მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედიაგარემოა - RSF
03.05.2019

მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს,   ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" (RSF) აღნიშნავს, რომ დღესდღეობით მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 9% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ჟურნალისტებისთვის თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიაგარემოა.

alt


ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, კაცობრიობის 74% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც პრესის თავისუფლების მხრივ რთული, ან ძალიან პრობლემატური ვითარებაა და საზოგადოების თავისუფლად ინფორმირება შეზღუდულია. ეს არის ქვეყნები, რომლებიც რუკაზე შავი და წითელი ფერითაა მონიშნული. ამ ქვეყნებს შორისაა, ჩინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, მექსიკა და ინდოეთი.

ნარინჯისფრად მონიშნულ ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობა პრობლემატურადაა შეფასებული. მათ შორის არის საქართველოც, სადაც"რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“  მონაცემებით, 2018 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსში  საერთო ქულა გაუარესდა. თუმცა, რადგან რეიტინგში საქართველოსთან ახლოს მყოფი სხვა ქვეყნების მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა, მან ერთი პოზიციით წინ წაიწია და 28.98 ქულით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი უკავია.


♦ კაცობრიობის ვერცერთი პრობლემა, იქნება ეს გლობალური დათბობა, კორუფცია თუ გენდერული უთანასწორობა, ვერ მოგვარდება ინფორმაციის თავისუფლად და დამოუკიდებლად გაშუქების გარეშე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ - ხარისხიანი ჟურნალისტიკის გარეშე", - აცხადებს RSF-ის გენერალური მდივანი კრისტოფ დელუარი.

რუკაზე დატანილი მონაცემები "მსოფლიო ბანკის" მოსახლეობის სტატისტიკასა და 2019 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსს ეფუძნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მსოფლიო პრესის თავისუფლების მაჩვენებელი 11%-ით გაუარესდა. 


ავტორი : ირმა კურტანიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ