მთავარი გამოწვევა აუდიტორიის და გავლენის გაზრდაა - 'ნეტგაზეთის' მთავარი რედაქტორი
11.09.2019
რა გამოწვევების წინაშე არიან დამოუკიდებელი ონლაინ-გამოცემები საქართველოში? როგორ აპირებენ ისინი აუდიტორიის გაზრდას იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება ცდილობს ტელემედიაზე კონტროლის გაძლიერებას? ამ საკითხებზე “მედიაჩეკერი” “ნეტგაზეთის” მთავარ რედაქტორს, ნესტან ცეცხლაძეს ესაუბრა:

იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის ყველაზე გავლენიანი ოპოზიციური არხის, "რუსთავი 2-ის" მფლობელი შეიცვალა და შეჩერდა საინფორმაციო გადაცემები, საზოგადოებისთვის, რომლის უმრავლესობა ახალ ამბებს საქართველოში ტელევიზიით ეცნობა, ერთგვარი საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნა? როგორ აისახა ეს პროცესი ონლაინმედიაზე? მაგალითად, თუნდაც ხომ არ იმატა თქვენი მომხმარებლების რაოდენობამ?

ცხადია, აგვისტოში "რუსთავი 2 -ში" განვითარებული მოვლენების შემდეგ, საინფორმაციო ვაკუუმი შეიქმნებოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ინფორმაციას მხოლოდ "რუსთავი 2-დან" იღებდნენ და რეიტინგების მიხედვით, ვიცით, რომ ეს ძალიან დიდი აუდიტორია იყო. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აგვისტოში, რაც არ უნდა ცხელი იყოს ის პოლიტიკურად, ადამიანებს ისე ძალიან აღარ აინტერესებთ ახალი ამბები, როგორც სხვა დროს. ამიტომ აუდიტორიის ვრცელი და სიღრმისეული ანალიზისთვის უფრო მეტი დროა საჭირო და მონაცემი რაღა თქმა უნდა მთვლელების. თუმცა, ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინ როცა "რუსთავი 2-ში" საინფორმაციო გამოშვებები შეწყდა, "Tv პირველი", "კავკასია" კვლავ ეთერში იყო, თუმცა ადამიანებისთვის, რომლებსაც ათი და მეტი წელი ინფორმაციის მიღების ერთი და იგივე წყარო აქვთ, რთულია ასე ჩქარა გადართვა.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ იმას გულისხმობთ, ამ ინფორმაციულ ვაკუუმში დარჩენილი აუდიტორია მიაწყდა თუ არა ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად, ზუსტად ვერ გეტყვით ცხადია, მაგრამ არა მგონია. "ნეტგაზეთის" მკითხველების სტატისტიკა კი გაიზარდა, მაგრამ ეს ნელ-ნელა იზრდება სულ და მე პირადად ვერ ვხედავ კორელაციას "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტასთან.

ასეთი მოლოდინი, მე პირადად მგონია, რომ არასწორია, რადგან ძალიან სხვადასხვანაირია ტელემაყურებლის და იმ ადამიანების ქცევა, რომლებიც ძირითადად ინტერნეტით იღებენ ინფორმაციას. და მგონია, რომ ეს ქცევა, ჩვევა, ასე სწრაფად არ იცვლება არც ჩვენთან და არც სხვაგან. თუმცა,  პირადად ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფერზე კარგი კვლევის შედეგების გაცნობა. მათ შორის იმის გაზომვა, შემცირდა თუ არა მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე.




სატელევიზიო ბაზარზე გამოჩნდა უკვე ერთი ახალი არხი, ველოდებით კიდევ ერთი არხის გამოჩენას, უნდა დაბრუნდეს განახლებული "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო გამოშვებებიც. თუმცა ტელემედიის მფლობელებიდან გამომდინარე, არ არის მოლოდინი იმისა, რომ საზოგადოება მათგან მიიღებს მიუკერძოებელ ამბებს. რა გამოწვევების წინაშე აყენებს დამოუკიდებელ ონლაინ გამოცებს, როგორიც არის, მაგალითად, "ნეტგაზეთი", ასეთი რეალობა?

დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ონლაინ გამოცემებისთვის ეს ვითარება ჩემი აზრით ახალი გამოწვევა არ არის. ეს გამოცემები ხომ სწორედაც რომ პოლარიზებული ტელემედიის და ინტერნეტის განვითარების გამო შეიქმნა. [თუ არ ჩავთვლით რადიო “თავისუფლებას”]. ასეთი გამოცემების მთავარი გამოწვევა ცხადია უფრო დიდი აუდიტორიის დაფარვა და გავლენის გაზრდაა.

გამოწვევებთან გამკლავებისთვის რა ნაბიჯები იდგმება? მაგალითად, რაიმე ახალ კონტენტს სთავაზობთ მომხმარებელს თუ უფრო ინფორმაციის მიწოდების ინოვაციურ მეთოდებზე მუშაობთ?

ამ თემაზე საუბარი ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს. ახალი კონტენტი და მიწოდების ინოვაციური ფორმები მხოლოდ ნაწილია იმ საშუალებების, რაც დამოუკიდებელმა მედია გამოცემებმა შეიძლება გააკეთონ. ზოგადად, ჩემი აზრით, ზედმეტად ბევრს ვსაუბრობთ მიწოდების ინოვაციურ ფორმებზე და გვავიწყდება მთავარი - შინაარსი. ამიტომ ახლა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი - ხარისხიანი ახალი ამბები და სიღრმისეული ანალიზი, რასაც შესაბამისი რესურსები ჭირდება. ამიტომ, როცა ვსაუბრობთ დამოუკიდებელი მედია გამოცემების მთავარ გამოწვევებზე, პირველ რიგში ესაა ბიზნეს მოდელები და მდგრადობის პრობლემა.

ბოლო პერიოდში ონლაინ მედია აქტიურად აცხადებს ვაკანსიებს ჟურნალისტების დასაქმებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ფინანსურად უფრო გაძლიერდა ეს მედიები, თუ სახეზეა კადრების გადინების პრობლემა? რა ქმნის ამ პრობლემას?

ვერ გეტყვით სხვა ონლაინ გამოცემებში რა ხდება, არა მაქვს საკმარისი ინფორმაცია, მაგრამ ჩვენს, "ნეტგაზეთის" შემთხვევაში ნამდვილად არის კადრების გადინების პრობლემა, თუმცა ესეც არ არის ახალი და რაიმე განსაკუთრებული. ჩვენ ძირითადად ახალგაზრდა რეპორტიორები გვყავს, რომლებიც შემდგომ სასწავლებლად საზღვარგარეთ მიდიან ხოლმე, ან უფრო მაღალანაზღაურებად სამსახურებში, ან უბრალოდ ბეზრდებათ ერთი და იგივე სამსახური. ჩვენნაირი პატარა გამოცემებისთვის ეს ცხადია პრობლემურია, თუმცა ზოგადად ეს ბუნებრივი პროცესია ცხადია.

ავტორი : მაია მეცხვარიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ