უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიის ბორდის 3 წევრი დაამტკიცა
25.10.2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრებად, აჭარის უმაღლესმა საბჭომ, დღეს, 25 ოქტომბერს, სამი კანდიდატი დაამტკიცა:  თამილა დოლიძე, სოსო სტურუა და თამარ წილოსანი.  მათგან ორი: სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, "ქართული ოცნების" კვოტით არიან, თამარ წილოსანი კი ოპოზიციის. 

უფრო კონკრეტულად, სოსო სტურუა ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარის" კანდიდატია, თამილა დოლიძე  "ქართული ოცნება - მაჟორიტარების",  თამარ წილოსანი კი დამოუკიდებელმა დეპუტატმა, "ევროპული საქართველოს" წევრმა პეტრე ზამბახიძემ წარადგინა.  კანდიდატებს შორის იყო მეოთხე კანდიდატიც, დიანა ვაშაყმაძე, რომელიც ასევე ოპოზციამ, "ნინო ბურჯანაძე - დმეოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ცინცქილაძემ წარადგინა, თუმცა, მან დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო. 

 

 ⇒ ვინ არიან არჩეული კანდიდატები

მრჩეველთა საბჭოს კანდიდატობის ბიოგრაფიები "საერთაშორისო გამჭვრივალობა საქართველომ" შეისწავლა. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით:

 

  • სოსო სტურუა 2013-2016 წლებში აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი იყო.   2013 წლის ნოემბერში იგი არხის ჟურნალისტების ნაწილმა საინფორმაციო სამსახურსა და მის ხელმძღვანელობაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. მაშინ სტურუამ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს, ირინა ყურუას, რადიოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად გადასვლა შესთავაზა. ირინა ყურუა და თანამშრომელების ნაწილი ამბობდა, რომ ამ გადაწყვეტილებით დირექტორი ხელს უშლიდა ახალი ამბების კრიტიკულ და პროფესიულად გამართულ მუშაობას და შესაბამისად, ასუსტებდა ახალი ამბების რედაქციას. მოგვიანებით ტელევიზია აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ორმა თანამშრომელმა დატოვა. 

    2004-2013 წლებში სტურუას საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხსა“ და აჭარის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. დღეს  აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილეა. 

  • თამილა დოლიძე, რომელიც არის  ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ კანდიდატი, ამ ფრაქციის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის ცოლის დეიდაშვილია. გარდა ამისა, საჯარო სამსახურში მუშაობს მისი კიდევ ერთი ახლობელი, მისი ოჯახის წევრი - თამილა დოლიძის და  ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“.

    "საერთაშორისო გამჭვირვალობის" თანახმად,  თამილა დოლიძე ერთ-ერთი იყო აჭარის ტელევიზიის იმ 103 თანამშრომლიდან, რომელთაც მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, წინააღმდეგ განცხადება გაავრცელეს. ეს ამბავი მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის მიერ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენების პარალელურად ხდებოდა.

    1990-2013 წლებში თამილა დოლიძე აჭარის ტელერადიო დეპარტამენტში დიქტორად, ტელერეპორტიორად, წამყვან კორესპონდენტად, რედაქტორად და პროდიუსერად მუშაობდა, იყო „ტვ 25-ის“ საავტორო გადაცემა „პერსონას“ რედაქტორი. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს, რადიოს მიმართულებით. 

  • თამარ წილოსანი  წლების განმავლობაში აჭარის უმაღლეს საბჭოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა, 2014-2019 წლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. 2016 წლიდან დღემდე კომიტეტს მმართველი პარტიის წევრი ცოტნე ანანიძე ხელმძღვანელობს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭ 5 წევრისგან შედგება, მათგან ოქტომბერში ვადა  4-ს ეწურება:  ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს.  მეხუთე წევრი - გიგა ჩხარტიშვილი საბჭოს წევრად 2018 წლის ნოემბრიდან არის არჩეული და შესაბამისად, ის ახალ საბჭოშიც გააგრძელებს მუშაობას.


მრჩეველთა საბჭოს წევრების შესარჩევ კონკურსში 23 კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან საბუთების გადარჩევის ეტაპი 19-მა გაიარა, ამ 19-დან საკონკურსო კომისიამ უმაღლესი საბჭოსთვის წარსადგენად 13 კანდიდატი შეარჩია. 

ახალი მრჩევლების უფლებამოსილების ვადა 6 წელია. 

 

მრჩეველთა საბჭოს წევრების შერჩევა ხმაურით მიმდინარეობდა, მედიაგარემოს თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესებში არაერთ ხარვეზზე საუბრობენ, მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზებზე.  თემაზე "მედიაჩეკერი" მუშაობას აგრძელებს და ვრცელი ანალიზი, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესები და რა საფრთხეების შემცველია მაუწყებლისთვის, მოგვაინებით გამოქვეყნდება. 

 

 


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ