის ენას ტენდენციის სახე აქვს ტელეკომპანია “ობიექტივის” ტოქშოუებში .

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ