საზმაუმ გათავისუფლებულ წამყვანს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს-ეკა მიშველაძისა და მაუწყებლის სასამართლო დავა დასრულდა
15.04.2019
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის საკასაციო საჩივარი, რითაც არხის ყოფილი წამყვანის ეკა მიშველაძისა და მაუწყებლის სამწლიანი დავა საბოლოოდ დასრულდა.  სასამართლოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკა მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, რომელიც მიშველაძის ინტერესებს იცავდა, სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველმა არხმა ეკა მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. ამასთან, “უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამართლოების შეფასება, რომ  საზოგადოებრივმა მაუწყებელმა  არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა”.

საიას განცხადებით, სასამართლომ მიუთითა, რომ მიუხედავად იმისა, რომ “პირველი სტუდიის” დახურვის შემდეგ, რომელიც სწორედ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა,  საზოგადოებრივ მაუწყებელზე ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა გავიდა და მას წამყვანები ესაჭიროებოდა, ვაკანტურ თანამდებობებზე მაუწყებელმა მიშველაძის კანდიდატურა არ განიხილა.  ასევე, ახალი წამყვანები შეირჩნენ არა კონკურსის წესით, არამედ თავად მაუწყებლის მიერ.  გარდა ამისა, უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.

სასამართლო გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ 30 000 ლარიანი კომპენსაციის გადახდა მოუწევს. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის მარტში მიიღო.
 
ეკა მიშველაძე წლების განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი იყო. მაუწყებლიდან გათავისუფლებამდე მას გადაცემა “პირველი სტუდია” მიჰყავდა. ტოქშოუ მაუწყებელმა 2015 წლის სექტემბერში დახურა. თავდაპირველად მენეჯმენტმა მიზეზად მიშველაძისა და თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის ბუკა პეტრიაშვილის ქორწინება დაასახელა. მოგვიანებით მენეჯმენტმა მიშველაძეს ახალი პროექტის წარდგენა შესთავაზა, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ის საზოგადოებრივ მაუწყებელზე მუშაობას ახალი ხელშეკრულებით გააგრძელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიშველაძის გადაცემა 2015 წლის სექტემბერში დაიხურა და ის ეთერში აღარ გადიოდა, წამყვანი “პირველი არხის” თანამშრომლების რიგებში მაინც ირიცხებოდა და მას მაუწყებელი ხელფასს კვლავინდებურად უხდიდა. 2016 წლის თებერვლის დასაწყისში, მიშველაძემ “საზოგადოებრვი მაუწყებლისგან” წერილი მიიღო, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მაუწყებელმა მის მიერ წარდგენილი გადაცემის პროექტი არ მოიწონა და “საზოგადოებრივი მაუწყებელი” მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა.

 "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პოზიციის გასაგებად "მედიაჩეკერი" არხის იურისტს ელენა მიხაილოვას დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების შესრულება ყველა მხარისთვის სავალდებულოა. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, შეასრულებს.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ