“რუსთავი 2” მორიგი არაკეთილსინდისიერი მყიდველის მოლოდინში
14.08.2019
შედგება თუ არა მორიგი ამორალური გარიგება სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-თან მიმართებაში და დაადგება თუ არა სფეროშიც “ოცნება” წინამორბედი ხელისუფლების მანკიერ გზას, რამდენიმე დღეში გაირკვევა.

“რუსთავი 2”-ის ამჟამინდელმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა, რომელმაც კომპანიაში წილები სტრასბურგის სასამართლოს 18 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიბრუნა, 12 აგვისტოს განაცხადა, რომ არხს ყიდის.

„ოცნების ხელისუფლება მისი წინამორბედის გზას დაადგა”, - ასე გამოეხმაურნენ რუსთავი 2-ის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კომპანიის მორიგი გადაყიდვის მცდელობას. მათ გააფრთხილეს პოტენციური მყიდველები, რომ ისინი ვერ გახდებიან კეთილსინდისიერი შემძენები, ვინაიდან “ტელევიზია უკანონოდ წაართვეს მის დამფუძნებლებს, რომლებიც მის დასაბრუნებლად იბრძვიან”.

2015 წელს, როდესაც ქიბარ ხალვაშმა სასამართლოს მიმართა “რუსთავი 2”-ის წილებთან დაკავშირებით, ის ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მას წილები ამორალური გარიგების საფუძველზე დაათმობინეს და არაკეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ ისინი, ვინც მომდევნო წლებში დაისაკუთრეს “რუსთავი 2”.

საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა ხალვაშის არგუმენტები, რის შედეგად რუსთავი 2-ის მესაკუთრედ აღიარებული იქნა სწორედ ქიბარ ხალვაში. იგივე დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებითაც.

თუმცა პარალელურად საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2012 წლიდან მოყოლებული მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების - დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე.

გადავხედოთ ქრონოლოგიას:

  • სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2” 1994 წელს შეიქმნა. რეგისტრაციის მომენტისთვის მფლობელებზე წილები ასე იყო გადანაწილებული: ჯარჯი აქიმიძე - 33.3%, დავით დვალი - 33.3% და ეროსი კიწმარიშვილი 33.3%;
  • 2001 წლის ნოემბერში სამივე დამფუძნებელმა თანაბრად ჩამოიკლეს და გაყიდეს წილები ნიკოლოზ ტაბატაძეზე. შედეგად 30-30 პროცენტი დარჩათ დვალს, აქიმიძეს და კიწმარიშვილს, ხოლო 10%-ის მფლობელი გახდა ნიკა ტაბატაძე;
  • 2004 წლის 16 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიხედვით პაატა კარსანიძემ შეიძინა აქიმიძის და დვალის 30-30 პროცენტიანი წილები. ხელშეკრულების მიხედვით, აქიმიძემ და დვალმა 100-100 ათას დოლარად გაყიდეს წილები. აქიმიძე და დვალი აცხადებენ, რომ წინა ხელისუფლება მათ დაემუქრა და ამ გზით აიძულა წილების დათმობა. კარსანიძე ნომინალური მყიდველი იყო;
  • იმავე დღეს, 2004 წლის 16 ივნისს, კარსანიძისგან ეს 60%-ანი წილი იყიდა ქიბარ ხალვაშმა. ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ხალვაშმა 60%-ში 200 ათასი დოლარი გადაიხადა. თუმცა მოგვიანებით, ასევე, იკისრა აქიმიძესთან და დვალთან მიმართებაში 1 მლნ 200 ათასი დოლარის ღირებულების საკრედიტო ვალდებულების დაფარვა;
  • 2004 წლის 22 ივნისს ეროსი კიწმარიშვილის 30%-ანი წილი შპს “პანორამამ” იყიდა, რომლის დამფუძნებელი ასევე ქიბარ ხალვაში იყო. დოკუმენტების მიხედვით, კიწმარიშვილს “პანორამამ” 50 ათასი დოლარი გადაუხადა. მოგვიანებით, როდესაც ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის საქმეზე სამართლებრივი დავა დაიწყო, ხალვაში ირწმუნებოდა, რომ ეროსი კიწმარიშვილს 6 მილიონი დოლარი გადაუხადა დამატებით, რასაც კიწმარიშვილი არ ადასტურებდა. უფრო მეტიც, კიწმარიშვილს სამართლებრივი დავა ჰქონდა ქიბარ ხალვაშთან იმაზე, რომ არც იმ 30%-ის გაყიდვისთვის გადასახდელი 50 ათასი დოლარი მიუღია. ამჟამად ამ 30%-ის დაბრუნებისთვის სამართლებრივ დავაში გარდაცვლილი ეროსი კიწმარიშვილის მეუღლე - ია კიწმარიშვილი ჩაერთო;
  • 2004 წლის ოქტომბერში ნიკოლოზ ტაბატაძემ 10%-ანი წილი დათმო “პანორამას” სასარგებლოდ 200 ლარად და შედეგად “რუსთავი 2”-ის 100%-ის წილი მფლობელი გახდა ქიბარ ხალვაში. ტაბატაძე ამ 10%-ან წილზე რაიმე პრეტენზიას არ აცხადებს.
  • 2012 წლის 8 დეკემბერს დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადების საფუძველზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მიერ 2004 წლის 16 ივნისს ქონებრივი უფლების იძულებით გადაცემის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით ან იარაღის გამოყენებით
  • 2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭათ. გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.

დოკუმენტების მიხედვით, ხალვაშის სრულ მფლობელობაში რუსთავი 2 რჩებოდა 1 წელზე ცოტა მეტ ხანს. 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშმა “რუსთავი 2”-ის წილის 22% მიყიდა შპს “საქცემენტს”, ხოლო მოგვიანებით დარჩენილი 78% - შპს “გეო-ტრანსს”.

ხალვაშის ცნობით, იმ დროს, როცა მას რუსთავი 2-ის წილების 100% დაათმობინეს 268 997 დოლარად, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ეს ქონება 7 მილიონზე მეტი ღირდა. ამასთან, ხალვაშის მხარის ცნობით, მას არც ეს 268 997 დოლარი მიუღია.

პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხალვაშმა ჯერ კიდევ 2008 წელს მიმართა პროკურატურას რუსთავი 2-ის იძულებით ჩამორთმევის საქმის გამოძიების მოთხოვნით. მან იგივე მოითხოვა 2012 წელს, როცა ხელისუფლება ქართულმა ოცნებამ გადაიბარა. აქიმიძის და დვალისგან განსხვავებით, რომლებიც დღემდე პროკურატურის გამოძიების შედეგებს ელიან, ხალვაშმა სასამართლოს ამორალური გარიგების მუხლით მიმართა, რომელიც საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ბათილია.

შედეგიც სწორედ ამ სარჩელმა გამოიღო და არა პროკურატურაში დაკონსერვებულმა გამოძიებამ. მედიის სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მოქმედი ხელისუფლების და კონკრეტულად, ქართული ოცნების მოქმედი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ერთგვარი ხრიკი იყო, რომ “რუსთავი 2” მისთვის ადვილად კონტროლირებად მფლობელს გადასცემდა, რაც დვალი-აქიმიძის შემთხვევაში გართულდებოდა. ამის დადასტურებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად ხალვაში აცხადებდა, რომ 50%-ან წილს და მენეჯმენტს გადასცემდა აქიმიძე-დვალს, ხოლო მოგვიანებით მათ მხოლოდ 40%-ანი წილი შეთავაზა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

დვალისა და აქიმიძის შეფასებით, ის ფაქტი, რომ ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის გაყიდვის შესახებ განაცხადა, ადასტურებს ხელისუფლების მიზანს, რომელიცაა „რუსთავი 2”-ის ივანიშვილთან დაახლოებულ, მისთვის უფრო საიმედო მფლობელისთვის გადაცემა”.

აღმოჩნდება თუ არა საბოლოოდ ტელეკომპანია რუსთავი 2 “ივანიშვილისთვის უფრო საიმედო მფლობელის” ხელში, ეს 19 აგვისტომდე უნდა გაირკვეს. სწორედ ამ დღეს იწურება ქიბარ ხალვაშის მიერ დადგენილი ერთკვირიანი ვადა, რომელმაც ღია კონკურსის წესით უნდა გამოავლინოს ტელევიზიის ახალი მფლობელების ვინაობა.

ხალვაში აცხადებს, რომ არხს მწვავე ფინანსური კრიზისის გამო ყიდის, ხოლო ამ კრიზისის განზრახ შექმნაში ყოფილ გენერალურ დირექტორს - ნიკა გვარამიას ადანაშაულებს, რასაც არ ეთანხმება გვარამია. მოქმედი გენერალური დირექტორის თქმით, არხის გაკოტრების თავიდან ასაცილებლად იქნა გაყიდვის გადაწყვეტილება მიღებული.

უცნობია, რა თანხის სანაცვლოდ გაყიდის ქიბარ ხალვაში “რუსთავი 2”-ს. ჯერ რაც მისგან შევიტყვეთ არის ის, რომ არხს 70 მილიონი ლარის დავალიანება აქვს, აქედან 27 მილიონი საბიუჯეტო დავალიანებაა. ხალვაშის თქმით, “რუსთავი 2”-ის აქტივები დღეს მისი დავალიანების, ანუ 70 მილიონის მესამედსაც არ შეადგენს. ხალვაში მზადაა რუსთავი 2-ის გაყიდვის საკითხზე გარიგება დადოს ნებისმიერ მყიდველთან, გარდა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის გარდა, რუსთავი 2-ის წილზე დავა აქვს გაჩაღებული ეროსი კიწმარიშვილის მეუღლესაც. ისინი პოტენციურ მყიდველებს აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ სადავო ქონების შეძენისგან, რადგან ბრძოლას წილების დაბრუნებისთვის ბოლომდე აპირებენ.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ